მესტიაში, სოფელ ეცერში ჩატარებული სპეცოპერაციის გამოძიება დასკვნით ეტაპზე გადადის. აფრასიძეების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში ორი დღეა მოწმის სახით დაკითხვაზე იმყოფება, გულუას სახელობის სპეცრაზმის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ ქაჯაია. მან გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე არ ასაუბრა, თუმცა, აღნიშნა, რომ დაკითხვაზე გამოცხადებამდე უკრაინაში გამგზავრებას აპირებდა.
„მივფრინავდი უკრაინაში, ჩემი მეგობარი, ვისთან ერთადაც აფხაზეთში ვომობდი, დაიღუპა და მის გადმოსვენებასთან დაკავშირებით ვაპირებდი გამგზავრებას, მაგრამ აეროპორტიდან პროკურატურაში წამომიყვანეს დაკითხვაზე“, - აღნიშნა ზურაბ ქაჯაიამ.
მესტიაში, სოფელ ეცერში სპეცოპერაცია 2004 წლის 24 მარტს ჩატარდა, რომელსაც შს მაშინდელი მინისტრი გიორგი ბარამიძე ხელმძღვანელობდა. სპეცოპერაციის დროს მამა-შვილი ევგენი და ომეხ აფრასიძეების ლიკვიდირება მოხდა. დაკავებულ ძმებ გოჩა და შმაგი აფრასიძეებს კი 19 და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, რომლებსაც ამნისტიით სასჯელი გაუნახევრდათ, და 2013 წელს პატიმრობიდან გათავისუფლდნენ.
მთავარი პროკურორის მოადგილის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, აფრასიძეების საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეოს. რაც შეეხება გიორგი ბარამიძეს, შოთაძე ამბობს, რომ აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებით, გიორგი ბარამიძის დაკითხვის საჭიროება, ამ ეტაპზე, არ არსებობს.
„გამოძიების საჭიროებიდან გამომდინარე, ნებისმიერი პირი დაიკითხება. ამ ეტაპზე გიორგი ბარამიძის დაკითხვის საჭიროება არ არსებობს“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
ბარამიძის დაკითხვას და დაკავებას ითხოვს, აფრასიძების დედა, დოდო აფრასიძე. for.ge-სთან საუბრისას დოდო აფრასიძე აცხადებს, რომ მისთვის უცნობია რა ეტაპზეა გამოძიება, თუმცა, ამბობს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, დაახლოებით 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა მისი დაკითხვა პროკურატურაში. როგორ აფრასიძე ამბობს, მძინარეს ვეტმფრენების ხმაზე გაეღვიძა. სწორედ ამ დროს დაიწყო სროლა სახლის მიმართულებით. მისივე თქმით, ოჯახის უფროსი, ევგენი აფრასიძე ხელებაწეული გავიდა აივანზე, პოლიციელებს მიმართა, რომ სახლში ქალები და მცირეწლოვანი ბავშვები იმყოფიაბდნენ, რა დროსაც მას სნაიპერის ტყვია მოხვდა.
„იმ მონეტში მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ როგორმე ბავშვები გადამერჩინა. გოჩამ ბავშვები მეზობლის სახლში გაიყვანა. უკან რომ მობრუნდა, ჩემი მეუღლე, რომელიც დაჭრილი აივანზე იყო და სისხლისგან იცლებოდა, სახლში შემოიყვნა და ტახტზე დააწვინა. გიორგი ბარამიძემ გასცა სახლის დაწვის ბრძანება... ცოცხლად დაწვეს ჩემი მეუღლე, მისი დამწვარი ძვლები კარებთან ეყარა, ეტობა გამოსვლას ცდილობა და ახლა ამბობენ, რომ თურმე ბარამიძე არ უნდა დაიკითხოსო! ხელები შეუკრეს ომეხის და ისე დახვრიტეს. ჩემი რძალი იმ სპეცოპერაციის შემდეგ ფსიქიურად დაავადდა. წარმოუდგენელი სისასტიკით გაგვანადგურეს.
მეზობლები დაგიდასტურებენ, როგორ ეხვეწებოდნენ ბარამიძეს, რომ ომეხის ცხედარი მოგვეცი, გავაპატიოსნებთო, მაგრამ სასტიკი წინააღმდეგი იყო. ყველაზე მეტად ბარამიძე აქტიურობა. ის თუ არ უნდა დაკითხონ, აბა სხვა ვინ უნდა დაკითხოს პროკურატურამ, იქნებ ამაზე მიპასუხოს გამოძიებამ? თუ ელოდებიან როდის გაიქცევა საქართველოდან. ბარამიძე იყო ამ ტრაგედიის თავი და თავი. გამორიცხულია, რომ ბარამიძე არ დაიკითხოს“, - აცხადებს დოდო აფრასიძე.
