„დიახ ეს ხელისუფლება მფარველობს როინ შავაძის მკვლელებს“

„დიახ ეს ხელისუფლება მფარველობს როინ შავაძის მკვლელებს“

ადვოკატი, რამინ პაპიძე აცხადებს, რომ შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მოკლული, ქართველი მზვერავის, როინ შავაძის საქმის გამოძიების და დამნაშვეების დასჯის პოლიტიკური ნება არ არსებობს. ადვოკატი აცხადებს, რომ ამ საქმის ბედით და შედეგით პირდაპირ დაინტერესებულია საქართველოს მთავარი პროკურორი და პრემიერ-მინისტრი.

ვინ მფარველობს დამნაშავეებს, რომელ სტრუქტურაში მუშაობენ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირები, რატომ არ მიმდინარეობს გამოძიება და რა ინტერესი გააჩნიათ ქვეყნის მთავარ პროკურორს და პრემიერ-მინისტრს? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge-ს როინ შავაძის ადვოკატი, რამინ პაპიძე ესაუბრა.

რა ეტაპზეა როინ შავაძის საქმის გამოძიება?

- ახალი არაფერი არ არის. შარშან დანიშნეს კალიგრაფიული ექსპერტიზა და ამბობენ, რომ პასუხი არ მოსულაო. არ ვიცი ერთი წელი რაში სჭირდება კალიგრაფიულ ექსპერტიზას, მაშინ, როდესაც ჩვეულებრივ კრიმინალზე ერთ თვეში დებენ დასკვნას. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ როინ შავაძის მკვლელებს კონკრეტული პირები მფარველობენ და სწორედ ამიტომ არის ასე მიდგებული ეს საქმე.

შეგიძლიათ დაასახელოთ ის პირები, რომლებიც მფარველობენ დამნაშავეებს?

- ერთი ეს გახლავთ იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, დავით ჯანდიერი. დიახ, ის მფარველობდა დამნაშავეებს, იყენებდა თავის ურთიერთობებს და გავლენას. ერთ-ერთმა პროკურორმა პირდაპირ მითხრა, რომ ამ საქმეს მფარველობს დავით ჯანდიერი. მართალია, დღეს ჯანდიერი არ არის თანამდებობაზე, მაგრამ მისი ურთიერთობებით და გავლენებით ისევ ახერხებს ამ საქმის მფარველობას.

რა ინტერესი აქვს დავით ჯანდიერს?

- აჭარის კუდ-ის ყოფილი უფროსი, თემურ პატარიძის დის მეუღლეა. პატარიძე უშუალოდ ხელმძღვანელობა შავაძის დაკავებას და მკვლელობას, რომელმაც მოწმის სტატუსით დაკითხვისას უარყო შემთხვევის ადგილზე, ქაქუთში ყოფნა. მაგრამ გამოძიებამ ამოიღო პატარიძის მობილური ტელეფონიდან შემავალ-გამავალი ზარები, რითაც დადასტურდა, რომ გასროლის მომოენტში პატარიძის მობილურ ტელეფონს მომსახურეობას უწევდა ქაქუთში მდებარე ანძა. პარალელურად, მფარველები ჰყავთ კუდ-ის სპეცრაზმელებს, რომლებმაც მოკლეს როინ შავაძე. კონკრეტულად ეს გახლავთ გიორგი ბადაშვილი.

მთავარ პროკურატურაში ამხელა მკვლელობის საქმე დევს და ხელს არ კიდებენ, ამით ხომ ყველაფერია ნათქვამი. ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ საქმე არ გაიხსნას. დიახ, ამ საქმეს მფარველობს გიორგი ბადაშვილი და იარაკლი ღარიბაშვილი. დიახ, ეს ხელისუფლება მფარველობს როინ შავაძის მკვლელებს. რიგითი პროკურორი ბედავს და არ სჯის დამნაშავეებს?! მათ რომ უნდოდეთ 24 საათში დააკავებენ ყველას, მაგრამ სააკაშვილის დროს მკვლელებს რა ნაძირლებიც მფარველობდნენ, იგივე ნაძირლები მფარველობენ დღესაც.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამ საქმეზე განახლებული გამოძიების პირობებში, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა?

