„ხელების ფათურები და ტენდერები იქეთ მოიკითხონ - სპორტის სამინისტროსაც ვგულისხმობ, ჩემს გუნდსაც და ოპოზიციასაც“

„ხელების ფათურები და ტენდერები იქეთ მოიკითხონ - სპორტის სამინისტროსაც ვგულისხმობ, ჩემს გუნდსაც და ოპოზიციასაც“

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტმა სპორტის მინისტრის, ლევან ყიფიანის საქმიანობა არადამაკმაყოფილებლად შეაფასა და დოკუმენტი რეაგირებისთვის პრემიერ-მინისტრს გადაუგზავნა. სპორტსმენი დეპუტატები ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას ელოდებიან, თუმცა, for.ge-ს ინფორმაციით, შესაძლოა, კანონმდებლებმა პარლამენტში მინისტრის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყონ.

დეპუტატთა ნაწილი ყიფიანზე ნაწყენია. ისინი განსაკუთრებით მინისტრის განცხადებამ გააღიზიანა, სადაც მან სპორტსმენ დეპუტატებს „საბჭოთა გადმონაშთები“ უწოდა.

სპორტულ სამყაროში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და პრეზიდენტისა და მმართველი გუნდის ურთიერთობაზე, for.ge ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილეს, სოსო ჯაჭვლიანს ესაუბრა:

პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან დაკავშირებით, მთავრობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის დაპირისპირებაა. აღმასრულებელი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ გიორგი მარგველაშვილი ათონელის ქუჩაზე არსებულ სასახლეში უნდა გადავიდეს. მათ პოზიციას იზიარებთ?

- ქართველებთან ლაპარაკი ძალიან რთულია, რადგან ბუნებაში არსებობს რაღაც შეთანხმება, გუნდურობა, უბნელობა, ქალაქელობა და თუკი აქედან რაიმეს დაარღვევ, შეიძლება დაგმარხონ. წინასაარჩევნო კამპანიას ლაიტმოტივად გასდევდა ის, რომ როცა ჩვენ პრეზიდენტს ავირჩევდით, „ქართული ოცნება“ ქაჯეთის ციხეში არ შევიდოდა და ბატონმა გიორგიმაც განაცხადა, რომ ის გარყვნილების ბუდეში არ შევიდოდა. პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციაში შევიდა და ახლა თავს, როგორ იმართლებს?

გიორგი მარგველაშვილის გუნდი ამბობს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრიმინაცია ხდება...

- პიროვნულად გართულება არავის მიმართ არ მაქვს და არავის დისკრიმინაცია არ ხდება. პრეზიდენტის დისკრიმინაცია მაშინ მოხდებოდა, როცა მას მთავრობა და პარლამენტი ეტყოდა, რომ ავლაბრის რეზიდენციიდან გამოსულიყო, რათა იქ პრემიერი შესულიყო. ათონელის ქუჩაზე რეზიდენციის მშენებლობა პრეზიდენტის თანხმობით მოხდა, იქ თანხები დაიხარჯა და ახლა მისი გაყიდვა რომ მოინდომონ, შეიძლება, ხარჯის ნაწილიც კი ვერ ამოიღონ და თავიდანვე არ სჯობდა, ამდენი ფული არ დაგვეხარჯა? ამჟამად, კამათი ამიტომ ხდება. სახეზეა ჯიბრი და არ დავაკონკრეტებ, ეს ჯიბრი საიდან მოდის. კითხვები ორივე მხარის მიმართ არსებობს. არ ვიცი, რა გავაკეთეთ და არა? - ძალიან კარგად ვიცი, რომ ქვეყანაში სამართლიანობა იმ ფორმით არ აღდგა, რაც ვთქვით და ქონება უკან არ დაბრუნებულა.

2008 წელს, მამაჩემი რომ გარდაიცვალა, ორ კვირაში 14 ათასი ლარი გადავიხადე და ამჟამად, ჯანდაცვის სისტემა წარმატებით მუშაობს და ეს თანხა გადასახდელი აღარ არის. ამას გარდა, უფასო სახელმძღვანელოები რიგდება და ხვნა-თესვა უფასოდ ხდება. ქვეყანაში მარტო ის რომ მომხდარიყო, რაც C ჰეპატიტის მკურნალობასთან დაკავშირებით ხდება, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლა მარტო ამიტომ ღირდა.

პრეზიდენტი რეზიდენციასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს, მასსა და ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირებს. მსგავსი შთაბეჭდილება თქვენც გრჩებათ?

