„სავარაუდოდ, ძებნილის ადვოკატმა მიაწოდა ინტერპოლს მასალები და პოლიტიკურ დევნაზე ჰქონდა საუბარი“

„სავარაუდოდ, ძებნილის ადვოკატმა მიაწოდა ინტერპოლს მასალები და პოლიტიკურ დევნაზე ჰქონდა საუბარი“

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობამ რაც გასაკეთებელი იყო ყველაფერი გააკეთა - ადეიშვილიც მიეცა პასუხისგებაში ყველა ის დამნაშავე, რომლებმაც წლების განმავლობაში შექმნეს დანაშაულებრივი სისტემა. განცხადება ერთია, მაგრამ ფაქტები მეორეზე მეტყველებენ - დღესვე ცნობილი გახდა, რომ იუსტიციის ყოფილი მისიტრის შემდეგ, ძებნილთა ნუსხიდან, ინტერპოლმა კიდევ ერთი მაღალჩინოსანი ამოიღო.

თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, სერგო ქავთარაძე რომელსაც თაღლითობასა და თანხის გაფლანგვას ედავებიან, წითელი ცირკულარით აღარ იძებნება. ისევე როგორც ზურაბ ადეიშვილზე, ერგო ქავთარაძეზე შიდა ძებნაა გამოცხადებული და პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი.

for.ge-სთან საუბრისას იუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, დავით ჯანდიერი იმ სავარაუდო მიზეზებზე საუბრობს, რომლიც ზურაბ ადეიშვილის ძებნის მოხსნის საფუძველი გახდა.

პროკურატურის მტკიცება, რომ ადიშვილზე საერთაშორისო ძებნა შეწყდა იმიტომ, რომ მას მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი, არის მთავარი არგუმენტი, რატომაც შეწყდა ძებნა? მასალები არ მიუთითებდა, რომ იუსტიციის ყოფილი მინისტრის მხრიდან დანაშაული იყო ჩადენილი?

დავით ჯანდიერი: საკითხი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ პირდაპირ არ უკავშირდება საერთაშორისო სამართალს, არამედ, ეს უკავშირდება ინტერპოლის კონსტიტუციას, რომელიც არის სადამფუძნებლო დოკუმენტი, ასევე რეზოლუციებს ინტერპოლთან დაკავშირებით და წესებს, რომლის მიხედვით მიმდინარეობს პროცედურა.

ინტერპოლის სადამფუძნებლო დოკუმენტის მე-3 მუხლი კატეგორიულად მოითხოვს ინტერპოლისგან, რომ პოლიტიკური ნეიტრალიტეტი იქნას შენარჩუნებული, რაც გულისხმომს იმას, რომ პოლიტიკა მკაფიოდ ნეიტრალური არა მხოლოდ დანაშაულთან მიმართებაში იყოს, არამედ ასევე პოლიტიკოსების მიმართ. როდესაც ასეთი ეჭვი წარმოიშობა, არის გარკვეული ტესტი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს წითელ ცირკულარში ძებნა.

ეს რას გულისხმობს?

- ეს გულისხმობს რა სახის დანაშაულია ჩადენილი, პიროვნების სტატუსს - თუ, როგორც კერძო პირს, ისე აქვს ბრალი წაყენებული, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს ტესტი არ მოქმედებს. ასევე, ინტერპოლის ეროვნული ბიუროს პოზიციაა, რომ ცალკე აღებული ლტოლვილის სტატუსი არ არის წითელი ცირკულარიდან მოხსნის საფუძველი. მაგრამ, საერთო კონტექსტში, წითელი ცირკულარიდან მოხსნის საფუძველი, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს როგორც ლტოლვილის სტატუსი, ასევე სხვა გარემოებებიც. თუკი, პირის ბრალეულობა აღარ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომლის გამოც მოხდა წითელი ცირკულარით ძებნა, ინტერპოლის სამდივნო უფლებამოსილია პირი ამოიღოს წითელი ცირკულარიდან.

რა შეეხება ზურაბ ადეიშვილის შემთხვევას, როგორ ფიქრობთ, რატომ შეაჩერა მასზე ძებნა ინტერპოლმა, მხოლოდ ლტოლვილის სტატუსის გამო?

- გამომდინარე იქიდან, რომ არ ვიცნობ ინტერპოლის გადაწყვეტილებას, ჩემთვის ცოტა რთულია ამაზე საუბარი. პროკურატურის განცხადება მოწმობს, რომ ლტოლვილის სტატუსი სავარაუდოდ, არ იქნებოდა ერთადერთი საფუძველი, რის გამოც შეჩერდა ძებნა. ვფიქობ, რომ სავარაუდოდ, ძებნილის ადვოკატმა მიაწოდა ინტერპოლს ის მასალები, რომელიც, მათი აზრით, ადასტურებდა ადეიშვილის უდანაშაულობას და სავარაუდოდ, დაცვის მხარეს პოლიტიკურ დევნაზე ჰქონდა საუბარი. თუმცა, უფრო მგონია, რომ გათვალისწინებული იქნებოდა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნა და ასევე, შესაძლებელია მხედველობაში ზოგიერთი მაღალჩინოსნის, კერძოდ მინისტრის განცხადება, რომელიც არღვევს ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმციას.

