იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტთა ნუსხაში შესაძლოა, ქართული კულტურის ძეგლები შევიდეს, ოღონდ აფხაზური ინტერპრეტაციით. აფხაზები ირწმუნებიან, რომ დე ფაქტო ტერიტორიაზე არაერთი ბიზანტიური და რომაული ძეგლი არსებობს და ისინი იუნესკოს ნუსხაში აუცილებლად შევიდოდა. თუმცა ამ „ბიზანტიური“ და „რომაული“ ძეგლების მიღმა აფხაზები მათ რეალურ ქართულ წარმომავლობას კვლავაც არ აფიქსირებენ.
აფხაზეთის კულტურის მინისტრის მოადგილე, ისტორიულ–კულტურულ ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი, ბატალ კობახია ამბობს, რომ ასეთი შედევრები აფხაზეთში უამრავია და, სხვა ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, აფხაზეთი უზარმაზარი კულტურული პლასტის მატარებელია.
„აქ ბევრი ბიზანტიური, რომაული ძეგლია. აფხაზეთი ქრისტიანობის გამავრცელებელი ქვეყანაა. ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში ანდრია პირველწოდებულმა, სიმონ კანანელმა აქ იქადაგეს. მესამე საუკუნის ბოლოდან აქ ბიზანტიური ტაძრები შენდებოდა. ლიხნის ტაძარი ერთ-ერთია ქრისტიანული სამყაროს იმ არცთუ ისე მრავალრიცხოვანი ტაძრებიდან, რომელსაც პირვანდელი სახე აქვს შენარჩუნებული“, - განაცხადა კობახიამ.
თუმცა ჩამონათვალი მარტო ლიხნის ტაძრით არ ამოიწურება. ბატალ კობახიას თქმით, ლიხნის ტაძრის გარდა იუნესკოს ნუსხაში შევიდოდა, ასევე, ბედიის ტაძარი, სოხუმის ციხესიმაგრე, ცანდრიფშის ბაზილიკა, ლაშქენდარის ტაძარი, თამარ მეფის ხიდი, ბაგრატის ტაძარი და აფხაზეთის სხვა ისტორიული ძეგლი.
ოფიციალური სოხუმის ინფორმაციით, აფხაზეთში 295 ისტორიული ძეგლი არსებობს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამენტმა აფხაზეთის ყველა ძეგლის ერთიანი რეესტრის შექმნისთვის მუშაობა უკვე დაიწყო.
ექსპერტი ირაკლი ცქიტიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ აფხაზებს არ სურთ, ძეგლებს თავიანთი ქართული სახელი დაარქვან. ამიტომაც ეძებენ დასახელებებს, ხანაც ბიზანტიურს, ხანაც - რომაულს და სხვა. სინამდვილეში, ნებისმიერი ქართველისთვის ფასეულია ბედიის ტაძარი და სხვა ქართული ძეგლები. უფრო მეტიც, ამას წინათ მოსკოვში აღმოჩნდა ხატები, რომელიც გარდაცვლილ შერვაშიძეს დარჩა და აფხაზებს სურთ, ქართული ხატწერის ეს ნიმუშები ჩაიტანონ აფხაზეთში და აფხაზურად გამოაცხადონ.
