For.ge აგრძელებს ეროსი კიწმარიშვილი მოგონებების გამოქვეყნებას.
1994 წლის ბოლოს თვითმართველობის არჩევნების შემდეგ, შევარდნაძემ ქვემო ქართლის გუბერნატორად ლევან მამალაძე დანიშნა, რომელმაც მოინდომა, რომ ტელევიზია მის ჭკუაზე მოგვეწყო და შესაბამისი საინფორმაციო პოლიტიკა გაგვეტარებინა. უფრო მეტიც, მამალაძე ითხოვდა რომ სატელევიზიო სიხშირე რომელიც “გამა+” ეკუთვნოდა მერიისთვის გადაგვეცა. ეს ძლიან თავხედური და უსამართლო მოთხოვნა იყო, რაზეც, რა თქმა, უნდა არ დავთანხმებულვარ, მაგრამ მამალაძემ მაშინდელ კავშირგაბმულობის მინისტრს, ფრიდონ ინჯიას სთხოვა და 1995 წლის 17 ივლისს ჩვენი სატელევიზიო სიგნალი გათიშეს, ხოლო ლიცენზია ჩამოგვართვეს.
დასახმარებლად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მივმართეთ. მაშინ გავიცანი ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე დათო უსუფაშვილი. Aადვოკატებმა ზვიად კორძაძემ და გოჩა სვანიძემ სასარჩელო გაცხადება მოამზადეს და სასამართლოს მივმართეთ. ჩვენს დავაზე მაშინდელ პრესაში ერთი ამბავი ატყდა. წამყვანი გაზეთები ობიექტურად გვიჭერდნენ მხარს. შევარდნაძე დაინტერესდა, თუ რატომ ატყდა ამხელა ხმაური რეგიონალური ტელევიზიის, რაღაც პრობლემის გამო და ამას მამალაძესთან არკვევდა.
“გუბერნატორი” კი სახელმწიფოს მეთაურს ატყუებდა, რომ ვითომდა მხედრიონელები ვიყავით და ლიცენზია სამართლიანად წაგვართვეს.
შევარდნაძემ დაიჯერა, რომ მამალაძე მართალს ეუბნებოდა და რომ არა პარლამენტარი ფიქრია ჩიხრაძე, შესაძლოა ჩვენი მომავალი ტელევიზიას საერთოდ აღარ დაკავშირებოდა. ფიქრია ჩიხრაძე შევარდნაძის ფავორიტი გახლდათ და მასთან ჯარჯი აქიმიძე მეგობრობდა. ის მეც მიცნობდა და კარგად იცოდა, რომ ჩვენ მხედრიონთან არაფერი გვაკავშირებდა. ამის თაობაზე მან შევარდნაძეს პირადად უთხრა და დაარწმუნა, რომ ლიცენზია უსამართლოდ წაგვართვეს.
ამის შემდეგ შევარდნაძემ მიიღო გაწყვეტილება, ჩვენთვის სიხშირის დაბრუნებაზე და სასამართლომაც სიხშირე დაგვიბრუნა.
სიხშირე დავიბრუნეთ, მაგრამ ლევან მამალაძემ ის ვიდეოტექნიკა წაგვართვა, რაც თავის დროზე რუსთავის მერიამ იყიდა და სამუშაოდ გადმოგვცა და დავრჩით მხოლოდ საკუთარი სახსრებით შეძენილი ტექნიკის ამარა. მიუხედავად ამისა, სექტემბერში ეთერში დავბრუნდით. ვმუშაობდით სახალხო ფრონტის ვიდეოკამერით, რომელიც დილით მოჰქონდათ და საღამოს ისევ უკან ვუბრუნებდით. ჩვენმა ერთ-ერთმა გადაცემამ ამ პირობებში სატელევიზიო კონკურს “მანას” ნომინაციაში გაიმარჯვა. ეს ერთადერთი ჯილდო იყო, რომელიც რეგიონალურმა ტელევიზიამ მოიგო.
