პროკურატურამ ვაზაგაშვილის მკვლელობის მოტივი გამოკვეთა

პროკურატურამ ვაზაგაშვილის მკვლელობის მოტივი გამოკვეთა

გია სოსანაშვილის ადვოკატი ამტკიცებს, რომ მკვლელობის ადგილას აღმოჩენილი მეორე დნმ-ის კვალი შსს-ს გენერალური ინსპექციის ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს უფროსს, როინ ასანიძეს ეკუთვის. ადვოკატმა შუამდგომლობით მიმართა პროკურატურას და ასანიძისთვის დნმ-ის ნიმუშის აღება მოითხოვა. პროკურატურამ ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გენინსპექციის სამმართველოს უფროსს, როინ ასანიძეს დნმ-ის ნიმუში აუღეს.

„ველოდოთ შედეგს. თუ კვალი დაემთხვა, მე აუცილებლად დავაყენებ სოსანაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საკითხს. მკვლელობაში გენერალური ინსპექციის მაღალჩინოსნის როინ ასანიძის მონაწილეობის ეჭვი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს 2015 წლის 6 თებერვალს მომხდარის გამო გაუჩნდა, რადგან დაკავებამდე ერთი დღით ადრე, ის გენერალური ინსპექციის შენობაში სწორედ როინ ასანიძის კაბინეტში დაიბარეს და მისი თანდასწრებით, გაურკვეველი მიზეზით დნმ-ს სინჯები აუღეს. დაკავების შემდეგ სწორედ ეს გენეტიკური კვალი მოხვდა შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ მტკიცებულებებზე“, - აცხადებს სოსო ჯოგლიძე.

იმის დასამტკიცებლად, რომ დაკავების წინა დღეს გიორგი სოსანაშვილი გენერალურ ინსპექციაში იმყოფებოდა, ადვოკატმა პროკურატურას შენობის უსაფრთხოების კამერების ჩანაწერების ამოღება მოსთხოვა. საგამოძიებო უწყება დაკავების წინა დღეს, გიორგი სოსანაშვილის გენერალური ინსპექციის შენობაში ყოფნას უარყოფს. ამასთან, პროკურატურაში აცხადებენ, რომ როინ ასანიძე სოსანაშვილის ბრალდებასთან დაკავშირებით დაკითხეს.

მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, თავად როინ ასანიძემ გამოთქვა სურვილი, რომ მისი დნმ-ს შესწავლა მომხდარიყო. მისი თქმით, შესაბამისი ექსპერტიზის პასუხებს პროკურატურა უახლოეს მომავალში გაავრცელებს. 

„განცხადებები, რომლებსაც სოსანაშვილი და მისი ადვოკატი აკეთებენ, არის ცალსახად ტყუილი. მივიღეთ მხედველობაში თვითონ ასანიძის სურვილი. ყველამ წარმოვიდგინოთ თავი მის ადგილზე, როდესაც სრულიად ცარიელ ადგილზე უსაფუძვლოდ გადანაშაულებენ და გაბრალებენ ასეთ მძიმე ფაქტს. საზოგადოების მაღალი ინტერესია ამ საკითხზე და შესაბამისად, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, პასუხი გაეცა ამ კითხვებზე, ჩაეტარებინა შესაბამისი ექსპერტიზა“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ. 

მისივე თქმით, აბსურდია ასევე იმის მტკიცება, რომ დნმ-ის ჩადება მოხდა. ირაკლი შოთაძე აცხადებს, რომ დნმ-ის პროფილი დადგენილი იყო უკვე 2015 წლის 24 თებერვალს. ამ დნმ-ის პროფილებთან მოხდა 46 მოქალაქის დნმ-ის შედარება.

„სოსანაშვილის დაკავება მოხდა მარტის დასაწყისში, დნმ-ის პროფილების დადგენიდან ორი კვირის შემდეგ. იმის მტკიცება, რომ ამ დნმ-ის ჩადება მოხდა, არის აბსურდი. შემთხვევის ადგილის დათვალიერებას ესწრებოდნენ გამომძიებლების გარდა დაზარალებულების ოჯახის ადვოკატები, ოჯახის მიერ მიწვეული ექსპერტები და კრიმინალისტები. ამდენი ადამიანის თანდასწრებით მოხდა ყველა ნივთმტკიცების ამოღება, დალუქვა და საექსპერტო ბიუროში გადაგზავნა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი შოთაძემ.

for.ge-სთან საუბრისას იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი აცხადებეს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობის ფალიაზე, შემთხვევის ადგილზე აღმოჩნდა ორი დნმ-ის ნიმუში, ერთი ეკუთვნოდა გია სოსანაშვილს, მეორეს იდენტიფიცირებაზე კი ამ დრომდე მიმდინარეობს გამოძიება.

