„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილმა ანტიკორუფციულმა კომისიამ მუშაობა გურჯაანიდან დაიწყო. დღესვე გურჯაანში ანტიკორუფციული კომისიის პირველ სხდომაც ჩატარდა. რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, პარტიის წევრები, აქტივისტებთან ერთად, დღეიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მუშაობას ადგილზე გააკონტროლებენ. ღვინიაშვილის თქმით, ადგილობრივი ხელუსუფლების საქმიანობა, საქართველოს ყველა რეგიონში იქნება შესწავლილი.
გურჯაანში „ანტიკორუფციული კომისიის“ პირველი სხდომის დასრულების შემდეგ, ახლად შექმნილი „ანტიკორუფციული კომისიის“ წევრებმა მოქალაქეთა მიღებაზე დასწრების სურვილი გამოთქვეს. საპასუხოდ კი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პოლიციის თანამშრომლები გამოიძახეს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გია გერგიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა მის თანაშემწეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც გამგებელი აცხადებს, მისი თანაშემწე „ნაციონალური მოძრაობის“ „მოხულიგნო ელემენტებმა“ სუს-ის აგენტობაში დაადანაშაულეს, რის შემდეგაც ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. სიტუაცია პოლიციის მისვლის შემდეგ ჩაწყნარდა.
„გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან თარხნიშვილი და სხვები შემოვარდნენ და იძახდნენ ხალხს რატომ არ იღებთო. ხალხის მიღებაში ხელს თვითონვე მიშლიდნენ და მეუბნებოდნენ ხალხს რატომ არ იღებო. შემოიყვანეს მოხულიგნო ახალგაზრდები. ჩემ თანაშემწეს სუს-ის აგენტი ეძახეს და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ამის შემდეგ უკვე გამოვიხაძე პოლიცია რადგან არ მაძლევდნენ მუშაობის საშუალებას. ისინი ცდილობდნენ პროვოკაციების მოწყობას. მოიყვანეს ისეთი მოქალაქეები, რომლებსაც ყვირილით და წივილით დაძაბულობა უნდა შეექმნათ“, - აცხადებს გია გერგიძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული კომისია კი იმუქრება, რომ ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობას საქართველოს ყველა რეგიონში შეისწავლის, რადგან როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, „ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განვითარების ნაცვლად საქართველო უკან წავიდა: ეკონომიკური ზრდა შეჩერდა, ბიუჯეტი გაირღვა, გაიზარდა კრიმინალი“. სწორედ, ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთელი ქვეყნის მასშტაბით იწყებს ანტიკორუფციული კომიტეტების ჩამოყალიბებას.
დამოუკიდებელი ექსპერტის, ზაალ ანჯაფარიძეს განცხადებით, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ მოღვაწეობის ხელწერას იცნობს და იცის რა სქემით და მეთოდებით მოქმედებდნენ „ვარდების რევოლუციის“ დროს, ადვილად მიხვდება ამ ანტიკორუფციული კომიტეტების რეალურ დანიშნულებას.
„ანტიკორუფციული კომიტეტების მეშვეობით შეეცდებიან კორუმპირებული ხელისუფლების იმიჯის ფორმირებას, შესაბამის ინფორმაციულ პროპაგანდისტული და ფსიქოლოგიური მეინსტრიმის შექმნას, რომ ის არის კორუმპირებული, რათა ამის საფუძველზე დაიწყონ აქტიური ქმედებები ხელისუფლების დასამხობად. ეს მეთოდოლოგია ძალიან კარგად არის აღწერილი ყველა სახელმძღვანელოში, რომელიც არაძალადობრივი გზით რევოლუციის მოწყობის სქემებს ეხება.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ არიან ადამიანები, რომლებსაც ეს ყველაფრი ზედმიწევნით აქვთ შესწავლილი. კორუმპირებული მთავრობის წინააღმდეგ კი რევოლუციურ გამოსვლებს მეტი ლეგიტიმაცია ექნებათ, ეს კარგად აპრობირებული სცენარია. ზუსტად ისეთივე შეფუთვით მოხდება ამის მიწოდება ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებისთვის, როგორც 2003 წელს“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
ექსპერტი ვარაუდობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცდება ამ საქმეში ჩართოს სხვა პოლიტიკური მოთამაშეები, როგორც პოლიტიკური პარტიები, ასევე, საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც შეიძლება მათი სიტუაციური მოკავშირე აღმოჩნდნენ.
