„რომის პაპზე მეტი კათოლიკეები ნუ ვიქნებით!“

„რომის პაპზე მეტი კათოლიკეები ნუ ვიქნებით!“

საქართველოში ასურელი ბავშვების ჩამოყვანასთან დაკავშირებით, ქართველ დეპუტატებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. უმრავლესობის ნაწილი აცხადებს, რომ სირიაში მიმდინარე პროცესები საერთაშორისო პრობლემაა და ქართული მხარე პარტნიორებისგან დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, ოპოზიციის ნაწილი ქრისტიანი ბავშვების მასპინძლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, ხოლო მეორე ნაწილი მთავრობას მოუწოდებს მინიმალური რესურსი გამონახოს და დევნილები მიიღოს.

for.ge-ს ინფორმაციით, პარლამენტმა შესაძლოა, სირიაში მიმდინარე პროცესების თაობაზე, მათ შორის ქრისტიანი ბავშვების მკვლელობებთან დაკავშირებით განცხადება მიიღოს. თუმცა, ამ საკითხზე კანონმდებლები საჯაროდ, ჯერჯერობით, არ საუბრობენ და აქცენტს ქვეყნის ფინანსურ რესურსზე აკეთებენ.

როგორც for.ge-ს რესპუბლიკელმა ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა, ქართული მხარე საქართველოში ასურელი ბავშვების ჩაყვანასთან დაკავშირებულ საკითხს ერთი ხელის მოსმით ვერ გადავწყვეტს. დეპუტატის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება მთავრობამ უნდა მიიღოს.

„უნდა ვიცოდეთ, რა მომართვა არსებობს, დევნილების რა რაოდენობაზეა ლაპარაკი, ქვეყანას რა შესაძლებლობები აქვს და ა.შ. საკანონმდებლო დონემდე ეს საკითხი ვერ გადაწყდება. მასზე მთავრობამ უნდა იმსჯელოს, რადგან საქმე რთულ ფინანსურ მხარესთან გვაქვს. საქმეს მარტო გულიანი საუბარი არ უშველის, რადგან ეს ყველაფერი რასებთან არის დაკავშირებული. თუკი გადაწყვეტილება მიიღება, სტრატეგია უნდა არსებობდეს, ამ ხალხს სად და როგორ შევიფარებთ. ამ მხრივ კი გამოცდილება არ გვაქვს, თუკი რუსეთ-თურქეთის ომს არ გავიხსენებთ, როდესაც გადაწყვეტილების მიღება საქართველოს ნებით არ მომხდარა“, - აცხადებს ბერძენიშვილი.

კანონმდებელის მოსაზრებით, სირიაში მიმდინარე პროცესები იმდენად დიდი საერთაშორისო პრობლემაა, რომ საქართველო პარტნიორებისგან დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

„საპატრიარქოს მოსაზრება მოვისმინეთ, რომ დახმარება მათი პრეროგატივა არ არის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კომენტარს ვერ გავაკეთებ იმიტომ, რომ მრევლის წევრი არ ვარ და ეს ჩემგან უხერხულიც იქნებოდა. დარწმუნებული არ ვარ, რომ საპატრიარქოში ყველა ასე ფიქრობს. ამ წუთას ბურთი მთავრობის მხარესაა“, - დასძენს ბერძენიშვილი, რომლის მსგავსად დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე თვლის, რომ ქრისტიანი ბავშვების საქართველოში ჩაყვანის საკითხი მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს.

for.ge-სთან საუბარში ტყემალაძე აცხადებს, რომ ქართული სახელმწიფო ყველა მიმართულებით ჰუმანურ ნაბიჯებს დგამს და მომავალშიც გადადგამს. დეპუტატის თქმით, ამ შემთხვევაში, მთავრობა რა გზას დაადგება, მისთვის უცნობია.

„ჩემი პირადი პოზიცია კი, ყოველთვის ჰუმანურია“, - დასძენს ტყემალაძე, რომლისგან განსხვავებით საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძეს. for.ge-სთან საუბარში ფოფხაძე ინტერესდება, თუკი ასირიელი ბავშვები უდედმამოდ რჩებიან, მათ საქართველოში რატომ უნდა იცხოვრონ.

„საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ მაქვს, მაგრამ თუკი ბავშვები უდედმამოდ რჩებიან, მათ რომ საქართველოში იცხოვრონ, ცოდვები არ არიან? მათი ცხოვრება საქართველოში ჯობია?“, - აცხადებს ფოფხაძე, რომლის მსგავსად, საკითხზე კითხვებს სვამს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძე.

კვაჭანტირაძე for.ge-ს კითხვით მიმართავს, მედიის წარმომადგენლებს საიდან მოაქვთ ციფრები, რომ 500 ქართულმა ოჯახმა ასირიელი ბავშვების მასპინძლობის სურვილი გამოთქვა.

მას შემდეგ, რაც კვაჭანტირაძეს განვუმარტეთ, რომ აღნიშნული ციფრები დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ დაასახელა, დეპუტატმა გვიპასუხა, რომ მინისტრს ეს ინფორმცია „რომელიღაც მამაომ უთხრა“.

დეპუტატის შეფასებით, სირიაში ძალიან ცუდი ამბები ხდება, მაგრამ ბოლო დღეების განმავლობაში, რამდენიმე ფალსიფიცირებული და ძველი ფოტო გამოქვეყნდა, რომელიც სირიაში არსებულ დღევანდელ სიტუაციას სრულად არ ასახავს.

