დაპაუზებული განაჩენი

დაპაუზებული განაჩენი

ე.წ. კაბელების საქმის დღევანდელ სასამართლოზე სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებების დაუშვებლობის შუამდგომლობები დააყენეს, რის გამოც პროცესი 6 მაისამდე გადაიდო. ბრალდებისა და დაცვის მხარის არგუმენტებს სასამართლო შემდგომ სხდომაზე მოისმენს და მოსამართლე დავით ჯუღელმა სწორედ, აქ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ცნობს თუ არა ბრალდების და დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს დასაშვებ მტკიცებულებად.

მანამდე კი „კაბელების საქმეზე“ სკანდალი გრძელდება - საქმე ეხება შპს „დელტა კომის“ იმ წერილს, რომლის საფუძველზეც, პროკურატურის მტკიცებით, ექსპერტიზის დასკვნა დაიწერა და, რომლის საფუძველზეც ბრალდებამ თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი თანამშრომელი სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავა. ახლა კი ირკვევა, რომ ეს ავბედითი წერილი სისხლის სამართლის საქმეში არ დევს. ბრალდების მხარე ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. შესაბამისად, უცნობია რას და რატომ მალავს პროკურატურა.

ადვოკატი, ლევან სამუშია აცხადებს, რომ: „ექსპერტიზა ეყრდნობა შპს „დელატა კომის“ ე.წ. წერილს. ამ წერილის საფუძველზე დაიწერა ექსპერტიზის დასკვნა და ეს წერილი არ დევს სისხლის სამართლის საქმეში, წერილი არ არის თავად ექსპერტიზის დასკვნაშიც. მეტიც, წერილი არც ჩვენთვის არ გადმოუცია ბრალდების მხარეს. საერთოდ, ამ წრილის არსებობის შესახებ ჩნდება კითხვის ნიშნები. არადა ამ მითიური წერილის საფუძველზეა აგებული ექსპერტიზის დასკვნა. მიგვაჩია, რომ ექსპერტიზის ეს დასკვა არის დაუშვებელი მტკიცებულება“.

ასევე, დაცვის მხარე ითხოვს იმ შუამდგომლობების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას, რომელიც ბრალდების მხარეს მტკიცებულებათა ნუსხაში არ შეუყვანია და როგორც მტკიცებულება, დავცვის მხარისთვის არ გადაუცია.

რაც შეეხება ბრალდების მხარის შუამდგომლობას, პროკურატურა დაცვის მხარის მიერ წარდგენილ რამდენიმე მტკიცებულების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას ითხოვს.

ერთ-ერთი ასეთი შუამდგომლობაა პროკურორ ჯარჯი წიკლაურის ინტერვიუ, სადაც პროკურორი წიკლაური აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში მოტივი არ არსებობს. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ეს არაა საქმესთან შემხებლობაში და არ უნდა იქნეს მტკიცებულებად ცნობილი.

„გასაგებია, რომ ბრალდების მხარისთვის არასასიამოვნოა პროკურორის ეს ინტერვიუ, რომ სისხლის სამართლის საქმეში მოტივი არ არსებობს და მოტივის ძიებაში არიან. მოტვი არც ამ წუთისთვის არ არის დადგენილი და ამას ვერც დაადგენენ, იმიტომ, რომ ბრალდებულებს დანაშაული არ ჩაუდენიათ. ასევე, მათი შუამდგომლობა ეხება ჩვენს მიერ ჩატარებულ ექსპეტრიზას. ბრალდების მხარე აპელირებს, რომ ექსპერტიზა ჩატარდა მესაკუთრის ნებართვის გარეშე, რაც არასწორია. საქმე ეხება ექსპერტიზის იმ დასკვნას, რომელის ხელმოწერაზე ერთ-ერთმა ექსპერტმა, ავთანდილ გუნთაიშვილმა უარი განაცხადა. ეს დასკვა იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტია, რომელზეც სხვა ექსპერტი აწერს ხელს“, - აცხადებს ლევან სამუშია.

ასევე, ბრალდების მხარე ითხოვს დაუშვებელ მტკიცებულებად იქნას ცნობილი ლინგვისტიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადასტურებულია, რომ გამოძიების მიერ დაკითხული 8 მოწმის შემთხვევეში ჩვენებები იდენტურია. როგორც სამუშია აცხდებს, ექსპერტიზა ადასტურებს, რომ გამოძიება Copy-Paste-ით მუშაობდა. კერძოდ, ერთი მოწმის ჩვენება გასაღებულია, როგორც 8 მოწმის ჩვენება. როგორც ლევან სამუშია ამბობს, მტკიცებულების ამ ნაწილში პროკურატურა ამბობს, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი მტკიცებულება.

