მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ჯავახეთში სეპარატისტების შეიარაღება მიმდინარეობს. ექსპრეზიდენტი გამოცემა „vesti.az“-თან საუბრისას აცხადებს, რომ არსებობს რამდენიმე სეპარატისტული ჯგუფი, რომლებიც ციხიდან გამოუშვეს და მათ აქტიურად ამარაგებენ იარაღით. სააკაშვილი აცხადებს, რომ ისინი დღეს საფრთხეს უქმნიან საქართველოში სტაბილურობას და მომავალშიც ასე იქნება.
ამავე ინტერვიუში ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ჩვენ მივუახლოვდით იმ დროს, როდესაც საქართველოში შესაძლოა, მინისტრი, პრემიერ-მინისტრი ან ქვეყნის ლიდერი გახდეს აზერბაიჯანელი.
რა კონკრეტული გზავნილი დგას სააკაშვილის მხრიდან და რატომ აღვივებს ეროვნულ შუღლს? ამ საკითხებთან დაკავშირიებით for.ge პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
რა დატვირთვა აქვს სააკაშვილის გზავნილს, თითქოს ჯავახეთში სეპარატისტების შეიარაღება მიმდინარეობს?
– ცხადია რაც უნდა - ჯავახეთში შექმნილია რიგი პრობლემები და ჩვენ ვიცით, რომ იქ იყო სერიოზიული პრობლემები, მაგრამ საქართველოს ყველა ხელისუფლება ცდილობდა, რომ ამ პრობლემებისთვის უხმაუროდ მოევლო და რატომ? – იმიტომ, რომ ფაქიზი თემაა. როდესაც საქმე ეხება ეთნიკური უმცირესობის თემას, ხელისუფლებამ უნდა სცადოს პრობლემის ზედმეტი აფიშირების გარეშე მოგვარება. ფაქტია, რომ ნაციონალებმა ერთი ეთნიკური კონფლიქტის გამწვავება სცადეს მეჩეთთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ახლა ცდილობენ მეორე ეთნიკურ კონფლიქტს მოკიდონ ხელი. ანუ, მეორე ეთნიკური კონფლიქტი და დაპირისპირება გააჩინონ. როგორც ჩანს, ნაციონალები სააკაშვილის მითითებით მოქმედენ პრინციპით – თუკი ქვეყანა ცეცხლის ალში გაეხვევა კარგი იქნება.
თუკი ჯავახეთში მოხდება ვითარების გართულება, ამით სააკაშვილმა რა სარგებელი შეიძლება მიიღოს?
– რატომღაც ჰგონიათ, რომ ეს მათ შანსებს გაზრდის. მისი მიზანია, ვითარების გართულება და ამიტომაც არის ეს განცხადება გაკეთებული და თუკი, ამ განცხადებამ რამე მწვავე პროცესი გააჩინა, ალბათ, საქართველოს მოსახლეობის აგრესია უპირველეს ყოვლისა სააკაშვილისა და მისი გუნდის მიმართ იქნება მიმართული.
ის ამბობს, რომ არსებობს რამდენიმე სეპარატისტული ჯგუფი, რომლებიც ციხიდან გამოუშვეს და მათ აქტიურად ამარაგებენ იარაღით. სავარაუდოდ, ის საუბრობს ჩახალიანზე. ამგვარი განცხადებით ქმნის ქვეყნის არასტაბილურობის განცდას და ხელს უწყობს ეროვნულ ნიადაგზე შუღლის გაღვივებას?
– რასაკვირველია და მეორე - ვისგან ხდება ამ ჯგუფის შეირაღება? - ალბათ, გულისხმობს ხელისუფლებას, რადგან ხელისუფლებამ გამოუშვა. როგორც ჩანს, ელემენტარულად ჭკუის მკითხავი არავინ იყო გარშემო, რომ ეკითხათ რაში აწყობს ხელისუფლებას კონფლიქტურობის მუხტის გაზრდა თავისივე სივრცეში. მაგრამ ლოგიკას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, რომ რაღაცა ითქვას დაპირისპირების შესახებ. გამორიცხული არ არის, რომ შემდეგ ხელოვნურად გააღვივონ თვითონ ნაციონალებმა ეს კონფლიქტი და რაც მთავარია, ნაციონალები ამაში მარტო არ არიან. ეროვნული კონფლიქტები ახსენეთ და ვიცით, რომ ეროვნული კონფლიქტების თემით დახმარება რუსეთის ცნობილი სტრატეგიაა და ეროვნული კონფლიქტების შედეგია, რომ ჩვენ ტერიტორიული პრობლემა დაგვიდგა.
ამიტომაც, არ არის გამორიცხული, რომ რუსეთი ამ შემთხვევაშიც სააკაშვილის ხელით მოქმედებდეს, ისევე როგორც 2008 წელს, ახლაც სააკაშვილის ეს მოქმედება რუსეთის წისქვილზე ასხმას წყალს. მითუმეტეს, რომ ამ მიმართულებით ჯავახეთის რეგიონი ძალიან საფრთხილო თემაა. ძალიან საინტერესოა სად გადის ზღავარი უკადრისი საქციელისა, რომელსაც არ იკადრებს სააკაშვილი? ამიტომ, ხელისუფლების მხრიდან ოპერატიულად უნდა მოხდეს შესაძლო დაძაბულობის პრევენიცია, იგივე საერთაშორისო მიმართულებით. უნდა ამუშავდეს დიპლომატიური არხები იმისათვის, რომ საქართველოს პოზიცია ცხადი იყოს ბაქოსთვის.
ამ ბარლდებების შემდეგ ელოდებით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვას?
– აზერბაიჯანი საკმაოდ საღი პოლიტიკის ქვეყანაა და წესით, ამ ტიპის პროვოკაციას არ უნდა წამოეგოს. რაც შეეხება აზერაიჯანთან სათქმელ სიტყვას, საქართველოს ხელისუფლებას, ისევე როგორც ადრე, არც დღეს არა აქვს ეთნიკური უმცირესობის მიმართ ის დამოკიდებულება, რომ რაღაცა ეშელონებში მიუღებელია მათი დანიშვნა. ჩვენ გვყავს ძალიან წარმატებული ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, რომელიც ყველა გამოკითხვით ყველაზე პოპულარული მინისტრია.