„ექსტრადიციის პროცედურას მიაქვს ძალიან დიდი დრო, დღეს დაწყებული პროცედურები შედეგს მოიტანს გაისად“

„ექსტრადიციის პროცედურას მიაქვს ძალიან დიდი დრო, დღეს დაწყებული პროცედურები შედეგს მოიტანს გაისად“

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ აქვეყნებს ინფორმაციას, რომ საქართველოს მოთხოვნას პირის ექსტრადირების შესახებ, უცხოელი სამართალდამცავები სულ უფრო ნაკლებად აკმაყოფილებენ. IDFI-ის ინფორმაციით, 2012 წლის შემდეგ მაჩვენებელი 70-დან 9 პროცენტით შემცირდა. ამის მიზეზად კი IDFI-ის ხელმძღვანელი ქართველი სამართალდამცავების მხრიდან დანაშაულის დაუსაბუთებლობას ასახელებს.

პროკურატურის მიერ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების თხოვნით ინტერპოლის გენერალური სამდივნოსთვის გაგზავნილი და მათ მიერ დაკმაყოფილებული მიმართვების რაოდენობის შესახებ, ასევე, საზღვარგარეთის სამართალდამცავი ორგანოებისათვის ძებნილ პირთა ექსტრადაციის შესახებ დაყენებული შუამდგომლობების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით, IDFI-იმ 2015 წლის 26 მარტს მიმართა მთავარ პროკურატურას.

როგორც პროკურატურიდან მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა, 2010-2015 წლებში საქართველოს პროკურატურამ ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების თხოვნით, ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს სულ 131 განცხადებით მიმართა, რომელთაგან 121 დაკმაყოფილდა. 2011 წელს პროკურატურის მიერ გაგზავნილი 28 მოთხოვნიდან ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ 8 არ დაკმაყოფილდა. 2014 წელს 15 მოთხოვნიდან 2 არ დაკმაყოფილდა.

რაც შეეხება საქართველოს პროკურატურის მიერ საზღვარგარეთის სამართალდამცავი ორგანოებისათვის ძებნილ პირთა ექსტრადაციის შესახებ გაგზავნილ შუამდგომლობებს, როგორც ირკვევა ყველაზე მეტი, 59 აღნიშნული ხასიათის შუამდგომლობა საქართველოს პროკურატურამ დააყენა 2010 წელს, რომელთაგან 34 დაკმაყოფილდა.

IDFI-ის ინფორმაციით საზღვარგარეთის საგამოძიებო ორგანოების მიერ ძებნილ პირთა ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობების დაკმაყოფილების პროცენტული მაჩვენებელი 2012 წლის შემდგომ ყოველწლიურად მნიშვნელოვნად მცირდება. 2012 წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 70 პროცენტით იკლო, 2012 წელს - 53%-ით, 2013 წელს - 16%-ით, ხოლო 2015 წლის, საწყისი სამი თვის განმავლობაში, მხოლოდ - 9 პროცენტით.

როგორც პროკურატურის მიერ განმარტებულია, ის შუამდგომლობები რომელიც არ არის დაკმაყოფილებული საზღვარგარეთის კომპეტენტური ორგანოების მიერ, ნაწილი,  ამჯერად, იმყოფება განხილვის პროცესში, ნაწილზე უარი ითქვა, ხოლო გარკვეულ ნაწილზე შემაფერხებელი გარემოებების აღმოფხვრამდე - დროებითი ითქვა უარი.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინფორმაციით კი 2011 წელს ინტერპოლმა საქართველოს 28-დან 20 მოთხოვნა დაუკმაყოფილა, ხოლო 2014 წელს 15-დან - 13 მოთხოვნა.

„საუბარია იმაზე, რომ ექსტრადიციის პროცედურას მიაქვს ძალიან დიდი დრო, რა მონაცემებიც მე მაქვს ნანახი. ამიტომ, მე რაიმე საგანგაშოს ამ ციფრებში ვერ ვხედავ და მხოლოდ ციფრები არ იძლევა სურათის ანალიზის საშუალებას. რაც შეეხება მიმდინარე 2014-2015 წლების სამუშაოს, ამის შედეგები გამოჩნდება და ციფრებში აისახება არა წელს, არამედ გაისად, რადგან დღეს დაწყებული პროცედურები შედეგს მოიტანს მხოლოდ გაისად“, - აცხადებს თეა წულუკიანი.

პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, დეპუტატი ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ უნდა მოხდეს ობიექტური მონაცემების შედარება. მისივე თქმით, შედარება არ უნდა იყოს ტენდენციური.

„რაც შეეხება მიზეზებს, ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მართლაც კარგად არაა დასაბუთებული ექსტრადირების შესახებ მოთხოვნა და ამის მიზეზი არის არასათანადო კვალიფიკაცია. მეორე მიზეზი შეიძლება იყოს ის, რისი აფიშირება ყოველთვის ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ - რომ ეს არის პოლიტიკური დევნა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, IDFI-ის ინფორმაცია ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ახორცილებს პოლიტიკურ დევას.

„საერთაშორისო საზოგადოება შეთანხმებულია იმაზე, რომ საქართველოში ხორციელდება პოლიტიკური დევნა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ უარს ეუბნებიან საქართველოს პროკურატურას ექსტრადიცაზე. მაგრამ, ამავდროულად, ეს ახალისებს კრიმინალთან ბრძოლას“, - აცხადებს ჟურნალისტებთან საუბრისას ჩიორა თაქთაქიშვილი.

იურისტი ლევან ალაფიშვილი თვლის, რომ პირველ რიგში, პრობლემები ქვეყნის შიგნით უნდა ვეძებოთ, რადგანაც სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენებით დასტურდება, რომ გამოძიება იღებს ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს.

„ნაცვლად იმისა, რომ იზრუნონ მტკიცებულებების შეგროვებაზე და სასამართლოზე წარდგენაზე, ამას არჩევენ ჯერ დააკავონ პირი, წინასაწარ დააანონსონ მის მიერ ჩადენილი დანაშაულები და ა.შ. ეს უფრო ე.წ. პიარი, რომელიც საჯარო სივრცეზე მუშაობს, ვიდრე გამოძიებაზე. ასეთ გახმაურებულ საქმეებზე გამოძიების სტანდარტი უნდა იყოს ძალიან მაღალი.

ორი წელია ვსვამ კითხვას, არის თუ არა გამოძიება ხარისხიანი და მტკიცებულებებით უზრუნველყოფილი, განსაკუთრებით გახმაურებული საქემეების შემთხვევაში და განსაკუთრებით ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართ. გამუდმებით ერთი და იგივე შედეგებია. სასამართლოს განაჩენებში წერია, რომ არასაკმარისი მტკიცებულების გამო დადგა ეს შედეგი.

აბა ვნახოთ, სისტემურად რა შეიცვლა პროკურატურაში, ერთადერთი, შეიცვალა ის, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს არ ჰქონდა განათლების ცენზი და ამას მოჰყვა პოლიტიკური სკანდალი, შეიცვალა ორგანული კანონი და იუსტიციის მინისტრი არ არის პროკურატურის სისტემის მეთაური. მეტი არაფერი შეცვლილა. აუცილებელია სტრუქტურული ცვლილება და ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრება არაა, თვითონ მთავრობამაც აღიარა, რომ პროკურატურა საჭიროებს რეფორმირებას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილი.