ბოლო 12 წელიწადში მოსახლეობა თითქმის 15%-ით შემცირდა

ბოლო 12 წელიწადში მოსახლეობა თითქმის 15%-ით შემცირდა

„საქსტატმა“ საყოველთაო აღწერის შედეგები გამოაქვეყნა და ყველას თვალწინ საგანგაშო სურათი გადაიშალა. რასაც სპეციალისტები წლების განმავლობაში ემპირიული დაკვირვების საფუძველზე ამბობდნენ, რეალურად დადასტურდა. ბოლო 12 წელიწადში მოსახლეობა თითქმის 15%-ით შემცირდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემების მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობა 3,730 მილიონ ადამიანს შეადგენს. 2002 წლის აღწერასთან შედარებით, საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი 641,9 ათასი ადამიანით არის შემცირებული, ხოლო 1989 წლიდან - 1,65 მლნ ადამიანით.

 აღწერის შედეგების მიხედვით, სოფელში ცხოვრობს 1,589 მილიონი ადამიანი. ბოლო 12 წელიწადში სოფლის მოსახლეობა 23.8%-ით შემცირდა, ხოლო ქალაქისა - 6.3%-ით. მთელი მოსახლეობის 57.4% ქალაქში ცხოვრობს, რაც 2002 აღწერის მაჩვენებელს 5.1%-ით აღემატება.

რაც შეეხება დედაქალაქს, აქ 1,118 მილიონი ადამიანია დამკვიდრებული, რაც მთლიანი მოსახლეობის 30%-ია. წინა აღწერასთან შედარებით, მოსახლეობის რაოდენობა გაზრდილია ბათუმსა (26.3%) და რუსთავში (7.3%). ყველაზე მეტად მოსახლეობა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთსა (37.4%) და სამეგრელო-ზემო სვანეთის (29%) რეგიონებში შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ფარგლებში ჩატარდა სასოფლო-სამეურნეო აღწერაც და შეგროვდა მრავალფეროვანი მონაცემები სოფლის მეურნეობის შესახებ. სასოფლო-სამეურნეო აღწერამ მოიცვა ყველა ოჯახური მეურნეობა - შინამეურნეობა, რომელსაც, 2014 წლის 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით, სარგებლობაში ჰქონდა სასოფლო-სამეურნეო მიწა, პირუტყვი, ფრინველი ან ფუტკრის ოჯახი.

წინასწარი მონაცემებით, 2014 წლის 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით, ქვეყანაში ოჯახური მეურნეობების რაოდენობამ 640 302 ერთეული შეადგინა. 2004 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგად დაფიქსირდა 728 247 ერთეული ოჯახური მეურნეობა. ამასთან, აუცილებელია აღინიშნოს, რომ 2004 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერამ არ მოიცვა საქართველოს 5 დიდი ქალაქი: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი და ფოთი.

სპეციალისტები აღწერის შედეგებს საგანგაშოს უწოდებენ. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში საქართველოში ასეთი ცოტა მოსახლეობა არ ყოფილა. ემიგრაციაში წასულია მთელი ქვეყნის მესამედი, ხოლო სოფლები დიდი სისწრაფით იცლება. განსაკუთრებით სავალალალო ვითარებაა მთიან რეგიონებში. საქართველოში ასეულობით სოფელია გაუკაცრიელებული ან თითო-ოროლა ადამიანით დასახლებული.

სოციოლოგ ნოდარ კაპანაძის განცხადებით, ქვეყნის მოსახლეობა კატასტროფულად არის შემცირებული. „საერთო ჯამში, ეს მაჩვენებელი ახლოს დგას რეალობასთან, შეიძლება ითქვას, რომ მდგომარეობა არის საგანგაშო, სახეზეა ძალიან დამაფიქრებელი ტენდენცია. ასე გაგრძელება არის კატასტროფა. ამ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და მისი სასწრაფოდ გაანალიზებაა საჭირო. ერთია ისიც, რომ ქვეყანა ასიმეტრიულად ვითარდება და უკეთესობის პერსპექტივა არ არსებობს“, - ამბობს ნოდარ კაპანაძე.