საგამოძიებო ორგანოები წინა ხელისუფლების დროს, დევნილებზე გაცემული სტატუსების საქმეებს სწავლობს. დოკუმენტები პროკურატურას დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა გადაუგზავნა. როგორც მინისტრი ამბობს, უამრავი ფაქტი დაფიქსირდა, როდესაც ადამიანებმა დევნილის ყალბი სტატუსით საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება მოითხოვეს სახელმწიფოსგან.
იმ უზარმაზარი დახმარებების ფონზე, რომელიც უცხოეთიდან შემოდიოდა დევნილებისთვის, რატომ დგას დღემდე დევნილთა ფართით დაკმაყოფილების პრობლემა? როგორ ხდებოდა დევნილებისთვის სტატუსის მინიჭება და რომელ საქმეებს იხილავს პროკურატურა? ყველა ამ თემაზე დევნილთა და განსახლების მინისტრი, სოზარ სუბარი ისაუბრებს ინტერვიუში, რომელიც for.ge-მ ჩაწერა.
როგორც ირკვევა, წლების განმავლობაში უკანონოდ ხდებოდა დევნილის სტატუსის მინიჭება, რის გამოც ძალიან ბევრი დევნილის სტატუსი დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. როგორც ხდებოდა არადევნილთათვის სტატუსის მინიჭება?
- თვე არ გავა, რომ 100 ან უფრო მეტი ბრძანება არ შემოვიდეს ხელმოსაწერად დევნილის სტატუსის გაუქმების შესახებ, რადგანაც, თავის დროზე, არასწორად მოხდა სტატუსის მინიჭება. ყველა ამ შემთხვევაში სიღრმისეულ გამოძიებას ვატარებთ, ვეკითხებით, ვინ ცხოვრობდა მის გვერდით, ან ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, როდესაც ადამიანი ამას ვერ იხსენებს, ბუნებრივია, საეჭვოა, ცხოვრობდა თუ არა აფხაზეთში. ამბობენ, რომ მუშაობდნენ აფხაზეთში, მაგრამ ვერ ასახელებენ სად მუშაობდნენ და ვინ იყო მათი ხელმძღვანელი. როდესაც ამ ყველაფერს ვერ იხსენებ, საკმარისია, რომ ეჭვქვეშ დადგეს სტატუსის საკითხი. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ადამიანებს მართლა ჰქონდათ აფხაზეთში საცხოვრებელი ფართი შეძენილი, მაგრამ ბოლომდე არ იყვნენ იქ დაფუძნებული.
როდესაც ადამიანი აყალბებს მონაცემებს, რათა დევნილის სტატუსი მიიღოს, არის თუ არა ეს სისხლის სამართლის დანაშაული?
- ეს არის დანაშაული, რომელიც ამნისტირებულია. ძალიან ბევრმა ფსევდო დევნილმა ისარგებლა ამნისტიით და მოგვმართა განცხადებით, რომ გაგვეუქმებინა სტატუსი. ბევრმა ეს არ გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ ეს დანაშაუალი ამნისტირებულია, ყველა ასეთ საქმეს ვაგზავნით საგამოძიებო უწყებაში, რადგან ამ ადამიანებს მიღებული აქვთ ბინა და ფულადი კომპენსაცია. ამ შემთხვევაში, გამოძიებამ უნდა დაადგინოს რა გზით წავიდეს.
ბატონო სოზარ, რა იყო მთავარი განმსაზღვრელი მოტივი, რის გამოც სახელმწიფო ადამიანებს უკანონოდ ანიჭებდა დევნილის სტატუსს?
- ამას აკეთებდა გარკვეული სახელმწიფო მოხელე. ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ ეს მოხელე შეცდომაში შევიდა, ამისგან დაზღვეული არავინ არის. მაგრამ, როდესაც ადამიანი აყალბებს საბუთებს, ამას მარტო ვერ გააყალბებს, იქ არის სახელმწიფო მოხელე, რომელმაც გასცა არასწორი საბუთი. როდესაც ამ მასალებს ვეცნობი, ვხედავ, რომ მუნიციპალიტეტებმა და აფხაზეთის მთავრობამ ისეთ ადამიანებზე გასცეს ცნობა, რომ თითქოს, ისინი ცხოვრობდნენ აფხაზეთში, აშკარად ჩანს, რომ სიყალბესთან გვაქვს საქმე. ეს ყველაფერი გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რის საფუძველზე იყო ამ ადამიანებისთვის დევნილის სტატუსი მინიჭებული, ეს იყო შეცდომა, თუ გარიგება.
გავიხსენოთ შევარდნაძის დროს როგორ კეთდებოდა ომის მონაწილის საბუთი - 150 ლარი მოსამართლეს, 2 მოწმე და ადამიანი იყო ომის მონაწილე. ასეთი ფაქტორებიც ბუნებრივია, რომ არ უნდა გამოვრიცხოთ.