„იმიტომ, რომ მათ გარდა სხვებიც ადანაშაულებენ ხელისუფლებას ნეპოტიზმში და კორუფციაში. რაც ერთიანად კარგად გაიყიდება საზღვარგარეთ და წარმოჩინდება, რომ პროდასავლური ძალები ებრძვიან კორუფციას და რუსეთზე ორიენტირებულ ხელისუფლებას, როგორც ეს მოხდა უკრაინაში. სწორედ ეს გახლავთ „მაიდანის“ მსგავსება, რომ თითქოსდა ქვეყანაში მოხდა პროდასავლური ძალების მობილიზება და მათ გადაწყვიტეს ებრძოლათ კორუმპირებულ და რუსეთისკენ მომზირალი ხელისუფლების წინააღმდეგ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
ექსპერტი, უსაფრთხოების საკითხებში, ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელწერა თითქმის იგივეა, რაც შევარდნაძის ხელისუფლების წინააღმდეგ ჰქონდათ. ექსპერტი ამბობს, რომ ამ კონკრეტული კამპანიის კონკრეტული მიზანია, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით ხელისუფლების კორუმპირებულობაში დადანაშაულება. შესაბამისად, მისივე თქმით, ეს იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი გენერალური ხაზი საარჩევნოდ.
„ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივობა ხმების დაბრუნების პირდაპირპროპორციული ვერაფრით ვერ იქნება. „ნაციონალური მოძრაობა“ შედეგს დადებს, მაგრამ ეს შედეგი იქნება ხელისუფლების რეიტინგის კიდევ უფრო დაცემა, თუმცა, ხელისუფლების დაკარგულ ხმებს ის ვერ აკრეფს. ეს ხმები გადავა დაპაუზებული ხმების ყულაბაში. დღეის მონაცემებით, დაახლოებით ნახევარი მილიონია იმ ამომრჩეველთა ხმები, რომლებსაც არც ერთი პარტიისკენ არ აქვთ საკუთარი სიმპატია მიმართული. ეს ძალიან დიდი ფორაა ნებისმიერი ახალი პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს და საეჭვოა, რომ ამ არჩევნებამდე გამოჩნდეს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ პარალელურად, ანტიკორუფციული კომიტეტი შექმნეს ლონდონში მცხოვრებმა რუსმა ბიზნესმენებმა, მიზანი ამ შემთხვევაშიც ანალოგიურია - რუსი კორუმპირებული მაღალჩინოსნების გამოვლენა. გამოცემა „სანდი თაიმსის“ ინფორმაციით, კომიტეტი უახლოეს მომავალში 50 კორუმპირებული ჩინოვნიკის დასახელებას აპირებს. დასახელდება ვლადიმერ პუტინის გარემოცვის იმ წევრების ვინაობა, რომლებმაც არაკანონიერი გზით მილიონები მიიღეს და თანხა საზღვარგარეთის ბანკებში დააბანდეს.
კომიტეტის ხელმძღვანელი სამშენებლო კომპანია „მოსკოვერსპრომის“ ყოფილი დირექტორი, ვალერი მოროზოვია, რომლის განცხადებით, კორუმპირებული მაღალჩინოსნების მსხვერპლი პირადად გახდა. კომიტეტის წევრები ამბობენ, რომ მათი მიზანია დასავლელი ლიდერების ინფორმირება და მათი დარწმუნება „შავი სიებისა“ და რუსი კორუმპირებული მაღალჩინოსნებისთვის საზღვარგარეთ გასვლის აკრძალვის აუცილებლობაში.
პოლიტოლოგი, სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ დიდი დრო არ დაგვჭირდება იმის გასარკვევად, რა მსგავსებაა რუსულ და ქართულ ინიციატივას შორის. მისივე თქმით, რუსები საკუთარ ჯიბეს ამოწმებენ, ნაციონალები კი სხვის ჯიბეში ხელების ფათურის იდეით არიან შეპყრობილნი.
„დიდი დრო არ დაგვჭირდება იმის გასარკვევად, რა განსხვავებულ საფუძვლებზეა დამყარებული რუსული ინიციატივა ლონდონში და „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა საქართველოში. მერწმუნეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რაიმე სასიკეთოს თავისი თავისთვის ვერ მოიმკის, გარდა კარგად დადგმული ისტერიული საინფორმაციო ველის წარმოჩენისა.
რუსები ეძებენ რუსეთის ფულს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები პარტიის ყოფილ და ამჟამინდელ თავკაცებს არ დაუსვამენ სავსებით ლეგიტიმურ შეკითხვას მათი შემოსავლების შესახებ. რუსები საკუთარ ჯიბეს ამოწმებენ, ნაციონალები კი სხვის ჯიბეში ხელების ფათურის იდეით არიან შეპყრობილნი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.