სახელმწიფო უწყებები არკვევდნენ და ვერ გაარკვეს, რომელ უწყებას წარმოადგენდნენ ადამიანები, რომლებიც თბილისის ქუჩებში აირწინაღებით და სპეციალურ უნიფორმებში ჩაცმულები გამოჩდნენ. ისინი ჰაერის დაბინძურებისთვის ავტომობილების მძღოლებს „აჯარიმებენ“ და აცხადებდნენ, რომ ისინი „ეკოპოლისიის“ თანამშრომლები არიან, თუმცა, რომელ უწყებას წარმოადგენენ, ამ ინფორმაციას „ეკოპოლისიის“თანამშრომლები საგულდაგულოდ მალავდნენ. „ეკოპოლიციის“ შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ თბილისის მერიაში, გარემოს დაცვის სამინისტროში კი გვარწმუნებდნენ, რომ აიარწინაღებით აღჭურვილ ადამიანებს მათთან კავშირი არ ჰქონდათ. ინფორომაცია შსს-შიც გადავამოწმეთ, პასუხი აქაც ანალოგიური იყო.
როგორც აღმოჩნდა, ეს სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ - ეკომეგობრული აქცია იყო. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, „ჯიპიაი ჰოლდინგი“ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ეკოკამპანიას იწყებს. ქმნის „ეკოისტების მოძრაობას“, რომელშიც ერთიანდება ყველა, ვინც იზიარებს ეკო-ზრუნვის აუცილებლობას. კამპანიის პირველი ეტაპის მიზანია, მოხდეს ამ გამოწვევის შესახებ უფრო მეტი ადამიანის ინფორმირება და „ეკომეგობრული“ ავტომობილებისთვის წამახალისებელი ინიციატივების დანერგვა როგორც კერძო, ისე სამთავრობო დონეზე.
კამპანიის ფარგლებში „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მომხმარებელს თვისობრივად ახალ ავტოდაზღვევას - „ეკოპოლისს“ სთავაზობს. „ეკოპოლისი“ იმ მანქანებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც ნაკლებად აბიძნურებენ გარემოს. „ეკოპოლისით“ ავტოდაზღვევის მსურველები მიიღებენ გაცილებით შეღავათიანი ტარიფს - სტანდარტული ტარიფთან შედარებით 20 პროცენტით ნაკლებს და ჩაერთვებიან მასშტაბურ გათამაშაბაში, სადაც ყოველი მეათე დაზღვეული მიმზიდველ პრიზს იგებს. მათთვის განკუთვნილია ასევე გარანტირებული საჩუქრები - „სიტიპარკის“ ერთწლიანი ვაუჩერი და „ვიანორის“ 50 პროცენტიანი ფასდაკლების ბარათი.
„ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება უფრო მეტად იყოს ინფორმირებული ამ პრობლემებზე და ჩვენი ინიციატივაც ამას ეხება - პირველ რიგში, გვსურს მეტმა მძღოლმა დაიცვას ეკო-მართვის წესები, რაც მათ საწვავის მინიმუმ 20 პროცენტით დაზოგვის საშუალებას მისცემს და ამასთან ერთად, ვთავაზობთ მართლაც უპრეცედენტო პირობებს იმ სტანდარტის ავტომობილებს, რომლებიც მეტ-ნაკლებად ახალია და ნაკლებად აბინძურებს გარემოს. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია, რომ დავიწყოთ ამ პრობლემის მოგვარებაზე ფიქრი და მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, ჩვენს ინიციატივას შემოუერთდეს“, - აღნიშნა სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალურმა დირექტორმა პაატა ლომაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დამფუძნებელი, გელა კვაშილავა აცხადებს, რომ საზოგადოება უფრო მეტად უნდა იყოს ინფორმირებული და მოტივირებული, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს.
„ავტოპარკის „დაძველების“ პირველი მიზეზი, ცხადია, არის ეკონომიკური მდგომარეობა, თუმცა ჩვენნაირი ეკონომიკის ქვეყნებშიც არსებობს სტრატეგია, რომელიც მიმართულია ამგვარი პრობლემების მოგვარებისკენ - იქნება ეს შეღავათები საკანონმდებლო დონეზე მეტ-ნაკლებად ახალი მანქანებისთვის, შეღავათები დაკრედიტებაზე და ა.შ. ამ ქვეყნების მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ამგვარი სტრატეგია საკმაოდ წარმატებულადაც მოქმედებს.
ჩვენი აზრით, საზოგადოებაც უფრო მეტად უნდა იყოს ინფორმირებული და მოტივირებული, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. სწორედ ამიტომ ვუერთდებით „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ინიციატივას, წაახალისოს და უკეთესი პირობები შესთავაზოს ამ სტანდარტის ავტომობილებს. ამგვარი ნაბიჯები იქნება პროცესის დასაწყისი, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს შედეგამდე, თუკი იქნება ერთიანი ძალისხმევა“, - აცხადებს გელა კვაშილავა.