„ჩვენ ჩვენებურად „ვახურებდით“

„ჩვენ ჩვენებურად „ვახურებდით“

დღეს კვირაა და მორიგი მოგონებები უნდა წარმოგიდგინოთ. ჩვენი „ისტორიების“ გმირები ამჯერად ქართველი მუსიკოსები იქნებიან.

ჩვენი პირველი სტუმარი ცნობილი ქართველი კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი იქნება. ალბათ გახსოვთ ცნობილი სიმღერა „დინამო, დინამო“...

„ჩემი რამდენიმე სიმღერა სხვადასხვა სიტუაციაში, ექსპრომტად დაიწერა. მაგალითად, „დინამო, დინამო“ დამაწერინა დიდმა სიხარულმა. ეს გამოწვეული იყო თბილისის „დინამოს“ მიერ 1976 წლის 3 სექტემბრის ისტორიული გამარჯვებით, როდესაც პირველად მოვიპოვეთ სსრ კავშირის თასი.

სიხარულით გამოწვეული ემოციის გამო დილის 5 საათამდე ვერ დავიძინე. ადგილს ვერ ვპოულობდი და ბოლოს სამზარეულოში, ფორტეპიანოს გარეშე (ოჯახის წევრები და მეზობლები რომ არ შემეწუხებინა), ზეპირად გადავიტანე ჩანაფიქრი ნოტებზე. მეორე დღეს სასწრაფოდ გავეშურე პოეტ მორის ფოცხიშვილთან, რომელმაც ასევე ოპერატიულად მიუსადაგა ტექსტი. რამდენიმე დღის შემდეგ, ჯემალ ბაღაშვილის თხოვნით, სიმღერა ჩაიწერა სტუდია „მელოდიაში“ და ის პირველად შეასრულა ანსამბლმა „ივერიამ“. არანჟირება ალექსანდრე ბასილაიას ეკუთვნოდა.

სიტყვა ანსამბლ „ივერიაზე“ ჩამოვარდა და ნება მომეცით ბატონი ნუგზარ კვაშალის ერთ-ერთი მოგონება გაგაცნოთ. თავის დროზე ბატონი ნუგზარი თბილისელი ჰიპების ერთ-ერთი აქტიური წევრი ყოფილა.

„ეს იყო 1967 წელი. სკოლაში ერთგვარი გაფართხალება მოხდა – ფიცრებზე დავაწებეთ რაღაც და საკუთარი ძალებით მივიღეთ ელექტროგიტარა. ამ პერიოდიდან დაიწყო ჩვენი, ასე ვთქვათ, მომთაბარე, ჰიპური ცხოვრება. მოგეხსენებათ, ჰიპები ყველაზე თავისუფალი ხალხი იყო მთელ მსოფლიოში. ფულის მაგივრად ჯიბეში კენჭები ელაგათ. მათთვის სხვა ღირებულებები არსებობდა.

მოგვიანებით, ჰიპების უდიდესი შეკრება მოხდა ვუდსტოკის ფესტივალზე და ამან სულ დაგვაშტერა ყველა. ეს ფესტივალი 1969 წელს ჩატარდა. შეიკრიბნენ ჰიპები უშველებელ ტერიტორიაზე, სადაც უყვარდათ ერთმანეთი, არ აშინებდათ წვიმა, სიცივე და იყო მეგობრობა, სიკეთე და სიყვარული. ჰიპების დევიზი გახლდათ: მშვიდობა, სიყვარული და მეგობრობა!

