„რამზან კადიროვს პუტინზე უფრო მეტად უყვარს პუტინი და მათი დაპირისპირება ბლეფია“

„რამზან კადიროვს პუტინზე უფრო მეტად უყვარს პუტინი და მათი დაპირისპირება ბლეფია“

ჩეჩნეთისა და კრემლის ლიდერების შესაძლო დაპირისპირების შესახებ რუსულ მედიაში ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც კადიროვმა მორიგი სკანდალური განცხადება გააკეთა და მასთან შეუთანხმებლად ჩეჩნეთში სპეცოპერაციის ჩატარების გამო უკმაყოფილება გამოთქვა. რამზან კადიროვმა დაიქადნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი ფაქტები განმეორდება, ჩეჩენმა სამართალდამცავმა ორგანოებმა რუსი და სხვა ეროვნების სპეცრაზმელებს ცეცხლი უნდა გაუხსნან. კადიროვის მკაცრ განკარგულებას რუსეთის შინაგან საქმეთა სამინიტრო გამოეხმაურა და კადიროვის განცხადებას მიუღებელი უწოდა.

ხომ არ დასრულდა პუტინ-კადიროვის ნაძლადევი სიამტკბილობა და ხომ არ უყივლა კადიროვს ჩეჩნურმა სისხლმა? ამის შესახებ For.ge პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა.

- რამზან კადიროვმა წითელი ხაზი უკვე გადაკვეთა. თავის დროზე პუტინმა კადიროვი აქცია იმად, რაც დღეს არის, თორემ, რას წარმოადგენდა კადიროვი? ეს იყო ერთი მებრძოლი ბიჭი. კარგად მახსოვს, როცა მამამისი ააფეთქეს სტადიონზე, რამდენიმე საათის შემდეგ რამზან კადიროვი პუტინს შეხვდა ბოტასებსა და სპორტულ ფორმაში გამოწყობილი. დრო არ ჰქონდა, რომ კოსტიუმი ჩაეცვა? მაგრამ უბრალო ბიჭი იყო. შემდეგ მის გამო ჩეჩნეთში შეიცვალა კანონმდებლობა, კადიროვს ასაკი ხელს არ უწყობდა პრეზიდენტობისთვის და ესეც შეცვალეს. მადა ჭამაში მოდის და პუტინი ბევრ რამეზე ხუჭავდა თვალს, ბევრ რამეს პატიობდა კადიროვს იმის სანაცვლოდ, რომ კადიროვმა კრემლს თავის ტკივილი მოუხსნა და კრემლი მშვიდად იყო.

ჩეჩნების წინააღმდეგ ომს აწარმოებდა თვითონ ჩეჩენი კადიროვი. ის, რაც თავის დროზე ვერ შეძლეს ამერიკელებმა ვიეტნამში, ვერ შეძლო თვით საბჭოთა კავშირმა ავღანეთში, ეს შეძლო პუტინმა. გამოიყენა ისიც, რომ კადიროვის მიმართ ოჯახური, ტომობრივი შუღლი არსებობდა ჩეჩნეთში და, რაც უფრო მეტი ბოევიკის ლიკვიდაციას ახერხებდა კადიროვი, მით უფრო შეურიგებელი მტრობა ყალიბდებოდა კადიროვსა და მისი მსხვერპლი ოჯახის წევრებს შორის. კადიროვი ცხოვრობდა ალყაშემორტყმულ ციხე-სიმაგრეში, ტანკები და ბეტეერები იცავდნენ და დღესაც იცავენ მას გროზნოში, მოსკოვიდან დაუთვლელად მიდიოდა ფული, კადიროვის განკარგულების ქვეშ იყო ჩეჩნეთის ნავთობიც. მისი ავტოპარკი უახლესი „მერსედესებით“, „ფერარებით“, „როლს-როისებით“ იყო სავსე. რაც დრო გადიოდა, ეს მეტ უკმაყოფილებას იწვევდა, პირველ რიგში, რუსეთის ძალოვან სტრუქტურებში, რომელთაც კადიროვი არაფრად აგდებდა, სუბორდინაციას, დაუწერელ კანონებს არ იცავდა, რადგან პირდაპირი გასვლა ჰქონდა პუტინთან.

