ეროსი კიწმარიშვილი: „მოამბეს“ კონკურენციას ვერ გავუწევდით“

ეროსი კიწმარიშვილი: „მოამბეს“ კონკურენციას ვერ გავუწევდით“

საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი For.ge იწყებს ბატონი ეროსი კიწმარიშვილის მოგონებების გამოქვეყნებას, რომელიც მან რედაქციას 2014 წლის მაისის ბოლოს გადასცა და რომლის ერთი, მცირე ნაწილი, ბატონი ეროსის გარდაცვალების შემდეგ გამოვაქვეყნეთ. მოგონებები მოიცავს 1992-2008 წლებს. საიტის რედაქცია კიდევ ერთხელ უსამძიმრებს ეროსი კიწმარიშვილის ოჯახს და ახლობლებს, და იმედს გამოვთქვამთ, რომ ბატონ ეროსის გარდაცვალების საქმე უახლოეს მომავალში იქნება გამოძიებული.

************************

საბჭოთა კავშირის დაშლისას სამედიცინო ინსტიტუტში ვსწავლობდი. შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობით აღტკინებულმა, სიხარულით რაჭას მივაშურე, სადაც სოფლის ექიმად გამანაწილეს. სოფლის ამბულატორიის მთავარი ექიმის ხელფასი ვის ეყოფოდა, მაგრამ მე რაჭის მაღალმთიან სოფელში მუშაობით ვამაყობდი. ეროვნული მოძრაობის პირველ წლებში ჩემსავით ბევრი მოიქცა. ზოგი ექიმად, ზოგი მასწავლებლად შედარებით რთულ რეგიონებში სამუშაოდ წავიდა.

რაჭაში მუშაობისას დავრწმუნდი, რომ ჩვენი პედიატრია ხალხს სათანადო დახმარებას ვერ უწევდა. არის საკითხები, რომლებზეც ჩვენთან დღემდე არაჯანსაღი დამოკიდებულება აქვთ. ერთ-ერთი მარტივი მაგალითია - აკვანი.

აკვანი ახალშობილის ძვალსახსროვან სისტემას აზიანებს, რაც სხვადასხვა დაავადებებს იწვევს. ის, რომ ბარძაყის სახსრის ამოვარდნილობა ჩვენში ძალიან გავრცელებულია, სწორედ იმის ბრალია, რომ მშობლები სათანადოდ ინფორმირებულები არ არიან. ჩემი დასკვნით, აუცილებელი იყო ბავშვთა სამედიცინო დაზღვევის სისტემის შექმნა, რომელიც თავის მხრივ ოჯახის ექიმის ინსტიტუტის დამკვიდრებას ხელს შეუწყობდა.

რუსთავის პრეფექტად მერაბ კოსტავას მეგობარი, მომღერალთა გუნდის ყოფილი დირიჟორი თემურ ჯანელიძე მუშაობდა. მას ჩემი იდეა მოეწონა და სემომთავაზა: რუსთავის ჯანდაცვის განყოფილების გამგედ დაგნიშნავ და ახალი ინიციატივების დანერგვაშიც დაგეხმარებიო.

დავთანხმდი. 25 წლის კაცისთვის ეს იშვიათი თანამდებობა გახლდათ, თუმცა მთავარი იყო, რომ საშუალება მეძლეოდა, ის რეფორმები განმეხორციელებინა, რომელთა აუცილებლობაზე მეგობრებთან ერთად ბევრი მიფიქრია. მეგობრებმაც თანადგომა აღმითქვეს და მუშაობა დავიწყე.

რუსთავის ჯანდაცვის განყოფილებაში ხუთი ათასი კაცი ირიცხებოდა. თანამდებობაზე ერთი წელი ვიმუშავე და ჩემივე ინიციატივით სამსახურის მოადგილედ გადავაყვანინე თავი, ვინაიდან კერძო სადაზღვევო პროექტის ასე მეტ დროს დავუთმობდი.

ინიციატივა მეგობარს, დღეს უკვე პროფესორ ირაკლი რცხილაძეს გავანდე და რუსთავში ბავშვთა სადაზღვევო სისტემის ჩამოყალიბება დავიწყეთ. ერთ-ერთ პოლიკლინიკაში ოთახი ვიქირავეთ, რამდენიმე მეგობარი პედიატრი სამუშაოდ მოვიწვიეთ და პროექტის რეალიზებას შევუდექით.

