„ამხელა იმპერიამ ვერ შეძლო ქისტების დაჩოქება და ვიღაცა გამეზარადშვილის მუქარა ვის შეაშინებს“

„ამხელა იმპერიამ ვერ შეძლო ქისტების დაჩოქება და ვიღაცა გამეზარადშვილის მუქარა ვის შეაშინებს“

ჩეჩენთა დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი აცხადებს, რომ შსს-ს წარმომადგენელი, ზურაბ გამეზარდაშვილი, რომელიც დღეს სასაზღვრო პოლიციის უფროსია, ქისტებს ხეობიდან გასახლებით ემუქრებოდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ხანგოშვილმა შესაბამისი სტრუქტურები საქმის კურსში ჩააყენა, გამეზარდაშვილის მხრიდან მუქარა შეწყდა. მისივე თქმით, ინციდენტი შარშან მატანში ხელოვნური კონფლიქტის დროს მოხდა, როდესაც მატანელებსა და ქისტებს შორის ურთიერთობა დაიძაბა.

რა ხდება პანკისის ხეობაში, ვისი ორგანიზებით ხდება ხეობიდან ახლაგზრდების სირიაში გაყვანა და ვის დაემუქრა შსს-ს მაღალჩინოსანი? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge მექა ხანგოშვილს ესაუბრა.

ვინ უწყობს ხელს პანკისის ხეობიდანისლამური სახელმწიფოსრიგებში საქართველოს მოქალაქეების გაგზავნას? არის ინფორმაცია, რომ ადგილზე ხდება ორგანიზება, მეორე ვერსიით, ორგანიზებულად მუშაობს რუსული სპეცსამსახურები, რომელთა მთავარი მიზანია ხეობაში ვითარების არევა, რათა ჰქონდეთ საშუალებასაზღვართან ახლოსდაამყარონ წესრიგი“...

- ამას ნამდვილად ვერ დავადასტურებ. არ მგონია, რომ ამ ეტაპზე ხეობაში ასე ღრმად იყოს შემოსული რუსული სპეცსამსახურები. დიდი მეზობელი ყოველთვის არის ჩასაფრების რეჟიმში და მუდამ ცდილობს, რომ რამე დაგვაბრალოს, მაგრამ ჩვენ არ უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ ამ გზით ზეწოლა მოახდინონ ჩვენზე. არა მგონია, რომ ამ ახალგაზრდების გასვლა რუსულ სპეცსამუხრების ორგანიზებული იყოს. რამდენად ვიცი, არის რაღაცა დაჯგუფება, რომელიც ორგანიზებას უკეთებს ამ ახალგაზრდებს და შემდეგ მიჰყავთ სირიაში. არ მგონია, რომ ეს დაჯგუფება რუსულ სპეცსამსახურებზე მუშაობდეს. თუმცა, გამორიცხვით არაფერს გამოვრიცხავ.

პანკისის ხეობაში ამბობენ, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში საქართველოს მოქალაქეების გადინებას პანკისელი რადიკალური ისლამის მიმდევრები უწყობენ ხელს. ასე თუ გაგრძელდა, სახელმწიფომ წმენდითი პოლიტიკა თუ არ გაატარა, ხეობაში ახალგაზრდა აღარ დარჩება, რაც გენოფონდს შეუქმნის საფრთხეს. ყველაზე მნიშვნელოვნად მაინც ის მიმაჩნია, რომ რუსეთი მუდმივად აპელირებს, რომ პანკისში ტერორისტებს ამზადებენ და აქედან ახალგაზრდების გადინება თუ არ შეწყდა, არა მარტო ხეობას, არამედ მთელი ქვეყნის უსაფრთხოებას დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ.

ამ შემთხვევაში რუსეთის მიზანი არის ვითრების არევა ამ რეგიონში?

– რუსეთის მიზანია კავკასიის დაპყრობა და ეს ხომ ფაქტია. ამიტომ ვამბობ, რომ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს მიზანმიმართული და უფრო აქტიური პოლიტიკა პანკისის ხეობის მიმართულებით და არა მუქარები, რომ გაგყრით ხეობიდანო. უხუცესებთან იყო მუქარის ტონით საუბარი, რომ აგვყრიდნენ აქედან.

ვისგან იყო ეს მუქარა?

