ტელევიზიაზე აღზრდილი თაობა - ფარული ნაღმები

ტელევიზიაზე აღზრდილი თაობა - ფარული ნაღმები

მშობლებისთვის აღზრდის გარდა, მნიშვნელოვანია გარემო, რომელიც ბავშვზე ზემოქმედებს. საგულისხმოა, რომ უფროსების მხრი-დან სიფხიზლეა მოდუნებული მედია საფრთხეების მიმართ, რაც ბავშვის ჩამოუყალიბებელ ფსიქიკაზე აისახება.

ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ჩატარებული გამოკითხვის დროს, არც ერთ რესპონდენტს ბავშვთან მიმართებაში პრობლემად არ დაუსახელებია ტელევიზია.

ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. მედიარეგულაციისა თუ კანონის გამკაცრების შესახებ წამოჭრილ დისპუტში, არ დომინირებს მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანთა დაცვის პოლიტიკის გადახედ-ვა. აქამდე არ გააქტიურებულა უხამსობისა და ძალადობის წინააღმდეგ კოდექსში ჩადებული ნორმების განახლების ან ხელახლა დაწერის თემა.

დღესდღეობით ტელეკომპანიები კოდექსის მოთხოვნებს ფორმალ­ურად ასრულებენ.

მოშლილი კონტროლის მექანიზმების გამო, ყველაზე ყურებად, საღამოს საათებში ანუ ე.წ. პრაიმ-თაიმში მოზღვავდა მხატვრული ფილმები და ტელეგადაცემები, რომელთა ჩვენება არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის გამო აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში აკრძალულია 23.00 და 00.00 საათამდე. აქ უწინარესად მხედველობაში მაქვს არხები, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობენ.

საშურია ნებისმიერმა მედიამ ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებისას განსაკუთრებული ყურდღება ტელეეთიკაზე გადაიტანოს.

2015 წლის 15 თებერვალი. ტელეკომპანია “რუსთვი 2” – სატელევიზიო შოუ “ექიმები”. ჩვენების დრო 18.45 საათი.

21 თებერვალი. გ/ჩვ-11.00 საათი.

თავად ტელეკომპანიას ქცევის კოდექსის მოთხოვნა არ დაურღვევია. წყალგამყოფის მოქმედების პერიოდში დაგეგმილ გადაცემაში მაყურებელი წინასწარ ვერბალურად გააფრთხილეს, რომ თემა სექსს ეხებოდა და პროგრამა შეიცავდა ბავშვებისთვის შეუფერებელ მასალას.

სამედიცინო თემა განსაკუთრებულია. ამის გამო, ეკრანთან დატოვებული არასრულწლოვანთა გარკვეული კატეგორიისთვის მიწოდებული მასალა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ზუსტი და ასაკის შესაბამისი უნდა ყოფილიყო.

ამისი გაფიქრების საბაბი წამყვანების მიერ გამოთქმული წამახალისებელი ფრაზები და შეფასებები გახდა. სასურველი იყო ისინი არასრულწლოვნებთან დაკავშირებით, ბოლო 10 წელიწადში გაუარე­სებულ სტატისტიკას გაცნობოდნენ. ამ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, შოუში მონაწილე 15 წლის გოგონას ისტორია, რომელსაც მშობელმა აბორტის გაკეთება აიძულა, გადაცემის პათოსს მთლიანად შეცვლიდა.

დღესდღეობით საქართველოში, ყოველთვე 20-30 არასრულწლოვანი კლავს შვილს, რის გამოც 18 წლამდე აბორტგაკეთებულ გოგონებში 80-ჯერ გაიზარდა კიბოთი დაავადების ალბათობა.

ამ რეალობის ფონზე ეკრანთან თუ სტუდიაში მსხდომი თინეიჯერების გასაგონად გაისმა ფრაზები: “ექიმები იმ 7 მიზეზის შესახებ გეტყვით, რის გამოც ამაღამ სექსით აუცილებლად უნდა დაკავდეთ”. “მარტო ამიტომ ღირს კვირაში 2-ჯერ დაკავდეს სექსით ადამიანი”.

სასურველია რისკები, რაც ახლავს სექსუალურ გაუნათლებლობას და რამაც ახალგაზრდა თაობას თავისი დაღი უკვე დაასვა, მომავალში მაყურებლებამდე სხვაგვარად მიიტანონ. მეეჭვება საზოგადოების გასალაღებლად მთელი გადაცემის მანძილზე წამყვანების მიერ სექსის გაუთავებელი ძახილი ზუსტი მიგნება ყოფილიყო. ამ სიტყვის ალტერნატიული ფორმა ერთადერთხელ არასრულწლოვნებთან პირისპირ საუბრის დროს სიუჟეტის ავტორმა გოგონამ ახსენა.