რუსთავში ჩვენი სადაზღვევო პროექტის თაობაზე მხოლოდ ნაცნობებმა იცოდნენ. იდეას პოპულარიზაცია ესაჭიროებოდა. მაშინ რეკლამა ცოტა ბუნდოვანი ცნება იყო.

ქალაქში ერთადერთი გაზეთი “სოციალისტური რუსთავი” გამოდიოდა. თავდაპირველად ვფიქრობდი ამ გაზეთში დაგვებეჭდა პოპულარულ თუ სამეცნიერო ენაზე სტატიები, მაგრამ ჩავთვალე, რომ კვირაში თითო ოროლა სტატია საკმარისი ვერ იქნებოდა, ვერც ჩვენი საქმიანობისთვის და ვერც მოსახლეობის ინფორმირებულობისთვის. გადავწყვიტე თვითონ გამომეშვა გაზეთი, რომლის ძირითადი მიზანი ბავშვთა სამედიცინო დაზღვევის და ოჯახის ექიმის ინსტიტუტის რეკლამირება (მაშინ ეს სიტყვა ბუნდოვნად გვესმოდა) თუ პოპულარიზაცია იქნებოდა.

როგორ უნდა გამომეშვა, გაზეთი არც წარმოდგენა მქონდა, არც მისი გამოსაშვები ფული. ჩემი მეგობარი ჯარჯი აქიმიძე გამახსენდა, რომლის ნაცნობები თედო ისაკაძე, ფიქრია ჩიხრაძე და ნიკო ნიკოლოზიშვილი თბილისში “ახალგაზრდა ივერიელს” უშვებდნენ. გაზეთის გამოშვებაზე ჯარჯისაც რაღაც წარმოდგენა ჰქონდა. იმხანად იგი აფხაზეთის ომიდან ახალი დაბრუნებული იყო. მას შევხვდი და გადავწყვიტეთ ერთად გაგვეკეთებინა გაზეთი, რომელიც მხოლოდ სამედიცინო თემატიკით არ შემოიფარგლებოდა.

ასე დავაარსეთ “რაგი” - რუსთავის ახალი გაზეთი. რუსთაველი ახალგაზრდა ჟურნალისტები გამოჩნდნენ, ვიპოვეთ დამკაბადონებელი და იოლ საქმედ მომეჩვენა, ბეჭდვა სულ რამდენიმე კუპონი გვიჯდებოდა და კვირაში ერთი ნომრის გამოშვებაც არ გვიჭირდა. პირველივე ნომრის 10 ათასამდე გაზეთი გავყიდეთ. ასი ათასიან რუსთავში თითქმის ყოველი მეორე ოჯახი ჩვენი მკითხველი გახდა.

მახსოვს მეხუთე ნომერში, რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთ ვიცე-პრემიერ ოლეგ სოსკოვეცზე, რაღაც დავწერეთ და დავიხურეთ კიდეც. სტამბის მეპატრონე სოსკოვეცის მეგობარი აღმოჩნდა, ამის გამო გაბრაზდა და სტამბიდან გამოგვყარა, გაზეთს აღარ დაგიბეჭდავთო.

გაზეთის სხვაგან დაბეჭდვა აღარ გვიცდია. გადავწყვიტეთ ტელევიზია გაგვეხსნა. ჩვენი წარმოდგენით ტელევიზია უფრო იოლი გასაკეთებელი იყო. მას არც ქაღალდი, აღარც სტამბა, დაკაბადონება და ნომრის გაყიდვაზე თავის ტეხა დაჭირდებოდა. თავდაპირველად ვიყიდდით 2 ვიდეო კამერას, ტელევიზორს, გადამცემს და ეთერში გავიდოდით.