ტელევიზიის გადასარჩენად დათოს ძმა, მეცნიერი გია დვალი, რომელიც მაშინ გერმანიაში მუშაობდა, ყოველთვიურად 400 დოლარს გვიგზავნიდა.
ამ პერიოდში სამივე შვილი მყავდა. ოჯახს სრულიად მწირი და ჩემთვისაც გაუგებარი შემოსავლით ვაცხოვრებდი. მაშინ რუსთავში ერთოთახიანი ბინა 800 დოლარად გავყიდე, იას დას 1500 დოლარი ვესესხე და ოროთახიან ბინაში გადავედით. ჩვენი ოჯახისთვის ეს ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი დღეა.
1995 წლის შემოდგომაზე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართა და სატელევიზიო რეკლამიდან იმდენი შემოსავალი მივიღეთ, რომ საკუთარი აპარატურის შეძენა შეგვეძლო.
ამასთან, “დოიჩე ველემ” 5000-დოლარიანი გრანტი, მოგვცა ასევე ტექნიკური აღჭურვილობისთვის და ტელევიზიას ასე თუ ისე მინიმალურ დონეზე გავმართავდით.
ჩვენ არ დაგვიწყებია ფიქრია ჩიხრაძის მიერ აღმოჩენილი დახმარება და გადავწყვიტეთ მისთვის ტელეკომპანიის 25 პროცენტი გვეჩუქებინა. მე მას ვუთხარი, რომ სამმა მეგობარმა დავაფუძნეთ “რუსთავი-2” და მას ვიღებდით მეოთხე მეგობრად, წილსაც თანაბრად გადავინაწილებდით.
ჩვენ მაუწყებლობის გაფართოება გვსურდა, რისთვისაც დეციმეტრული სიხშირე უნდა მოგვეპოვებინა.
პარალელურად, ფიქრია ჩიხრაძე თავის მეგობრებთან ერთად ტელეკომპანია “თამარიონის” აღდგენას აპირებდა. 1994 წელს ამ ტელეკომპანიის გადამცემს ხანძარი გაუჩნდა და შედეგად მთაწმინდაზე სატელევიზიო ანძა დაიწვა. მას შემდეგ ამ სიხშირეს არავინ იყენებდა. აღნიშნული სიხშირე თავდაცვის მინისტრს - გია ყარყარაშვილს ეკუთვნოდა, ფიქრია მასთან მეგობრობდა ვინაიდან თავისუფალი სიხშირე ეგულებოდა ტელევიზიის გაკეთებას აპირებდა.
ამ დროს სიხშირეები გავლენის მიხედვით ჰქონდათ გადანაწილებული. სატელევიზიო სიხშირე ჰქონდა ყოფილ თავდაცვის მინისტრს, თენგიზ კიტოვანს, “მხედრიონს”, კავშირგაბმულობის მინისტრს და ასე შემდეგ. სიხშირეს კონკურსის გზით ვერ მოიპოვებდი. “გამა+”-მა რუსთავში მეტრული სიხშირე ლიბერალურ-დემოკრატიული ეროვნული პარტიის ლიდერის და პარლამენტარ მიხეილ ნანეიშვილის დახმარებით მოიპოვა. დათო დვალი მისი პარტიის წევრი იყო და ნანეიშვილი დაგვეხმარა.
ჩვენ ტელეკომპანიის თბილისში გადმოტანა გვსურდა, ვინაიდან დედაქალაქის მეტი ასპარეზი, რეკლამა და შესაბამისად, შემოსავალიც მეტი გვექნებოდა.
ფიქრია ჩიხრაძეს შევარდნაძესთან განსახილველად ორი წერილი უნდა მიეტანა. “რუსთავი-2-სთვის დეციმეტრული სიხშირის მოსაცემად და “თამარიონის” სიხშირის მოდიფიცირებისთვის.