რამდენად ორგანიზებული სახე ჰქონდა ამ პროცესს?
- თუ ჩავთვლით, რომ მთელი რიგი სტრუქტურები იყვნენ ამ საქმეში ჩართული, რასაკვირველია ამ ყველაფერს ორგანიზებული სახე ჰქონდა. არცთუ დიდი ხნის წინ დააკავეს ჩვენი თანამშრომელი, ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსი. გვქონდა ინფორმაცია, ნაცვლად იმისა, რომ ეზრუნვა უკანონოდ შეჭრილების გამოსახლებაზე, ის ხელმძღვანელობდა შეჭრებს. ზოგ შემთხვევაში კი, დევნილზე განაწილებული ბინა, სხვა დევნილს მისცა. ფულის სანაცვლოდ საცხოვრებელი ბინის გაკეთებას პირდებოდა ადამიანებს. მართალია, მას ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა, მაგრამ, უბრალოდ, ფულს აკეთებდა.
მინდა გითხრათ, რომ ჩემს მიერ პროკურატურაში გადაგზავნილი მასალის საფუძველზე, რამდენიმე ჩემი თანამშრომელი მიეცა პასუხისგებაში. მიზეზი იყო, აბსოლუტურად არაკეთილსინდისიერი მიდგომა მშენებლობებისა და რეაბილიტაციის მიმართ. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი მოხდა გორში, სადაც ხელი იყო მოწერილი, თითქოს, 700 ათას ლარზე მეტი სამუშაო იყო შესრულებული, ამ დროს ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ 100 ათასი ლარის სამუშაოც არ იყო შესრულებული. სხვათა შორის, ეს შენობა ჩამოინგრა. იქ რომ დევნილები შეგვესახლებინა, წარმოგიდგენიათ რა სურათი იქნებოდა? ამ დროს, დევნილები აქციებს მართავდნენ იმის გამო, რომ არ ხდებოდა მათი ამ შენობაში შესახლება.
კიდევ ფიქსირდება გახშირებული შეჭრის ფაქტები და საპროტესტო აქციები? და აქვს თუ არა ამას ორგანიზებული ხასიათი?
- ზოგჯერ აქვს ოგრანიზებული ხასიათი, ზოგჯერ არა. ადამიანები წუხან, რომ მათ ვერ მიიღეს საცხოვრებელი ფართი და სხვამ მიიღო. რაც მინისტრი გავხდი, იყო ერთი შემთხვევა, როდესაც ჩემს კურსელს ჰქონდა შანსი, რომ ზუგდიდში მიეღო საცხოვრებელი ბინა, რადგან შესაბამისი ქულები ჰქონდა. მაგრამ ამ ადამიანზე ჩვენთან შემოვიდა ინფორმაცია, რომ მას ჰქონდა საცხოვრებელი ბინა. ამიტომაც, მისთვის ბინის გადაცემის საკითხი ამ წუთშიც არ არის გადაწყვეტილი. ახლა კომისია იხილავს ამ საკითხს და მოვითხოვე, რომ მაქსიმალურად გამორიცხონ ყველანაირი შეცდომა, თუ ეკუთვნის ვერ დაიჩაგრება იმიტომ, რომ ჩემი კურსელია, მაგრამ თუ ეჭვი დადასტურდა, ეს უნდა გადაწყდეს მის საწინააღმდეგოდ.
დღემდე დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხი ერთ–ერთ უმწვავეს პრობლემად რჩება. რატომ?
– ზოგადად, ორი პრობლემაა, ბინებით უზრუნველყოფა და სოციალური პრობლემის მოგვარება. მაგალითად, შარშან ერთ თვეში 200 ათასი ლარი დაიხარჯა ერთჯერად შემწეობებზე და ბინის ქირებზე, წლის ბოლომდე, 5 თვეში მილონზე ავედით, წელს გაცილებით მეტია ეს თანხა. ბუნებრვია, ეს თანხა აკლდება იმ ბინების მშენებლობას, მაგრამ როდესაც ადამიანს წამლის ფული არ აქვს და ღია ცის ქვეშ არის დარჩენილი, გრძელვადიან პრობლემების გადაწყვეტაზე ფულს ვერ დაზოგავ. ამიტომ, იძულებული ვართ, რომ ვცადოთ ბალანსის გაკეთება. გრძელვადიან განსახლებაშიც ვცდილობთ, რომ ინოვაციური მიდგომებით წავიდეთ. აღმოვაჩინეთ, რომ ძალიან წარმატებულად მუშაობს სოფლის სახლის პროგრამა. ახლა თვეში უფრო მეტ სახლს ვყიდულობთ, ვიდრე მანადმე წლის განმავლობაში.
რაც შეეხება ახალ პროექტს, რომლის მიხედვით დევნილი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხის დაფარვა იწყება. ამ პრობლემის მოგვარებისთვის რამდენი გამოიყო ბიუჯეტიდან?
