„კაბელების საქმის“ ახალი სკანდალი - თავდაცვის სამინისტროს პროექტისთვის თანხის გადარიცხვას ხელი ღარიბაშვილმა მოაწერა

„კაბელების საქმის“ ახალი სკანდალი - თავდაცვის სამინისტროს პროექტისთვის თანხის გადარიცხვას ხელი ღარიბაშვილმა მოაწერა

მთავარი პროკურატურა ე.წ. კაბელების საქმეში ისე გაიხლართა, შეიძლება ითქვას, ქვეყნის პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს გაუთხარა პოლიტიკური სამარე. თავდაცვის სამინისტროს ხუთი რიგითი, დაკავებული თანამშრომლის ადვოკატი სოსო  ბარათაშვილი სკანდალურ ფაქტებს ასაჯაროვებს: ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს მთავრობის სხომაზე 26 დეკემბერს მომზადებული ხელშეკრულება გაიტანა, რომელიც თავდაცვის სამინისტროსთვის, ახალი კომუნიკაციების მშენებლობისთვის თანხის გამოყოფას გულისხმობდა. თანხის გამოყოფის აუცილებლობა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა  განკარგულებაზე ხელმოწერით დაადასტურა. მთავრობის ყველა უწყება საქმის კურსში იყო, გადაწყვეტილება მიღებული და შესაბამისად, თანხაც გადარიცხული, თუმცა შემდეგ, მოვლენები უცნაურად განვითარდა - კორუფციის ბრალდებით დააკავეს თავდაცვის სამინისტროს რიგითი თანამშრომლები, ისინი, ვისაც თანხასთან შეხებაც არ ჰქონია... გამოძიებამ რამდენიმეთვიანი მცდელობის მიუხედავად, საქმეში ვერც ვინმეს ბრალეულობა დაამტკიცა და ვერც დანაშაულის მოტივი გამოკვეთა... დაკავებულების ადვოკატების მიერ დაქირავებულმა ექსპერტმა, უცნაურ გარემოებაში, უარი თქვა საკუთარ დასკვნაზე ხელის მოწერაზე... აუდიტის სამსახურმა ფინანსთა სამინისტროსთვის გაგზავნილი მთავრობის წერილი შეცვალა და თვითნებურად განმარტა... სასამართლო სხდომა რამდენჯერმე გადაიდო...

ეს მოკლე ჩამონათვალია იმ ნონსენსებისა, რაც ე.წ. კაბელების საქმის ირგვლივ დაფიქსირდა.

როგორც ჩანს, ეს ყველაფერი ალასანიას დაპატიმრების ოცნებას უკავშირდება, თუმცა პროკურატურას ამისთვის არც საკმარისი სამხილები და მითუმეტეს, არც გამბედაობა ჰყოფნის.

რატომ არ არის დაკითხული ამ დრომდე ირაკლი ალასანია? რომელი ორი მაღალჩინოსის ბრალეულობაზე საუბრობს პროკურატურა, რის გამოც საქმე ორ ნაწილად გაიყო?  დაკითხავს თუ არა სასამართლო პრემიერ-მინისტრს და ფინანსთა მინისტრს? რა მსგავსებაა „ტრაქტორების საქმესა“ და „კაბელების საქმეს“ შორის და რა მოლოდინი არსებობს ამ საქმის ირგვლივ? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge სოსო ბარათაშვილს ესაუბრა.

ბატონო სოსო, თქვენ სკანდალურ განცხადებას აკეთებთ - მაშინ, როდესაც, მთელი ამ ხნის განმავლობაში გვესმოდა, რომ   თავდაცვის მინისტრმა უზარმაზარი თანხა გადაიხადა პროექტში, რომლის საჭიროებაც არ ჰქონდა თავდაცვის სამინისტროს, აღმოჩნდა, რომ მთავრობა ყველაფრის საქმის კურსში იყო და  თანხის გამოყოფის განკარგულებას ხელი თავად პრემიერ-მინისტრმა მოაწერა. იქნებ დააკონკრეტოთ რას ედავებიან ალასანიას და რატომ ჰყავთ ადამიანები პატიმრობაში?

- დიახ, ამ პროექტისთვის ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ, 26 დეკემბერს მომზადდა ხელშეკრულება, რომელიც იმავე დღეს, ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს მთავრობის სხომაზე გაიტანა დასამტკიცებლად. თანხის გამოყოფის განკარგულებას ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. თანხა გამოიყო და 29 დეკემბერს, თავდაცვის სამინისტროდან კომპანია „სილქნეტის“ ანგარიშზე გადაირიცხა. ანუ, ყველა უწყება საქმის კურსში იყო და რაც მთავარია, არც ერთი დაკავებული ამ თანხის მართლზომიერი გამგებელი, ან მფლობელი არ ყოფილა. ასე რომ, დანაშაულის კვალიფიკაცია და დაკავებულების უფლებამოსილება ერთმანეთს არის აცდენილი.

დააყენებთ პრემიერ-მინისტრის მოწმედ დაკითხვის საკითხს, რომელიც ხელს აწერს დადგენილებას თანხის გამოყოფის შესახებ?

- შეგნებულად არ დავაყენეთ ირაკლი ღარიბაშვილის დაკითხვის საკითხი, ისევე, როგორც ირაკლი ალასანიასი და ფინანსთა მინისტრის, ვინაიდან, ჩვენ ვიცით, როგორც მოხდა ხელშეკრულების დადება, მისი მთავრობის სხდომაზე გატანა და როგორ მოაწერა დადგენილებას ხელი პრემიერ-მინისტრმა. ჩვენ ვთვლით, რომ არანაირი კანონდარღვევა არ ყოფილა.

პრემიერი, რომელიც ამ საკითხზე აკეთებს საკმაოდ მწვავე განცხადებას, გამოდის, რომ მისივე ხელმოწერილ დოკუმენტს აკრიტიკებს, რომელიც გახდა სამართლებლივი დავის საფუძველი?

- პრემიერმა უნდა თქვას, რომ პროკურატურისგან შეცდომაში არის შეყვანილი, რადგან აბსოლუტურად სწორად მოხდა თანხის გამოყოფა და განკარგვა, დავალებაც სწორად იქნა შესრულებული.

თქვენ ელოდებით, რომ პრემიერ-მინისტრი პროკურატურას დაადანაშაულებს?

- საბოლოო ჯამში, ყველა დაინახავს სიმართლეს და მათ შორის, ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრიც და მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

პროკურატურა აცხადებს, რომ მათ საკმაო მტკიცებულებები აქვთ დაკავებულების წინააღმდეგ. ხართ თუ არა საქმის კურსში, შეძლო თუ არა პროკურატურამ დანაშაულის მოტივის ან ბრალის გამოკვეთა?

- არა. საუბარია, რომ ამ ადამიანებმა შეთანხმებით მოინდომეს „სილქნეტისთვის“ უპირატესობის მინიჭება, მაგრამ რა იყო ანგარებითი მიზანი და დანაშაულის მოტივი, ეს გამოკვეთილი არ არის. არ არსებობს ამ დანაშაულის სუბიექტური მხარე და შესაბამისად, არ არსებობს დანაშაულიც. პროკურატურას თავი არ შეუწუხებია გაერკვია, როდის მოხდა შეთანხმება, რატომ უნდა შეთანხმებულიყვნენ ერთმანეთთან, ვინ რა როლს ასრულებდა ამ შეთანხმების დროს.

კიდევ უფრო დიდ გაუგებრობასთან გვაქვს საქმე, როდესაც სუბიექტებს ვიხილავთ. პროკურატურამ იმის დასაბუთებაც არ მოინდომა, ეს თანხა როდის გადავიდა ამ ადამიანების მართლზომიერ ქმედებაში, როდის მიეცათ ამ თანხის განკარგვის უფლება და საერთოდ, როგორ განკარგეს. მე ვამბობ, რომ ეს თანხა მათ მართლზომიერ მფლობელობაში არასოდეს არ ყოფილა.

საერთოდ როგორ მოხდა ზარალის განსაზღვრა?

- თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას ბრძანებით, ამ პროექტზე პასუხისმგებელი იყო მინისტრის მოადგილე, ზაზა ბროლაძე, ხოლო 2013 წლის ნოემბრიდან უფლებამოსილი პირი გახდა ბატონი ლექსო ბატიაშვილი. რაც შეეხება ზიანის განსაზღვრას, როდესაც მოხდა ამ ბრალის შექმნა, იმავე პერიოდში სამხარაულის ექსპერტიზის ცენტრში ჩატარდა ექსპერტიზა. ამ დასკვნაში სრულიად დაუჯერებელი რამ წერია - იმისათვის, რომ დაედგინა ჭეშმარიტება, სამხარაულის ექსპერტიზამ წერილობით მიმართა მომჩივან კომპანია „დელტა კომს“ და სთხოვა გამოეთქვათ აზრი, რამდენად შეასრულებდა ამ სამუშაოს. კომპანია „დელტა კომმა“ გამოთქვა ზეპირი მოსაზრება, რომ ამ სამუშაოს 2 მილიონად შეასრულებდა, ისე, რომ ამის დასაბუთება არ ყოფილა. აი, ამგვარი დასკვნა დაედო საფუძვლად გაფლანგვის განსაზღვრას.

