პლეხანოვური „საქმის გარჩევები“

პლეხანოვური „საქმის გარჩევები“

თბილისი ის ქალაქია, სადაც არაფერი იმალება, სადაც ნამდვილი კაცის სახელს უფრთხილდებიან, სადაც განსხვავებული ურთიერთობები იციან და აქ ყველა ყველას ახლობელ-ნაცნობია. ყოველ შემთხვევაში, ასე მიაჩნიათ მათ, ვინც აქ ცხოვრობს და ნაღდი, „კარენოი“ თბილისელია.

უფროსი თაობის თბილისელი კოლორიტები ამბობენ, თუ თბილისელობა და აქ ცხოვრება გინდა, მაშინ ამ ქალაქის წესები უნდა დაიცვა, პატივი სცე დაუწერელ კანონებს და გამოიმუშავო ის ქცევები, რაც ნაღდ თბილისელს ეკადრებაო. ნათქვამიცაა, სადაც წახვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხურო.

ალბათ მიხვდით რომ დღევანდელი საკვირაო სახალისო მოგონებები თბილისელ კოლორიტებს ეკუთვნით და სიტყვას რამდენიმე თანაქალაქელს დავუთმობთ.

თავდაპირველად მსახიობი გივი სიხარულიძის ერთ „საინტერესო“ მოგონებას შემოგთავაზებთ.

„პროფესორ დავითაიას ულამაზესმა და უსათნოესმა მეუღლემ, ქალბატონმა ანამ, სამარშრუტო ტაქსიში ფეხი შედგა თუ არა, ვიღაცის ხელის ფათური იგრძნო ჩანთაში. უცნობ მამაკაცს ეცა, ჩაეჭიდა და დაუწყო ყვირილი, ფულს მპარავდი შე უნამუსოო! დაჯდა, გახსნა ჩანთა და 400 ლარი აღარ დახვდა ჩანთაში. დაუწყო გამწარებულმა ახალგაზრდას კივილი, ნაძირალავ, ახლავე დამიბრუნე ჩემი 400 ლარიო.

ის ბიჭი კი თავს იმართლებდა, არ მომიპარავს, ქალბატონო, და რა დაგიბრუნოთო. ქალი პოლიციით დაემუქრა. იქვე მყოფებს შეეცოდათ ის ბიჭი და უთხრეს, შვილო, ნუ დაიღუპავ თავს, დაუბრუნე ქალბატონს ფული და მშვიდობიანად მიდი ოჯახში, დაჭერა გირჩევნიაო? ბიჭი მიხვდა ვერაფერს გახდებოდა, ამოიტრიალა ჯიბეები და 380 ლარი ჩაუთვალა ანას. გადაირია, ოცი ლარი აკლიაო. ხალხმა უსაყვედურა, კარგი რა ქალბატონო, ოც ლარს ჩივით, ამხელა თანხა რომ სულ არ დაკარგეთო?!

მოკლედ, დაბრუნდა ანა სახლში და მოყვა თავისი გმირობის ამბავი. უსაყვედურეს, 400 ლარის გამო რომ რამე დაეშავებინა იმ ბიჭს რას აპირებდი მერეო. ანამ მედიდურად იმართლა თავი, მე გენაცვალე, შეურაცხყოფას სიკვდილი მერჩივნაო.

ამ ამბიდან ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ ანას კივილმა აიკლო სახლი. გამოცვივდა ქმარ-შვილი, ვერ მიხვდნენ რა დაემართა. თურმე, ის ოთხასი ლარი კარადიდან არც კი აუღია, უბრალოდ ასე ახსოვდა. იმ ბიჭს ცილიც ტყუილად დასწამა და 380 ლარიც „ააწაპნა“. ხალხს მეტი რა უნდოდა და იმ დღის შემდეგ, ანას „კლიჩკა“ „რეკეტი“ შეარქვეს“.

ბატონი გივის შემდეგ სიტყვას ნიკო ლეკიშვილს გადავცემ.