მედიის გავლენა არასრულწლოვნებზე შესწავლილია და დადასტურებულია, რომ ტელევიზია სექსისადმი არაჯანსაღ ინტერესს ავითარებს და ცდუნების წყაროს წარმოადგენს. პოსტსაბჭოთა ქვეყნების სამაუწყებლო სივრცემ ამ შემოტევისგან დაცვის მექანიზმები საკანონმდებლო სისტემის გამართულობით უზრუნველყო.

ჩვენს მედიაში არსებულ ვითარებას სხვადასხვა ახსნა მოეძებნება. ყურადსაღებია სოციალური და პოლიტიკური ფსიქოლოგის მოსაზრება.

შალვა აბზიანიძე: “დასავლეთში პორნოგრაფიულ ან ძალადობის ამსახველ ფილმებს სპეციფიკური მომხმარებელი ჰყავს და ასაკიც განსაზღვრულია. იქ ყველაფერი დიფერენცირებული და ჩარჩოებშია მოქცეული. ჩვენგან განსხვავებით, დასავლეთში ბავშვებს ასეთ რამეებზე იოლად არ მიუწვდებათ ხელი.”

ტელეკომპანიებმა “იმედმა” და GDS-მა თავიანთ გადაცემებში “იმედის კვირა” და “ბინა 18” სწორედაც რომ ქართულ ტელესივრცეში სხვა ქვეყნებისგან განსხვავებული რეალობა წარმოაჩინეს. 20.00 და 21.00 საათზე დაგეგმილ გადაცემებში მათ ცნობილი გამოცემა Pლაყბოყ-ის ფოტომოდელის შესახებ მომზადებული მოცულობითი მასალა ხელმისაწვდომი გახადეს II ჯგუფის არასრულწლოვნებისთვის – 7-18 წლამდე ასაკის მაყურებლისთვის.

ტელეკომპანია “იმედის” სიუჟეტი მოგვითხრობდა ქართველი გოგონას შესახებ, რომელმაც Playboy-სთვის გაიხადა. გაგვაცნეს მისი სამოდელო საქმიანობა. მანამდე რით იყო დაკავებული. ორივე გადაცემაში სტუდიაში უჩვეულო ფორმით წარდგენილ ფოტომოდელთან ისიც დააზუსტეს მომავალში სითამამის რა ზღვარს გადალახავდა.

მსგავსი მასალის გავრცელებას ზღუდავს ქცევის კოდექსი. 47-ე მუხლის მე-4 ქვეპუნქტში სიტყვასიტყვით წერია, რომ რაც უფრო ადრეა საღამოს პროგრამა დაგეგმილი, მით უფრო შესაფერისი უნდა იყოს ის არასრულწლოვნებისთვის.

ფაქტობრივად Playboy არ იყიდება, თუმცა ნებისმიერი ასაკის ტელემაყურებლებისთვისაა ხელმისაწვდომი.

ბავშვების უფლებები თითქმის ყველა ნაციონალურ არხზე ილახება.

2015 წლის 4 მარტი. საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხი” – მხატვრული ფილმი “ბოლო გასეირნება”. ჩვენების დრო – 22.00 საათი.

ფილმი შემზღუდველი ნიშნის გარეშე აჩვენეს. მისთვის მინიჭებული ასაკობრივი ცენზია +15. როგორც ანონსიდან გაცხადდა, გარკვეულ დღეს, ახალ ქართულ კინოს აჩვენებენ პირველზე.

თქვენ ვერ დაასახელებთ, ბოლო წლებში გადაღებულ ქართულ ფილმს, რომელიც ძალადობის სცენებითა და შეურაცხმყოფელი ლექსიკით არ იყოს გაჯერებული. არც ზემოთნახსენები ფილმი ყოფილა გამონაკლისი. უპრეცედენტოდ ლიბერალური მაუწყებელთა ქცევის კოდექსის გამო, შეუზღუდავად ვრცელდება ამგვარი უცხოური და ქართული ფილმები და სერიალები, არაპოლიტიკური ტოქშოუები, გადაცემების ანონსები, ახალი ამბები.