მე და ჯარჯის გვყავდა საერთო მეგობარი - დათო დვალი, რომელიც სულ ტელევიზიის გაკეთებაზე ოცნებობდა და მისი ეს ოცნება ყველასთვის და, მათ შორის, ჩვენთვისაც დიდ უცნაურობას წარმოადგენდა. საბჭოთა კავშირის დროს, კერძო ტელეკომპანიის გახსნაზე ოცნებას მართლაც ფანტაზიის დიდი უნარი ესაჭიროებოდა.სფერო იყო. ომიდან დათო დვალიც ახალი დაბრუნებული იყო. ის კარგი ფიზიკოსი და საკმაოდ განათლებული ადამიანია, თავისუფალ დროს თავისი “პაიანიკით” მთელ სამეგობროს გაფუჭებულ ტელევიზორებს, უთოებს თუ სხვა ელექტრო მოწყობილობებს უკეთებდა. ამიტომ, ვიფიქრე, რომ მან იცოდა ტექნიკურად როგორ მუშაობს ტელევიზია. ჟარჯი ჟურნალისტებთან მეგობრობდა, ხშირად სტუმრობდა მის ერთ-ერთ მეგობარს სახელმწიფო ტელევიზიაში და ჩავთვალე, რომ ჯარჯის ეცოდინებოდა როგორ უნდა მომზადებულიყო სატელევიზიო გადაცემები. მე ვიცოდი, როგორ გვეშოვა ფული ტელევიზიის გასაკეთებლად.

ქალაქის მერთან მივედი და სოსო არეშიძეს დიდხანს ვარწმუნებდი, თუ რა დიდი მნიშვნელობა ექნებოდა თავად მერიისთვის და ქალაქისთვის თუ ის ჩვენ ტელევიზიის აპარატურას გვიყიდდა!

დიდი წვალების შემდეგ მე და არეშიძე შევთანხმდით: მერია იყიდდა აპარატურას, რაც მისი კუთვნილება იქნებოდა და რომელსაც ჩვენ, როგორც კერძო სტრუქტურა მოვიხმარდით და სანაცვლოდ მერიის საქმიანობას უსასყიდლოდ გავაშუქებდით.

საბოლოო ჯამში კი, ყველაფერს სამედიცინო დაზღვევის პოპულარიზაციისთვის ვაკეთებდი.

1993 წლის შემოდგომაზე მე, დათო დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ შპს “გამა+” დავაფუძნეთ. “გამა+” აიღო სიხშირე ეთერში გასასვლელად. სანამ მერია ტექნიკას გადმოგვცემდა, სამედიცინო ბიზნესში ჩემმა პარტნიორმა ირაკლი რცხილაძემ საქმე მიატოვა და გაუჩინარდა! ამის გამო, დაზღვევის თემამ აზრი დაკარგა.

ამასობაში ეს დაპირებული ტექნიკაც მოგვცეს: რამდენიმე ცალი ვიდეო კამერა და სხვა უმნიშვნელო აპარატურა. თავი უბედნიერეს ადამიანებად მიგვაჩნდა. კავშირგაბმულობის სამინისტრომ მეთერთმეტე მეტრულ არხზე მაუწყებლობის უფლება მოგვცა, რომლის გავრცელების არეალი მხოლოდ რუსთავს და ნაწილობრივ გარდაბნის რაიონს მოიცავდა.

მახსოვს, მთელი რუსთავი ირონიულად მიყურებდა, ზოგს ეგონა, რომ გავგიჟდი. მივატოვე საექიმო კარიერა, თანამდებობა, უარი ვთქვი მძღოლზე, ავტომობილზე და სატელევიზიო საქმიანობა დავიწყე. იმ დროს საკაბელო ტელევიზიები ახალი გახსნილი იყო, რომლებიც მხოლოდ “მეკობრულ” ფილმებს და დაბადების დღეების მისალოცად მუსიკალურ კლიპებს აჩვენებდნენ და საკაბელო ტელევიზია, ჩვეულებრივი ტელევიზიის დამაკნინებელად მოიაზრებოდა. ამ ტელევიზიებს არანაირი პოპულარობა ან პატივისცემა არ ჰქონიათ. ხალხი მას არასერიოზულად აღიქვამდა. ამიტომ ჩემგან ამ საქმის დაწყება სიგიჟედ მიაჩნდათ.

ეთერში გასასვლელად 6-7 თვე ვემზადებოდით. თანამშრომლები ძირითადად ჩემი ძმის მეგობრები 17-20 წლის ახალგაზრდები იყვნენ. მათ შორის: ნანა ლეჟავა, ნათია კობერიძე, ირმა ნადირაშვილი. მათ მეტყველების გაკვეთილებს ვუტარებდით, ირაკლი ონოფრიშვილი ოპერატორებს ახელოვნებდა, ვიწვევდით ეკონომისტებს, ფსიქოლოგებს და ეთერში გასვლამდე სიუჟეტებს ამზადებდნენ.

ტელევიზიამ ბინა რუსთავის სასტუმროს ოთხ ნომერში დაიდო. ეს ფართი ბიზნესმენმა დათო თავაძემ უსასყიდლოდ გამოგვიყო. ძალიან ვიწროდ ვიყავით, პროგრამისტი უნიტაზზე იჯდა და ხელ-პირის საბანზე ჩამოდებულ კომპიუტერში სიუჟეტისთვის ტიტრებს კრეფდა.

მოსამზადებელმა სამუშაომ, ისე გაგვიტაცა ეთერში გასვლის წინ აღმოვაჩინეთ, რომ საინფორმაციო გადაცემის სახელი მოფიქრებელი არ გვქონდა. ჯარჯის იდეა იყო მისთვის - “კურიერი” დაგვერქმია, რაც ყველას მოგვეწონა და დავარქვით კიდეც.

1994 წლის 1 მაისს ტელევიზია “რუსთავი” ეთერში ერთი დღით გავიდა. ეთერში გასვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ ოფისში შემოლაგდნენ რუსთაველი “მხედრიონელები” და საქმე გაგვირჩიეს. აღმოჩნდა, რომ რუსთავში მოქმედი საკაბელო ტელევიზია ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს და მხედრიონელ თემურ ხაჩიშვილს ეკუთვნოდა და პრეტენზია ჰქონდათ სახელწოდებაზე - “რუსთავი” ჩვენ ტელევიზიას ჰქვია და სახელი შეიცვალეთო. რახან სხვა არაფერი პრეტენზია ჰქონდათ დიდი კამათის გარეშე დავპირდით - კი, ბატონო, ჩვენ დავირქმევთ “რუსთავი 2”-ს. 1 ივნისიდან უკვე ამ სახელით დავიწყეთ მაუწყებლობა. “კურიერი” თავდაპირველად რვის თუ ცხრის ნახევარზე იწყებოდა, ვინაიდან რვა საათზე “მოამბეს”, ხოლო ცხრა საათზე ტელეკომპანია “იბერვიზიის” საინფორმაციო გადაცემას კონკურენციას ვერ გავუწევდით.

მახსოვს, აწ გარდაცვლილი ოპერატორი გოჩა რამიშვილი ქუჩის კადრების გადასაღებად ოფისის მეორე მხარეს გადავიდა და ვიდეო გადაღება დაწყებული არ ჰქონდა შავი “ბმვ”-დან შეიარაღებული ბიჭები კამერის წასართმევად გადმოუხტნენ.

კიდევ ერთი ისტორია, მეორე ოპერატორს აჩიკო ჭიჭიბოშვილს შეემთხვა. ეს ნიშანდობლივი მაგალითია თუ რა მოკრძალებულად დავიწყეთ მაუწყებლობა. აჩიკოს ნათესავი - ძმები ჭიჭიბოშვილები რუსთავში “ავტორიტეტები” იყვნენ და ამის გამო პოლიციასთან ამასაც სულ პრობლემები ჰქონდა; მიუხედავად იმისა, რომ აჩიკო ძალიან წესიერი ახალგაზრდაა, სულ პოლიციის განყოფილებაში დაატარებდნენ. ერთხელაც, აჩიკო მთავრობის სხდომის გადასაღებად სახელმწიფო კანცელარიაში გავგზავნეთ. შევარდნაძე ძალიან შორიდან გადაეღო და ამის გამო გავუბრაზდი - სახელმწიფოს მეთაური ახლოდან რატომ არ გადაიღე მეთქი?” - მეშინია მასთან მიახლოების, ვერ გავბედე და შორიდან ვიღებდიო,”- მიპასუხა.

ეს მარტო აჩიკოს პრობლემა არ იყო, ასეთივე მოკრძალებული იყო მთლიანად ტელევიზია. შევარდნაძე, მთავრობა, “მხედრიონი” - ამ თემების გაშუქება ცოტა გვიან დავიწყეთ.