ჩვენი შეთანხმება ჩიხრაძისთვის 25-პროცენტიანი წილის ჩუქებაზე ძალაში იყო, თუმცა ეს დოკუმენტურად არ გაგვიფორმებია. ჩვენ დარწმუნებულები ვიყავით, რომ სიტყვას არ გავტეხდით და ამის გაფორმება, არც თავად ფიქრიას უთხოვია.
უცნაური და სასიხარულო ფაქტი მოხდა - ჩიხრაძემ გვითხრა, რომ “თამარიონს” ვერ აღადგენდა და მისი სიხშირე ჩვენ გვაჩუქა. თუკი ტელეკომპანია 6 თვეზე მეტი ხნის მანძილზე ეთერში არ გავიდოდა, მაშინდელი კანონმდებლობით მას კუთვნილი სიხშირე ჩამოერთმეოდა. “თამარიონს” ეს ვადა დარღვეული ჰქონდა და მას სიხშირის დაკარგვა ემუქრებოდა.
ამის გათვალისწინებით, ფიქრიამ სიხშირე გვაჩუქა. ამას არანაირად არ ველოდით, სიხარულით მეცხრე ცაზე დავფრინავდით. ჩვენ დავფარავდით თბილისს, სადაც ფინანსური რესურსი სატელევიზიო ბიზნესისთვის შეუდარებლად მეტი იყო, ვიდრე რეგიონში.
“თამარიონის” სიხშირე, მართლაც გადმოგვცეს, რაშიც გია ყარყარაშვილს დიდი წვლილი მიუძღვის. ჩვენ სასწრაფოდ ჩავედით მოსკოვში, ვიყიდეთ აპარატურა და ოფისი გადმოვიტანეთ თბილისში ”საქსოფმშენის” მეჩვიდმეტე სართულზე, სადაც დღესაც განთავსებულია “რუსთავი 2”, მაშინ მხოლოდ სამი ოთახი დავიქირავეთ. შემდეგი ეტაპისთვის ახალი გადაცემები დავგეგმეთ, მოვიფიქრეთ ახალი პროექტები და სოროსის ფონდში 20 ათასი დოლარის გრანტის მისაღებად პროექტი შევიტანე.
1996 წლის გაზაფხულზე სოროსის ფონდის საბჭო ჩვენი პროექტის დაფინანსების საკითხს განიხილავდა. ამ სხდომაზე მეც მიმიწვიეს. ჩემთვის მოულოდნელად სხდომაზე რაჭის გუბერნატორი თედო ისაკაძე შემოვარდა და საბჭოს წევრებს გამოუცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში ჩვენთვის გრანტი არ მოეცათ, ვინაიდან თურმე სატელევიზიო სიხშირე არ გაგვაჩნდა და “რუსთავი-2”-ის დამფუძნებლების ვინაობაც ბუნდოვანიაო. გავოგნდი.
ამათი გააქტიურების მიზეზი მალე გაცხადდა. ჩიხრაძე, ისაკაძე და ნიკოლოზიშვილი ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ. ისაკაძემ და ნიკოლოზიშვილმა ჩათვალეს, რომ ჩვენ ჩიხრაძეს უსამართლოდ დავუთმეთ ტელეკომპანიის 25 პროცენტი, ვინაიდან სიხშირე ჩიხრაძემ მოგვცა, ამის სანაცვლოდ ტელეკომპანიის 50 პროცენტი წილი მოითხოვეს.
საქმის გასარჩევად ნიკოლოზიშვილის სახლში დაგვიბარეს. პარალელურად ჯარჯი აქიმიძის გადაბირებას ცდილობდნენ, რა გინდა მაგათთან, ჩვენთან ერთად იყავიო.
მათ მოთხოვნას მარტივად და გასაგებად ვუპასუხე: “დავა რომ გვქონდეს თონის აშენებაზე, კი ბატონო, თუკი მიწას გამოგვიყოფდით სანაცვლოდ, ნამდვილად მოგცემდით თონის 50 პროცენტს. რაც შეეხება ტელევიზიას, ჩვენ არ ვაპირებთ არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან ერთად ტელევიზიის გაკეთებას. ჩვენ ვაკეთებთ თავისუფალ ტელევიზიას. ფიქრიას 25 პროცენტს მხოლოდ მეგობრობისთვის ვუთმობდით”.
