„პანკისის ხეობაში, რელიგიის ნიადაგზე, მამების და შვილების ბრძოლა მიმდინარეობს“

„პანკისის ხეობაში, რელიგიის ნიადაგზე, მამების და შვილების ბრძოლა მიმდინარეობს“

პანკისის ხეობიდან ახალგაზრდების „ისლამურ სახელმწიფოში“ გაყავანას რამდენიმე ჯგუფი კურირებს, ახალგაზრდები ჯერ თურქეთში, კერძოდ სტამბულში ჩადიან, შემდეგ კი სირიაში გადადიან საბრძოლველად. პანკილეს ქისტებთან ერთად „ისლამურ სახელმწიფოში“ იბრძვიან აჭარელი ეკომიგრანტები, რომლებიც გურიაში არიან ჩასახლებულნი, მათ შორის არიან ქვემო ქართლში მცხოვრები აზერბაიჯანლები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეები თითქმის ყოველდღიურად ტოვებენ საზღვარს, შსს-ს ამ დრომე არ აქვს ინფორმაცია, ვინ კურირებს პანკისიდან მოქალაქეების ორგანიზებულ გადაყვანას. შს მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს მათ დასადგენად.

for.ge-სთან საუბრისას კავკასიოლოგი, ალეკო კვახაძე აცხადებს, რომ პანკისის ხეობაში მამებსა და შვილებს შორის რელიგიის ნიადაგზე მიმდინარეობს ბრძოლა. პანკისელი ახალგაზრდების ერთი ნაწილი თვლის, რომ მათი უფროსი თაობა არ არის ჭეშმარიტი ისლამის მიმდევარი, რადგან ბოლომდე არ იცავენ ისლამურ წესებს. რომელ დაჯგუფებაში ირიცხებიან საქართველოს მოქალაქეები და რა მოტივით მიდიან საომრად სირიაში? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ალეკო კვახაძეს ესაუბრა.

ამ დრომდე პრობლემად რჩება ახალგაზრდების სირიაში წასვლა. თქვენი ინფორმაციით, რა ჯგუფი კურირებს პანკისიდან მოქალაქეების ორგანიზებულ გადაყვანას, ისინი მოქმედებენ საქართველოში, თუ მოქმედებენ ქვეყნის გარეთ?

-კონკრეტული ჯგუფი ან დაწესებულება, სადაც შეიძლება ადამიანი მივიდეს და უთხრას, რომ სირიაში უნდა წასვლა, პანკისის ხეობაში არ მინახავს. თუ ადგილზე არსებობს ასეთი ჯგუფი, ისინი ღიად არ იმოქმედებენ. იქ ცოტა სხვა სეგმენტი მოქმედებს. პანკისის ხეობაში ყველა ერთმანეთის ნათესავია, შესაბამისად, მებრძოლებთან დაკავშირების არანაირი პრობლემა არ არსებობს. პანკისელების და ჩეჩნების ძალიან დიდი ნაწილი იმყოფება თურქეთში, ძირითადად სტამბულში, რომლებიც ავრცელებენ ამ იდეოლოგიას. ჯგუფი როდესაც მოხვდება სტამბულში, უკვე, იქიდან ხდება მათი გადასვლა სიარასა და ერაყში. თუმცა, პანკისიდან წასული ქისტები ძირითადად სირიაში იბრძვიან.

რა არის ის მთავარი მოტივი, რატომაც მიდიან სირიაში, ეს ფინანსური მხარეა, თუ ისევ და ისევ იდეოლოგია?

- ფული არ არის ის მთავარი მოტივი, რატომაც მიდიან. აქ არის ორი მიზეზი, ერთი - იდეოლოგია, მათ ასე სწამთ და ასე სჯერათ, რომ ასადის რეჟიმისგან იცავენ სირიის მუსლიმ მოქალაქეებს და მეორე - ეს არის ერთგვარი თვითდამკვიდრების ტენდენცია. უმძიმესი სოციალური ფონია შექმნილი პანკისის ხეობაში, პანკისელები ინტეგრირებული არ არიან ქართულ საზოგადოებაში. ავიღოთ იუსტიციის სახლი, რომელიც პანკისის ხეობაში გაიხსნა, ერთი ადგილობრივი კადრი არ არის დასაქმებული. არაფერს ვამბობ ახმეტის გამგეობაზე. თვლიან, რომ საქართველოში ვერ ახდენენ თავისი თავის რეალიზაციას. იგივე თარხან ბათირაშვილი, რომელიც ჩვეულებრივი სოფლის მაცხოვრებელი იყო, მათი აზრით ახლა ცნობილი ადამიანია, რადგან ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი წამყვანი მეთაურია. ამიტომაც, მისი და სხვების მაგალითზე ახალგაზრდები ცდილობენ მათ მიბაძონ და ამიტომაც მიდიან ისინი სირიის ტერიტორიაზე საბრძოლველად.

რა ფორმით ახდნენ თავის თავის რეალიზებას სირიაში, გარდა იმისა, რომ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში...

- სოფლიდან ჩასული ადამიანი, რომ უცებ მეთაური ხდება, ამაში არის ერთგვარი ინტერესი. პანკისელები ოდითგანვე გამოირჩეოდნენ მებრძოლი ტრადიციებით. ადამიანი, რომელიც თავს ბრძოლაში გამოიჩენს, ის მაგალითის მიმცემ და პატივსაცემ ადამიანად ითვლება. როდესაც ქისტები ომობდნენ ჩეჩნების ომში, ამას პანკისის ხეობაში პროტესტი არ მოჰყოლია. ისინი თვლიდნენ, რომ ახალგაზრდები თავიანთი ისტორიული სამშობლოს დასაცავად მიდიოდნენ, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება არ არის სირიასთან დაკავშირებით. უხუცესები თვლიან, რომ ქისტები სხვის ომში იბრძვიან, რაც მათივე თქმით, არასწორია.

თუმცა, ტელეკომპანიარუსთავი 2“-ის ეთერში ერთ-ერთი ახალგაზრდა ამბობდა რომ დედა აიძულებდა მას სირიაში წასვლას, რომ ფინანსურად დახმარებოდა ოჯახს. რამდენად ხშირია ასეთი პრობლემები, როდესაც მშობლები აიძულებენ წასვლას?

- ის ახალგზრდა ბიჭი და მისი ოჯახი, რომელიც „რუსთავი 2“-ზე აჩვენეს, პანკისის ხეობაში დაბალი ავტორიტეტით სარგებლობენ. სიმართლეს არ შეესაბამება ყოველივე ის, რაც იმ ახლაგაზრდამ ილაპარაკა. მან ყველაფერი მოიგონა. ამბობდა, რომ თითქოს, მოსაკლავად დასდევენ, მაგრამ ასე არ არის, ის ჩვეულებრივად დადის ხეობაში და არავინ ერჩის. მან თავისი სახელი და გვარიც კი არასწორად თქვა და მოიტყუა. რაც შეეხება უხუცესებს და მშობლებს, ისინი წინააღმდეგი არიან მათი შვილების სირიაში წასვლის.

თუ ასახელებენ იმ მიზეზებს, რატომაც მიიღეს მათმა შვილებმა ასეთი გადაწყვეტილება?

- უხუცესები ამის მიზეზად ასახელებენ პანკისის ხეობაში გავრცელებულ ისლამის მიმდინარეობას, რომელესაც ვაჰაბიზმს ეძახიან. სწორედ ამ იდეოლოგიის გავრცელების შემდეგ დაიწყო ახალგაზრდების გადინება სირიაში. თვითონ უხუცესთა საბჭოს არ აქვს იმდენი ავტორიტეტი, ისინი ვერ ახდნენ იმის კონტროლს და პრევენციას, რომ ეს ახალგაზრდები არ წავიდნენ სირიაში. შეიძლება ითქვას, რომ პანკისის ხეობაში, რელიგიის ნიადაგზე, მამების და შვილების ბრძოლა მიმდინარეობს. უფროსი თაობა თვლის, რომ უპირატესობა უნდა მიენიჭოს ქისტურ ადათ-წესებს. განსხვავებულია უმცროსი თაობის მიდგომა, ისინი თვლიან, რომ ადათ-წესები მნიშვნელოვანია, მაგრამ ის შეთანხმებული უნდა იყოს ისლამურ წესებთან. მათივე აზრით, უფროსი თაობა არ არის ჭეშმარიტი ისლამის მიმდევარი, ბოლომდე არ იცავენ ისამურ წესებს. ამის ნიდაგზე არის მათ შორის უთანხმოება.