ამიტომ, ჩვენ თვითონ კვალიფიციური ექსპეტრების მონაწილეობით, დავნიშნეთ, როგორც ტექნიკური, ასევე ფინანსური სახის ექსპერტიზა. სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობა ამ ექსპერტიზის ჩატარება და საბოლოოდ, 25 მარტს დაიდო დასკვნა, სადაც დასაბუთებულია ამ პროექტის საჭიროება, რა დაჯდებოდა იმ შემთხვევაში, თუ თავდაცვის სამინისტრო თვითონ შეიძენდა მაგისტრალს, რა ეღირებოდა იჯარის შემთხვევაში და ა.შ. გამოვიდა, რომ არა თუ გაიფლანგა, არამედ, მილიონობით ლარი დაიზოგა სახელმწიფოს სასარგებლოდ.

როდესაც ექსპერტიზით დავადასტურეთ ამ ადამიანების უდანაშაულობა, წინა დღეს, გაიტაცეს ერთ-ერთი ექსპერტი, რომელთანაც დადებული იყო შრომითი ხელშეკრულება. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ამ ექსპერტმა გვითხრა, რომ ძალიან მძიმე დღეში ჩააყენეს ძალოვანებმა, ერთი ღამე გაატარებინეს თბილისის პროკურატურაში. ადგილზე რომ მივედით, იქ იდგა რამდენიმე მანქანა, საიდანაც ხდებოდა თვალთვალი. ამ მანქანებიდან ერთ-ერთით მოიყვანეს ეს ექსპერტი. თუმცა, ექსპერტიზის დასკვნის მონაცემები აუცილებლად იქნება გამოყენებული სასამართლო პროცესზე, იმიტომ, რომ ჩვენი მტკიცებულება არის დასაშვები მტკიცებულება.

მტკიცებულებათა გაცვლის შემდეგ, პროკურატურამ გვიან ღამით მოითხოვა ექსპერტიზა. რაში დასჭირდა ბრალდების მხარეს იგივე ექსპერტიზის დანიშვნა, რომელიც ჩაატარა დაცვის მხარემ?

- ეს მთლიანად გვიჩვენებს იმაზე, რომ ექსპერტიზის ის დასკვნა, რომლის საფუძველზე მოხდა 5 ადამიანის დაკავება, შეუსაბამო იყო ყოველგვარ სტანდარტთან. აქედან გამომდინარე, ვინაიდან, ამ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე არიან ეს ადამიანები დაკავებულნი, ისინი იმყოფებიან უკანონო პატიმრობაში. მათი დაკავება არ მომხდარა სამართლებრივი მოტივით.

ანუ, იმის თქმა გსურთ, რომ საქმეში პოლიტიკური მოტივი იკვეთება?

- სამართლებრივი მხარე იმდენად სუსტია, რომ ამ მოტივით არ უნდა დაეკავებინათ ეს ადამიანები და მით უმეტეს, არც ბრალი არ უნდა წარედგინათ. რაც შეეხება პოლიტიკურ მოტივებს, თუ გამოვრიცხავთ სამართლებრივ მოტივს, რჩება პოლიტიკური მოტივი, რაზეც პოლიტიკოსებმა უნდა ისაუბრონ.

ბოლო პროცესზე აღნიშნეთ, რომ პროკურატურამ საქმეში აუდიტის სამსახურის დაუსაბუთებელი დასკვნა ჩადო. დასკვნაში საუბარი არის რაიმე ციფრებზე?

- არანაირ ციფრებზე საუბარი არ არის. მხოლოდ ზოგადი შეფასებებია იმის თაობაზე, შეეძლო თუ არა თავდაცვის სამინისტროს საკუთარი სახსრებით პროექტის განხორციელება. ასევე, ჰქონდა თუ არა ერთ-ერთ კომპანიას მინიჭებული გარკვეული უპირატესობა. გაფლანგვის ფაქტი არანაირად არ დასტურდება აღნიშნული დასკვნით. აქ წერია, რომ თავდაცვის სამინისტროს თავისი ძალებითაც შეეძლო ამ პროექტის განხორცილება, შემდეგ წერია, რომ კომპანია „სილქნეტმა“ უკონკურენტოდ მოიპოვა სახელმწიფო დაკვეთა და ა.შ. არც ერთ შემთხვევაში არ ვეთანხებით ამ დასკვნას. ეს არის დაუსაბუთებული დასკვნა და ეს არის დაკვეთის შესრულება.