ჩვენ ისე ვერ ვჰიპობდით, როგორც იქ იყო, მაგრამ ჩვენ ჩვენებურად „ვახურებდით“. გვეცვა მოკლე შარვლები. თეთრი წინდები იყო მოდაში, წითელი ხომ საერთოდ, რაღაც... ბაკები, დიდი თმები... ვიკრიბებოდით გრიბოედოვის ძეგლთან, დაბლა, კამოს ქუჩაზე. იქ იყო ზურა ყიფშიძე, თემურ ჩიხლაძე, ადამიანი, რომელიც მოგვიანებით გახდა მამაო და სამწუხაროდ, მოხვდა იმ ძალიან დიდ გაუგებრობაში, რომელსაც მომავალში „თვითმფრინავის ბიჭების ტრაგედია“ ეწოდა. იგი ერთ ფილმშიც არის გადაღებული, „ფილატელისტის სიკვდილი“ ჰქვია. თავისებური ადამიანი იყო. უზომოდ უყვარდა სიკეთე, მშვიდობა, მეგობრობა... თვითმფრინავი რომ გაიტაცეს, თვითონ სულ არ ყოფილა იმ თვითმფრინავში. თვითონ რაც თქვა საკუთარ თავზე, ეგონა, ამ სიტყვებით დანარჩენებს სასჯელს შეუმსუბუქებდა. შეეწირა ამ ამბავს და არც მისმა სიტყვებმა უშველა დანარჩენებს. საზიზღარი პერიოდი იყო...

ჰიპი იყო ვალერი კოჩაროვი, რომელიც, მოგვიანებით, ლივერპულში ცხოვრობდა. მის ანსამბლ „ბლიცს“ „ბითლზების“ ორი დიდი ფესტივალი აქვს მოგებული საუკეთესო შესრულებისთვის. ძველი ჰიპები იყვნენ, აგრეთვე, დათო სულაქველიძე, რეზო ჩაჩხიანი... 

ვუკრავდით გიტარაზე, ვუბარტყუნებდით, ხან ჩემთან სარდაფში, ხან სად, ხან სად და ბოლოს შეიქმნა იდეა – ხომ არ ჩამოგვეყალიბებინა ანსამბლი, რომელიც პროფესიონალურ სცენაზე ავიდოდა. ამ დროს, მე ვარ მეცხრე კლასში, ზურა ყიფშიძე – მერვეში, მამუკა დუმბაძე, რომელიც დღეს ისტორიკოსია – ჩემხელაა და გია ეძგვერაძეც – მერვეში. მაშინ სად იყო ინსტრუმენტები. ზურა ისეთი ლამაზი იყო, ჯერ ხომ გოგოები აფრენდნენ და წივილ-კივილი ჰქონდათ მის დანახვაზე, თანაც ისე უკრავდა ტაშტებსა და რაღაცეებზე, რასაც დღეს ვერ ვუწოდებ ინსტრუმენტს, ისიც კი საოცრად უხდებოდა. ამას კიდევ უფრო აღტაცებაში მოჰყავდა გოგონები. რა ამბავი ჰქონდათ, უნდა გენახათ. მე სოლო გიტარისტი, გია – ბექ-გიტარა და მამუკა – ბასი. ამ შემადგენლობით წარდგა მაყურებლის წინაშე ანსამბლი „ჯეჯილი“.

პირველი განყოფილება გააკეთეს პროფესიონალებმა პროფესიულ სცენაზე. უნდა ყოფილიყო ზურას დედა – ლენა ყიფშიძე, ეკატერინე ვერულეიშვილი – განთქმული კომიკოსი ქალი, თუ გახსოვთ ფილმი „ქორწილი“, იქ თამაშობს დედის, როლს, ზემოდან, აივნიდან რომ იყურება. გოვენ ჭეიშვილი – „ხუტა უფროსი“. ჩვენ აკომპანემენტს ვუწევდით ამ ვარსკვლავებს. ნოტები არც ერთმა არ ვიცოდით. როგორც მახსოვს, მოიყვანეს მკრტჩიანი, ძალიან ბურდღუნა კაცი იყო. გვითხრეს, რომ ამერიკული ბანჯოს დამკვრელი შეცვალა, რომელიც ავად გახდა. ავიდა სცენაზე მის ნაცვლად და პირდაპირ ნოტებიდან დაუკრა. ხანში შესული კაცი იყო, ჯერ კიდევ მაშინ. მან რომ შეიტყო, ნოტები არ ვიცოდით, გაგიჟდა: მე ვაპირებდი ერთ თვეში პროგრამა მზად მქონოდა, და ალბათ, თქვენთან ამისთვის 5 თვე დამჭირდებაო.  დიდი გულისყურით მოვეკიდეთ საქმეს და ერთ თვეში, მართლაც, მზად გვქონდა პროგრამა. ნიჭიერი ჰიპები ვიყავით.