თუმცა, ნემცოვის მკვლელობა უკვე გადამწყვეტი მომენტი იყო. კადიროვის განცხადებებმა პირდაპირ გააცოფა ფსბ და რუსი სამართლდამცავები, რომლებმაც ოპერატიულად რამდენიმე საათში დაიჭირეს მკვლელობის შემსრულებლები და ამ დროს კადიროვმა მათთვის მიუღებლად დაიწყო დამნაშავეების დაცვა, რომ ესენი თურმე რუსეთის პატრიოტები ყოფილან. გამოვიდა, რომ კადიროვი ღიად დაუპირისპირდა ფსბ-ს და რუსულ სპეცსამსახურებს, რომლებიც „ღირსეული“ მემკვიდრეები არიან ძერჟინსკის, „ენ კა ვე დე“-სი, „კგბ“-სი. ისინი მიჩვეულნი არ არიან წკიპურტებს და თანდათანობით ამ დაფარულმა ბრძოლამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია.

ისლამური სახელმწიფო, ხალიფატის იდეა, კავკასიის როლის ზრდა რადიკალური ისლამის გეგმებში - ყველაფერი ეს კადიროვს კრემლისთვის შეუცვლელად აქცევს. სხვა ალტერნატივა კრემლს არ აქვს. კი ბატონო, მოაშორონ კადიროვი ჩეჩნეთიდან, მაშინ რა მოხდება ჩეჩნეთში? იქ დაიწყება ღია დაპირისპირება, რაც ადრე იყო 90-იან წლებში. ამიტომ კრემლს ურჩევნია, მოუთმინოს კადიროვს, მით უმეტეს, ფულიც იმდენი ვეღარ მიდის მოსკოვიდან, რადგან რუსეთსაც უჭირს. აღმოსავლეთ უკრაინასთან ომის დროს კადიროვის განცხადებები გაუგებარი იყო. მაშინ პუტინი სახარებაზე იფიცებდა, რომ უკრაინაში რუსეთიდან ოფიციალურად არავინ იბრძოდა, ამ დროს კი კადიროვი აცხადებდა, რომ მისი ნაწილები სწორედ უკრაინაში იბრძოდნენ. სამი-ოთხი თვის წინ კადიროვმა სტადიონზე რომ მოწყო ძალის დემონსტრირება, 25 ათასი კბილებამდე შეიარაღებული ჩეჩენი ბოევიკის თანხლებით, რასაკვირველია, ეს იყო კოშმარი რუსეთის სპეცსამსახურებისთვის.

რამზან კადიროვმა შარშან პუტინის დაბადების დღე 100-ათასიანი მსვლელობით აღნიშნა. მეტიც, ის მუდმივად აცხადებს, რომ სანამ მამამისი - ახმედ კადიროვი ცოცხალი იყო, იგი იყო მისი კერპი, მამის გარდაცვალების მერე კი პუტინი იქცა მის კერპად, რადგანპუტინი რომ არა, მეც არ ვიქნებოდი, მამის სიკვდილის მერე ძალიან ბევრი მტერი მყავდა“. როგორ ფიქრობთ, კადიროვი გულწრფელი იყო?

- ამ ახალგაზრდა კაცს, კადიროვს აღმოაჩნდა ბევრი არაორდინარული თვისება. ის არის ჩვეულებრივი ჩეჩენი მეომარი, თავისი მენტალობით. რასაკვირველია, კადიროვმა მშვენივრად იცის, სანამ ღმერთი გწყალობს, ეშმაკი რას დაგაკლებს. ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ პუტინს. ამიტომ კადიროვს აქვს ასეთი მიმართულება, რომ პუტინის გარდა ყველა შეიძლება გაიმეტოს. პუტინი ხელშეუხებელია მისთვის. მაგრამ თვითონ პუტინს აწყობს ასეთი სიტუაცია? კადიროვი ხომ კრემლისგან შორს არის, პუტინის გვერდით კი არიან სპეცსამსახურები და გასაჭირის დროს პუტინს კადიროვი ვერ დაიცავს. თანაც, ჩეჩნებს არცთუ კარგი თვალით უყურებს რუსეთის მოსახლეობაც. ამ დღეებში წავიკითხე სუდოპლატოვის, კგბ-ს გენერალ-პოლკოვნიკის ცნობილი წიგნი - „დაზვერვა და კრემლი“ , სადაც ხაზგასმით წერს სუდოპლატოვი, 1941 წელს, ომი რომ დაიწყო და გერმანელები კავკასიას მოადგნენ, ყველა მთის ხალხი - ქართველები და სხვები იბრძოდნენ გერმანელი დივერსანტების წინააღმდეგ კავკასიის მთებში, გარდა ჩეჩნების, რასაც მოჰყვა ჩეჩნების გადასახლება. ეს ახსოვთ რუსულ სპეცსამსახურებს, რომელთაც გენეტიკური ეჭვი აქვთ ჩეჩნებისადმი. ამიტომ პუტინი თუ დადგა არჩევანის წინაშე- თავისი სპეცსამსახურები თუ კადიროვი, ეს იქნება ჯოჯოხეთური არჩევანი პუტინისთვის და, რასაკვირველია, პუტინი იძულებული იქნება, გასწიროს კადიროვი.

