„500-მდე ქართული ოჯახი მზადაა, ასურელი ბავშვი იშვილოს“, - ეს განცხადება დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ საქართველოში მცხოვრები ასირიელებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. შეხვედრაზე ასირიელი ქრისტიანებისთვის თავშესაფრის გადაცემის საკითხი განიხილეს.
„დავინტერესდით დეტალებით, რომ ვიყოთ მზად რაღაც ინიციატივებისთვის, რომელიც შემდეგ გაჟღერდება მთავრობის სხდომაზე და სხვადასხვა ფორუმზე და ჩვენ ამ ჟესტითა და მათი მოწვევით ხაზს ვუსვამთ ჩვენს მზადყოფნას, რომ შევისწავლოთ კარგად სიტუაცია, ავწონ-დავწონოთ ჩვენი რეალური ძალები და გადავდგათ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები. სასულიერო პირთან საუბრისას აღმოჩნდა, რომ 500-მდე ქართულმა ოჯახმა მიმართა მათ მზადყოფნით, იშვილონ ეს ბავშვები“, - აღნიშნა გელა დუმბაძემ.
მინისტრის განცხადებით, ისინი ჩვენი ხელისუფლებიდან ელიან კონკრეტულ განცხადებას, რომ საქართველო მზადაა, რაღაც ნაწილი, თუნდაც ბავშვების, მიიღოს, რასაც მოჰყვება უკვე სხვა ქმედებები. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა შს მინისტრმა, რომლის განცხადებით, ამ თემაზე სავარაუდოდ, მთავრობის სხდომაზე იმსჯელებენ და გადაწყვეტილებას პრემიერი მიიღებს.
„ამაზე, ალბათ, პრემიერ-მინისტრი მიიღებს გადაწყვეტილებას, მთავრობაზე დააყენებს საკითხს და გეცნობებათ. ამაზე მეტ პასუხს ვერ გაგცემთ“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
„გააჩერეთ გენოციდი“,- ამ სახელწოდებით ქართველი ფეისბუქ მომხმარებელები პეტიციას ავრცელებენ. საზოგადოება ხელისუფლებისგან მართლმადიდებელი ასირიელებისთვის თავშესაფრის მიცემას ითხოვს. „ისლამური სახელმწიფო“ ასირიელების წამებისა და მკვლელობის შემზარავ კადრებს სისტემატურად აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ „აი-სი-სი“ და სხვა ტერორისტული დაჯგუფებები, თავად იღებენ კადრებს, აფორმებენ მუსიკალურად და შემდეგ ასაჯაროვებენ.
რამდნიმე ვიდეოში ქრისტიანებს სარწმუნოების შეცვლას სთხოვენ, უარის შემთხვეაში დაუნდობლად კლავენ. შემზარავი კადრები ადასტურებს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები ბავშვებსაც არ ინდობენ. ინტერნეტში გავრცელდა ასურელი ბავშვების მიმართვა, სადაც ისინი იმ საშინელებების შესახებ ყვებიან, რაც თავად ნახეს და შველას ითხოვენ. კადრებში ჩანს ასეულობით მოკლული და ჩამომხრვალი ბავშვი, თავმოკვეთილი და ჯვარზე გაკრული ქრისტიანები.
მამა სერაფიმემ, რომელიც წარმოშობით ასურელია აცხადებს, რომ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრაზე ასურელების დახმარების პირობა მიიღო.
„ბატონმა მინისტრმა თქვა, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა ამ თემაზე იმუშაონ, გაარღმავონ და თუნდაც, მოგვეცეს საშაულება, რომ ჩამოვიყვანოთ ეს დევნილი ხალხი. თანამემამულეები მიგზავნიან კადრებს - სამი-ხუთი წლის ბავშვებს თავი აქვთ მოჭრილი.
მუსულმანობა ამას არ ქადაგებს და რასაც ესენი აკეთებენ, ეს ტერორიზმია. ყველა ასირიული ეკლესია არის განადგურებული, მძევლად აიყვანეს დედები, მღვდელს ესროლეს, შემდეგ - დიაკონს პირდაპირ წმინდა ტრაპეზთან. დანარჩენი მრევლი ვინც იყო, ყველა დაცხრილეს“, - აცხადებს მამა სერაფიმე.