მაუწყებლობის ერთი წლის თავზე რუსთაველთა საყვარელი ტელევიზია გავხდით. ჩვენი ჟურნალისტები ქალაქში ძალიან პოპულარულები გახდნენ.

1994 წლის ცხელ ზაფხულში სახლების ღია ფანჯრებიდან “კურიერის” მუსიკის ხმა მთელ რუსთავში მესმოდა. პირველად მაშინ მივხვდი, თუ რამხელა ძალაუფლება და პასუხიმგებლობა არის ტელევიზია.

ამ პერიოდში ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია “ინტერნიუსის” მიწვევით ლიკანში სამ დღიან სემინარს დავესწარი. ამ სემინარმა თვალი ამიხილა და აღმოვაჩინე ძალიან საინტერესო, უზარმაზარი და რთული სატელევიზიო სამყარო. ახლაც მიმაჩნია, რომ ამერიკელთა ყველაზე წარმატებული მედია-პროექტი პოსტ საბჭოთა სივრცეში “ინტერნიუსმა” განახორციელა. მან დასაბამი დაუდო თავისუფალ ტელევიზიებს. დღეს საქართველოში მათი ძალისხმევის შედეგი შეიძლება აღარ ჩანს, ვინაიდან ყველა დიდ ტელეკომპანიას უკვე ხელისუფლება აკონტროლებს, მაგრამ საზოგადოებას ეს აღარ მოსწონს, ხალხს ახსოვს, თუ როგორ მუშაობდა თავისუფალი “რუსთავი-2” და ახლა იოლად ანსხვავებს სიმართლეს და დეზინფორმაციას.

მაშინ კი სულ იმას ვნატრობდით, რომ ჩვენს ტელეკომპანიაში ვინმე ამერიკელს ფული ჩაედო და აპარატურა შეგვეძინა. რამდენიმე წლის შემდეგ, ასეთი ამერიკელი მართლაც გამოჩნდა, რომელსაც “რუსთავი-2”-ის ყიდვა სურდა, მაგრამ ეს ოლიგარქ ბადრი პატარკაციშვილის ხრიკი გამოდგა, რომელზეც მოგვიანებით მოგითხრობთ.

რთული პერიოდი გვედგა და თავი ძლივს გაგვქონდა. ცნება - რეკლამა, იმ შინაარსით, რაც ახლა ვიცით, მაშინ არ არსებობდა. მე მიწევდა ქარხნების დირექტორებთან ხვეწნა-მუდარა, რომ ქარხნის მუშაობის გაშუქების სანაცვლოდ, ტელევიზიისთვის რაიმე მოეცათ. ესენი რეკლამის სანაცვლოდ გვარჯილას და კოქსს გვიხდიდნენ?! მახსოვს მერე ეს კოქსი ვიღაც ახალქალაქელ სომეხს დიდი “კრაზით” ერევანში გასაყიდად გავატანეთ და ის კიდევ კოქსიანად დაიკარაგა! მის ასავალ-დასავალს ვეღარ მივაგენი და გამოცდილებამიღებულმა გვარჯილა აღარავის ვანდე, თვითონ ჩავიტანე სასომხეთის საზღვრამდე. აქ ჩვენმა სამხედროებმა თუ რაღაც შეიარაღებული ჯგუფის წევრებმა კინაღამ გვარჯილიანად გამაქრეს.

ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების დროს მცირეოდენი თანხა შემოგვივიდა, მთელი წლის მანძილზე კი - 20-22 ათასი დოლარის, რაც მინიმალურადაც ვერ წვდებოდა ხარჯებს.

შევარდნაძის მაშინდელი პრესსამსახურის უფროსი რამაზ საყვარელიძის დახმარებით, პრეზიდენტთან ინტერვიუ ჩავწერეთ. კითხვებს მე ვუსვავდი, დათო დვალი ოპერატორი იყო, ვიდეოკამერით გვიღებდა. ინტერვიუს ბოლოს შევარდნაძემ რუსთაველებს ახალი ტელეკომპანიის გახსნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა გვისურვა. Eეს ინტერვიუ ვარდების რევოლუციის დროს გამახსენდა და ბევრი ვიცინე: რას ვაკეთებთ, თავის დროზე ხომ შევარდნაძემ დაგვლოცა მეთქი.

(გაგრძელება იქნება)