კადიროვი 2“ არ არსებობს ჩეჩნეთში?

- ეს მეც მაინტერესებს და სულ ვეძებ მასალებს, არის კი ვინმე ასეთი?! მაგრამ, თუკი ვინმე არის „კადიროვი 2“, ეს არის ანტირუსი. დოკუ უმაროვის ტიპის და სხვა ასეთი გავლენიანი პირები, პირველ რიგში, კადიროვის მოსისხლე და ორჯერ მეტად რუსეთის მოსისხლენი არიან.

თუმცა ერთიცაა, კადიროვმა ჩეჩნეთი სისხლისღვრისგან შეასვენა და გროზნოს აღმშენებლობა წამოიწყო. კადიროვს ასეთი იდეაც კი გაუჩნდა, რომ სპეცდანიშნულების მსოფლიო ცენტრი გახსნას გროზნოში, რაც მათ წინააღმდეგ იქნება მიმართული, ვინც პუტინს დაემუქრება. იქნებ, ესეც მტრობას შეფარებული ერთგულების დამტკიცებაა პუტინისადმი, რადგან, ბოლოს და ბოლოს, სისხლის ყივილი არსებობს.

- ეს ყველაფერი არსებობს, მაგრამ პუტინმა მოახერხა ის, რომ კადიროვმა ჩეჩენ ხალხთან მისასვლელი ყველა ხიდი ჩაკეტა. კადიროვი უკვე მძევალია. ჩეჩნების გარდა, ამას კადიროვს ვერ აპატიებს იგივე ემირატი, საუდის არაბეთი, თალიბანი და ისლამური სახელმწიფო.

უფრო მეტიც, სულ ახლახანს უკრაინამაც აღძრა სისხლის სამართლის საქმე კადიროვის წინააღმდეგ.

- დიახ, სიტუაცია ძალზე დელიკატურია, თვითონ კადიროვიც ახალგაზრდა ბიჭია, მას აქვს მტკიცე ნებისყოფა, ვაჟკაცური გამბედაობა, თვითონ იბრძოლოს, სიკვდილის არ ეშინია, მაგრამ მან უკვე ხიდი დაწვა. მას უკვე ისლამური სამყარო არ აპატიებს.

ანუ პენსიაზე რომ გავიდეს რამზან კადიროვი, მისი ადგილი ჩეჩნეთში არ იქნება?

- არა, ჩეჩნეთში კადიროვის ადგილი ძნელად მოსაძებნია. კადიროვს ჰყავს თავისი ერთგული ტაიპი. იქ პირად ერთგულებაზეა ყველაფერი აგებული. კადიროვის ხელშია დიდი ფული და დიდი ძალა. ნემცოვის საქმის მთავარი ორგანიზატორი მშვენივრად ცხოვრობს ჩეჩნეთის სასახლეში, მას იცავენ და კადიროვი ფსბ-ს არ აძლევს მათი დაკითხვის საშუალებას. როგორ გგონით, როგორ უყურებს ამას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი?!

გასულ წელს მოსკოვში რამზან კადიროვის მამის - ახმედ კადიროვის ძეგლზე ღორის თავები დაალაგეს. მაშინ ჩეჩენი მებრძოლები ამბობდნენ, რომ ახმედ კადიროვი ჩეჩნეთის პრეზიდენტობის საწყის ეტაპზე ჩეჩენ მებრძოლებს უჭერდა მხარს, მაგრამ მოგვიანებით, ფედერალური ძალების მხარეს გადავიდა, ღალატი ჩაიდინა და ამის გამო ტერაქტიც მოუწყეს 2004 წელს აღლუმის დროს და ის დაიღუპა. როგორც ჩანს, მამა-შვილ კადიროვის მიმართაც არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა ჩეჩნებში.