- გამოვყავით ერთი მილიონი ლარი. რაც მთავარია, აქაც, როგორც ყველგან, გვაქვს ქულების ფილტრი. როგორც წესი, ყველაზე მაღალ ქულას აგროვებს სოციალურად დაუცველი. არის უამრავი სხვა კრიტერიუმი, რომლითაც ეს ქულები გროვდება. მაგალითად, თუკი ოჯახის წევრი დაღუპულია ომში, ან იბრძოდა და გარკვეული ორდენები აქვთ მიღებული, ან არის მრავალშვილიანი, ან ოჯახში არის შეზღუდული შესაძლებლობის პირი, ეს ყველაფერი აღირიცხება.
ეს არ ეხება იმათ, ვისაც იპოთეკაში აქვთ ბინა ჩადებული. ეს ეხება იმ კატეგორას, რომლებამაც ბანკიდან აიღეს სესხი, იყიდეს ბინები და ყოველთვიურად იხდიან პროცენტს. ეს ადამიანები მოდიან და მეუბნებიან, რომ კი, ბატონო, ავიღეთ სესხი, მაგრამ დავრჩით უმუშევარი, ან ლარის გაუფასურების გამო ვერ ვიხდით პროცენტს, ვკარგავთ ბინას და ვრჩებით ქუჩაში.
ისინი ამბობენ, რომ ხომ უნდა მოგეცათ ჩვენთვის ბინა, რომელიც დაახლოებით 30-40 ათასი დოლარი ჯდება, არაფერი მინდა თქვენგან, დამიფარეთ ის 10 ან 15 ათასი, რომელიც მაქვს დარჩენილიო, რაც სახელმწიფოსაც უფრო იაფი დაუჯდება და მეც გადავრჩები ქუჩაში დარჩენასო. ვფიქრობ, რომ იყო სწორი მიდგომა და გადავწყვიტეთ, რომ ეს პროგრმა აგვემოქმედებინა. სწორედ, ასეთებს დავეხმარებით, რომელთა წინაშე სახელმწიფოსაც აღებული ვალდებულება ექნება მოხდილი.
საერთოდ, ეს პროცესი, ბინის გადაცემა იქნება თუ იპოთეკის დაფარვა, საკმაოდ რთულია. შემოდის საჩივარი, რომ ადამიანი, რომელმაც მიიღო საცხოვრებელი ფართი, სინამდვილეში აქვს საცხოვრებელი ფართი, მაგრამ გადაფორმებული აქვს სხვაზე. ადვილი არ არის ამის გადამოწმება. ძალიან ჩაღრმავებული მუშაობა გვიწევს და საბოლოოდ იკეთება გარკვეული სურათი. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ზუგდიდში 320 ბინა გაიცა, აქედან 24 ოჯახზე შემოვიდა განცხადება, რომელსაც ახლა კომისია იხილავს. თუმცა, წინასწარ ვიცი, რომ 13 თუ 14 ბინა სავარაუდოდ, ჩამოერთმევათ იმ ოჯახებს, რომლებმაც მიიღეს.
ასეთ შემთხვევაში რა კატეგორიაზე ნაწილდება ეს ფართები?
- გადაეცემათ იმათ, ვინც რიგში შემდეგი იყო. ზუგდიდში ყველა ნგრევადი ობიექტი დაიხურა. გარდა ამისა, ზუგდიდში დაახლოებით ერთ თვეში დამთავრდება 42 ბინიანი საცხოვრებელი ფართის მშენებლობა. ასევე, ზუგდიდში ორი ახალი კორპუსის მშენებლობასთან დაკავშირებით გამოვაცხადეთ ტენდერი. წლის ბოლომდე, ალბათ, კიდევ გამოვაცხადებთ ტენდერს. მომავალი წლის ბოლომდე ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი დევნილები დაკმაყოფილდებიან საცხოვრებელი ფართებით. ხაშურში წლის ბოლომდე დასრულდება 270 ბინიანი 2 საცხორვებელი ფართის რემონტი და ხაშურში უკვე არ გვეყოლება უბინაო დევნილი, ისევე როგორც ახალციხეში.
თუმცა, რჩება თბილისი...
- ჯერ არ მომხდარა, რომ თბილისში ბინა აშენებულიყო დევნილისთვის. აქამდე ხდებოდა დაკანონებები და გარემონტება. თბილისში წელს პირველად მოხდება დევნილებზე ბინის გაცემა და ეს მოხდება აგვისტო-სექტემბერში, ასევე, მომდევნი წლის დასაწყისშიც გაიცემა 300 ოჯახზე საცხოვრებელი ფართი. ასევე, თბილისის სხვადასხვა უბნებში მენაშენეებისგან ვყიდულობთ ბინებს, ეს პროცესი გრძელდება. ასე რომ, თბილისშიც, წლის ბოლომდე ძალიან ბევრი მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი დევნილი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით.