„ფულზე გაყიდულები!!! მიმიფურთხებია შენისთანა ბიძაშვილისვის“, - ასე უპასუხა ბესიკ ხარძიანის ძმისშვილმა, გიორგი ხარძინმამოკლული ბიზნესმენის, შვილს. ბესიკ ხარძიანის შვილებმა და ყოფილმა მეუღლემ საგანგებო ბრიფინგი გამართეს და მკვლელობის ორგანიზატორად ბიზნესმენის მეორე მეუღლე, ეკა ნონიკაშვილი დაასახელეს. თუმცა, რა მტკიცებულებების საფუძველზე სდებენ ბრალს ნონიკაშვილის, ეს ბიზნესმენის ოჯახმა არ დააკონკრეტა.
ბიზნესმენის შვილი პირველი ქორწინებიდან, მიხეილ ხარძიანი აცხადებს, რომ მამამისის მკვლელობა ბიზნესმენის მეორე მეუღლემ, ეკა ნონიკაშვილმა შეუკვეთა.
მიხეილ ხარძიანის თქმით, მას გააჩნია ინფორმაცია, რომ მამამისი ეკა ნონიკაშვილმა დააჭერინა ქონების მითვისების გამო.
„პირადად მე მიმაჩნია, რომ მამაჩემის გარდაცვალება ეკა ნონიკაშვილმა დაუკვეთა. შევდივართ ბებიაჩემთან, სადაც კამათობენ მამიდაჩემი მაია ხარძიანი და ბებიაჩემი. შევდივართ და გვეუბნებიან, გაჩუმდით, ხმა არ ამოიღოთ ქონებაზე. თქვენზე ორივეზე და ყველაზე ტყვიებია მოშვერილი. ყველას დაგხოცავენ, ოღონდ დაიწყებენ შენით, - მეუბნება მე, მერე ჩემი დით და ასე შემდეგ და ქონება დარჩება ეკა ნონიკაშვილს. ამ დროს გამოეპასუხა მაია ხარძიანი - დედა დაწყნარდი, დავკრძალოთ ბესო და თუ არ იტყვის ეკა ნონიკაშვილი სიმართლეს, 2-3 დღეში მე გამოვალ და მე ვიტყვი იმ სიმართლეს. მაინტერესებს რა სიმართლე იცის მაია ხარძიანმა ეკა ნონიკაშვილზე, თქვას“, - აცხადებს ხარძიანი.
ამასთან, როგორც ბიზნესმენის შვილი ამბობს, ის დაახლოებით 5 დღის წინ შეხვდა გია უდესიანს. მისივე თქმით, ამ შეხვედრაზე უდესიანმა მას ისეთი კადრები აჩვენა, რომ ასეთი სირცხვილი არასოდეს განუცდია. აქედან გამომდინარე, საკუთარი ოჯახის წევრებს - დედას, დას და მეუღლეს მოუწოდებს, ცილისწამებისთვის გია უდესიანს ბოდიში მოუხადონ. როგორც თავად ამბობს, უდესიანთან შეხვედრა მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა, რომ ბოლო პერიოდში მის გადაადგილებას, ისევე როგორც მამამისისას, მოპედიანი უცნობი პირი აკვირდება.
„ამ ფაქტთან დაკავშირებით გავნერვიულდი და სასწრაფოდ დავუკავშირდი გია უდესიანს და მკაცრად მოვთხოვე შეხვედრა. მან წარმიდგინა უტყარი მტკიცებულებები... კუს ტბის შეძენის მტკიცებულებები, სადაც მას 12 მილიონი აქვს გადახდილი და წარმიდგინა ვიდეოკადრები, რაზეც მე, პირადად ასეთი სირცხვილი არ განმიცდია. მინდა მოვუწოდო ბესო ხარძიანის ოჯახის წევრებს - მაია, გია, ლია ხარძიანებს, გამოვიდნენ და ბოდიში მოუხადონ გია უდესიანს!