- 2008 წლის 16 აგვისტოს, მკვლელობიდან მეორე დღეს დაიწყო გამოძიება. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ოქტომბრის თვეში დავწერე განცხადება, რომ დაკითხეთ თვითმხილველები, ეს შუამდგომლობა ნამდვილად დაკმაყოფილდა. 120 კაცამდე დაკითხეს. 2013 წლის ივნისის თვემდე მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, მაგრამ ამის შემდეგ თითი არ გაუტოკებიათ, საქმე ისევ თაროზე შემოდეს. ორი წელი ხდება უკვე, რომ ვითხოვ ციცინო შავაძის დაზარალებულად ცნობას და ამაზეც არ მაძლევენ პასუხს. წარმოგიდგენიათ რა ხდება ამ საქმეში?

თქვენთვის თუ არის ცნობილი რა ჩვენება მისცეს თვითმხილველებმა გამოძიებას?

- 120 კაცამდე დაიკითხა, აქედან 40-მა ადამიანმა აღიარა, რომ შავაძის დაკავებისას არავითარი ჩხრეკა არ ჩატარებულა. მისი დაკავება მოხდა ბათუმში ე.წ ოქროს ბირჟაზე, თავდასხმის მომენტში თავის დეიდაშვილის ცოლთან ერთად იჯდა და საუბრობდნენ, რა დროსაც გაჩერდა 7 მანქანა, გადმოვიდა დაახლოებით სპეცდანიშნულების რაზმის 15-დან 20-მდე წევრი, რომლებმაც ავტომატის კონდახებით დაუწყეს ცემა როინ შავაძეს. მისი ცემა გაგრძელდა 2-3 წუთი, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა, გონება დაკარგული შავაძე უკვე სხვა მიმართულებით წაიყვანეს. ამას უყურებდნენ იქ შეკრებილი ადამინები, რომლებმაც განაცხადეს, რომ იქ არავითარი ჩხრეკა არ ჩატარებულა.

გამოძიების მასალებით კი, კუდ-ის თანამშრომლებს გააჩნდათ ოპერატიული ინფორმაცია, თითქოს, როინ შავაძე ინახავდა ნარკოტიკულ ნივთიერებას და ამიტომ ჩაატარეს მისი დაკავების სპეცოპერაცია. როგორც უკვე გითხარით, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, 3 თვე იაქტიურეს ამ მიმართულებით, მერე ისევ თაროზე შემოდეს ეს საქმე და ამ დრომდე ასეა.

რატომ შემოდეს თაროზე?

- ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, აჭარის პროკურორად დაინიშნა ლევან ძირიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ამ სპეცრაზმელების დაკავება და პასუხისგებაში მიცემა არ უნდათო. დღეს აჭარის პროკურორი არის შოთა ტყეშელაშვილი (ყოფილი ხელისუფლების დროს მთავარ პროკურატურაში მუშაობდა და „ელიტა-ბურჯის“ საქმეზე გამოდიოდა სასამართლოზე), რომელსაც თბილისიდან დავალებული აქვს, რომ ეს საქმე დააკოსნერვოს, არავითარ შემთხვევაში ამ საქმეზე სიმართლე არ უნდა დადგინდეს. ის არის ჩვეულებრივი ბრმა შემსრულებელი.

ვისგან მიიღო ეს დავალება ტყეშელაშვილმა?

- მთავარი პროკურორი, გიორგი ბადაშვილისგან. ბადაშვილს კი ეს დავალება მიღებული აქვს პრემიერ-მინისტრისგან. თუ არა - სხვა რა არის, რის გამოც ამ საქმეს არ იძიებენ? სირცხვილია ამდენი ხანი ამ საქმის გამოუძიებლობა.

რა ინტერესი აქვს პრემიერ-მინისტრს? არაოფიციალურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ საქმის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი ჩიქოვანმა, იგივემაიმუნამითანამშრომლა გამოძიებასთან და მის მიმართ შეწყდა სამართლებლივი დევნა...

- მოქმედი კანონმდებლობით მთავარ პროკურორს აქვს უფლება, პირი არ მისცეს პასუხისმგებლობაში, თუ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას გამოძიებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ როინ შავაძის მკვლელობა არ უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავე არ უნდა იქნას დასჯილი. „მაიმუნას“ ინიციატით და სურვილით არ მომხდარა ეს მკვლელობა. დავალება წამოვიდა თბილისიდან.