– შსს-ს მაღალჩინოსანი ვინმე ზურაბ გამეზარდაშვილი. ეს მოხდა შარშან, როდესაც მატანში ხელოვნური კონფლიქტი მოხდა მატანელებსა და ქისტებს შორის. აი, მაშინ, შსს-ს თანამშრომელმა გამეზარდაშვილმა დაიბარა უხუცესები და ვაჰაბისტები თავისთან და მუქარის ტონით უთხრა, რომ თუ ჭკუით არ იქნებით, იქედან აგყრითო. თანამდებობის პირს კარგად უნდა ესმოდეს, რომ ამ ხეობის მაცხოვრებლების დამსახურებაა ის, რომ პანკისის ხეობა ისევ არის საქართველოს იურისდიქციაში და საერთოდ, კი არ უნდა აყარონ, არამედ უნდა ცდილობდნენ, რომ გაამაგრონ ქისტები. გამეზარდაშვილისნაირები ვერ დაიცავენ ამ ხეობას და ეს კარგად უნდა ესმოდეს ამ მაღალჩინოსანს.

თქვენ თუ მიმართეთ შესბამის ორგანოებს რეაგირებისათვის?

– ერთი, ორი მაღალი თანამდებობის პირს ვუთხარი, რომ იყო მსგავსი მუქარა და კარგი იქნება თუ ასეთი ფაქტი არ იქნებოდა. იმის მერე არ ყოფილა ასეთი მუქარა. კანონის ჩარჩოებში არ მომიქცევია, რადგან აღიკვეცა. მინდა, ამ პირს და იმათ, ვინც მისნაირად აზროვნებენ, ვუთხრა, რომ პანკისის ხეობა ქისტებისთვის ლანგრით არავის მიურთმევია. პანკისის ხეობა ქისტებმა საკუთარი სიცოცხლისა და სისხლის ფასად დაიცვეს. უხუცესთა საბჭო მუდმივად არის ხეობაში კონფლიქტის დარეგულირების რეჟმში.

სამწუხაროდ, ეს რადიკალური დაჯგუფება რომ გამოჩნდა, მათშიც კი არის უხუცესთა მიმართ პატივისცემა. ასე რომ, მსგავსი ტონით ქისტების შეშინება გამორიცხულია. ამხელა იმპერიამ ვერ შეძლო ქისტების დაჩოქება და ვიღაცა გამეზარადშვილის მუქარა ვის შეაშინებს?! გამეზარდაშვილისნაირები 2008 წელს დოლარებით სავსე დიპლომატებით წითელი ხიდიდან რომ გარბოდნენ, ქისტი ბიჭები საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ საქართველოს ერთიანობას.

რაც შეეხება ხეობას, რა დაჯგუფება მოქმედებს ხეობაში რომლის ორგანიზებითაც ხდება ქისტების გაყვანა?

– ეს კითხვა უნდა დაუსვათ შსს–ს წარმომადგენლებს. ყველამ კარგად იცის, ვინ რას აკეთებს და ვინ რითი არის დაკავებული. არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ამას აკეთებს და ფაქტი სახეზეა.

რა არის მთავარი მოტივი, რატომაც მიდიან ახალგაზრდები სირიაში?

– იდეოლოგია. არავითარი მატერიალური დაინტერესება აქ არ არის. ადრეც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, რომ მე არ მინახავს იქედან ვინმე მდიდარი დაბრუნებული. იყო შემთხვევა, როდესაც თურქეთიდან დარეკეს ბიჭებმა და მშობლებს სთხოვეს გზის ფული, რომ სახლში დაბრუნებულიყვნენ. ამ რანგის ახალგაზრებში, რომლებიც იდეოლოგიით არიან მოწამლული, იმათ ხელში ფული არ მიდის. ფული მიდის ლიდერების ხელში.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღავანელი აცხადებს, რომ მინიმუმამდე არის დაყვანილი ის რისკები, რის გამოც პანკისის ხეობიდან ადამიანები სირიაში საბრძოლველად მიდიან...

– ეს ფაქტი რომ არ გახმაურებულიყო, ჩვენ ისიც კი არ ვიცოდით, რომ მიდიოდნენ, რატომღაც გვეგონა, რომ არ მიდიოდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე მიდიოდნენ. თავისთავად, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ამაზე, რომ მსგავსი ფაქტი აღიკვეთოს. სხვათა შორის უხუცესთა საბჭომ სპეციალური პროგრამაც კი შეიმუშავა, როგორ შეიძლება ამ პრობლემას ებრძოლონ. ძალიან მნიშვნელოვანია ტრადიციული ისლამის გაძლიერება, უხუცესთა საბჭოს ფუნქციის გაძლიერება, განათლების დონის ამაღლება და რაც მთავარია ახალგაზრდების დასაქმება. აუცილებელია ყურადღება მიექცეს ხეობას.