„ესეც კი გამოიყენეს იმისთვის, რომ ეთქვათ, თითქოსდა, ეს ხატები აფხაზებს ეკუთვნოდათ. ამიტომ ის ფაქტი, რომ აფხაზებს ქართული ძეგლების იუნესკოს ნუსხაში შეტანა სურთ, უნდა გამოვიყენოთ ერთადერთი მიმართულებით, რომ როგორმე მივაღწიოთ იუნესკოს წარმომადგენლების ჩასვლას აფხაზეთის ტერიტორიაზე და იქ არსებული კულტურული ძეგლების შესწავლას. სხვათა შორის, ქართული მხარე არაერთხელ სთავაზობდა აფხაზებს, იუნესკოს სპეციალისტები დაეშვათ, რომ მომხდარიყო ძეგლების აღწერა აფხაზეთის ტერიტორიაზე, თუმცა აფხაზური მხარე ამაზე ყოველთვის უარს აცხდებდა. ქართული მხარე იმაზეც კი წავიდა, დაეშვა იუნესკოს წარმომადგენლების შეშვება აფხაზეთის ტერიტორიაზე სოჭის მხრიდან, მაგრამ ამას არ მოჰყვა აფხაზებისგან შემხვედრი ნაბიჯი. აფხაზეთში არის ძეგლები, რომლებიც აუცილებლად უნდა შევიდეს იუნესკოს სიაში, მაგრამ, როგორც აფხაზური ძეგლები, ისინი ვერ შევლენ იუნესკოში. რაც შეეხება ქართულ ძეგლებად მათ მოიხსენიებას, ამას თვითონ აფხაზები არ მოინდომებენ. ამიტომ ბატალ კობახიას განცხადება დემაგოგიურია და ამას გაგრძელება არ მოჰყვება“,-აცხადებს ირაკლი ცქიტიშვილი.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლია ახალაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოს შეუძლია, დაბლოკოს აფხაზეთში მდებარე ძეგლების არასწორი ინტერპრეტაცია, რადგან ჩვენ მიერთებულნი ვართ ყველა იმ საერთაშორისო რეგულაციას, რომელიც ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ავთენტურობის შენარჩუნებას. მისი თქმით, კულტურის მემკვიდრეობის ძეგლად ჩაითვლება მხოლოდ ის ძეგლი, რომელსაც შენარჩუნებული აქვს თავისი თავდაპირველი ხასიათი და სახე. თუმცა ჩვენ გვაქვს ცუდი მაგალითი ილორის ტაძრის სახით, რომელიც აბსოლუტურად გადაასხვაფერეს, ძეგლს არქიტექტურული სახე შეუცვალეს, დარბაზული ტიპის ტაძარზე გუმბათი დააშენეს. არადა, ამ ტიპის ტაძარი არ არსებობს მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში. ილორის ტაძრის „რესტავრაციის“ შემდეგ მივიღეთ შეთეთრებული ტაძარი, მაშინ, როცა, ზოგადად, კავკასიურ არქიტექტურაში თეთრი ტაძრები არ არსებობს.
ამასთან, ლია ახალაძე ბედიის ტაძარში ბაგრატ მეფის ფრესკის ჩამოგდების ფაქტსაც ვანდალურად აღიქვამს, რადგან ამ შემთხვევაში, ტაძრის ქტიტორის გამოსახულება იქნა ხელყოფილი.
„რაც შეეხება ბატალ კობახიას მოსაზრებას, თითქოსდა, ეს ძეგლები ბიზანტიურია, ამ ძეგლების შესახებ არსებობს უამრავი ნაშრომი, მათ შორის, ცნობილ და კომპეტენტურ ქართველ და აფხაზ მკვლევართა, როგორიცაა ლევან რჩეულიშვილი, ლეონ შერვაშიძე, ანატოლი კაცია, იოსებ არძინბა და სხვები. ისინი აღიარებენ, რომ ეს არის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები. შესაძლებელია, ამ ძეგლებიდან რომელიმეს ჰქონდეს ბიზანტიური ნიმუშები, მაგრამ ბიზანტიური კვალი დანარჩენ საქართველოშიცაა, მათ შორის, სამეგრელოს, კახეთის, მესხეთის ტერიტორიაზეც“, - აცხადებს ლია ახალაძე.
რაც მთავარია, მეცნიერის თქმით, ამ ძეგლებზე ამოკვეთილია ქართული წარწერები და აფხაზეთი არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქართული ეპიგრაფიკული ძეგლებით, რაც ადასტურებს, რომ ამ ძეგლების ქტიტორები, მაშენებლები, იყვნენ ქართულენოვანი მოსახლეობა, რომლებიც თავიანთი თავის იდენტიფიკაციას ქართულ ენაზე ახდენდნენ. ბუნებრივია, ჩვენ უნდა ვიღწოდეთ ამ ძეგლების კულტურული ავთენტურობის დასაცავად და ამისთვის საჭიროა ეს ძეგლები შეიტანონ იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში, ოღონდ ეს უნდა მოხდეს ისტორიული სიმართლის გათვალისწინებით.