უცნობი ბრიუს ლი

უცნობი ბრიუს ლი

ბრიუს ლი არ იყო წმინდა სისხლის ჩინელი, მას გერმანული ფესვები ჰქონდა – დედის ბაბუა ნახევრად გერმანელი ჰყავდა.

ბრიუს ლიმ მხოლოდ ერთხელ განიცადა მარცხი ორთაბრძოლის დროს – 13 წლის ასაკში იგი იმავე სკოლის მოსწავლემ დაამარცხა, სადაც ორთაბრძოლებს სწავლობდა. აღმოსავლური ორთაბრძოლების ოსტატი ვინ ჩუნი, მეტსახელად – იიპ მენი, ბრიუს ლის ხელმძღვანელი და მასწავლებელი იყო. იგი მასთან ინდივიდუალურად მუშაობდა, რადგან სხვა მოწაფეებს არ სურდათ მასთან ერთად ევარჯიშათ, რადგან ის არ იყო წმინდა სისხლის ჩინელი.

ბავშვობაში ბრიუსს არ აინტერესებდა სწავლა. დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ იგი „ლა სალეს” კოლეჯში მოეწყო ჰონკონგში, სადაც ინგლისურენოვანი ბავშვები სწავლობდნენ. ცუდი ქცევების გამო ბრიუსი რამდენჯერმე გარიცხეს კოლეჯიდან, თუმცა, მშობლები მას უკან აბრუნებდნენ. იგი ხშირად ერეოდა ქუჩურ ჩხუბებში ან თავად იყო ჩხუბის ინიციატორი.

ბრიუს ლი ვაშინგტონის უნივერსიტეტში ფილოსოფიას, კერძოდ, აღმოსავლური ორთაბრძოლების ფილოსოფიურ პრინციპებს სწავლობდა. სწავლის პარალელურად, ბრიუსს ორთაბრძოლების კურსები ჰქონდა გახსნილი, სადაც სტუდენტებს ავარჯიშებდა. მოგვიანებით მან საბოლოოდ მიატოვა სწავლა და საკუთარი სკოლა გახსნა.

ბრიუს ლის სიმაღლე 171 სმ იყო, ხოლო სიკვდილის მომენტში ის 53 კილოგრამს იწონიდა.

ბრიუს ლის ყვავილებიდან განსაკუთრებით უყვარდა ქრიზანთემები.

ბრიუს ლის ნამდვილი სახელია  ლი იუნ ფაი. ოჯახის წევრები მას ხშირად „პატარა ფენიქსს” ეძახდნენ.

ბრიუს ლი ვაშინგტონის შტატში, ქალაქ სიეტლშია დაკრძალული.

ბრიუს ლის მოძრაობა და დარტყმა იმდენად სწრაფი იყო, რომ გადაღების ჩვეულებრივი რეჟიმი – წამში 24 კადრი – ვერ ასწრებდა დაფიქსირებას და ამიტომაც ფილმების გადაღებების დროს გამოიყენებოდა გადაღების სპეციალური რეჟიმი – 32 კადრი წამში.

ბრიუს ლის მეუღლე – ლინდა იხსენებდა, რომ მის ქმარს კვების სპეციალური რეჟიმი ჰქონდა. ლი უპირატესობას ცილებითა და ვიტამინ-მინერალებით მდიდარ საკვებს ანიჭებდა. არ უყვარდა ცომეული, რძის პროდუქტი, თუმცა, კუნთოვანი მასის შესანარჩუნებლად ის ყოველდღიურად მიირთმევდა რძესა და კვერცხს. ბრიუს ლი უპირატესობას ჩინურ, აზიურ სამზარეულოს ანიჭებდა, უყვარდა საქონლის ხორცი, შემწვარი ღვიძლი. სასმელებიდან ნატურალურ ხილის წვენს გამოარჩევდა, ასევე უყვარდა სტაფილოს წვენი.

ბრიუს ლის ცხოვრება ჩვილობიდან იყო დაკავშირებული კინოინდუსტრიასთან. თავისი პირველი როლი მან 1 წლის ასაკში ითამაშა. საერთო ჯამში, მის ფილმოგრაფიაში 36 ფილმია, ხოლო თავად ბრიუს ლის ცხოვრებაზე გადაღებულია 30  ფილმი.

ბრიუს ლის თითებით შეეძლო „კოკა-კოლის” რკინის ქილის გახვრეტა ერთი დარტყმით (იმ პერიოდში რკინის ქილები გაცილებით მსხვილი ლითონისგან მზადდებოდა)

ბრიუს ლიმ 32 წელი იცოცხლა – ის გარდაიცვალა ჰონკონგში. ოფიციალური ცნობით, ტვინში სისხლის ჩაქცევით. თუმცა, არსებობს რამდენიმე არაოფიციალური ვერსია, რომელთა შორის არის ჩინური მაფიის –  „ტრიადას“ შურისძიება და ნარკოტიკულ საშუალებებზე, კერძოდ, კოკაინზე დამოკიდებულება.