- ახმედ კადიროვი, ანუ ახმედ ჰაჯი, როგორც მას უწოდებენ, იყო კაპელანი, ჯარის სასულიერო პირი, მაგრამ ჯოხარ დუდაევის დროს თვითონაც იბრძოდა. შემდეგ, როგორც ჩანს, მიხვდა, რომ ეს ბრძოლა უპერსპექტივო იყო და უკანასკნელი მოჰიკანის მსგავსად, უკანასკნელი ჩეჩენი დარჩებოდა. ამიტომ არჩია თანამშრომლობა. ამაში პირადი ინტერესებიც იყო და შეეწირა კიდეც ამას. ის ფაქტი, რომ პუტინმა ფსონი დადო შვილზე, ეს სუფთა კგბ-ს სტილი იყო. პუტინი გარანტირებული იყო, რომ აქ სისხლისმიერი მტრობა ერია, რადგან შვილი კადიროვი არასდროს აპატიებდა მამის მკვლელს.

შამილ ბასაევმა აიღო მაშინ ახმედ კადიროვის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა.

- პუტინის სვლა მაშინ იყო გენიალური, მაკიაველის სტილში სვლა - ჩეჩნები ახოცინა ისევ ჩეჩნებს.

კავკასიაში ვაჰაბიტები საკმაოდ არიან. აქედან გამომდინარე, თუკი კავკასიაში ისლამისტები გააქტიურდებიან, რომლებიც უკვე ღიად ემუქრებიან პუტინს, კადიროვი ვის მხარეს დაიჭერს?

- კადიროვს აღარ აქვს უკან დასახევი გზა. კადიროვი უკვე სიამის ტყუპივითაა პუტინთან. თუ პუტინი დამარცხდება, კადიროვიც დამარცხდება. ცოტა ზედმეტი მოსდის კადიროვს, რადგან პუტინზე უფრო ძალიან უყვარს პუტინი. ანუ პუტინს აჭარბებს. კადიროვის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა. თუ იქ ემირატი, ხალიფატი ან ისლამური სახელმწიფო მოვიდა, იმ კონსტრუქციაში კადიროვის ადგილი აღარ იქნება. შამილს არ ჰქონია იმხელა ხელისუფლება, რაც კადიროვს აქვს, რომ არაფერი ვთქვათ მის სიმდიდრეზე. ასე, სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილსაც ჰქონდა ფული, მაგრამ რა ფასი ჰქონდა? შვილი ჭლექით მოუკვდა სიძუნწის გამო. ადამიანს ფული სიამოვნებისთვის უნდა. კადიროვმა სად დახარჯოს ფული? გროზნოში? კი ბატონო, ააშენა გროზნოში ევროპაში ყველაზე დიდი მეჩეთი, მაგრამ დილიდან საღამომდე ილოცოს? ის ხომ ვერ ჩადის პარიზში საგრიალოდ, როგორც რუსი მდიდრები. კადიროვი ჩაკეტილია გროზნოში, ეს მისთვის დისკომფორტია და ახალგაზრდა ამბიციური კაცისთვის ეს რთული სიუჟეტია. ის თავისუფლად მოსკოვშიც ვერ ჩადის, იქაც ბევრი იქნება, ვინც სიამოვნებით გაუსწორდება კადიროვს. რამდენიმე წლის წინ სტამბოლში ჩავიდა და პრესა წერდა, რა ამბავია, ამდენი „როლს როისი“ ერთად არ გვინახავსო. კადიროვი ბედნიერი არ არის. თანაც, სერიოზული პრობლემები აქვს. ის ხედავს, რომ დღითი-დღე ძლიერდება რადიკალური ისლამი, რომელსაც შეიძლება, გულში თანაუგრძნობს კიდეც, მაგრამ, მეორე მხრივ, ხედავს, რომ ეს მისთვის მტრული სივრცეა. არ არის გარანტირებული, რომ მედვედევიც ისეთივე ლოიალური იქნება მისდამი, როგორც პუტინი. ამიტომ როგორი იქნება კადიროვის ბედი პუტინის შემდეგ? ის ხომ 60 წლის კაცია, ეს კი 35-ის.