„2017 წლის ბოლოს, მთელი საქართველო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით იქნება უზრუნველყოფილი“

„2017 წლის ბოლოს, მთელი საქართველო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით იქნება უზრუნველყოფილი“

წინა ხელისუფლება მუდმივად იმით ამაყობდა, რომ უშუქო სოფლებში ელექტროენერგია შეიყვანა, უგაზოდ მყოფი სოფლების გაზიფიცირება მოხდა და ასევე სოფლებში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. რეალურად კი, უგაზოდ და უშოქოდ მყოფი სოფლების გაზიფიცირება და ელექტროენერგიის შეყვანა დღესაც მიმდინარეობს, ხოლო რაც შეეხება ინტერნეტს...

შეიძლება თამამად ითქვას, რომ წინა ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, რათა სოფლებში წვდომა მხოლოდ კონკრეტულ ტელევიზიაზე ჰქონოდათ და იქიდან მიღებული ინფორმაციით ესარგებლათ. პროპაგანდა, რომელიც კონკრეტული ტელევიზიიდან ისმოდა, რეალობას სხვაგვარად ხატავდა და სწორედ ამიტომ იყო, მოსახლეობა ილუზიებში და ფურცელზე თუ ჰაერში არსებულ რეალობაში რომ ცხოვრობდა. არადა, რეალურად, რაც უფრო მეტია წვდომა ინფორმაციაზე, მით ნაკლებია საფრთხე, რომ დაბრუნდეს სააკაშვილის მსგავსი რეჟიმი ქვეყანაში. ინფორმაციის ფლობა არ არის მხოლოდ ინტერნეტიზაცია, ეს არის პოლიტიკა და კიდევ ერთი ნაბიჯი განათლებისკენ. რაც უფრო მეტი ინფორმაცია აქვს ადამიანს, მით უფრო ნაკლებად ხდება პროპაგანდის მსხვერპლი.

„საქართველოს მთავრობა აცხადებს ინტერესთა გამოხატვას, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით შეიქმნას მაგისტრალური საკაბელო სისტემა და 2000-მდე დასახლებულ პუნქტში მივიდეს ხელმისაწვდომი, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი. კომპანია, რომელიც მაგისტრალური სადენების სისტემის შექმნის სამუშაოებს შეასრულებს, ვალდებული იქნება, სამი წლის განმავლობაში მოახდინოს მთელი საქართველოს ცენტრალური ქსელებით უზრუნველყოფა, რის შემდეგაც უფრო მცირე ზომის პროვაიდერები მოახდენენ საბოლოო მომხმარებლამდე ინტერნეტის მიყვანას. დაახლოებით 2017 წლის ბოლოს, ფაქტიურად მთელი საქართველო იქნება მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფილი, რასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა სოციალური და ეკონომიკური განვითარების კუთხით“, - ეს განცხადება მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.

როგორც მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, პროექტის განხორციელების შედეგად საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიური სერვისებით ისარგებლონ, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ცოდნა ზედა ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებას. რეგიონებში ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, ინტერნეტის მაღალი სიჩქარის უზრუნველყოფა და დაბალი ფასები მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს როგორც მცირე, ასევე საშუალო და მსხვილ ბიზნესს განვითარდეს უფრო ჩქარი ტემპებით, გაზარდოს საკუთარი კონკურენტუნარიანობა და შექმნას ახალი სამუშაო ადგილები.

ეკონომიკის სამინისტრომ მოსაზრებას ქმედებაც მოაყოლა და საქართველოს სოფლებში ინტერნეტის მიწოდებასთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა. პროექტის ფარგლებში სოფლებში ოპტიკური მაგისტრალური საკაბელო სისტემა შეიქმნება, რომლის საშუალებითაც 2 ათასამდე დასახლებულ პუნქტს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მიეწოდება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სამი წლის განმავლობაში განახორციელოს მთელი საქართველოს ცენტრალური ქსელებით უზრუნველყოფა, რის შემდეგ უფრო მცირე ზომის პროვაიდერები მოახდენენ ინტერნეტის მიყვანას საბოლოო მომხმარებლამდე.

პროექტის ფარგლებში ბიბლიოთეკების ბაზაზე 500-მდე საზოგადოებრივი ინოვაციების ცენტრი მოეწყობა.

Google-ის კვლევის მიხედვით, 2016 წელს მსოფლიო მოსახლეობის 50% ინტერნეტით ისარგებლებს და ჯამში სამ მილიარდ მომხმარებელს მიაღწევს. ინტერნეტის მისაღებად ტრადიციული გზები, როგორიცაა კომპიუტერი და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი, თავის მნიშვნელობას დაკარგავენ.

დიდ ოცეულში ინტერნეტ ვაჭრობა, ეკონომიკის 4,1%-ს იკავებს. მთლიანი ფულადი ბრუნვა კი 2,3 ტრილიონ დოლარს აღწევს. ეს მეტია ვიდრე ბრაზილიის ან იტალიის ეკონომიკა. 2016 წლისთვის მოსალოდნელია ინტერნეტში ფულადი ბრუნვის 4,2 ტრილიონ დოლარამდე ზრდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოსახლეობის მაღალ სიჩქარიანი ინტერნეტის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზებით საქართველოს მთელი ტერიტორიის დასაფარად საჭირო პირობების შესაქმნელად 2014 წლის 26 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სსიპ „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“, სს „საქართველოს რკინიგზასა“ და შპს „საქართველოს ფოსტას“, სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სსდ „საავტომობილო გზების დეპარტამენტის“, სს „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციისა“ და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წარმომადგენლებმა.

სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე, სურვილი იმისა, რომ 2017 წელს ყველა სოფელში სწრაფი და მაღალხარისხიანი ინტერნეტი იყოს, რეალობასთან ძალიან ახლოს არის და სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.