მაგალითისთვის გეტყვით, არსებობდა 26 დეკემბრის ხელშეკრეულება, როდესაც მთავრობის სხდომიდან ფინანსთა სამინისტროს გაეგზავნა წერილი თანხის გამოყოფის შესახებ. იქ იყო გარკვეული ფორმულირება, რომელიც აუდიტის სამსახურმა შეცვალა და თვითნებურად განმარტა. ამაზე მეტს ვერ დავკონკრეტდები, მაგრამ ამ საკითხზე გვექნება ძალიან სერიოზული მსჯელობა. ეს არის პირდაპირ პროკურატურის დაკვეთის შესრულება.

გამოძიებამ 6 თვის შემდეგ ეს საქმე ორ ნაწილად გაყო, პროკურატურა ამბობს, რომ საქმეში გამოჩნდნენ გამოძიებისთვის დაუდგენელი სხვა მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც კავშირში არიან ფულის გაფლანგვასთან. თქვენი ინფორმაციით, გამოძიება არკვევს ვინ არიან ეს სხვა ხელმძღვანელი პირები?

- რაიმე სახის გამოძიება რომ მიმდინარეობდეს, ამაზე ინფორმაცია მექნებოდა. რაც შეეხება საქმის გაყოფას, ეს არის მოგონილი პრაქტიკა, როდესაც საქმე არის დაუსაბუთებელი, ხდება საქმის გამოყოფა, რომ საზოგადოებას შეექმნას შთაბეჭდილება - აი, კიდევ, რაღაცა გამოძიება ხდება. ბრალდებაში, რომელიც 24 მარტს გადმოგვეცა, წერია, რომ ამ ადამინამებმა თავდაცვის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ჩაიდინეს დანაშაული. ბრალდებამ იცის ვინ არიან სხვა ხელმძღვანელი პირები? თუკი იცის, მაშინ რატომ არ აქვთ ბრალი წარდგენილი მათ? თუ არ იცის, მაშინ რატომ წერს საერთოდ? მაგრამ, ეს სჭირდებათ ერთი რამისთვის - თვითონაც იციან, რომ ამ ფორმულირებით არ შეიძლება ამ მუხლის წაყენება და ამიტომ მიამატეს სხვა პირებიც. ამ საკითხს დავაყენებთ სასამართლოზე, რაზეც სავარაუდოდ მივიღებთ ასეთ პასუხს, რომ დგინდება სხვა ხელმძღვანელი პირები. ჩნდება კითხვა, თუ ახლა დგინდება ხელმძღვანელი პირები, მაშინ რატომ არიან ეს ადამიანები ბრალდებულები?

თავდაცვის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირი არის ირაკლი ალასანია?

- სულ რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი იყო თავდაცვის სამინისტროში. მათ უნდათ შექმნან უარყოფითი ფონი, მაგრამ ამას ვერ აღწევს პროკურატურა.

თქვენ ამბობთ, რომტრაქტორების საქმე“ თავისი არსით გავს .. კაბელების საქმეს. რა მსგავსებაა ამ ორ სისხლის სამართლის საქმეს შორის?

- ეს საქმეები მართლაც გვანან ერთმანეთს. როგორც ტრაქტორების საქმეში, ასევე, კაბელების საქმეში, ბრალდებულებს წაყენებული აქვთ 182-ე მუხლი, ანუ - გაფლანგვა. როგორც იმ საქმეში, ასევე, ამ საქმეშიც არ არის გამოკვეთილი და ნამსჯელი მიზანსა და მოტივზე, რატომ უნდა განეზრახათ ბრალდებულებს შეთანხმებით რომელიმე სხვა საწარმოსთვის სარგებლის მოტანა. შემიძლია ვთქვა, რომ ე.წ. კაბელების საქმე კიდევ უფრო დაუსაბუთებელია, ვიდრე ე.წ. ტრაქტორების საქმე.

ტრაქტორების საქმის ბოლოში ბრალდების მხარემ ფორმალურად მაინც შეთხზა, რომ შეიძლება ერთი პირი ყოფილიყო დაინტერესებული და მეორეს მიეღო სარგებელი, თუმცა, ამის მტკიცებულება არ გააჩნდათ. ე.წ. კაბელების საქმეში მტკიცებულებებზე საუბარი ზედმეტია. ბრალდებას გამოკვეთილიც არ აქვს რატომ უნდა ემოქმედათ ამ ადამიანებს „სილქნეტის“ სასარგებლოდ.