- ათონელის ქუჩაზე ულტრათანამედროვე შენობა ააშენეს და იქ საუცხოო ადგილია. მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ადგილი აქვს ჯიბრს. პრეზიდენტი საკუთარი თავის საწინააღმდეგოდ მიდის. ანუ, იმას ეჯიბრება, რაც მან პრეზიდენტობამდე თქვა. გიორგი მარგველაშვილი რას ლაპარაკობდა, ამოიღეთ და დადეთ. ვინაიდან, ავლაბრის რეზიდენცია დიდ კომუნალურ ხარჯებს მოიცავს, პრეზიდენტის ფუნქციებიდან გამომდინარე ხომ არ სჯობდა, რომ ის ათონელის ქუჩაზე გადავიდეს?! როცა ბატონი გიორგი კენჭს იყრიდა, მას თან დავყვებოდი, მისი პროგრამა ახლაც ყურში მესმის და მახსოვს, მას რა დამოკიდებულება ჰქონდა. ახლა ეს ყველაფერი რომ შეიცვალა, ხომ „გაგიტყდება“? თავის დროზე, გუნდი ასე რომ ლაპარაკობდა და შენც თანახმა იყავი, ახლა რა მოხდა? პრეზიდენტის დისკრიმინაცია ის იქნებოდა, რომ ის 1000 კვ მეტრში შეგვეშვა და მისთვის ლამაზი და გარემონტებული შენობა არ შეგვეთავაზებინა.

მმართველი გუნდი პრეზიდენტის კრიტიკას არ ერიდება. ეს იმიტომ ხომ არ ხდება, რომ მას თავის დროზე, ბიძინა ივანიშვილთან პირადი ურთიერთობა აერია?

- ყველანაირ დაპირსპირებას აქვს თავისი ლოგიკა. პრეზიდენტსაც შეუძლია საკითხი ახსნას, დაალაგოს და აქ საჩხუბარი არაფერია.

ბიძინა ივანიშვილის მიმართ კითხვები არ გაქვთ, მარგველაშვილს რატომ დაუპირისპირდა? ივანიშვილი სააკაშვილსაც დაუპირისპირდა და მისი რეჟიმი ხელისუფლებიდან გაუშვა, ამჟამად კი, მან მარგველაშვილი აითვალწუნა. სოციალურ ქსელებში ეჭვები გამოთქვეს, რომ ყოფილ პრემიერს პრეზიდენტთმძულვარება სჭირს...

- მათ ერთმანეთთან რა გაურკვევლობა აქვთ, ეს მათი საქმეა. ევროპაში გიორგი მარგველაშვილს, როგორც პრეზიდენტს აღიქვამენ?

რა თქმა უნდა, აღიქვამენ...

- მეც გეთანხმებით, მაგრამ ბრიუსელში, ევროპარლამენტში ერთ მხარეს სააკაშვილი რომ იჯდა და მეორე მხარეს - მარგველაშვილი, ამას როგორ ამიხსნით?

ამ შემთხევვაში, მარგველაშვილი რა შუაშია, თუკი ევროპარლამენტში სააკაშვილი დაპატიჟეს?

- როცა რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, ამერიკასა და ევროპას რეაქცია იმ წუთშივე ხომ აქვს? მინდოდა მომესმინა, რომ მსგავსი ფორმატი მიუღებელი იყო. შთაბეჭდილება შემექმნა, რომ სააკაშვილი მარგველაშვილის ახლოს არ უნდა დამჯდარიყო. დარბაზი დიდი იყო და სააკაშვილი სხვაგან ვერ დაჯდებოდა? რაც შეეხება ივანიშვილს, ის ჩვეულებრივი მოქალაქეა, რომელსაც ადვილად შეუძლია იმ საკითხებზე ისაუბროს, რასაც გულში ფიქრობს. ის ადამიანი პრემიერი აღარ არის და ისე საუბრობს, როგორც სურს.

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ლუკა კურტანიძეს, ნონა გაფრინდაშვილს და მე გვარებით დაგვიძახა, მის წინაშე მორალურ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. როცა რაღაცას ვაპირებ, იმის უფლება არ მაქვს, მას არ ვუთხრა - ამას ვაპირებ ძმაო-თქო. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ მას ვემონები, არამედ ჩემთვის ყველაზე დიდი ავტორიტეტი სიმართლეა. ჩემი სიმართლე მას უნდა ვუთხრა და მისთვის ძალიან ბევრი რამ მაქვს ნათქვამი.

პრეზიდენტის საქმიანობის მიმართ კითხვები გაქვთ? მისი კონსტიტუციური უფლებებიდან გამომდინარე, მისი მმართველობა მოგწონთ?

- ის ყველას პრეზიდენტია და აქედან გამომდინარე, შეიძლება, ვინმესთან დაკავშირებით მისი განცხადება არ მომეწონოს, მაგრამ მისი გადმოსახედიდან ის სწორი იყოს. მან რატომ უნდა გამაღიზიანოს, მაგრამ ძალიან მაინტერესებს, მან ავლაბრის რეზიდენციასთან დაკავშირებით პოზიცია რატომ შეიცვალა და რასაც ლაპარაკობდა, მისი საწინააღმდეგო რატომ გააკეთა? რომ დავსხდეთ და საკითხზე დავილაპარაკოთ, შეიძლება, მისმა განმარტებამ რაღაცაში დამარწმუნოს, მაგრამ ახლა მის პოზიციას ვერ ვგებულობ.