მათაც, გასაგებად მიპასუხეს: ყველაფერს დაკარგავთ!
ერთმანეთს ასე დავშორდით.
მათ წერილით მიმართეს პრეზიდენტს, რომ თითქოსდა “რუსთავი 2”-ს დროებით გადასცეს სიხშირე და რომ ახლა შექმნეს საკუთარი კომპანია და ეს სიხშირე, ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ უკან დაგვიბრუნეო.
1996 წლის 1 ივნისს ახალი სიხშირით დავიწყეთ მაუწყებლობა. თვის ბოლოს 28 თუ 29 ივნისს გიგა ბოკერიას გადაცემა უნდა გასულიყო. მაშინ ვენაში რიჩო ჯავახაძე, ავიაკომპანია “ორბის” მეპატრონე თუ მეწილე მოკლეს. ბოკერიამ გადაცემის ანონსში გამოაცხადა, ჩვენ ვიცით, ვინ მოკლა ჯავახაძე და ხვალ მას ეთერში დავასახელებთო.
მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს შოთა კვირაიას ეს არ მოეწონა და მთავრობის სხდომაზე ერთი ამბავი ატეხა - ვისია ეს ტელეკომპანია “რუსთავი 2,” საიდან გავიდა ეთერში და ა.შ.
ბოკერიას ჯავახაძის მკვლელობაზე ამის შემდეგ აღარაფერი უთქვამს. ვფიქრობ, რომ არც არაფერი იცოდა და პროვოკაცია მოაწყო, რასაც ჩვენი დახურვა მოჰყვა.
ამას, თან დაემატა ფიქრია ჩიხრაძესთან ჩვენი დავა, რაც შევარდნაძეს ასევე აღიზიანებდა. მთავრობის სხდომაზე Mმან კვირაიას თავის დაქნევით ანიშნა, რომ მასაც ყელში ამოუვიდა ეს “რუსთავი 2” და შევარდნაძის თანხმობით, ივლისის დასაწყისში ეთერიდან გაგვთიშეს, ხოლო სიხშირე ჩიხრაძის რაღაც ფირმას გადასცეს.
ბოკერიამ ჩვენი უფლებების აღსადგენად “თავისუფლების ინსტიტუტი” დაარსა, ხელისუფლება თავისუფალ სიტყვას ებრძვისო - გაიძახოდა, და ამით სახელი გაითქვა. დღეს “თავისუფლების ინსტიტუტი” თავად ებრძვის თავისუფალ სიტყვას და უნდა ვთქვა, რომ ამ საქმეში უფრო მეტი წარმატება აქვთ, ვიდრე მაშინ ჰქონდათ, როცა ჩვენ გვიცავდნენ. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ ამ ჯგუფის წევრები არავითარი ლიბერალური ღირებულებების დამცველები არ ყოფილან, მათ ჩვენი უფლებების დაცვის საბაბით გრანტები მოიპოვეს, მერე ასევე საზღაურის სანაცვლოდ “იეღოველებს” იცავდნენ და როცა საშუალება მიეცათ, მას-მედია მთლიანად საკუთარ ცენზურას დაუქვემდებარეს.
კავშირგაბმულობის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი შევიტანეთ. თუმცა ჩვენს მოპასუხედ სასამართლომ კავშირგაბმულობის სამინისტროსთან ერთად, ჩიხრაძეც ცნო. ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშე, ომი ქერი აქტიურად დაგვეხმარა. ერთ-ერთ სასამართლო პროცესს 5 წამყვანი ქვეყნის დიპლომატიც დაესწრო. ის პროცესი წავაგეთ, თუმცა საბოლოოდ სასამართლოს გზით, მაინც გავიმარჯვეთ და 1997 წლის 10 აპრილს ეთერში დავბრუნდით.