რა თქმა უნდა საქმის კურსში იყო აჭარის კუდ-ის უფროსი, მაგრამ პატარიძე არ იყო ის ფიგურა, რომ მას დამოუკიდებლად მიეღო როინ შავაძის მკვლელობის გადაწყვეტილება. არაოფიციალური განცხადებით, ეს იყო დათა ახალიას დავალება. 15 აგვისტოს, მკვლელობიდან ერთი დღით ადრე, ადგილზე ჩამოსული იყო გია დგებუაძე იგივე „მასტერა“. რა თქმა უნდა, საქმის კურსში იქნებოდა ვანო მერაბიშვილიც, რომელიც ამ მკვლელობას შეათანხმებდა პოლიტიკურ ლიდერებთან, შეიძლება პრეზიდენტიც ყოფილიყო საქმის კურსში. აქიდან გამომდინარე, არ ხდება იმ სპეცრაზმელების დაკავება და ბრალის წაყენება. როგორც ჩანს, ამ ხელისუფლებასაც სჭირდება ისინი „შავი საქმეების“ გასაკეთებლად.

სპეცრაზმელების პასუხისმგებლობის საკითხს რაც შეეხება, პრემიერ-მინისტრი მიჩნევს, რომ არასწორია სპეცრაზმელების დაკავება შესრულებული დავალებების გამო...

- პრემიერ-მინისტრი არის არაკომპეტენტური, როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებს. სისხლის სამართლის კანონმდებლობით, ყველა დამნაშავე პირი, ვინც არ უნდა იყოს ის, პრეზიდენტი იქნება, პრემიერ-მინისტრი, თუ - რიგითი მოქალაქე, კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს. როცა უდანაშაულო ადამიანის მკვლელობის ბრძანება გაიცა და შენ ამას აკეთებ, ეს არის გათვიცნობიერებული დანაშაული. ესენი არიან კრიმინალები, რაში სჭირდება ქვეყანას ეს მკვლელები, ესენი სამშობლოს დამცველები არ არიან, ესენი არიან შემკვეთის შემსრულებელი მკვლელები. მშვიდობიანი, უიარაღო ადამიანის მკვლელობა რომელ კანონში წერია?

ამ სპეცდანიშნულების რაზმის წევრების მიმართ სამართლებლივი დევნა არ მიმდინარეობს?

- არა. ისინი დღესაც მუშაობენ. ელიტარული სპეცდანიშნულების რაზმად მოიხსენია ისინი პროკურორმა. როგორც ჩანს, პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში მოისმინა ასეთი შეფასება. ესენი არიან ელიტარული მკვლელები, ქილერები! სხვათა შორის, როგორც გავიგე, ამ მკვლელობის შემდეგ ერთ-ერთი სპეცრაზმელი ზვიად ნურიძე მოლასთან დადიოდა ისეთ მძიმე ფსიქოლოგურ მდგომარეობაში იყო. ადამიანი მოკლეს იმიტომ, რომ ეს იყო დავალება და პასუხი არ უნდა აგონ? ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ შავაძეს ცემის შედეგად დამტვრეული ჰქონდა ლავიწის ძვალი, ბარძაყი იყო დამტვრეული, ხერხემალი გადატეხილი, ხელები და ფეხები დამტვრეული, ხელის თითებიც მოტეხილი, თავის ქალა ჩამტვრეული და ასეთ ნაწამებ ადამიანს შემდეგ, უკვე, 22 ტყვია აქვს წინა მხარეს მოხვედრილი.

ამ საქმის გამომძიებელი ალექსანდრე ფუტკარაძე ამბობდა, რომ ეს იმდენად ადვილი საქმეა, თავისუფლად შეიძლებოდა ამ საქმის გამოძიება წინა ხელისუფლების დროს. თუ გქონდათ მასთან კომუნიკაცია ამ განცხადების შემდეგ?

- სხვათა შორის, ფუტკარაძე ახლა გენერალურ პროკურატურაშია გადაყვანილი. წინა ხელისუფლების დროს ალექსანდრე ფუტკარაძე მუშაობდა აჭარის პროკურატურაში. მას შემთხვევიდან სამი წლის შემდეგ დაეწერა ეს საქმე. საერთოდ არაფერი არ გაუკეთებია, იმიტომ, რომ დავალება ჰქონდა, საქმისთვის მსვლელობა არ მიეცა. როდესაც ეს მკვლელობა მოხდა, მაშინ აჭარის პროკურორი იყო ვასილ როინიშვილი, რომელიც ახლა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის თავმჯდომარეა, ის არის ზურაბ ადეიშვილის დეიდაშვილი. როინ შავაძის ცოლი იყო მასთან შესული და უთხრა, რომ გამოეძიათ ეს მკვლელობა და როინიშვილი დაემუქრა ციცინო შავაძეს, რომ მისთვის ჯობდა გაჩუმებულიყო.