„პლეხანოვზე რამდენიმე წამყვანი ბირჟა იყო. იქ ხდებოდა ახალი ამბების, სიმართლის თუ ჭორის გავრცელება, მოსმენა და განხილვა.

მახსოვს, კენედის მკვლელობისა და ხრუშჩოვის გადაყენების ამბავი პირველად იქ გავიგე და, სახლში რომ ვთქვი, გამაჩუმეს – ბიჭო, ჩუმად იყავი, ტყუილი არ აღმოჩნდეს და შარში არ გავეხვიოთო.

მოკლედ, იმ დროს ზაურ შევარდნაძე ჩვენზე უფროსი ასაკის ადამიანი იყო და მას ხუმრობით „პლეხანოვის დირექტორს„ ეძახდნენ. სერიოზულ თანამდებობაზე მუშაობდა. ერთ დღესაც, სამსახურიდან რომ დაბრუნდა, სახლთან პლეხანოვი გადაკეტილი დახვდა – ჩხუბი ამტყდარა, ათი კაცი ათ კაცს დასტაკებია და მიდის დაკა-დაკა. მისულა ისიც და გაშველება დაუწყია. ამ დროს მილიციაც მოვიდა და დაიწყეს ბუნტისთავების დაჭერა. ვინ გაარჩევდა იქ მტყუან-მართალს?!

ამ დავიდარაბაში, მოჰკიდეს ამ ჩვენს ზაურასაც ხელი და ამხელა კაცი ძლივს შეტენეს მანქანაში. ერთ მის უბნელს დაუნახავს ეს ამბავი და ზაურს გამოსარჩლებია. მისულა მილიციელებთან და გადაჰკიდებია – სად მიგყავთ, კაცო, ეს პროფესორი კაცი, გამაგებინეთ, ვიცოდე მაინც, სად მიგყავთო. მილიციელები ამ კაცს არც ყურადღებას აქცევდნენ და არც პასუხს სცემდნენ, ის კი მაინც არ ეშვებოდა – გინდა თუ არა მითხარით სად მიგყავთ და სად მიგყავთო. უცებ, მილიციის მანქანიდან ზაურს თავი გამოუყვია და მიუძახებია: ვერ ხედავ, სადაც მივყავარ? რას შეჭამე გული კითხვებით? სად და – მილიციაში, აბა კულტურის სამინისტროში ხომ არ წამიყვანენ, შე დებილოო.

ბატონი ნიკო კიდევ ერთ თბილისელ კოლორიტს გაიხსენებს:

„სერგო ლობჟანიძე პლეხანოვზე ცნობილი ბიჭი იყო. ერთ დღესაც, უფიქრია, ნეტავ, რომ მოვკვდები, ჩემზე რას იტყვიან, რას იზამენ, ან გული თუ დასწყდებათო. მოუფიქრებია, მოდი, ვითომ მოვკვდი, გავითამაშებ და გასვენებას მოვუწყობ ჩემს თავსო.

რამდენიმე ძმაკაცს გაუნდო ჩანაფიქრი და ისინიც დაეხმარნენ მის განხორციელებაში: დააწვინეს საკაცეზე, გადააფარეს თეთრი ზეწარი, ასწიეს და მარჯანიშვილის მოედნიდან ახლანდელი თამარ მეფის გამზირისკენ აიღეს გეზი.

გადაკეტილა გამზირი. ქუჩაში გამვლელები კითხულობდნენ თურმე, ვინ მოკვდაო, რომ ეუბნებოდნენ, ესა და ესო, თურმე იყო ერთი ვიშვიში და თავში ხელის წაშენა. რამ მოკლა საწყალიო ყველა კითხულობდა. პროცესიას 10-15 კაცი მოჰყვებოდა. მილიციის შენობას რომ მიუახლოვდნენ, მილიციელები გამოცვივდნენ თურმე გარეთ, მილიციის უფროსს კი ქუდი მოუხდია და უკითხავს, რა მოხდა, ვინ მოგყავთო. რომ უთხრეს, ჩვენი სერგო აღარ არისო, შემოურტყამს ხელი შუბლში, ჩემი შვილის ტოლი იყო საწყალი, რამ მოკლა ეგ უბედურიო.

უცბად გადაუძვრია სერგოს ზეწარი, წამომჯდარა აწეულ საკაცეზე, „ჩესტი“ აუღია მილიციის უფროსისთვის და დაუძახია ხმამაღლა: „ჩესტ იმეიუ, ტავარიშჩ პადპალკოვნიკ!“. გადარეულა მთელი მილიცია, გამოჰკიდებიან, ურბენიათ ბევრი, „დინამოსთან“ დაუჭერიათ და ერთი მაგრად უცემიათ გამაიმუნებისთვის“.

ბატონი ვალერიან სულაკაური ერთ „საინტერესო შემთხვევას“ მოგვიყვება, რომელიც კიდევ ერთ თბილისელ კოლორიტს - კიმი ალიაშვილს შეემთხვა.

„ერთ დღეს კიმი ალიაშვილი ჭაბუა ამირეჯიბის კაბინეტში დამხვდა. არ მინახავს მსგავსი ძალის ადამიანი. ისე სცემდა რამდენიმე კაცს, თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებდით. მოკლედ, ერთხელ ვუთხარი, რა არის ბიჭო, კიმი რა სახელია – „კამუნისტიჩესკი ინტერნაციონალ მალადიოჟი“-მეთქი? და იმ დღიდან ასე ვეძახდი: „კამუნისტიჩესკი ინტერნაციონალ მალადიოჟი არჩილოვიჩ“-მეთქი, გიჟდებოდა. ადგა და, თავის საბუთებში სადაც „კიმი“ ეწერა, წაშალა და „კიმოთედ“ გადააკეთა.

ერთი პერიოდი მოსკოვში იყო წასული. სასტუმრო „როსიაში“ დაბინავებულა. აქედან სასმელი ჰქონია წაღებული, სუფრა გაუშლია თავის ნომერში და რუსები დაუპატიჟია. რომ შეზარხოშებულან ის რუსები, ქართველების გინება არ დაუწყიათ?! გაბრაზებულა ჩვენი კიმოთე და ერთი მაგრად დაუჟეჟია ის რუსები. დაუწყიათ იმათ ყვირილი „გრუზინი“ გვცემსო. მოვარდნილა მილიცია. კიმოთეს წაყვანა უნდოდათ თურმე განყოფილებაში, ჩაავლო კიმოთემ მოაჯირს ხელი და ოთხმა კაცმა ვერ ააგლიჯა. გადარეულები ეუბნებოდნენ თურმე ერთმანეთს – ეს რა ძალის პატრონი ყოფილა, ოთხმა კაცმა ვერ ავადღლიზეთ მოაჯირსო. ასე იყო თუ ისე, მაინც მოახერხეს მისი განყოფილებაში მიყვანა.

იქ თურმე მილიციის კაპიტანმა დაუწყო „საქმის გარჩევა“, შეურაცხყოფა და... ეგრე არ უნდაო – გაიქაჩა კიმოთე, დაარტყა კაპიტანს და სამი დღე იყო ის საწყალი კომაში. მის გარდა, განყოფილებაში სამი მილიციელი უცემია. ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და კალიმაში გადაასახლეს ჩვენი კიმოთე. გავიდა ეს ორი წელი და ჩამოვიდა თბილისში. რეზო ინანიშვილმა უთხრა: შე კაი კაცო, როგორ გავიგოთ, მოსკოვში მიდიხარ და კალიმიდან ბრუნდებიო. კიმოთემ უპასუხა, არ გაგიგია შორი გზა მოიარე და შინ მშვიდობით მოდიო?!“

დღევანდელ „თბილისურ“ მოგონებებს ბატონი თემურ ჭკუასელი დაასრულებს.