ჩვენი პირველი კონცერტი ჩატარდა მანავში. ამ დროისთვის ინსტრუმენტებს არა უშავდა, მაგრამ გამაძლიერებლები გვქონდა ისეთი, ყოველ ხუთ წუთში სკდებოდა. ამიტომ, გვყავდა ხმის რეჟისორი. ჩვენს რეპერტუარში იყო ჯიმი ჰენდრიქსი, „ბითლზები“... რეპერტუარში გვქონდა ქართული სიმღერებიც: „ჩემო ციცინათელა“, „ართი კოჩი ქუმორთუდო“ – მეგრული, ჰიპურად აჟღერებული, როკში. მოკლედ, ქალები გიჟდებოდნენ. „ჯეჯილმა“ თავის არსებობის განმავლობაში მთელი საქართველო მოიარა და ჩაატარა 40-მდე კონცერტი. თითო კონცერტში 10 მანეთს ვიღებდი, კარგად მახსოვს“.

ბატონი ნუგზარის შემდეგ სიტყვას რომა რცხილაძეს გადავცემ, რომელიც საკუთარ თავზე გულახდილად ისაუბრებს.

„საკუთარ თავზე საუბარი მაინცდამაინც არ მიყვარს, მაგრამ, თუ მიწევს, სულ ვცდილობ, რომ იმ ჩარჩოებში ჩავეტიო,  რომელსაც არ უნდა გადავცდე, ამას მაინც ხელშეუხებელს ვტოვებ, მაგრამ, თუ ვამბობ, ვამბობ სიმართლეს, არ ვიტყუები და ალბათ, ამიტომაც შემარქვეს „სპილო“ – სპილო  ვერ იტყუება, რომც უნდოდეს, ვერ ახერხებს. 

ამ გზაზე   წარმატებაც იყო და წარუმატებლობაც, ჩავარდნებიც და ზეასვლაც. ახლა, როცა ეს ყველაფერი გავაანალიზე და შევაჯამე, უფრო მეტად დავრწმუნდი იმაში, რომ, უკან დაბრუნების შანსი რომ იყოს, ისევ იმ გზას გავივლიდი და არაფერს შევცვლიდი. ეს ყველაფერი იმდენად რთული და საინტერესო იყო, ისევ ამ უვერტიურის გზას შევუდგებოდი.

ნიშნულის პირასაც ბევრჯერ ვმდგარვარ და ციცაბოზეც გამივლია. ცნობილი ფილმის პერსონაჟის არ იყოს, თურმე, 40 წლის ასაკშიც  შეიძლება დაიწყო ცხოვრება  „ზეროდან“.  მე მქონდა ის ბედნიერება, რომ ღმერთმა მარგუნა დიდი განსაცდელი, რომლითაც უფრო მეტ უბედურებას ამაცდინა. 90-იან წლებში, როცა მთელი ჩემი სამეგობრო აფხაზეთში ჩაიხოცა, ამ პერიოდში აღმოვჩნდი აბასთუმანში,  იქ სხვა სამყარო იყო – პატარა ტაძარი, საავადმყოფო. დილის ოთხ საათზე ტყეში ცხოველებთან ერთად რძიან ბალახს ვჭამდი. ამ ყველაფერმა ჩემი ფასეულობები სხვა განზომილებაში გადაიტანა, იქ შეიქმნა ჩემი ალბომი: „სუფთა ჰაერი“.  მერე უარი ვთქვი ყველაფერზე: თამბაქოზე, ალკოჰოლზე, ყველა სხვა ცდუნებაზე.  ათი წელი ვებრძოლე ამ სენს და ვაჯობე. სამი წლის განმავლობაში ვცხოვრობდი ტყეში, ბუნებაში, მარტო,  ტელეფონისა და კომუნიკაციის ყველა საშუალების გარეშე და ვიყავი ძალიან ბედნიერი – საკუთარ თავთან  და ფიქრთან მარტო დარჩენილი. მოხდა ისე, რომ თავიდან დავიწყე სიარული, არსებობა, ცხოვრება, მაგრამ მადლობელი ვარ უფლის, რომ ეს გზა გავიარე,  უამრავი საინტერესო  ისტორიით. უბედნიერესი კაცი ვარ, რომ მაქვს საშუალება, ხშირად ვნახო ჩვენი პატრიარქი, მოვუსმინო მას, ვიყო ტრაპეზზე მის გვერდით“.