ამის მერე პროკურორად დაინიშნა გოჩა ფარულავა, რომელიც ახლა მთავარ პროკურატაურაში მუშაობს. ფარულავას შემდეგ მოვიდა გიზო უგულავა, რომლემაც ასევე არაფერი არ გააკეთა საქმის გამოძიებისთვის. ამ საქმის გამომძიებელი იყო ასევე დავით ხარბეიშვილი, რომელიც დღეს ხელვაჩაურის პროკურორია. 2011 წელს საქმე დააწერეს ალექსანდრე ფუტკარაძეს. ხელისუფლება რომ შეიცვალა, ჩვენ მოვითხოვეთ ამ საქმეზე გამოძიების განახლება და სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. რადგან ალექსანდე ფუტკარაძეს ეწერა ეს საქმე, მანვე გააგრძელა მუშაობა. ცოტა ხანში ის ამბობს, რომ ყველაფერი გარკვეულია, ველოდებით დავალებას, რომ ბრალი წავუყენოთ კონკრეტულ პირებსო.

ეს როდის ხდებოდა?

- ეს ხდებოდა 2013 წელს, ვგრძნობდი და ვხედავდი, რომ მიდიოდა გამოძიება, 0მაგრამ არ მომეწონა დროის გაწელვა. შემდეგ უკვე ალექსანდე ფუტკარაძე თავს მარიდებდა, არაფერს არ მეუბნებოდა. მას მისცეს დავალება, რომ გაჩერებულიყო. იგივეს მეუბნებოდა საგამოძიებო ნაწილის უფროსი გიორგი თორდრია, ეს საქმე გახსნილია, ყველა დეტალი დადგენილია და ყველას მალე წავუყენებთ ბრალსო. ახლა რომ ვეკითხები რა მოხდა, რატომ არ წაუყენეს ვინმეს ბრალი-თქო, დაყენებული სახით მპასუხობენ, რომ არ ვიცითო. ვერ ვიგებთ რა ხდება და რა საგამოძიებო მოქმედებას ატარებენ.

ბატონო რამინ, თუ მიმართეთ სახალხო დამცველს და ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელძღვანელს?

- რა თქმა უნდა. წერილობით მივმართე ეკა ბესელიას და სახალხო დამცველსაც, რომ დამეხმარეთ გავარკვიო, რა საგამოძიებო მოქმედება ტარდება, ჩვენ არ გვაძლევენ ინფორმაცას და იქნებ თქვენ გაარკიოთ საქმის დეტალები-თქო. უჩა ნანუაშვილმა მომწერა ის პასუხი, რაც მისწერა პროკურატურამ, რომ დანიშნულია ექსპერტიზა. საერთოდ სამარცხვინო პასუხი მომწერა ეკა ბესელიამ, გამოძიება მიმდინარეობსო. გამოძიება რომ მიმდინარეობს ეს მეც ვიცი, მაგრამ თავისი ვადები აქვს ამ გამოძიებას. პირდაპირ ვამბობ, რომ არანაირი საგამოძიებო მოქმედება არ მიმდინარეობს. ფაქტია, რომ ამ საქმეს მფარველობენ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმის ბედით და შედეგით პირდაპირ დაინტერესებულია საქართველოს მთავარი პროკურორი და პრემიერ-მინისტრი.

ამბობთ, რომ პრემიერი არის დაინტერესებული, მოდით დააკონკრეტეთ, რა ინტერესი აქვს პრემიერს?

- დარწმუნებული ვარ, რომ როინ შავაძის მკველობის საქმე იცის, ასევე იცის, რომ მისი მკვლელობის დამკვეთები, მკვლელები, საქმის გამყალბებლები დაუსჯელები არიან და მოკალეთებული არიან ისევ ძალოვან სტრუქტურაში. თუ თვითონ არაა ამ საქმის შედეგით თვითონ დაინტერესებული, თუ ვინმეს არ მფარველობს და არ უნდა ამ საქმის დაკონსერვება, რატომ არ კითხულობს რა ხდება? თვითონ ამტკიცონ, რომ პატიოსნები არიან და შედეგებით არ არიან დაინტერესებულნი. მე, როგორც საქმის ადვოტაკი ვაცხადებ, რომ ეს ხელისუფლება როინ შავაძის მკვლელობის საქმეს არ იძიებს.