გიორგი უდესიანის ნაჩუქარი და აშენებული წავკისის სახლი რატომ აქვთ? გიორგი უდესიანის ნაჩუქარი „პორშეს“ ჯიპით რატომ დადის ეკა ნონიკაშვილი? მაინტერესებს, ეს ადამიანი მტრად რატომ შერაცხეს? ყველა ვიდეოკადრი მაქვს ნანახი! მოგიწოდებთ, გამოდით და ბოდიში მოიხადეთ გიორგი უდესიანის ოჯახის წინაშე, ხარძიანთა გვარს, ეს ჩვენ არ გვეკადრება. ნუ შეგყავთ გამოძიებაც ჩიხში, იცით რასაც ვამბობ და თქვით სიმართლე, თორემ წარდგებით ჩვენი გვარის შეხვედრაზე და იქ მოგთხოვთ პასუხს“, - განაცხადა მიხეილ ხარძიანმა.
გარდა მკვლელობის შეკვეთისა, მიხეილ ხარძიანი ბზნესმენის მეუღლეს მეორე ბრალდებას უყენებს და აცხადებს, რომ ნონიკაშვილი მას ციხეში ჩასმით ემუქრებოდა.
„ნონიკაშვილმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დავით ჭაკუა დამისახელა და მითხრა, რომ თუ პაემნის განცხადებას უკან არ გამოვიტანდი, წამალს ჩამიდებდნენ და მამაჩემთან ერთად აღმოვჩნდებოდი საპატიმროში. მკითხა, თუ იცი ვინ არის ჭაკუაო, - ის ჩემი სიძეა და კარაგად, რომ გაგროზგავენ ჭაკუას ჯალათები, მერე გაიგებ რა ძალა გამაჩნიაო, ასე მითხრა ეკა ნონიკაშვილმა“, - აცხადებს მიხეილ ხარძიანი.
მოლკლული ბიზნესმენის, შვილის ბრალდებას ჯერჯერობით ვრცლად არ პასუხობს, ბრალდების მთავარი ადრესატი, ეკა ნონიკაშვილი. თუმცა, როგორც ოჯახის ადვოკატი, მალხაზ სალაყაია აცხადებს, ოჯახი გაოგნებულია მიხეილ ხარძიანის მიერ გაკეთებული განცხადებებით. ადვოკატი ამბობს, რომ მსგავსი ქონებრივი დავა მოსალოდნელიც იყო.
„ოჯახი არის გაოგნებული, როგორ შეიძლება ადამიანს ეს დააბრალო და მსგავსი დაბრეცილი აზრი გაგიჩნდეს. მოვუწოდებ მას, კეთილი ინებოს და ამ განცხადებებზე მისცეს ჩვენება გამოძიებას. მამამისის მკვლელობას ეხება საქმე და წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომელიც თურმე ჰქონია მას და აქამდე ინახავდა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მალხაზ სალაყაია და აქვე ამბობს, რომ მისთვის უცნობია რა მტკიცებეულებები აქვს ბიზნესმენის შვილს.
ბესიკ ხარძიანის შვილის განცხადებებზე კომენტარს არ აკეთებენ მთავარ პროკურატურაში, თუმცა ადასტურებენ, რომ ხარძიანის ოჯახის წევრები დაკითხულები არიან. გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ გამოძიებას ჩვენება მისცეს ხარძიანის პირველმა მეუღლემ და უფროსმა შვილმა.
მოკლული ბიზნესმენის შვილის ბრალდებას, უკომენტაროდ ტოვებს გია უდესიანის და, ნატო უდესიანი, რომლის განცხადებით, მისთვის უცნობია, აჩუქა თუ არა უდესიანმა ბესიკ ხარძიანის მეორე მეუღლეს სახლი და ავტომობილი.
