„თუ მკვლელი არ უნდა დაისაჯოს, მაშინ გვითხრან - თქვენ უნდა დაისაჯოთო“

„თუ მკვლელი არ უნდა დაისაჯოს, მაშინ გვითხრან - თქვენ უნდა დაისაჯოთო“

2008 წლის აგვისტოში მოკლული სერჟანტის, როინ შავაძის საქმე, იმ სისხლის სამართლის საქმეებს შორის არის, რომელიც პროკურატურას თაროზე აქვს შემოდებული. შესაბამისად, ოჯახისთვის ამ დრომდე უცნობია, რატომ მოკლეს სერჟანტი შავაძე. მიმდინარეობს თუ არა საქმეზე გამოძიება, for.ge–მ ამ კითხვით პროკურატურას მიმართა. საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნათია სუხიაშვილი დაგვპირდა, რომ გაარკვევდა საქმის დეტალებს, თუმცა შემდეგ მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

For.ge-სთან საუბრისას ადვოკატი, რამინ პაპიძე აცხადებს, რომ დამნაშვეებს ხელს ხელისუფლების მაღლჩინოსნები აფარებენ. ხელისუფლებისგან დამნაშავეების დასჯას ითხოვს, მოკულული სერჟანტის მეუღლე, ციცინო შავაძე, რომლის განცხადებით, ადამიანები, რომლებმაც როინ შავაძე მოკლეს, ისევ ძალოვან სტრუქტურაში მუშაობენ.

რას სთხოვს პრემიერ–მინისტრს, რა უთხრა მას ეკა ბესელიამ, რატომ არ აძლევს გამოძიება ინფორმაციას და ვინ მოკლა როინ შავაძე? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ციცინო შავაძეს ესაუბრა.

სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსანმა გიორგი ჩიქოვანმა, იგივემაიმუნამგამოძიებას ჩვენება მისცა მზვერავი პაატა ქარდავას და რეინჯერ, დავით ცინდელიანის მკვლელობის საქმეზე. მაგრამ ის არ დაუკითხვათ თქვენს მეუღლესთან დაკავშირებით. გიორგი ჩიქოვანის როლი რამდენად დიდია თქვენი მეუღლის მკვლელობის საქმეში?

- ზუსტად ვიცი, რომ „მაიმუნას“ ხელი ურევია ჩემი მეუღლის მკვლელობის საქმეში, როინი მან გაიყვანა სახლიდან - სამჯერ დაუძახა ქუჩიდან, ჩემი მეუღელე გარეთ გავიდა და ჰკითხა - სახლში რატომ არ ამოდიხარო? მაიმუნამ უთხრა - დაბლა ჩამოდიო. ჩავიდა თუ არა, დავინახე როგორ ამოუდგა ერთი მანქანა წინა მხრიდან, მეორე მანქანა უკანა მხრიდან. დავინახე როგორ ააწევინეს ჩემს მეუღლეს მაისური.

თუმცა, ჩიქოვანმა 2008 წლის ჩვენებაში აღნიშნა, რომ როინ შავაძე მისი მეგობარი იყო და მოკითხვის მიზნით მიაკითხა სახლში. ის უარყოფს მკვლელობაში თანამონაწილეობას...

– რა თქმა უნდა, უარყოფს, იმიტომ, რომ პასუხს არავინ არ სთხოვდა არც მაშინ და არც ახლა. ჩემმა მეუღლემ იცოდა, რომ კუდ–ი უთვალთვალებდა და ამ დროს, თურმე, ნარკოტიკი ჩაიდო ჯიბეში და ისე წავიდა სამსახურში. თუ დაკავებისას ნარკოტიკი ჰქონდა ჯიბეში, რატომ სახლი არ გაჩხრიკეს? პროზექტურაში რომ მივედით, ერთ-ერთმა თანამშრომელმა აღნიშნა - 4 საათია ამ კაცზე ვმუშაობ იმდენად დასახიჩრებულიაო. ესენი კი ამბობენ, რომ თურმე, განზრახ არ მოუკლავთ. აბა რას იტყვიან, აღიარებენ, რომ ჩვენ მოვკალითო?

თქვენმა დავოკატმა კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით თქვა, რომ მკვლელობა განახორციელა გიორგი ჩიქოვანმა, აჭარის კუდ-ის ხელმძღვანელმა თემურ პარატიძემ და ასევე ვინმე ბალაძემ. თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია, პატარიძე, რომელიც პატიმრობაშია და რამდენიმე საქმეზე მისცა ჩვენება, ამ კონკრეტულ საქმეზე თუ დაკითხა გამოძიებამ?

- არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. საერთოდ, საქმის კურსშიც არ გვაყენებენ. ჩემმა ადვოკატმა კითხვით მიმართა პროკურორს, დაკითხული არის თუ არა შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილიო, მაგრამ არავინ არაფერს არ გვეუბნება. აქ გამოსაძიებელიც არაფერია, ალბათ, სულ ერთი კვირის სამუშაოა, მაგრამ არ უნდათ ამ საქმის გამოძიება. ვისაც შეიძლებოდა, ყველას მივმართეთ, ხუთი თვის წინ გვითრხეს, საქმეს ვიძიებთო, მაგრამ მე თუ მკითხვათ, საერთოდ არც არაფერს იძიებენ. მართლა მრცხვენია, რომ ამ მთავრობის ხელშიც სამართალი ვერ ვიპოვე.