მთავარი პროკურორის მოადგილე, ირაკლი შოთაძე აცხადებს, რომ .. კაბელების საქმის ტრაქტორების საქმესთან შედარება არ შეიძლება, ვინაიდან ბრალდება ტრაქტორების საქმეში არის დადასტურებული - ბრალდებულებმა დაადასტურეს, რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული...

- არც ერთ ბრალდებულს დანაშაული არ უღიარებია. სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტის შესახებ, არც პროკურორის დადგენილებაში და არც სხვა რომელიმე დოკუმენტით არ დასტურდება, რომ ბრალდებულები დაეთანხმნენ წარდგენილ ბრალდებას. დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შპს „მექანიზატორის“ თანამშრომლები დააკავეს 2013 წლის მაისში. 2014 წლის 4 თებერვალს, მთავარ სასამართლო სხდომაზე პროკურატურამ ბრალდებულებს მოუხსნა ბრალდება, რაც დადასტურდა მოსამართლის განჩინებით. იმავე დღეს პროკურორმა სასამართლოდან გაითხოვა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე.

2014 წლის 11 მარტს, პროკურორის დადგენილებით, ყველა ბრალდებულის მიმართ, შეწყდა სისხლის სამართლებლივი დევნა. დადგენილებაში აღინიშნა, რომ ბარლდებულებს, ბრალდების მხარემ შესთავაზა სისხლის სამართლის სამართლებლივი პასუხისმგებლობისგან განრიდება. მოქმედი კანონმდებლობით, პროკურორს შეუძლია არ დაიწყოს, ან შეწყვიტოს სამართლებლივი დევნა პირის მიმართ, თუ განრიდების სუბიექტი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხდის ფულად თანხას, რომლის მინიმალური ოდენობაა 500 ლარი. ეს თანხა გირაოს სახით გადაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე და დაკავებულების მიმართ შეწყდა სამართლებლივი დევნა. ასე რომ, არც სისხლის სამართლებლივი დევნის შეწტვეტის და არც სხვა რომელიმე დოკუმენტით არ დასტურდება, რომ რომელიმე ბრალდებული დაეთანხმა წარდგენილ ბრალდებას, ან აღიარა დანაშაული.

დანაშაულის არარსებობის გამო მოხდა განრიდება, დღეს თუ შეგიძლიათ თქვათ, რომტრაქტორების საქმე“ პოლიტიკურად იყო მოტივირებული?

- პროკურატურის მიერ განრიდების განხორციელება განაპირობა ბრალდების დაუსაბუთებლობამ და უსაფუძვლობამ, რაც კარგად არის ცნობილი ბრალდების მხარისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთ გახმაურებულ საქმეზე გამორიცხული იყო საქმის სასამართლოდან გათხოვა და განრიდებით დასრულება. რაც შეეხება საქმის პოლიტიკურ მხარეს, ამაზე პოლიტიკოსებმა უნდა გააკეთონ შეფასება, მაგრამ ამ საქმის სამართლებრივად ასე დასრულება კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ეს საქმე არ ატარებდა სამართლებრივ ხასიათს.

მაშინ კეთდებოდა განცხადება, რომ ეს საქმე დავით კრივალიძის წინააღმდეგ იყო მიმართული კონკრეტული ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე და საუბარი იყო ლაშა ნაცვლიშვილზე, რომელმაც თომას ჰამებერგის წერილი დაუმალა ყოფილ პრემიერს. იყო ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმე?

- ნამდვილად, გამოკვეთილი იყო გარკვეული ბიზნეს ჯგუფების ინტერესები, რომლებსაც სურდათ მონოპოლია განეხორციელებინათ ტექნიკის შეძენეზე. მათ არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, ამის შემდეგ მოხდა ამ სისხლის სამართლის საქმის შექმნა. ეს ადამიანები თვეების მანძილზე სრულიად უდანაშაულოდ იმყოფებოდნენ პატიმრობაში.

შესაძლებელია ე.წ. კაბელების საქმეზეც მოხდებს განრიდება, როგორცტრაქტორების საქმეში“?

- ნაკლებად სავარაუდოდ მეჩვენება საქმის ამგვარი დასრულება. თვითონ ბრალდებულები არიან იმგვარად განწყობილნი, რომ მათ უნდათ ბოლომდე დაამტკიცონ თავიანთი სიმართლე.