დღევანდელი წერილის დასასრულს მუსიკოსი ჭაბუკა ამირანაშვილი საკუთარი ახალგაზრდობის წლებს გაიხსენებს.

„ძალიან ცუდი სტუდენტობის პერიოდი მქონდა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მამაჩემი მაშინ კონსერვატორიაში, კათედრაზე იყო ჩასაბერი ინსტრუმენტების განხრით, კათედრის გამგე კი ზურა ალავიძე გახლდათ. ზურა სულ მეჩხუბებოდა, ბევრი გაცდენა რომ მქონდა. სხვადასხვა ანსამბლთან ხელშეკრულებები მქონდა და აქეთ-იქით დავდიოდი. თუმცა, გამოცდებზე მოუმზადებელი არასდროს მივსულვარ. მაროკოდან ჩამოვფრინდით და მეორე დღეს გამოცდაზე გავედი. ნოტებით დავუკარი, არადა ზეპირად უნდა დამეკრა. ვერ მოვასწარი ისეთი მეცადინეობა, როგორც საჭირო იყო. დავიწყე დაკვრა, ერთი ნაწარმოების, მეორესი, მესამესი და გამაჩერეს – თქვენ ეს ზეპირად უნდა გაგეკეთებინათო. შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი და ვუთხარი – თქვენ ჩემს მახსოვრობის უნარს ამოწმებთ თუ ჩემი, როგორც მუსიკოსის დონეს-მეთქი. ამან კომისიის წევრების აღშფოთება გამოიწვია. ვიცი, არასახარბიელო პასუხი გამომივიდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ იმ ეტაპზე საკმაოდ გამოცდილი ახალგაზრდა, კლასიკურად განათლებული ბიჭი ვიყავი. კონსერვატორია კი დავამთავრე, მაგრამ გულში მაინც ცუდად ჩამრჩა ის ფაქტი, რომ ჩემი შესრულება ასე მიიღეს.  

ჩემს თაობას და უბანს რაც შეეხება, მეც ჩვეულებრივ ვიზრდებოდი, როგორც ყველა. თუმცა, ყოველთვის ვიყავი მუსიკოსი. ჩემზე უფროსი მეზობლის ბიჭები რომ დამინახავდნენ ვიოლინოთი ხელში, მთხოვდნენ – აბა, ჭაბუკ, ერთი ნაწარმოები მაინც დაგვიკარიო. თვითონ ვიოლინოს ფუტლარს დაიჭერდნენ, „ბალკონზე“ დამაყენებდნენ და მეც ვუკრავდი. სიამოვნებდათ, ან შეიძლება, სულაც მაშაყირებდნენ, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, იმ დროს, როდესაც ვინმესთან ჩხუბი ან უბრალოდ, შელაპარაკება მქონდა, ჩემ გამო ძალიან ბევრი ადამიანი გამოყოფდა ხოლმე თავს და მე რომ არ შემეჩერებინა, აღარ ჩერდებოდნენ. შემეძლო გვერდზე გადამეგდო ინსტრუმენტი და ჩემი მეგობარი ან ახლობელი რომ არ დაეჩაგრათ, საჩხუბრად მივდიოდი. სხვათა შორის გამომდიოდა. იქაც არაჩვეულებრივად ვგრძნობდი თავს. ასე რომ, ბავშვობაშიც მაფასებდნენ“.