„500 კაცმა მამაოს უთხრა, რომ ბავშვებს უმასპინძლებენ? ამის რეგისტრაციას მამაო აკეთებს? მათ სოლიდარობა აუცილებლად უნდა გამოვუცხადოთ და ჩვენი აღშფოთება გამოვხატოთ, მაგრამ რომის პაპზე მეტი კათოლიკეები ნუ გავხდებით! საკითხი არასწორად ისმევა და ამ საკითხით სპეკულირება ხდება. დუმილი არ შეიძლება, მაგრამ ამ საკითხის პრივატიზებას ყველა ცდილობს და სამი სხვადასხვა აქციის გამართვა მოინდომეს“, - აცხადებს კანონმდებელი.

კვაჭანტირაძის მოსაზრებით, საკითხზე საუბრისას სიფრთხილეა საჭირო და ქართული მხარე მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ ტერორისტები ქართული სახელმწიფოსკენ არ დაიძრნენ.

„ცხოვრებაში უარესები საქმეები რომ აქვთ ჩადენილი, ახლა მამა აბრაამის ბატკნები ისინი გახდნენ და ბავშვების უფლებებს იცავენ. ყველაზე მეტად ეს მაშფოთებს და მაკვირვებს. ზოგიერთ ჩემს კოლეგას ვგულისხობ, რომლებიც ჰუმანურები დღეს გახდნენ“, - დასძენს კვაჭანტირაძე, რომელიც საკუთარ განცხადებაში სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს გულისმობს.

ნაციონალი აკაკი მინაშვილი კი for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ საქართველმ უფრო აქტიური პოზიცია უნდა დაიკავოს და იმ ადამიანებს ყველანაირი დახმარება აღმოუჩინოს, რომლებიც ტერორიზმის მსხვერპლნი არიან.

მინაშვილი ბერძენიშვილის განცხადებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ ხელისუფლების განცხადება გაურკვეველია, - თითქოს, საქართველო დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

„მსოფლიოში ვინმე ამბობს, რომ სირიაში ტერორიზმი და ადამიანების დევნა არ არის? საქართველომ საერთაშორისო თამაშის წესები უნდა დაიცვას. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ქვეყანას რესურსები შეუმცირა და ეკონომიკური პრობლემები შეუქმნა, მაგრამ ამჟამად, რესურსი უნდა გამონახოს და ადამიანებს დაეხმაროს“, - დასძენს მინაშვილი, რომლის პოზიციას იზიარებს ზურაბ ჯაფარიძე.

როგორც for.ge-ს ჯაფარიძემ განუცხადა, როცა საქართველოში მშობლების გარეშე მყოფი ბავშვების შეფარებაზეა საუბარი, ეს ქვეყანას პრობლემებს არ შეუქმნის. ჯაფარიძის თქმით, ქართული მხარე ასირიელ ბავშვებზე პასუხისმგებლობას თავის თავზე ვერ აიღებს, მაგრამ სახელმწიფოს საშუალება აქვს, რომ დევნილების მისაღებად მინიმალური რესურსი მაინც გამონახოს.

„ჩვენ ყველა დევნილის შემფარებელი ვერ ვიქნებით, მაგრამ რაღაც ნაბიჯების გადადგმა შეგვიძლია და თუკი ამას ხელისუფლება გააკეთებს, ამას ყველა მიესალმება. ბევრი ლოჯისტიკური საკითხები იქნება მოსაგვარებელი, თუმცა, სახელმწიფო ასეთ ხალხს უნდა დაეხმაროს“, - დასძენს ჯაფარიძე.

აღსანიშნავია, რომ for.ge-ს მიერ ჩაწერილი დეპუტატებიდან ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე ერთადერთი კანონმდებელი აღმოჩნდა, რომელმაც ასირიელი ბავშვების შეფარების სურვილი გამოთქვა. დუმბაძის მტკიცებით, ის 501-ე ადამიანი იქნება, ვინც საკუთარ ოჯახში რამდენიმე ადამიანს მიიღებს, გამოკვებავს და მანამდე მოუვლის, სანამ სირიაში ვითარება არ დაწყნარდება.

„ეს ჩვენი ვალია, რადგან ამ ხალხის მიმართ გარკვეული ვალდებულება გვაქვს. ასირიელები ქართველებთან ერთად ცხოვრობდნენ და ისინი ჩვენი კეთილის მსურველები არიან. მსოფლიო ფეხზე უნდა დადგეს იმისათვის, რომ რელიგიური ნიშნით ადამიანები არ იდევნებოდნენ. ეს უნდა აღიკვეთოს და მოისპოს. სახელწიფოს საკუთარი პოზიციის გამოხატვის უფლება აქვს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, ის საერთაშორისო კუთხით ვერ იაქტიურებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქართული სახელმწიფო ზუსტად ისე ფიქრობს, როგორც მე“, - დასძენს დუმბაძე.

საქართველოში ასირიელი ბავშვების ჩამოყვანის საკითხზე მსჯელობა გასულ კვირას მას შემდეგ დაიწყო, რაც სოციალური ქსელების საშუალებით ფოტოები გავრცელდა, თუ როგორ კლავენ ქრისტიან ბავშვებს. 14 აპრილს სოციალური ქსელით პეტიციაც გავრცელდა, რომლის საშუალებითაც საზოგადოების ნაწილი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს ასირიელი ოჯახები შეიფაროს.

შეგახსენებთ, რომ 2011 წლიდან სირიაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. გაერო-ს მონაცემებით, იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ 9 მილიონს გადააჭარბა. 8 ათასზე მეტი მოზარდი და ბავშვი გარდაიცვალა. გასულ წელს შეიქმნა ისლამური ტერორისტული დაჯგუფება ISIS, რომელმაც სირიასა და ერაყში მოსახლეობის მასობრივი დევნა დაიწყო.