აფრასიძეების ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, მისთვის უცნობია, რატომ ჩათვალა პროკურატურამ, რომ ამ საქმეზე არ დაკითხოს გიორგი ბარამიძე.
„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გარკვეულ დეტალებზე ვერ ვლაპარაკობ. ნამდვილად, კომენტარს ვერ გავაკეთებ ბარამიძესთან დაკავშირებით, რადგან გამოძიებას აქვს რამდენიმე მიმართულება. რადგან გამოძიებამ აირჩია ეს ტაქტიკა, სანამ არ გავეცნობით რატომ არის ეს ტაქტიკა არჩეული, ბუნებრივია, ვერ გავაკრიტიკებ გამოძიებას. თუ არ მოგვეწონა გარკვეული დეტალები, ბუნებრივია, ჩვენ ამაზე გვექნება რეაქცია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირმა ჭკადუა.
ყოფილი შს მინისტრი, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ მისი თხოვნის მიუხედავად, აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებით არ დაკითხულა.
„დიდი ხანია ვითხოვ ამ და სხვა საკითხებზე, რომელიც გახმაურებული იყო და ჩემს სახელს ახსენებდნენ, ვყოფილიყავი პროკურატურაში დაკითხული, მაგრამ ორ წელიწადნახევარი გავიდა, არავის არაფერი უკითხვას ჩემთვის“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე საგანგებო ბრიფინგი გამართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გივი თარგამაძემ, რომლის განცახადებით, აფრასიძეების საქმეზე სპეცრაზმელებს გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებენ. მისი თქმით, სწორედ ამას უკავშირდება პროკურატურაში გულუას სახელობის სპეცრაზმის ყოფილი ხელმძღვანელის ზურაბ ქაჯაიას დაკითხვაზე დაბარება.
„ეს დაკითხვა უკავშირდება აფრასიძეეების ცნობილ ოპერაციას დაზურაბ ქაჯაია ყაჩაღი აფრასიძეების გაუვნებელყოფის ცნობილ ოპერაციას. ამ საქმეზე დაკითხულ ასზე მეტ სპეცრაზმელს სთხოვენ ერთსა და იგივეს, რომ მათ მისცენ ჩვენება თითქოს, მაშინდელი მინისტრი გია ბარამიძე აძლევდა მათ ბრძანებას აფრასიძეების პირდაპირ ლიკვიდაციაზე. ასეთ ჩვენებას არავინ აძლევს და არც მისცემს, იმიტომ, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს.
ასეთი ჩვენების მიღება არის მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის სურვილი. არსებობს ალბათობა, რომ ზურაბ ქაჯაია რომელიც არის გორგასლის სხვადასხვა ხარისხის ორდენის მფლობელი, დღეს დააკავონ იმისათვის, რომ უკვე შემდგომში, გლდანის მე–8 იზოლატორში მისგან ზეწოლის გზით მიიღონ სასურველი ჩვენება. კატეგორიულად ვურჩევთ ხელისუფლებას, ხელი აიღონ ესეთ ქმედებებზე, შეწყვიტონ სპეცრაზმელების დევნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ჩვენის მხრივ მივმართავთ ყველა შესაძლო ფორმას კანონიერ ფარგლებში პროტესტისა და ეს პროცესი გამოიღებს ძალიან მძიმე შედეგებს“, - აცხადებს გივი თარგამაძე.
აღსანიშნავია ისიც, რომ აფრასიძეების განადგურების ბრძანების გაცემა დაადასტურა დაადასტურა თვით საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.
„მე მინდა დავადასტურო, რომ მე გავეცი ბრძანება მესტიის დაპატრონებული ბანდიტების განადგურების, ერთი წამით არ ვნანობ, ეს იყო აფრასიძეების ბანდა, რომელიც აკონტროლებდა მთელ სვანეთს და რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან გამაგრებული იყო მაღალ კოშკში. ჩემი ბრძანებით, ჩვენი ვეტმფრენებიდან გახსნილი იქნა ცეცხლი, მათ შორის რაკეტებით“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მიუხედავად სააკაშვილის ამ აღიარებისა, პროკურატურა არ ჩქარობს, ყოფილი პრეზიდენტისთვის ბრალის წარდგენას.
შეგახენებთ, რომ განსაკუთრებით მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ჩამდენი პირების, ასევე ძებნაში მყოფ ბრალდებულთა ადგილ-სამყოფელის დადგენა-დაკავების მიზნით, 2004 წლის 24 მარტს, დილის 7.30 საათზე, შსს-ს გია გულუას სპეციალური დანიშნულების რაზმმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს და უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებმა, ერთობლივი ანტიკრიმინალური ოპერაცია ჩააატარეს. სპეცოპერაციაში მონაწილეობა მიიღო შს და უშიშროების სამინისტროების რამდენიმე ასეულმა თანამშრომელმა, მათ 12 ვერტმფრენით განახორციელეს აფრასიძეების ოჯახზე თავდასხმა.