„მეუფე ისაიას თანამედროვე გმირობა სწორედ ის არის, რომ თავისი მრევლის ერთგულად რჩება“

„მეუფე ისაიას თანამედროვე გმირობა სწორედ ის არის, რომ თავისი მრევლის ერთგულად რჩება“

ოკუპირებულ ცხინვალში, კონკრეტულად, ახალგორში მოქმედი ეკლესია-მონასტრების მოსალოცად გადასული ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტის - ისაიას გაუჩინარების შემდეგ უკვე წელიწადზე მეტი გავიდა.

მთელი ამ ხნის მანძილზე მორწმუნეები წუხდნენ, რატომ ვერ ახერხებდა მათი მეუფე ნიქოზის საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვის აღვლენას და რა მდგომარეობაში იმყოფებოდა იგი, ხომ არ ელოდა რაიმე საფრთხე, მით უმეტეს, ნიქოზელთა ნაწილი ეჭვობდა, რომ მეუფე რუსმა ჯარისკაცებმა დააკავეს და ცხინვალის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ვითარებას ამძიმებდა ის ფაქტიც, რომ მეუფის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა საპატრიარქოც. რაც შეეხება ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიას, აქ მხოლოდ იმას აცხადებდნენ, რომ მეუფე ისაიას დროებითი პასპორტი ჰქონდა, კერძოდ, ფორმა ნომერი ცხრა, რომელსაც ვადა გაუვიდა, ამიტომაც ვერ ბრუნდებოდა, რადგან ახალი საშვის მიღებას ელოდა.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ოკუპირებული ახალგორის (ოკუპანტების ენაზე -  ლენინგორის) რაიონის ტაძრებში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურები მსახურებას განაგრძობენ. ისინი ჩვენს მართლმადებელ ეკლესიას ემორჩილებიან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ალანიის ეპარქიასთან არანაირი კავშირი არ აქვთ.

მეუფის ამჟამინდელი მდგომარეობის გასარკვევად ჩვენ დავუკავშირდით შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელს, ჟურნალისტ საბა წიწიკაშვილს. ის აცხადებს, რომ მეუფის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს, ერთადერთი იცის, რომ მეუფე ისაია ახალგორში პატრონობს ეკლესიას და მას პრობლემები ჰქონდა ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვლასთან დაკავშირებით.

For.ge დაუკავშირდა მრევლის წევრს,  ნათია ომაძეს. ის აცხადებს, რომ პირადი ნაცნობობა აქვს ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის წარმომადგენლებთან და სააღდგომო მსახურებაზე იმყოფებოდა კიდეც ნიქოზში, რამდენიმე მსახურებასაც დაესწრო ტაძარში, თუმცა წუხდა, რომ მეუფე ისევ ვერ იხილა ნიქოზში.

ნიქოზის მკვიდრი გელა კაპანაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ნიქოზ-ცხინვალის ეპარქიის ხელმძღვანელი მეუფე ისაია ახალგორში საკუთარი სურვილით შევიდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, ქართული მრევლის საპატრონოდ. საოკუპაციო რეჟიმის, ანუ ცხინვალის ე.წ. ხელისუფლების მხრიდან არაერთგზის მუქარისა და გაფრთხილების მიუხედავად, ის მაინც არ ტოვებს ადგილობრივ ტერიტორიას, პატრონობს ქართულ მრევლს და ქართულ მოსახლეობას.

„მოგეხსენებათ, საოკუპაციო რეჟიმი პერიოდულად ამკაცრებს ე.წ. საპასპორტო რეჟიმს, რაც ითვალისწინებს ვიზების გამოცვლას ახალგორის რაიონში. ეს ე.წ. ვიზა მეუფე ისაიას არ გააჩნია, ამიტომ მისი დატოვების შემთხვევაში, ვეღარ შებრუნდება უკან, ახალგორის ტერიტორიაზე. ამდენად, მან მიიღო გადაწყვეტილება, არ დაეტოვებინა ახალგორი. უფრო მეტიც, როგორც მისი მრევლი აცხადებს, მათ ჰქონდათ სატელეფონო საუბარი მეუფე ისაიასთან და მას სთხოვეს, დაბრუნებოდა ნიქოზ-ცხინვალის ეპარქიას, მაგრამ მეუფე ისაიას პირადი შეხედულებების გამო მიაჩნია, რომ მისი ადგილსამყოფელი არის სწორედ იმ ქართველებთან, რომლებიც ახლა ახალგორის რაიონში არიან დარჩენილნი“, - აღნიშნა გელა კაპანაძემ.

აღნიშულ ინფორმაციას For.ge-სთან საუბარში კათალიკოს-პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველიც ადასტურებს და მეუფე ისაიას თანამედროვე გმირად მოიხსენიებს.

„მეუფე ისაიას თანამედროვე გმირობა სწორედ ის არის, რომ თავისი მრევლის ერთგულად რჩება და არ ტოვებს ახალგორის ტერიტორიას, რადგან ახალგორიდან გამოსვლის შემთხვევაში, მას უკან შებრუნების ნება იქაური კანონმდებლობით არ ექნება. არა მგონია, ახალგორის ტერიტორიაზე ყოფნა მეუფისთვის საფრთხის შემცველი იყოს, ის მონასტერშია და ძალიან კარგია, რომ, რთული ვითრების მიუხედავად, ქართული მოსახლეობის ნაწილი მაინც ახერხებს ახალგორის ტერიტორიაზე დარჩენას“.