თქვენი ეჭვები, რომ გამოძიება არ მიმდინარეობს რითი არის გამყარებული?

- ამ მთავრობაში ისევ რჩებიან სიკვდილის რაზმები და ამიტომ არ მიდის გამოძიება. ვერ ეხებიან ამ მკვლელებს. აღარ ვიცი ვის მივმართო და სად წავიდე. უწყება არ დარჩა, ვისაც არ მივმართეთ კითხვით, თუ იძიებთ ამ საქმეს და რა კეთდება-თქო, მაგრამ ყველა დუმს, პასუხი არ არის. გვეუბნებიან, რომ ვიძიებთო, მაგრამ გამომძიებლის სახელს და გვარს არ გვეუბნებიან. სწორედ იმიტომ, რომ არ იძიებენ.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ თქვენ თუ დაგკითხათ პროკურაურამ?

- არა. ამიტომაც ვამბობ, რომ გამოძიება არ მიმდინარეობს. ეს საქმე თაროზე რომ შემოდეს, იქიდან არც ჩამოუღიათ. ან ვინ ჩამოიღებდა ამ საქმეს, როდესაც ყველგან ისევ ეს მკვლელები არიან.

 შეგიძლიათ დააკონკრეტოთ ვინ არიან ესენი?

- ვინც მაშინ მუშაობდა პროკურატურაში თუ შსს-ში, დღესაც აგრძელებენ მუშაობას. ბათუმიდან თბილისში გადაიყვანეს და სხვადასხვა უწყებებში დანიშნეს ეს მკვლელები. დღევანდელი მთავრობის მეთაური ამბობს, რომ არასწორია სპეცრაზმელების დაკავება შესრულებულ უკანონო დავალებაზეო, თურმე ეს სიკვდილის ბრიგადები არ უნდა იყვნენ დასჯილი. ღარიბაშვილის მხრიდან ეს სიტყვები რომ მოვისმინე, გული გამისკდა. რადგან სპეცრაზმი ვიღაცის დავალებას ასრულებდა ამიტომ არ უნდა დაისაჯონ? ამის შემდეგ რომელ მთავრობას მივმართო, სად წავიდე, ვისგან მოვითხოვო მკვლელების დასჯა?!

კუდის თანამშრომლები ზვიად ნურიძე, თემურ მგელაძე, ოთარ ჭარალიძე, ზვიად ზაქარაძე, მამუკა ბერიძე, გიორგი არაბული, გელა ღვიანიძე, მირზა კონცელიძე,ლაშა ინაიშვილი, ეს ადამიანები იმ მანქანაში იმყოფებოდნენ, რომლითაც ხდებოდა როინ შავაძის თბილისში ეტაპირება. დაიკითხნენ ისინი?

- არა, არავინ დაუკითხავთ. ვიცი, რომ მათ მიიღეს მონაწილეობა ამ ოპერაციაში. სწორედ მათ მოკლეს ჩემი მეუღლე ვიღაცის დაკვეთით და ესენი დღესაც მუშაობენ თავიანთ ადგილებზე. პროკურატურაში გვითხრეს, რომ ჩვენ მათ ხელს ვერ მოვკიდებთ, იმიტომ, რომ ესენი კუდ-ის ელიტარული სპეცრაზმის წევრები არიან და მათი დაკავების უფლება არ გვაქვსო. ესენი არიან ელიტარული მკვლელები!

თქვენი ინფორმაციით რა კავშირი აქვთ მათ მკვლელობასთან?

- ერთადერთი, ის ვიცი, რომ მათ ზემოდან ჰქონდათ დაკვეთა მიღებული. მაგრამ კონკრეტულად ვისგან იყო დაკვეთა ვანო მერაბიშვილისგან თუ დათა ახალაიასგან, დღესაც არ ვიცით. ისინი ამბობენ, ზემოდან გვქონდა დავალება და ჩვენ ეს შევასრულეთო.

ანუ დავალება იყო, რომ უნდა მოეკლათ?

– რა თქმა უნდა და ამათმა თურმე პასუხი არ უნდა აგონ. ამის შემდეგ ღარიბაშვილი ამბობს, რომ სიკვდილის ბრიგადები არ უნდა დაისაჯონ და თურმე, მათ უნდა შეუმცირდეთ ბრალდება. არ ვიცი საერთოდ რაზე ფიქრობენ. თუ დამკვეთი არ უნდა დაისაჯოს, თუ მკვლელი არ უნდა დაისაჯოს, მაშინ ისიც გვითხრან, რომ ისიევ თქვენ უნდა დაისაჯოთო.