თქვენ თვლით, რომ პოლიტიკურმა ქვეტექსტებმა იქონია გარკვეული როლი? ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, იუსტიციის მინისტრის მხრიდან გაკეთებულმა პოლიტიკურმა განცხადებებმა, საერთაშორისო საზოგადებაში შექმნა აზრი, რომ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა...

- საკუთარი თანამდებობა ვიწრო პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არ უნდა იყოს გამოყენებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომელი მინისტრი აკეთებს პირის დანაშაულთან დაკავშირებით პოლიტიკური კუთხით მნიშვნელოვან განცხადებას, სოფლის მეურნეობის მინისტრი, თუ მინისტრი, რომლის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ შეიძლება იყოს სისხლის სამართლებლივი დევნის ორგანო.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთხელ მოითხოვეს დოკუმენტები და შესაბამისი მტკიცებულება გადაეგზავნათ. როგორც ჩანს, ამის შემდეგ კომუნიკაცია პროკურატურასთან არ ყოფილა. როდესაც ისეთ მძიმე დანაშაულზეა საუბარი, როგორც არის ადამიანების წამება, იყო თუ არა პროკურატურის პირდაპირი მოვალეობა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ჩააყენებინა საქმის კურსში, რეალურად რა დანაშაულში იყო ბრალდებული ადეიშვილი?

- ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ ინტერპოლის სამდივნოსთან რამდენჯერმე მოხდა კომუნიკაცია. მათ აინტერესებდათ ედო თუ არა საფუძვლად პოლიტიკური მოტივი ადეიშვილის წინააღმდეგ მიმართულ სისხლის სამართლებრივ საქმეს. რაც შეეხება მასალების მიწოდებას, სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ კანონის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილი ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია როგორც შუამდგომლობის, ასევე საკუთარი ინიციატივით საერთაშორისო ორგანიზაციას მიაწოდოს ინფორმაცია სწორედ სისხლის სამართლებლივ დევნასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

რაც, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში, საქმის მწარმოებელი ორგანოს მიერ არ გაკეთებულა. ეს არის პროკურატურის უმოქმედობის შედეგი?

- ვერ გეტყვით რამდენად მყარია პროკურატურის მასალები, იმიტომ, რომ მე არასოდეს მქონის წვდომა ამ მასალებთან. თუმცა, ერთი რამ ცხადია, რომ პროკურატურა საჭიროებს სისტემურ რეფორმას და ეს დადასტურებულია არა მხოლოდ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რომლებიც საქართველოში მოღვაწეობენ, არამედ ამაზე საუბრობს საერთაშორისო ორგანიზაციები. ასევე, ბუნებრივია, სტრუქტურული რეფორმების გარეშე შეუძლებელია წარმატებაზე საუბარი.

რა გზა რჩება საქართველოს მხარეს იმისათვის, რომ უზრუნველყონ ადეიშვილის დაკავება?

- ინტერპოლის ძებნა არ ნიშნავს პირი დამნაშავეა თუ არა. ინტერპოლი შესაბამის სახელმწიფოებს ეხმარება პირის იდენტიფიცირებაში. რეალურად, საბოლოო ჯამში, დაკავებულის ექსტრადირება უნდა განახორციელოს შესაბამისმა სახელმწიფომ. თუმცა, ძალიან მეეჭვება და პარაქტიკულად გამოვრიცხავ, დაკავების შემთხვევაში რომელიმე სახელმწიფომ მოახდინოს რომელიმე მაღაჩინოსნის ექსტრადიცია.

ლტოლვილის სატატუსი საფრანგეთმა მიანიჭა ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც ისეთ უმძიმეს დანაშაულში იყო ბრალდებული, როგორიც არის სახელმწიფო გადატრიალება, იგივე მოხდა ბიძინა გიორგობიანის შემთხვევაში, რომელსაც ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა გერმანიამ, მაგრამ ეს არ გამხდარა საფუძველი იმისა, რომ ამ ადამიანებზე ინტერპოლის საშუალებით შეეწყვიტათ ძებნა. მეტიც, ყოფილ ვიცე-პრემიერს თემურ ბასილიას პოლიტდევნილის სტატუსი მიანიჭა აშშ-მა, მაგრამ ამ დრომდე ძებნილთა სიაშია. გამოდის, რომ  ადეიშვილის შემთხვევაში პროკურატურამ მნიშვნელოვანი მტკიცებულება ვერ გადასცა ინტერპოლს?

- მე უფრო მგონია, რომ მიზეზი არის ის განცხადებები, რომელიც კონკრეტულ სისხლის სამართლებლივ დევნასთან არის დაკავშირებული. როგორც წესი, როდესაც საქმე პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ეხება, ინტერპოლი ყოველთვის განცალკავებულად განიხილავს თითოეულ საკითხს. ამიტომ, თითოეულ საქმეს აქვს თავისი დატვირთვა და სწორედ კონტექსტის გათვალისწინებით ხდება ასეთი გადაწყვეტილების მიღება. სავარაუდოდ, ამ შემთხვევაში ჩაითვალა, რომ გაკეთებული განცხადებები არ იძლეოდა სხვა გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. კარგი იქნება მინისტრებმა, ვისაც ეს ეხებათ, მოზომონ განცხადებები, რომელსაც აკეთებენ. არავინ ისე არ ავნებს ამ პროცესს, როგორც არასწორი და არაგონივრული განცხადება.