მისივე თქმით, კვლევის ჩატარება ასახულია ვიდეოფირზე, თუ რა ვითარებაში ჩატარდა კვლევები, როდის ჩატარდა და როდის გამოიკვეთა დნმ-ის პირველი ჩაშლა. როგორც ადვოკატი ამბობს, ეს დეტალები დევს საქმის მასალებში, რომლითაც დასტურდება, რომ 6 თებერვლამდე ბევრად ადრე, ვაზაგაშვილის მკვლელობიდან მეორე-მესამე დღეს, ანუ 20-21 იანვარს უკვე აღმოჩენილია დნმ-ის პროფილი, რომელიც შემდგომ გახდა საექსპერტო კვლევის საგანი და დადგინდა, რომ სოსანაშვილის დნმ-ია.

„ადვოკატ ჯოგლიძის განცხადება არის ალოგიკური, რაც საქმის მასალებში ჩანს. განცხადება, თითქოს, სოსანაშვილის დნმ გაყალბებულია და მოგვიანებით არის მიტანილი აფეთქების ადგილას, ისეთივე სიმართლეა, როგორც იმის მტკიცება, თითქოს, იური ვაზაგაშვილს თითები ჰქონდა მოწყვეტილი. ეს ყველაფერი არის ტყუილი და წარმოადგენს დაცვის მხარის სტრატეგიას. სასამართლოზე გამოჩნდება, თუ რა შედეგს მისცემს აღნიშნული სტრატეგია ბრალდებულს.

სოსანაშვილის დაცვა უტყუარად ადასტურებს, რომ დნმ-ის მეორე კვალი ეკუთვნის ვინმე ასანიძეს. შუამდგომლობით მიმართეს პროცესის მწარმოებელ ორგანოს და მოითხოვეს საგამოძიებო მოქმედების განხორციელება. პროკურატურამ განიხილა სოსანაშვილის დაცვის შუამდგომლობა და დააკმაყოფილა. როგორც გითხარით, მე ვიცნობ საქმის მასალებს და შემიძლია დადასტურებით გითხრათ, რომ სოსანაშვილის დნმ აღმოჩენილია და არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია“, - აცხადებს გაგი მოსიაშვილი.

მისივე თქმით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ფალიაზე არსებული ორი კვალიდან ერთი ეკუთვნის სოსანაშვილს, მაგრამ რაც შეეხება მეორე დნმ-ის კვალს, აქტიური საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობს იმის დასადგენად, თუ ვის ეკუთვნის დნმ-ის მეორე კვალი.

„პიროვნება, თუ ვის ეკუთვნის დნმ-ის კვალის მეორე ნიმუში, ჩემი ინფორმაციით, ამ ეპატზე დადგენილი არ არის. აქტიური საგამოძიებო მოქმედება მომდინარეობს, რომ მოხდეს მეორე პირის იდენტიფიცირება. სოსანაშვილის ამგვარი ქმედება ხაზს უსვამს იმას, რომ ის მარტო არ მოქმედებდა. ვფიქრობთ, რომ მასთან ერთად იყვნენ ადამიანები, რომლებმაც დაგეგმეს და ჩაიდინეს ამგავრი ძალიან მძიმე დანაშაული.

საქმეში არსებული მასალები იძლევა იმის საფუძველს, რომ სოსანაშვილი ბრალდებულის სტატუსის ქვეშ იყოს. ჩვენი ინტერესი სულაც არაა უდანაშაულო ადამიანს დაედოს ბრალი. დღეის მდგომარეობით და საქმეში არსებული დოკუმენტებით ცალსახად დასტურდება სოსანაშვილის ბრალეულობა“, - აცხადებს გაგი მოსიაშვილი.

ადვოკატის განცხადებით, გამოკვეთილია მოტივი, რატომაც მოკლული იქნა იური ვაზაგაშვილი.

„არსებობს გარკვეული ნიუანსები, რომელიც თქვენთვის ამ ეტაპზე არ არის ხელმისაწვდომი, მაგრამ მას შემდეგ, რაც გამოძიება დასრულდება და საქმე სასამართლოში წარიმართება, პროცესისი მწარმოებელი ორგანოს მიერ თითოეული დეტალი საჯაროდ იქნება გაცხადებული. დანაშაულის მოტივი გამოკვეთილია. თუმცა, ამ საკითხზე შეგნებულად არ ვსაუბრობ, დაველოდოთ პროცესის მწარამოებელ ორგანოს, რომელიც საქმეზე აქტიურ საგამოძიებო მოქმედებას ატარებს. გამორიცხული არ არის გამოძიების პროცესში სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. დაველოდოთ გამოძიებას“, - აცხადებს გაგი მოსიაშვილი