ქართულმა ოცნებამავლაბრის რეზიდენცია რატომ მოიძულა, იმის გამო, რომ ის სააკაშვილმა ააშენა?

- არ მგონია, რომ ეს ასე იყოს. „ნაციონალურ მოძრაობას“ ძარცვა-გლეჯის პოლიტიკა ჰქონდა და ამ ფონზე, საზოგადოებაში გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ ავლაბრის რეზიდენცია 500 მილიონი დოლარი დაჯდა, პარალელურ რეჟიმში ქუთაისში 340 მილიონ ლარიანი შენობა ააშენეს, თბილისში მდებარე შენობა კი დაანგრიეს.

თქვენ ამბობთ, რომ სამართლიანობის აღდგენის ტემპები შენელებულია, პარლამენტის შენობა დაანგრიეს, თუმცა, პასუხი კი არავის აგებინეს. ხელისუფლებაში თქვენ ხართ და ამ ყველაფერზე თუნდაც პარლამენტის ტრიბუნიდან რატომ არ საუბრობთ?

- ყველგან ვაფიქსირებ, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი მოიკოჭლებს. ასევე ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლიდან ორი თვის თავზე ვთქვი, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება კარგი იქნებოდა-თქო. მაშინ, ჩემი ეს განცხადება ხალხს გაუკვირდა და თქვეს, ამან ხომ არ გააფრინაო?! ამას გარდა, ყოფილმა პრემიერმა თქვა, რომ მაჟორიტარებს შორის ფეოდალებიც არიანო და აღვნიშნე, რომ ფეოდალი არ ვარ, რადგან პროცესებში დეპუტატობამდეც ვერეოდი და ახლაც ჩავერევი-თქო, რადგან ამომრჩეველმა ნდობა გამომიცხადა-თქო. კრიტიკას მე არ ვაფიქსირებ? ინტერპოლმა ადეიშვილს ძებნა რატომ მოუხსნა და ახალაია რაღაც ეპიზოდებში რატომ გაამართლეს?

ვისი ბრალია, თუკი ახალაია გაამართლეს და ადეიშვილს ძებნა მოუხსნეს? პროკურატურის სუსტ მუშაობას ვერ ამჩნევთ?

ამ საკითხებზე საუბარი ხშირად მიმდინარეობს.

სად მიმდინარეობს?

- როცა დეპუტატები ერთმანეთს ველაპარაკებით, ამ საკითხებზე ვსაუბრობთ და მე პირადად მეტი რა გავაკეთო, შარვლიდან ამოვხტე? ეს ყველაფერი იმის ბრალია, ვინც ამაში კომპეტენტურია, საქმე ისე უნდა გააკეთოს, როგორც საჭიროა. თემურ ბასილია გამოდის და ამბობს, რომ ადეიშვილს ძებნას სახელმწიფოს თანხმობის გარეშე ვერ მოუხსნიდნენ. კითხვები ჩნდება და თქვე კაი ადამიანებო, ვისაც ეს გეხებათ, გამოდით და ხალხს პასუხი გაეცით. გაზეთებში იწერება, პროკურატურა გარიგებაში შევიდაო და არ სჯობს, კომპეტენტური განმარტება გააკეთონ - ადეიშვილს ძებნა რატომ მოუხსნეს? ჟურნალისტები დამესიენ და მომთხოვეს, ლევან ყიფიანის მიმართ არსებული კითხვები გვითხარითო. მათ ჰგონიათ, არც ლაპარაკი ვიცი და ვერაფერს ვიტყვი?

ყიფიანის მიმართ, რა კითხვები გაქვთ?

- სპორტი შეიძლება, დარბაზებისა და ბაზების გარეშე განვითარდეს? რამდენიმე ასეული ბაზა გასხვისებულია და ეს ქონების მართვის სააგენტოს მოვკითხოთ? მას უნდა მოვკითხოთ, მაგრამ როცა მინისტრი ხარ, უნდა დაინტერესდე ინვესტორმა პირობები შეასრულა თუ არა. სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტმა მინისტრის მიმართ კითხვები დასვა და ჩვენ ვთქვით, რომ მინისტრი სახლში გავუშვათ-თქო? მის მიმართ კითხვები დავსვით და დასკვნა დავდეთ - სამინისტრომ რა არ გააკეთა.

კომიტეტმა ლევან ყიფიანის უწყების მუშაობა არადამაკმაყოფილებლად შეაფასა და დოკუმენტი შემდგომი რეაგირებისთვის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გადაუგზავნა. მთავრობის ხელმძღვანელი რას აპირებს?

