„მინისტრების კანდიდატურებს დღეს შუადღით დავასახელებ“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაანონსებული მინისტრთა კაბინეტის წარდგენა მისგან დამოუკიდებლად, ხვალ დილის 10 საათისთვის გადაიდო. for.ge-ს ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში ხვალ მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას წარადგენს.
ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტში შემადგენლობას დატოვებს თავდაცვის მინისტრი, მინდია ჯანელიძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია. for.ge-ს ინფორმაციით, კონსულტაციები მიმდინარეობს, ასევე, განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის და საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის შეცვლაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკური პარტიის წევრი თინა ხიდაშელი შეცვლიდა. თავად დეპუტატი ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. ამბობს, რომ „როცა პოლიტიკაში ხარ, ყველაფერს ეთანხმები“. ხიდაშელი მისი გამინისტრების პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ეთანხმება, მაგრამ for.ge-ს ინფორმაციით, ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ეწინააღმდეგებოდა, ვინაიდან თვლის, რომ საერთაშორისო არენაზე ქალის თავდაცვის მინისტრობა არ იქნებოდა სწორად აღქმული. ამის მიუხედავად, ჩვერნი ინფორმაციით ხიდაშელის მინისტრობა გადაწყვეტილია.
„დღეს უკვე გავაკეთე განცხადება, რომ მთავრობასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს. კონსულტაციები მიმდინარეობს ასევე სხვა ბევრ თემასთან დაკავშირებით. ვერაფერს ვერ გეტყვით, განცხადებას პრემიერ-მინისტრი თავად გააკეთებს“, - აცხადებს თავად თინა ხიდაშელი.
მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობასთან დაკავშირებით კონსულტაციები ამ დრომდე მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ამ დრომდე არაა მიღებული, რადგან გადაწყვეტილება ყოველ საათში იცველა. ამ კონსულტაციებში ასევე ჩართულია ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი,მოქმედი პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე.
მთავრობის ძირეული ცვლილების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რესპუბლიკელებმა მხარი არ დაუჭირეს გარემოს დაცვის მინისტრად, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ნინო კობახიძის კანდიდატურას, რომელიც პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კადრია. გავრცელებული ინფორმაციით, რესპუბლიკელებმა ღარიბაშვილის კადრის ჩაგდება ივანიშვილის ფაქტორის გათვალისწინებით გადაწყვიტეს და მთავრობას, მათივე პარტიის წევრის, გიგლა აგულაშვილის კანდიდატურა წარუდგინეს. თუმცა, for.ge-ს ინფორმაციით, გარემოს დაცვის მინისტრობა თავად დეპუტატს არ სურს, მან პრეტენზია სოფლის მეურნეობის მინისტრობაზე გამოთქვა. როგორც for.ge-ს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა განუცხადეს, დავით უსუფაშვილი წინააღმდეგია აგულაშვილის მინისტრად დანიშვნის. უმრავლესობის შიგნით გამართულ შეხვერაზე უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ კვალიფიციური კადრები პარლამენტში სჭირდება.
for.ge-ს ინფორმაციით, კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყოფა სუს-ის დეპარატამენტი, რომელიც ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბდება, ამ წუყებას სათავეში თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ჩაუდგება. რაც შეეხება შს მინისტრს, ვახტანგ გომელაური მინისტრის თანამდებობაზე რჩება.
გარდა ამისა, პარლამენტის კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით, „ამერიკელებთან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე დავით უსუფაშვილის კანდიდატურაზე ისაუბრა“. ვერ დავადასტურებთ რამდენად სწორია აღნიშნული ინფორმაცია, თუმცა, გუშინ ამერიკის ელჩი, რიჩარდ ნორლანდი ბიზნეს ცენტრში მართლაც სტუმრობდა ბიძინა ივანიშვილს, თუმცა ელჩმა ბიზნეს ცენტრი კომენტარის გარეშე დატოვა.