ვეხმაურებით თქვენს არაერთხელ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც თქვენ გააკეთეთ როგორც 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ასევე თქვენი პრემიერ მინისტრობის პერიოდში და ქალბატონ თეა სიჭინავასთან მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში. თქვენ მრავალჯერ აღნიშნეთ, რომ თქვენი მთავრობა არ ჩაერეოდა კერძო ბიზნესის საქმიანობაში, უფრო მეტიც - თქვენ აღნიშნავდით: „ღმერთმა დაიფაროს თითოეული მთავრობის წევრი მსგავსი შეცდომის დაშვებისგან“ და ასეთი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, თქვენ მზადა იყავით პირადად მოგესმინათ და მოგეხდინათ მწვავე რეაგირება.
იგივე აზრს მუდამ იზიარებს საქართველოს დღევანდელი პრემიერ მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილიც - რომ არავის აქვს კერძო ბიზნესში ჩარევის უფლება,თუმცა მიუხედავად მისი ღიად დეკლარირებული პრინციპისა , სამწუხაროდ ჩვენი კომპანიის საქმიანობაზე მოხდა ზეწოლა.
ჩვენი კომპანიის შპს „ემ ენ ჯორჯიას“ საქმიანობის სფერო უნდა ყოფილიყო მომსახურების გაწევა ამერიკული კომპანია „ჯორჯიან-ამერიქან ელოიზი“-ს შვილობილი, ქართული კომპანია შპს „ჯორჯიან მანგანეზი“-სთვის. ჩვენსა და „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის გაფორმებული, ექსკლუზიური ხელშეკრულების საფუძველზე, ჩვენი კომპანია იღებდა ვალდებულებას, გაეწია მომსახურება საქართველოში მანგანუმის მადნის მოპოვება-გადამუშავება-მიწოდების სახით ზემოთ ხსენებული კომპანიისათვის.
ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს „ემ ენ ჯორჯიას“ საქმიანობა უნდა დაეწყო 2014 წლის აპრილში, რისთვისაც ფირმა მზად იყო როგორც მენეჯმენტის კუთხით, ასევე იურიდიულად, დოკუმენტალურად და ტექნიკურად.
თუმცა, როდესაც „ემ ენ ჯორჯიას“ უნდა დაეწყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობა, მოხდა ყოფილი და დღევანდელი თანამდებობის პირების მხრიდან ჩვენს საქმიანობაში უხეში ჩარევა და ხელის შეშლა, რის გამოც კომპანიამ ვერ დაიწყო კონტრაქტით გათვალისწინებული საქმიანობა და შესაბამისად, „ემ ენ ჯორჯიამ“ განიცადა რამდენიმე მილიონი ლარის ზარალი, ასევე შეილახა კომპანიის რეპუტაცია ჩვენს პარტნიორებთან.
განხორციელებული ზეწოლიდან გამომდინარე, „ჯორჯიან მანგანეზი“ იძულებული გახდა სიტყვიერი მითითების სახით, ჩვენთვის მოეთხოვა ურთიერთობის გარკვევა ხელისუფლების იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც ჩართულნი არიან და დაინტერესებულნი არიან აღნიშნული საკითხით.
ბატონო ბიძინა, მოგახსენებთ, რომ ჩვენს კომპანიას აქვს უმწიკვლო რეპუტაცია. კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ მოხდა ჩვენი კომპანიის საქმიანობაში უხეში ჩარევა და ფაქტობრივად კომპანიის საქმიანობის პარალიზება, რის დამადასტურებელი არაერთი ფაქტის წარმოდგენაც ჩვენ შეგვიძლია. იქამდე სანამ თქვენ მოგმართავდით, ჩვენ შევეცადეთ აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად გამოგვეყენებინა ყველა ოფიციალური გზა, თუმცა უშედეგოდ.
გამომდინარე თქვენი მხრიდან გაკეთებული არაერთი განცხადებისა, რომ არ მოხდებოდა ხელისუფლების მხრიდან ბიზნესისადმი არანაირი ზეწოლა და ჩარევა ბიზნესის საქმიანობაში, მოგმართავთ თხოვნით, ბატონო ბიძინა, ჩაერთოთ და დაგვეხმაროთ ჩვენს მიერ წარმოდგენილი საკითხის გარკვევაში და მოგვარებაში.
გვაქვს თქვენი ყურადღების და გულისხმიერების დიდი იმედი.
თქვენი დაინტერესების შემთხვევაში, მზად გახლავართ პირადად გავცეთ პასუხი თქვენს ნებისმიერ შეკითხვას.
ღრმა პატივისცემით,
ვახტანგ გოძიაშვილი
შპს „ემ ენ ჯორჯიას“ მფლობელი.