მსახიობი მეტსახელად „კურკა“

მსახიობი მეტსახელად „კურკა“

ჯონ ტრავოლტა 21 წლის ასაკში გახდა ცნობილი, როდესაც მთავარი როლი შეასრულა პოპულარულ ტელესერიალში „კოტერის დაბრუნება”.

ჯონი სამხედრო სამსახურის მოწინააღმდეგეა, თუმცა, ახალგაზრდობაში მან ამერიკის შეიარაღებული ძალების სარეკლამო რგოლში მიიღო მონაწილეობა.

ჯონ ტრავოლტას დამსახურებაა, რომ რიჩარდ გირი დღეს ცნობილი მსახიობია. ტრავოლტამ ოთხ ფილმში მონაწილეობაზე განაცხადა უარი, რომლებშიც მოგვიანებით ეს როლები რიჩარდ გირმა ითამაშა. საუბარია ფილმებზე: „ამერიკელი ჟიგოლო”, „ოფიცერი და ჯენტლმენი”, „ჩიკაგო” და „მოსავლის დღეები”.

ჯონ ტრავოლტა პროფესიულ დონეზე უკრავს გიტარასა და ვიოლინოზე.

ჯონ ტრავოლტა კამერის წინაშე გაშიშვლების კატეგორიული წინააღმდეგია. ამის გამო ჩაიშალა მისი და რომან პოლანსკის საერთო პროექტის განხორციელება, სახელწოდებით „ორეული”.

ტრავოლტას არ უყვარს დიეტის დაცვა. ფორმის შენარჩუნების მიზნით ის, უბრალოდ, ამცირებს საკვების რაოდენობას. მაგალითად, საყვარელ ჩიზბურგერს მხოლოდ ნახევრამდე ჭამს, თუკი ამის აუცილებლობა იქმნება.

ჯონ ტრავოლტას პროფესიონალი მფრინავის მოწმობა აქვს. ტრავოლტას, როგორც მფრინავის მიღწევებიდან აღსანიშნავია ფაქტი, როდესაც 1993 წელს მსახიობმა დასაფრენი ზოლის განათების ავარიული გათიშვის მიუხედავად, მოახერხა, თვითმფრინავი უვნებლად დაესვა.

დიდ მანძილზე გადაფრენის დროს, ტრავოლტას მუდამ თან ახლავს ორი დამხმარე პილოტი, თუმცა, აფრენას და დაშვებას მსახიობი პირადად ახორციელებს.

ამბობენ, ჯონ ტრავოლტას არ უყვარს გარეცხილი ტანსაცმლის ჩაცმა – ის, უბრალოდ, ახალ ნივთებს ყიდულობს, ერთხელ ჩანაცვამ ტანსაცმელს კი სხვადასხვა ორგანიზაციებში აბარებს.

1975 წლიდან ჯონ ტრავოლტა საენტოლოგიის სექტაშია გაწევრიანებული. ის ამ სექტის ერთ-ერთი უმსხვილესი შემომწირველია.

ბავშვობაში ჯონ ტრავოლტას მეტსახელი იყო „კურკა”.

ჯონ ტრავოლტას საყვარელი ფილმია 1966 წელს გადაღებული „მამაკაცი და ქალი”.

1985 წელს პრინცესა დიანამ პირადად სთხოვა ჯონ ტრავოლტას, რომ მსახიობს მასთან ეცეკვა. ეს შემთხვევა თეთრ სახლში გალა-მიღებაზე მოხდა.