საქმის პროკურორი, ნინო აღლემაშვილი აცხადებს, რომ დაცვის მხარე სასამართლოზე არასწორად აპელირებდა კანონის დარღვევებზე. მისი თქმით, მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოშია წარდგენილი, ძირითადად, არის ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული, დაცვის მხარის მტკიცებულებები კი დარღვევებით არის მოპოვებული და შემხებლობა არ აქვს არსებულ საქმესთან.

„რეალურად ჩვენი მტკიცებულებები მოპოვებულია კანონის დაცვით. დღევანდელ პროცესზე იყო ერთი მნიშვნელოვანი ფაქტიც. კერძოდ, დაცვის მხარემ ორი შუამდგომლობა დააყენა. ერთით ითხოვდა მტკიცებულებების დაშვებას, მეორეთი კი იგივე მტკიცებულების დაუშვებლად ცნობას. მტკიცებულებები ან დასაშვებია ან დაუშვებელი და ვფიქრობთ, რომ ეს გაურკვეველი და ბუნდოვანი მოთხოვნა იყო გახმოვანებული სასამართლო სხდომაზე“, - აცხადებს ნინო აღლემაშვილი.

სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერები.

ირაკლი ალასანიას განცხადებით, ეჭვი არავის ეპარება, რომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების დაკავება პოლიტიკურად მოტივირებული იყო. 

„მეც და საზოგადოებამაც ვიცით რა ზეწოლას ჰქონდა ადგილი ექსპერტებზე და ზოგადად პროცესის მიმდინარეობაზე, რათა რეალობა და ობიექტური ჭეშმარიტება არ წარმოჩენილიყო, მაგრამ სასამართლო პროცესის და იმის, რომ ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდეს, მე მწამს. ველოდები სასამართლოს გადაწყვეტილებას ორ საკითხზე - აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით და თავად „კაბელების საქმის“ სასამართლო პერსპექტივასთან დაკავშირებით.

მტკიცებულებები, რომელიც ადვოკატებს გააჩნიათ და ის, რომ ბრალდებულები უსაფუძვლოდ არიან ციხეში, მაძლევს საფუძველს, რომ მოსამართლე ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. პროკურატურამ თავადვე უარყო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ამ ადამიანების ბრალდებას ედო საფუძვლად და დანიშნა ახალი ექსპერტიზა. იმედი მაქვს, ეს ადამიანები მალე დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს და საბოლოოდ საკუთარ საქმეს“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. 

რაც შეეხება „კაბელების საქმეზე“ პროკურატურაში არსებულ მთავარ საქმეს, რომელზეც გამოძიება გრძელდება, ალასანიას თქმით, ეს ავტორიტარული სისტემის კიდევ ერთი გამოვლინებაა. 

„ავტორიტარული სისტემის კიდევ ერთი გამოვლინებაა, რომ რაღაც საქმე არის გახსნილი და ნებისმიერ დროს შეიძლება მიამატონ ესა თუ ის გვარი, იმის მიხედვით, თუ რა სურვილი ექნება დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს. ძალიან ბევრი ტყუილი არის აგორებული ამ საქმის ირგვლივ, მათ შორის, - თითქოს, პრემიერმა არ იცოდა რისთვის იყო ეს თანხები გამოყოფილი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თანხა რომელზეც საუბარია „კაბელების საქმეში“ მთავრობასთან და პრემიერთან შეთანხმებით კონკრეტულად ამ პროექტის განსახორციელებლად იყო გამოყოფილი“, - აცხადებს ირაკლი ალასანია.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე პრემიერს მიმართავს, საკუთარ სახელსა და გვარზე უარს ნუ იტყვის. როგორც ნინო გოგუაძემ აღნიშნა, ხელშეკრულებაზე, რომლის ფარგლებშიც ბრალი აქვთ წარდგენილი თავდაცვის სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებს, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერა არსებობს, რასაც პრემიერი ამჟამად უარყოფს.

„პრემიერი სულ უფრო და უფრო არ იღებს პასუხისმგებლობას არაფერზე და იქამდე მივიდა, რომ საკუთარ ხელმოწერაზე თქვა უარი, ანუ ამით საკუთარ სახელზე და გვარზე თქვა უარი. მინდა ვუთხრა მას, რომ თუ ამ საქმეში ალასანია იყო ჩართული და ფულს განკარგავდა ალასანია, მისი სახელი და გვარი აქ სწორად არის წარმოდგენილი და ნუ იტყვის საკუთარ სახელზე და გვარზე უარს“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.