არის ასეთი მოსაზრება, რომ აუცილებელია სახელმწიფოს გაათმაგებული ყურადღების ქვეშ ჰყავდეს პანკისის მოსახლეობა, კონტროლზე უნდა იყოს აყვანილი ყველა ვაჰაბიტური სასულიერო პირი. ასეთ კონტროლზე აყვანა, მოხსნის ამ პრობლემას?

- სანამ სირიაში დაიწყებდნენ წასვლას, მანამდეც იყვნენ გაათმაგებული კონტროლის ქვეშ. პანკისის მკვიდრი, თუნდაც ეთიკური ქართველი როდესაც საზღვარს კვეთდა, მას ავტომატურად აჩერებდნენ საზღვრაზე მანამ, სანამ ანტიტერორისტული ცენტრიდან არ მიიღებდნენ დასტურს, რომ ეს ადამიანი არ არის სახიფათო და შეიძლება მისი გაშვება. ახმეტის რაოინში რომ ჩახვიდეთ, სხვა რაიონებთან შედარებით, თვალში საცემია ძალოვანი უწყების სიმრავლე და აქტივობა.

თუმცა, როგორც ჩანს, ეს კონტროლი არ აღმოჩნდა საკმარისი, რადგან ამგვარი კონტროლის მიუხედავად, ძალიან ბევრი ადამიანი გავიდა ქვეყნიდან და მათ შორის არასრულწლოვნებმა აეროპორტის საშუალებით გადაკვეთეს საზღვარი...

- არის კიდევ ერთი ტენდენცია, რაც უფრო ხისტი მეთოდებით ებრძვიან სალაფს, მით უფრო აგრესიული და უმართავი ხდებიან. მაგალითად ავიღოთ დაღესტანი, სადაც 90-იან წლებში ძალიან მინიმალურ დონეზე იყო სალაფისტური მოძრაობა. როდესაც პუტინის ხელისუფლებამ დაიწყო მათ მიმართ არნახული რეპრესიები, მას შემდეგ მოხდა მათი გაძლიერება და უფრო აგრესიულები გახდნენ. ასეთი მეთოდები მათ მიმართ არ მუშაობს, მაგრამ აუცილებელია კონტროლი ძალოვანი უწყების მხრიდან. ასევე, აუცილებელია, რომ სახელმწიფო ატარებდეს კავკასიურ პოლიტიკას. საქართველოს უნდა ჰქონდეს განსაზღვრული პოლიტიკა და მიდგომა ყველა კავკასიელი ხალხის მიმართ, რომ კავკასია იყოს ერთიანი და სტაბილური რეგიონი.

სირიაში მებრძოლი ახალგაზრდების მშობლები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ არ დაიწყება მათი სამართლებრივი დევნა, ისინი მზად არიან დაბრუნდნენ საქართველოში. ასეთ შემთხვევაში რა უნდა ქნას სახელმწიფომ, მათი დაბრუნება რამდენად პრობლემური იქნება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის?

- ძალიან რთული სამუშაო იქნება ჩასატარებელი იმის გამოსავლენად, ვის რა მოტივაცია აქვს. რა თქმა უნდა, არის რისკი, რადგან პანკისიდან გასულების უმეტესობა ახალგაზრდა და გამოუცდელია, ასეთი ნაკადი ძალიან მოწყვლადია უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის. მითუმეტეს, ჩვენი ტერიტორების მიმთვისებელი ოკუპანტი სახელმწიფოსთვის. მათ ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ რომელიმე ასეთი ადამიანი გადმოიბირონ, მოაწყობინონ საქართველოს ტეროტორიაზე რამე პროვოკაცია, რაც შემდეგ უარყოფითად იმოქმედებს ქართველებისა და ჩრდილოკავკასიელების ურთიერთობაზე. სწორედ ამის პრევენციისკენ უნდა იყოს მიმართული მთელი რიგი ღონისძიებები.