ვინაიდან ხელისუფლებას ჩვენი დახურვა არ გამოუვიდა, სტრატეგია შეცვალეს და კონტროლირებული ტელეკომპანიების საშუალებით ჩვენი “დაძირვა” განიზრახეს. ამ მიზნით, სახელმწიფო ტელევიზიის უფროსად ზაზა შენგელია დანიშნეს, რომელმაც პირველ არხზე “იბერვიზიიდან” ჟურნალისტთა ძლიერი გუნდი გადაიყვანა. სახელმწიფო ტელევიზიის მეორე არხიც პოპულარული იყო, იქ კიდევ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერმა ასლან აბაშიძემ გააკეთა ტელევიზია, კარგი სიხშირე მისცეს და მას არც ფინანსები უჭირდა.
ჩავებით კონკურენციაში. “რუსთავი 2”-ს ამ დაპირისპირებაში მხოლოდ ინოვაციებით შეეძლო გამარჯვება და ჩვენ გეზი ამისკენ ავიღეთ. აქედან მოყოლებული ჩემი გენერალური დირექტორად მუშაობის ბოლომდე - “რუსთავი 2” მუდმივად ინოვაციური ტელეკომპანია გახლდათ.
ჩვენ პირველებმა ვაჩვენეთ პირდაპირ ეთერში ინგლის-საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მატჩი. ქართველმა კომენტატორებს, გიგა ბოკერიას და გოგი ქავთარაძეს, პირდაპირი რეპორტაჟი “უემბლის” სტადიონიდან მიჰყავდათ. ჩვენი გუნდის გასვლითი მატჩი მანამდე პირდაპირ ეთერში ლეგალურად არასდროს გადმოუციათ. ფეხბურთელებს თამაშის მეორე დღეს შავბნელი ვიდეოკასეტა ჩამოჰქონდათ და მაყურებელს იმას უჩვენებდნენ. ერთი ეგ იყო, რომ ფეხბურთის მეორე დღეს ნახევარი თბილისი ბოკერიას ცუდად გადმოცემული რეპორტაჟისთვის აგინებდა, მეორე ნახევარი - მე, მაგისი ლონდონში გაგზავნისთვის.
“რუსთავი-2” გახდა პირველი ქართული არხი თანამგზავრზე. მაშინ ტელეკომპანია “მირთან” ხელშეკრულება გავაფორმეთ და ყოველდღე ერთი საათით თანამგზავრიდან ვმაუწყებლობდით. ამის გამო ზაზა შენგელიას კინაღამ ოჯახი დავანგრევინეთ. საქმე ის არის, რომ “მირის” დირექტორი მისი მეუღლე, სესილი გოგიბერიძე გახლდათ და ხელშეკრულება მან გაგვიფორმა. ის მოიქცა ისე, როგორც ძალიან წესიერი მენეჯერი უნდა მოქცეულიყო. ჩვენს თანამგზავრზე გასვლას დიდი პიარ-კამპანია გავუკეთეთ. ქუჩებში სარეკლამო ბილბორდებზე წამყვანი ჟურნალისტების აკაკი გოგიჩაიშვილის, ეკა ბერიძის, გიორგი სანაიას სურათები გამოვკიდეთ. ამ სურათებზე მათ კოსმონავტის სკაფანდრები ემოსათ. ესეც, ტელევიზიის პირველი პროფესიონალურად განხორციელებული პიარ აქცია აღმოჩნდა.
საპასუხოდ შენგელიამ თანამგზავრიდან 24-საათიანი მაუწყებლობა პირველმა დაიწყო, მაგრამ თანამგზავრზე პირველები ჩვენ გავედით.
1998 წლის ბოლოს ჩვენ პოპულარობით ყველა კონკურენტს გავუსწარით, რაც სარეკლამო ბაზარზეც აისახა. ჩვენ სარეკლამო ბაზრის 55 პროცენტი დავიკავეთ.
(გაგრძელება იქნება)