გახსოვთ დიოგენე?

გახსოვთ დიოგენე?

საბერძნეთში, ძველ დროში, აი, მაშინ, ფილოსოფოსები რომ ცხოვრობდნენ, სახელი „დიოგენე“ ძალიან ბევრ ადამიანს ერქვა, მაგრამ, ისტორიამ მხოლოდ ერთი მათგანი შემოგვინახა და განადიდა. პრინციპში, ეს ლოგიკურიც არის, ყველაზე შთამბეჭდავი კვალი ხომ სწორედ იმ დიოგენემ დატოვა.

ფილოსოფოსმა სიცოცხლეშივე თქვა უარი ყველანაირ  ამქვეყნიურ სიამოვნებაზე და თიხის კასრში დასახლდა.

ერთხელ, დაინახა თაგვი, რომელიც თავისთვის მიცუნცულებდა და საკუთარ თავს უთხრა: აი, თაგვი – ჭკვიანი არსება. არ ფიქრობს არც სახლზე, არც კარზე, ჭამს და სვამს იმას, რასაც ბედი მისთვის გაიმეტებს. ახლა უკვე მესმის ყოფიერების ჭეშმარიტი არსიო, – მიატოვა საცხოვრებელი და მოწანწალე ცხოვრება დაიწყო.

მთელი საბერძნეთი და კორინთო მოიარა, ბოლოს კი კორინთოში დაიდო ბინა – უზარმაზარ, მრგვალ თიხის კასრში. ჰქონდა ერთი ტოლჩა, კოვზი და ჯამი. მერე ნახა, მწყემსი ბიჭი წყალს პეშვით როგორ სვამდა და ტოლჩაც გადააგდო – ზედმეტიაო. დიოგენე ამტკიცებდა: ფილოსოფოსისთვის გამდიდრება ძალიან ადვილია, მაგრამ, საშინლად უინტერესოო.