ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ზურაბ ახალკაციშვილმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია მის მიერ საჯარო სამსახურში „ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ კანონის“ მე-10 მუხლის დარღვევის შესახებ. როგორც ირკვევა, ახალკაციშვილმა საკუთარი უწყების მიერ ორგანიზებული აუქციონით თვითონ ისარგებლა. დოკუმენტების თანახმად, ახალკაციშვილმა 2013 წლის 14 იანავარს აუქციონის საშუალებით ავტომობილი „volkswagen jetta“ შეიძინა, რომლის ფასიც 9040 ლარი იყო. ამავე წლის 14 ივნისს ახალკაციშვილმა ისევ გაიმარჯვა ინტერნეტ აუქციონში და შეიძინა ავტომობილი „bmw 530“, რომლის ღირებულება 13 845 ლარი იყო.
გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, ამავე უწყების ინოვაციებისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსს, ბეჟან შარაშიძეს განცხადებით მიმართა და სატელეფონო ზარების ჩანაწერების ყოველდღიურ რეჟიმში მიწოდება მოსთხოვა.
ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ახალკაციშვილმა თანამდებობა დატოვა. ამბობს, რომ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია, თუმცა თანამდებობას ტოვებს, რათა სააგენტოს ჩრდილი არ მიადგეს. რაც შეეხება ე.წ. IP ტელეფონებზე შემოსული ზარების მონიტორინგის საკითხს, ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ აღნიშნული ხორციელდებოდა ცხელ ხაზზე შემოსული ზარების მონიტორინგისა და მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით და ეს პირიქით, აუცილებელია შემოსულ ზარებზე ეფექტური რეაგირებისათვის.
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიც ადასტურებს, რომ მის თანამშრომელს კანონი არ დაურღვევია.
„მინდა გითხრათ, რომ კანონი ამას არ კრძალავს და ბატონ ზურაბს კანონი არ დაურღვევია. მოგეხსენებათ, რომ მომსახურების სააგენტოს, გარდა ინტერნეტაუქციონისა, აქვს ჩვეულებრივი მაღაზიები, სადაც შესაძლებელია, რომ ადამიანი მივიდეს და შეიძინოს. მე ერთს გეტყვით, - ის ავტომანქანა, რომელიც ბატონმა ზურაბმა შეიძინა, ჩვეულებრივი ვაჭრობის შედეგად გაიყიდა საბაზრო ფასად, 42 ბიჯი იყო დადებული, ანუ ეს არ ყოფილა ჩაკეტილი აუქციონი“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მიუხედავად ზემოთ აღნიშნული განმარტებებისა, ახალკაციშვილის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზი, სავარაუდოდ, აუდიტის სამსახურის დასკვნა გახდა. როგორც ირკვევა, აუდიტის სამსახურმა მომსახურების სააგენტოს ფინანსურ საქმიანობაში გარკვეული დარღვევები გამოავლინა. ინფორმაციას აუდიტის სამსახურიც ადასტურებს. როგორც უწყებაში ამბობენ, აუდიტის სამსახური მასალებს მთავარ პროკურატურაში გადააგზავნის.