კუდ-ის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, მირზა კონცელიძე ჩვენებაში ამბობს, რომ როინ შავაძე კატეგორიულად ითხოვდა ხელბორკილების ახსნას, როგორც კი მოხდა ხელბორკილების ახსნა, მან პისტოლეტი გამოგვტაცა, გაქცევა დააპირა და ამ დროს მოხდა მისი ლიკვიდაციაო...

- ორივე ფეხი, ხელები და პლუს თითები ისე ჰქონდა გადატეხილი, რომ კანით იყო დამაგრებული, კისერი გადატეხილი ჰქონდა, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ასეთი ნაწამები კაცი შეიძლება ფეხზე დადგეს და გაიქცეს? ასეთმა ნაწამებმა კიდევ თუ ვინმეს იარაღი წაართვა და გაქცევა სცადა, ვენაცვალე მის ვაჟკაცობას. ეს არის აბსურდი, რაც დაავალეს იმას ამბობენ. ეს იყო წინასწარ განზრახული მკვლელობა და არავითარი გაქცევის მცდელობა. იმ მთავრობაშიც მფარველობდნენ მკვლელებს და დღესაც მფარველობენ.

დღეს შეგიძლიათ გვითხრათ, რატომ მოკლეს თქვენი მეუღლე? არსებობს გივი თარგამაძის ძალიან ცნობილი განცხადება, რომ თქვენი მეუღლე იყო ნარკორეალიზატორი...

- ესენი არიან საქართველოს გამყიდველები და ქართველების მკვლელები. მათ ეშინოდათ, რომ როინ შავაძე სიმართლეს იტყოდა და ზუსტად ამ სიმართლის გამო მოკლეს. ომიდან გაგიჟებული დაბრუნდა, როგორ დახოცეს ბიჭებიო. სამჯერ მიბრუნდა ბროლის ველზე და არც ერთი მიცვალებული არ დატოვა, რაც გახდა მის მკვლელობის მიზეზი. მერაბიშვილმა, ახალაიამ და თარგამაძემ საქართველო გაყიდეს, როინ შავაძეს საქართველო არ გაუყიდია. ის იყო და დარჩება როგორც საქართველოს გმირი, ესენი კი იქნებიან მოღალატეები და მკვლელები.

ხომ არ გიცდიათ მიგემართათ პრემიერმინისტრისთვის და ჩაგეყენებინათ საქმის კურსში, რომ არსებობენ კონკრეტული პირები, რომლებიც ამ საქმეს არ იძიებენ...

- განა რამე აზრი აქვს პრემიერისთვის მიმართვას? განა ვერ ხვდება რა ხდება? ამ საქმის გამოძიება სალაპარაკო თემა არ უნდა ყოფილიყო. ძალიან მტკივა გული, არ მეგონა, თუ ღარიბაშვილისგან მოვისმენდი, რომ შემსრულებელი არ უნდა დაისაჯოსო. ამ სიტყვების გაგონების შემდეგ ტკივილი ტკივილზე მემატება. ნუთუ ღმერთი არ სწამს? თუ ვაჟკაცი იყო, ეთქვა იური ვაზაგაშვილისთვის, რომ მისი შვილის მკვლელი სპეცრაზმელები არ დაისჯებიანო. კიდევ ერთხელ მივმართავ ყველას, ვისაც ეს საქმე ეხება, გაგვარკვიეთ რა მოხდა, რისთვის მოკლეს ომიდან დაბრუნებული კაცი. მითხრან, გამოძიება მიდის თუ არა!

ხომ არ გიცდიათ, რომ გამოძიების შესახებ ინფორმაცია მიგეღოთ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის, ეკა ბესელასგან?

- ჩემს მეუღლეს ისეთი ნემსი გაუკეთეს, რომ ადვილად გახრწნილიყო და მალე დაგვესაფლავებინა. გარდაცვალების ცნობას არ გვაძლევდნენ და მაშინ გამწარებულმა დავრეკე ეკა ბესელიასთან - გვიშველეთ რამე-თქო, მან მიპასუხა, რომ ბათუმში კარგი ადვოკატები გყავთ და მოძებნეთო. ყველას ვთხოვდი დახმარებას, მაგრამ არავინ არ დამეხმარა, გარადაცვალების მოწმობის გარეშე დავასაფლავეთ მიცვალებული. ერთადერთი, სოზარ სუბარი დაგვიდგა გვერდში.

გვირეკავდნენ და გვემუქრებოდნენ, სახლიდან ვერ გავდიოდით, სოფელში ერთ სახლში ვიყავით მთელი ოჯახი ჩაკეტილები და მაშინაც კი, სოზარ სუბარი არ მოგვცილებია, გვერდში გვედგა. გთხოვთ ყველას, ჩემი სახელით უთხარით ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ერთხელ მაინც ნახოს ჩემი ტრაგედია და ამის თუ იტყვის, რომ შემსრულებლები არ უნდა დაისაჯონო, მაშინ ისიც გვითხრას, რომ თქვენ საქართველოს შვილები არ ხართ, თქვენ უფლება არ გაქვთ საქართველოში იცხოვროთო.