ჩვენგან განსხვავებით, უცხოეთში უფრო მკაცრდება სტანდარტები, რომლითაც მედია რეგულირდება. მაგალითად, იქაურ არხებზე უცენზურო გამონათქვამებს სმენადობის გარდა, ვიზუალურადაც შლიან ეკრანზე – პირის გარშემო მომენტალურად ჩნდება დაბურული წრე, რათა ტუჩების მოძრაობით არ მოხდეს სიტყვების ამოცნობა. რამდენიმე წლის წინათ, ცნობილი დიზაინერის ჯონ გალიანოს შელაპარაკება ერთ-ერთ მოქალაქესთან ხმოვანი სიგნალის გარდა, პირის გარშემო წარმოქმნილი დაბურული წრითაც გადაიფარა.

ხანგრძლივმა კვლევებმა ცხადყო, რომ შეურაცხმყოფელი ლექსიკა ძალადობრივი ქცევის ერთ-ერთი გამოხატულებაა. ფსიქოლოგების აზრით, ამგვარი სცენების ჩვენება განსაკუთრებით დაუშვებელია უფროსკლასელებისთვის, ვინაიდან სისასტიკის მოდელირების რისკი ამ ასაკში უფრო მაღალიაშექმნილ ვითარებაში მედიაგანათლების შემოღებას ემხრობა სოციალური მეცნიერებების მკვლევარი, რომლის ერთ-ერთ განსაკუთრებულ სფეროს ბავშვებზე მედიის გავლენის შესწავლა წარმოადგენს.

გიორგი ყიფიანი: “მედიაგანათლება აუცილებელია იმ ქვეყნებშიც კი, სადაც კატეგორიზაცია მოგვარებულია. ადრე თუ გვიან არასრულწლოვანი მაინც მოხვდება მედიის გავლენის ქვეშ და მშობელი მომზადებული უნდა იყოს მისი ფსიქიკაც დაუპირისპირდეს ასეთ ზეგავლენას.”

მხოლოდ ერთი კვირის მანძილზე 16-დან 22 თებერვლამდე, კატეგორიზაციის გარეშე ნაჩვენები მხატვრული ფილმებიც განუკითხაობაზე მეტყველებს. დააკვრდით ორივე ფილმის ჩვენების დროს.

2015 წლის 19 თებერვალი. აჭარის ტელევიზია – მხატვრული ფილმი “მეოცე საუკუნე” (რეჟ. ბერნარდო ბერტოლუჩი. მთავარ როლებში: რობერტ დე ნირო, ჟერარ დეპარდიე). ჩვენების დრო – 21.40 საათი.

2015 წლის 21 თებერვალი. ტელეკომპანია “მაესტრო” – რუსული მხატვრული ფილმი “ღამის გუშაგი”. (რეჟ. ტიმურ ბეკმამბეტოვი. მთავარ როლებში: კონსტანტინ ხაბენსკი, ჟანა ფრისკე). ჩვენების დრო – 22.30 საათი.

გვსმენია რაიმე ამ დარღვევებზე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან რეაგირების შესახებ? მაუწყებელთა რეგულაციის სფეროს სწორედ აღნიშნული კომისია განკარგავს.

საგულისხმოა, რომ გავლენიანი ტელევიზიების არასასურველი შოუებისგან განთავისუფლების ქართული მიდგომაა – პულტის ღილაკზე თითის დაწკაპუნება. რასაკვირველია, ასეთი გადაცემების ნახვა ადამიანის სურვილზეა დამოკიდებული, თუმცა კანონის მიხედვით, არსებობს დრო, როცა ამა თუ იმ ფილმის, გადაცემის გაშვება ტელევიზიით არ შეიძლება.

დღესდღეობით მსხვილი, ეროვნული დაფარვის მქონე მედია საკუთარ რეიტინგებსა და კომერციულ ინტერესებს კანონზე მაღლა აყენებს. ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება არსებობდეს.

სამშობლოში 8-წლიანი განშორების შემდეგ დაბრუნებული ქართველი მწერალი ნიუ-იორკში ცხოვრების შესახებ საუბრისას კულტურულ მიმართულებებზე მიანიშნებს: “გამორიცხულია სექსის პროპაგანდა, უფრთხილდებიან ბავშვებს... ახლა შეადარეთ ჩვენს ტელევიზიებს”.

ევროპის ქვეყნებისა და აშშ-დან დაბრუნებული ჩვენი თანამემა­მულეებისთვის თვალხილულია განვითარებული ქვეყნებისა და ჩვენ მედიას შორის წლების მანძილზე წარმოშობილი სხვაობა.