- რა რეაგირებას მოახდენენ, ამას ალბათ გვეტყვიან. ჟურნალისტებმა მკითხეს, ბიძინასთან ასული რომ იყავით, ამ საკითხებზე ილაპარაკეთო?! ყველამ ყველაფერი იცის და ხომ არ შეიძლება, რომ ადამიანმა ყველაფერი აღდგომას ისაუბრო?

თქვენ მინისტრის მიმართ პრეტენზია გაქვთ, მაგრამ ყიფიანი თქვენსაბჭოთა კავშირის გადმონაშთებსგიწოდებთ და თქვენს ქმედებებში პოლიტიკურ ინტერესებს ხედავს...

- არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, ჩემს ჯიშ-ჯილაგს ხელები არსად უფათურებია, მუქთად არასოდეს არაფერი არ მიმიღია. ასევე 50 ფილმში ვითამაშე და სტუდიიდან არც ბინა მიმიღია და არც ავტომობილი. მთელი ცხოვრება როლებზე მამტკიცებდნენ და დეპუტატადაც ამირჩიეს. დანიშნული არცერთ პოსტზე არ ვყოფილვარ და ხელი არსად მიფათურებია. ჩემს თავზე იმას არ მივიღებ, რომ თურმე, ინტერესებს ვატარებ. სამივე შვილი ძალიან მაგარი ბიჭი მყავს. ჩემი ერთი შვილი პრაღაში სწავლობს, მეორე საქართველოში და ორივე სწავლის შემდეგ, საღამოს მიმტანებად მუშაობენ, იმიტომ, რომ მაგარი ბიჭები არიან და ზოგიერთებივით „პ.....ები“ არ არიან, ისეთები ზოგიერთებს რომ ჰყავთ! ჩემს ოჯახში შემოდით და არ გაინტერესებთ, როგორ ვცხოვრობ? ჩემი კლასელი მოვიდა და მითხრა, მეგონა ერმიტაჟში ცხოვრობდიო. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ხელებს ვაფათურებ, ხელების ფათურები და ტენდერები იქეთ მოიკითხონ!

ტენდერებში ხელების ფათურში სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობას გულისხმობთ?

- სპორტის სამინისტროსაც, პეტრესაც, პავლესაც, ჩემს გუნდსაც და ოპოზიციასაც. საბჭოთა გადმონაშთი ვინაა, ხალხმა ძალიან კარგად იცის. შეიძლება, ახალ ეპოქაში დაბადებული იყო, მაგრამ გადმონაშთი პირველი თემური წყობილებიდან იყო. ასეთი ლაპარაკი პრივიტიმიზმია.

მინისტრი ასე რატომ გაანაწყენეთ, რომ თავის თავს უფლებას აძლევს და დეპუტატებსგადმონაშთებსგიწოდებთ?

- საამაყო იცით, რა მაქვს? მამაჩემი სამხედრო კომისარი იყო, კომისრები ფულის აღებასთან ასოცირდებოდნენ, მაგრამ თუკი ვინმე საქართველოში ერთი კაცი მაინც იტყვის, რომ ამირან ჯაჭვლიანს მისგან ფული აქვს აღებული, მას ექვსივე შვილი კონვერტირებულ ფულს უკან დავუბრუნებთ. ასეთი საქართველოში არ მოიძებნება, რადგან მამაჩემი მაგარი კაცი იყო და მისი შვილები ვართ. მამაჩემს ცრემლს ვერ გადმოაგდებინებდით და მან სიკვდილის წინ რა გვითხრა იცი, რომ მოვკვდები მომენატრებითო. ერთმანეთს მოვენატრებით და სჯობს, წესიერად ვიცხოვროთ.

ყიფიანმა პოსტი უნდა დატოვოს?

კომიტეტმა დასკვნა დადო და შეიძლება, ის იმას არ შეესაბამებოდეს, როგორც პრემიერ-მინისტრი ფიქრობს. მთავრობა იმიტომ არსებობს, რომ საკუთარი შეფასება ჰქონდეს.

for.ge- ინფორმაციით, შესაძლოა, მინისტრს იმპიჩმენტი პარლამენტიდან გამოუცხადოთ. მსგავსი სცენარი მოსალოდნელია?

- ამ ვითარებაში კორექტულად ვიქცევით და თუ ვინმე ლანძღვას დაიწყებს, საკუთარ თავს დააზიანებს. ისე კი არ უნდა გააკეთო, რომ ხალხი გააცოფო და გადმონაშთები უწოდო. გუნდმა ერთად უნდა ისაუბროს და რაც გამოსასწორებელია, უნდა გამოსწორდეს. შეუცდომელი მხოლოდ უფალია, დანარჩენები ცოდვილები ვართ.