„ვერაფერს ვერ ვიტყვი, ინფორმაცია მეც მოვისმინე. არაფერი არ ვიცი ამ საკითხის ირგვლივ. რაც თქვა, ის თქვა შვილმა, ეს არის იმ კაცის პოზიცია ვინც თქვა. არ ვაკეთებ კომენტარს“, - განაცხადა ნატო უდესიანმა.
მიხეილ ხარძიანს სოცილური ქსელით უპასუხა, ბესიკ ხარძიანის ძმისშვილმა, გიორგი ხარძიანმა, რომელიც ბიზნესმენის შვილს გვარის შეცდომას უწოდებს.
„სულ რომ ვიღაცა გმართავდა ეგ ვიცოდი, მაგრამ ასე თუ დაეცემოდი, არ მეგონა. რომელ ხარძიანების შეკრებაზეა აქ საუბარი? შენი და შენი დის? სხვა ხარძიანი შენ ზედაც არ შემოგხედავს. ხარძიანების შეკრება სულ არ არის საჭირო, ამოსულიყავი შენს ძმასთან, შენს სისხლ და ხორცთან, დალაპარაკებოდი, თუმცა, რომელ საუბარზეა ლაპარაკი, ფული ჯოჯოხეთსაც ანათებს, მაგრამ ღირს საკუთარ ოჯახზე ასეთი საუბარი? მიმიფურთხებია სულში ყველასთვის, ვინც შენსას დაიჯერებს, გვარის შეცდომა ხარ.
ფულზე გაყიდულები!!! ფუი, მიმიფურთხებია შენისთანა ბიძაშვილისთვის! რამის თქმა გინდა? მოდი და ოჯახში თქვი რა ტელევიზიებით ატრიალებ ენას?! ვიღაცა იმუქრებოდა ბოლო ობოლი არ ვიქნებიო? მოგცეს პარიზული ევროები?! განსხვავება ისაა, ჩვენ არ ვსაუბრობთ ყველაფერს! გვრცხვენიხარ ხარძიანებს! ხორცმეტი ხარ ხარძიანების და მთელი ოჯახის“, - წერს გიორგი ხარძიანი.
ხარძიანების ოჯახის მეგობარი, ა-ო „ძლიერი ქალი ძლიერი სახელმწიფოს“ ხელმძღვანელი, ლალი მოროშკინა, საქართველოს პატრიარქს მიმართავს, რომ დროულად ჩაერიოს პროცესში არ დაუშვს სვანურ ოჯახებში დაპირისპირება.
„სამწუხაროდ, იქამდე მივიდა ვითარება, რომ შვილებს უწევთ კომენტარის გაკეთება. სამწუხაროდ, ჩვენ მივიღეთ ბავშვების ომი, შვილების თაობა არის ერთმანეთს დაპირისპირებული. ვთხოვთ პატრიარქს, რომ შეწყვიტოს ეს კლანური დაპირისპირება. 2013 წელს პატრიარქი ასული იყო მესტიაში, მოილოცა მთავარი ტაძარი და თქვა, რომ ჩემს თავზე ვიღებ იმ ცოდვებს, რომელიც აქამდე მოხდა კლანური დაპირისპირების გამო, დღეიდან შეწყდეს ერთმანეთთან გარჩევა, სისხლის აღება ოჯახებში, ძმებს და ბიძაშვილებს შორისო.
ეს ძალიან კარგი პრეცედენტი არსებობს და კარგი იქნება რაღაცა ამდაგვარი თუ მოხდება. პატრიარქმა ტაძარში მოუხმოს ხარძიანის და უდესიანის შვილებს და მოხდეს საერთო შერიგება. ეს უნდა დამთავრდეს, იმიტომ, რომ ძალიან ცუდ ფორმებს იღებს. ახალგაზრდები არიან, ღმერმა ნუ ქნას, რომ კიდევ უარესი უბედურება მოხდეს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლალი მოროშკინა.