„საპატიო სტუმრებს ველოდი. ქართველების ხასიათი ხომ მოგეხსენებათ, ამ დროს კარგი სუფრით და საუკეთესო ღვინით უნდა მოიწონო მათ წინაშე კაცმა თავი. არადა, არ მაქვს ღვინო და დავიწყე ძებნა. ჯემალ ჭკუასელს გამოვუტყდი, ბიჭო, საპატიო სტუმრებს ველოდები და კარგი ღვინო მინდა-მეთქი. მითხრა, ამას წინათ მეც მჭირდებოდა კარგი ღვინო, ელბაქიძის აღმართზე მივედი ღვინის ქარხანაში, დირექტორმა კარგი ღვინო მომყიდა და თუ ჩემს სახელს ეტყვი, ჩემი ნაცნობია და თან ფასსაც დაგიკლებსო.

მართლაც მივედი. მდივანს ვკითხე, დირექტორი ადგილზეა-მეთქი. მიპასუხა, კი არის ადგილზე, მაგრამ ძმაკაცები ჰყავს ოთახში, დიდხანს მოგიწევთ ლოდინი და იქნებ სთხოვოთ მიგიღოთო. შევაღე კარი და რას ვხედავ, სუფრაა გაშლილი და ქეიფობენ. გამობრუნება დავაპირე, მაგრამ, რომ დამინახა დირექტორმა, შემოდიო, მითხრა. დამსვა მაგიდასთან და მკითხა, აბა, რამ მოგიყვანა ჩემამდეო. ვუამბე ჩემი ამბავი, მაგრამ ჯემალი არ მიხსენებია. ვიფიქრე, ჯერ ჩემით დაველაპარაკები და თუ მითხრა, არ მაქვს, მერე ვუხსენებ მის სახელს-მეთქი.

დირექტორმა, ორი სახის ღვინო შემომთავაზა, გაგასინჯებ, დააჭაშნიკე და რომელიც მოგეწონება იმას მოგყიდიო. შემივსო ორი ჭიქა – ერთი თეთრი, მეორე შავი ღვინით. ერთი სიტყვით, გამოცდა მომიწყო. მისი ძმაკაცები იღიმებოდნენ. დავლიე ერთი, მეორე, მივუბრუნდი და ვუთხარი, აი, ეს თეთრი ღვინო მომეწონა და თუ გაქვთ, იქნებ მომყიდოთ-მეთქი. გაეღიმა დირექტორს, ღვინის ცნობა გცოდნია, მაგრამ ეს ღვინო არ მაქვს და მეორეს გაგატანო. კი გავიფიქრე, შე მამაცხონებულო, თუ არ გაქვს რაღას მასინჯებდი-მეთქი, მაგრამ რაღას ვეტყოდი. მივხვდი, რაც ჩაიფიქრა, ანუ გამომცადა, ვიყავი თუ არა ღირსი ღვინო გამოეტანებინა.

მოკლედ, ჩამისხეს ჭურჭელში და ფულიც არ გამომართვა. წამოვედი. რამდენიმე დღეში ჯემალი შემხვდა შემთხვევით ქუჩაში. მკითხა, ღვინოზე რა ჰქენი, ხომ მოგცა იაფადო. ვუთხარი, რა იაფად, საერთოდ არ გამომართვა ფული და არც შენი სახელის ხსენება დამჭირდა-მეთქი. გადაირია, როგორ ჩემი სახელი არ გიხსენებიაო? ვუთხარი, შენი სახელი რომ მეხსენებინა, მაშინ გადამახდევინებდნენ-მეთქი. ძლივს დავარწმუნე, რომ მართლა უფასოდ მომცა ღვინო ქარხნის დირექტორმა.

ნამდვილი ქალაქელი კაცი იყო, ეს ერთი შეხედვითაც ეტყობოდა და რადგან მის გამოცდაში არ ჩავიჭერი, ასე დამასაჩუქრა. იმ კაცის სიკეთე დღემდე არ მავიწყდება და ყოველთვის დაგვიანებულ მადლობას ვუთვლი ხოლმე“.