რამდენად შესაძლებელია, რომ ეს პროცესიც რუსული სპეცსამსახურების მიერ იყოს მართული?

- კონკრეტული ფაქტი არ გამაჩნია, რომ რუსეთი რაღაცა ფორმით იყოს ამ პროცესში ჩართული. თუმცა, გამორიცხული არ არის. ჩრდილო კავკასიიდან ძალიან ბევრი მებრძოლის გადინება მოხდა სირიაში, რამაც დიდი თავის ტკივილი მოუხსნა რუსეთს, რადგან რუსეთის ტერიტორიაზე შენელდა პარტიზანული ბრძოლები. საქართველოსთან მიმართებაში რუსეთი ყოველთვის გამოიყენებს პანკისის თემას. ყოველთვის შეეცდება, რომ საქართველოს იმიჯი შელახოს. თუმცა, ეს პრობლემა არანაკლებად დგას რუსეთის წინაშე, მაგალითად დაღესტნიდან 700 მებრძოლი წავიდა სირიაში.

თუ არის ცნობილი, საქართველოდან წასული ახალგაზრდები რომელ დაჯგუფებაში იბრძვიან?

- ახმედ ჩატაევი და თარხან ბათირაშვილი არიან ერთად, ჩატაევი ჩეჩნეთის და დაღესტანის მიმართულებაზე მუშაობს, ძირითადად ამ რეგიონებიდან ცდილობს ხალხის გადმოყვანას „ისლამურ სახელმწიფოში“. რადგან თარხან ბათირაშვილი არის ცნობილი, ყველას ჰგონია, რომ ქისტების უმეტესობა არიან „ისლამურ სახელმწიფოში“, მაგრამ ასე არაა. იქ არის სხვა დაჯგუფებებიც, რომლებიც არ ითვლებიან ტერორისტულ ჯგუფებად და უბრალოდ, ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ბროლაში არიან გადართულები.

მაგალითად, პანკისელი გიორგი კუშტანაშვილი, იგივე ამილ სალახუდინი ხელმძღვანელობს დაჯგუფებას, რომელსაც ჰქვია „ჯეიშ მუჰაჯირი“ ანუ ემიგრანტებისა და მხარდამჭერთა ჯარი. ასევე, იქ არის ცნობილი პანკისელი საველე მეთაური, მუსლიმ მარგოშვილი, რომლის დაჯგუფება „ჯუნდუ შამი“ იგივე სირიის ჯარის მეთაურია.

კუშტანაშვილის და მარგოშვილის ჯგუფი არ ექვემდებარება „ისლამურ სახელმწიფოს“, დამოუკიდებელი ჯგუფები ჰყავთ და სწორედ ამ ჯგუფში არიან ქართველოს მოქალაქე ქისტები. ამ დაჯგუფებაში არიან აჭარელი ეკომიგრანტები, რომლებიც გურიაში არიან ჩასახლებულნი, ასევე - ქვემო ქართლიდან წასული აზერბაიჯანელები. პროცენტულად პანკისიდან უფრო მეტია წასული, ვიდრე ამ რეგიონებიდან.

თუ დასტურდება ინფორმაცია ქალბატონების შესაძლო გაყვანასთან დაკავშირებით?

- ის, რომ ქალების ჯგუფის ორგანიზებული გასვლა იგეგმება და მით უმეტეს საბრძოლველად, ასეთი რაღაცა არ ხდება. შესაძლებელია, რომ ვიღაცამ თავისი მეუღლე წაიყვანოს. აუცილებელი არაა ყველამ იბრძოლოს. სირია საკმაოდ დიდია, შეიძლება ვიღაცამ მეუღლე წაიყვანოს და იქ დასახლდეს.