საპატრიარქოს პრეს-მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, ასირიელი ქრისტიანებისთვის დახმარების გაწევა საპატრიარქოს პრეროგატივა არ არის. როგორც მან „აქცენტებთან“ საუბრისას აღნიშნა, დევნა ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობს და ყველას რომ კარი გავუღოთ, ეს შესაძლოა სახელმწიფოსთვის კარგი არ იყოს.
„ეს საკითხი საპატრიარქოს პრეროგატივა არ გახლავთ. ამაში ვერ ჩავერევით. დევნა ბევრ ქვეყანაში მინდინარეობს და ყველას კარი რომ გავუღოთ, ეს შესაძლოა სახელმწიფოსთვის სასურველი არ იყოს. ჩვენს მთავრობას აქვს ალბათ გარკვეული გეგმა“, - აცხადებს მამა მიქაელ ბოტკოველი.
ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია იმ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა, რომლებიც საკუთარი სარწმუნოების გამო იდევნებიან. თუმცა, ამბობს, რომ ასურელების დახმარების დროს სახელმწიფომ უნდა იფიქროს იმაზე, როგორი იქნება მსოფლიო პოლიტიკა ამ შემთხვევაში.
„სიცოცხლის გადარჩენა ყოველთვის მნიშვნელოვანია და მითუმეტეს ბავშვების. მაგრამ, ჩვენ ასურელებთან ასეთი დატვირთული ისტორია არ გვაქვს. ამიტომ, ამ დამხამრების დროს სახელმწიფომ უნდა იფიქრო იმაზე, როგორი იქნება მსოფლიო პოლიტიკა. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ანალოგიური სულისკვეთება ბევრ ქრისტიანულ ქვეყანაშია. ამიტომაც, თუ მხოლობით რიცხვში იმოქმედებს საქართველო, ეს ცოტა გაუგებარი შეიძლება იყოს.
პარატნიორებთან ერთად თუ გაუწვდის ხელს ქრისტიანებს, ეს პოლიტიკურად უფრო გამართული ნაბიჯი იქნება. თუ მარტო აღმოჩნდა საქართველო, ასეთ შემთხვევაში გაუგებარი იქნება ასეთი ინიციატივა და შეიძლება ამან ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან გაღიზიანება გამოიწვიოს. ამიტომ, მნიშვნელოვანია ასეთი კეთილშობილური მიზნისთვის პარტნიორის მოძებნა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
პროფესორი სერგო ვარდონსანიძე ფიქრობს, რომ ამ პრობლემის აღსაკვეთად იმ დიდმა სახელმწიფოებმა უნდა იზრუნვონ, რომლებსაც ხელეწიფებათ ამ პრობლემის გადაჭრა და თუ საჭირო გახდება, სამხედრო ჩარევითაც კი აღკვეთონ 21-ე საუკუნის ფაშიზმი.
„ჩვენ ამ შემთხვევაში მორალური მხარდაჭერის მეტი არაფერი არ შეგვიძლია გავაკეთოთ. რაც შეეხება ამ ბავშვების შვილად აყვანის საკითხს, ეს უფრო ფაქიზი თემაა. როდესაც ოჯახი იშვილებს, მისი ინტეგრირება ხდება იმ სამყაროში, იმ კულტურულ-რელიგიურ სივრცეში, რომელი ოჯახის შვილიც იქნება, ეს რამდენად მისაღებია მათთვის, რამდენად არის ამისთვის მზად ეს ეთნოსი, ეს ყველაფერი გასარკვევია. ასე ხელაღებით ვერ ვიტყვით ეს კარგია, თუ ცუდია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სერგო ვარდოსანიძე.
კვირას, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ასირიელი ქრისტიანების მხარდასაჭერად სოლიდარობის აქციები გაიმართება. აქციის ორგანიზატორები ხელისუფლებას მოუწოდებენ, საქართველოს ტერიტორიაზე შეიფარონ ასირიელი ოჯახები და ბავშვები.
ლტოლვილთა და განსახლებისა სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლიდან დღემდე, საქართველოს თავშესაფრის თხოვნით სირიის 167-მა მოქალაქემ მიმართა. აქედან ლტოლვილის სტატუსი ხუთს, ჰუმანიტარული კი 62 პირს მიენიჭა. დღესდღეობით განიხილება 31 საქმე, 51 საქმე შეწყდა იმის გამო, რომ განმცხადებელმა ქვეყანა დატოვა, ხოლო 18 პირს სტატუსზე უარი ეთქვა.