ლევან სამუშია: „დანაშაული არ მომხდარა, შესაბამისად, მტკიცებულებაც ვერ იქნება“

ლევან სამუშია: „დანაშაული არ მომხდარა, შესაბამისად, მტკიცებულებაც ვერ იქნება“

ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლო პროცესი 27 აპრილს განახლდება. 7 საათიანი სასამართლო პროცესი, რომელსაც ბრალდებულებიც ესწრებოდნენ, დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. სავარაუდოდ, მომავალი პროცესიც დახურულ რეჟიმში გაგრძელდება იმ მოტივით, რომ მხარეების განცხადებით საქმეში არსებობს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტაცია. მას შემდეგ, რაც საიდუმლო დოკუმენტების განხილვა დასრულდება, პროცესი გაიხსნება, რომელზე დასწრებაც მედიის წარმომადგენლებსაც შეეძლებათ.

პროცესი 11 საათზე დაიწყო, თუმცა, მოგვიანებით, მოსამართლის გადაწყვეტილებით, წინასასამართლო სხდომა დღეს 15:00 საათამდე გადაიდო. გადადების მიზეზი ტექნიკური დეტალების დაზუსტება გახდა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებათა ნუსხა წარადგინა, რომელიც სრულად ცნო სადავოდ დაცვის მხარემ.

27 აპრილს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებათა ნუსხის წარდგენა იგეგმება. ადვოკატები მომავალ პროცესზე აპირებენ დააყენონ შუამდგომლობა თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლის თაობაზე.

ადვოკატი სოსო ბარათაშვილი ამბობს, რომ ე.წ. კაბელების საქმეში აუდიტის სამსახურის დაუსაბუთებელი დასკვნა დევს. საუბარია იმ დასკვნაზე, რომელშიც ასახულია ზოგადი შეფასებები.

„დასკვნაში საუბარი არ არის რაიმე ციფრებზე. მხოლოდ ზოგადი შეფასებებია იმის თაობაზე, შეეძლო თუ არა თავდაცვის სამინისტროს საკუთარი სახსრებით პროექტის განხორციელება. ასევე, ჰქონდა თუ არა ერთ-ერთ კომპანიას მინიჭებული გარკვეული უპირატესობა. გაფლანგვის ფაქტი არანაირად არ დასტურდება აღნიშნული დასკვნით.

ეს დასკვნა არის დაუსაბუთებელი და მიკერძოებული, რაზეც მსჯელობა საქმის არსებით განხილვაზე მოხდება. პრაქტიკა, რომელიც დანერგილი იყო წინა ხელისუფლების პირობებში, რომ აუდიტის სამსახური ახორციელებდა ხელისუფლების დავალებებს, ახლაც გრძელდება, რაც არის საშიში და არასასიამოვნო ტენდენცია“, - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

როგორც ადვოკატი ლევან სამუშია აცხადებს, ადვოკატებმა დღეს მოისმინეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რომლიდანაც არც ერთი არ მიუთითებს ბრალდებულების დანაშაულებრივ ქმედებაზე. მისივე თქმით, ადვოკატებმა ყველა მტკიცებულება სადავო გახადეს, რაც იმას ნიშნავს, რომ არ ენდობიან ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს და მათი განხილვა მოხდება სასამართლოს არსებითი განხილვის ეტაპზე.

„ერთია რას აცხადებს ბრალდების მხარე და მეორეა, რა არის საქმის მასალები. საერთოდ, ამ საქმის სასამართლოში წარმართვა წარმოუდგენელია. არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, რომ ამ საქმეს სამართლიანობასთან და კანონთან კავშირი არ აქვს. უბრალოდ, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ პროკურატურა თავიდანვე გვეჯიბრებოდა, ვის რამდენი ფურცელი ჰქონდა წარდგენილი.

შემიძლია გითხრათ, რომ დაცვის მხარეს აქვს საკამოდ მყარი და წონადი მტკიცებულება, რითაც დასტურდება დაკავებულთა უდანაშაულობა. პირდაპირ ვამბობ, რომ ბრალდების მხარეს საერთოდ არ აქვს მტკიცბულება. დანაშაული არ მომხდარა, შესაბამისად, მტკიცებულებაც ვერ იქნება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლევან სამუშია.

საქმის პროკურორი ნინო აღლემაშვილ ამტკიცებს, რომ ბრალდების მხარეს ყველა მტკიცებულება კანონიერად აქვს მოპოვებული. მისი თქმით, პროკურატურას სასამართლოში 21 ტომი აქვს წარდგენილი, რომელიც მოიცავს ოფიციალურ დოკუმენტებს, მოწმეების ჩვენებებს, მათ შორის იმ კომპანიების წარმომადგენლების ჩვენებებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სხელმწიფო შესყიდვაში. პროკურორის თქმით, ეს მოწმეები სასამართლოშიც დაიკითხებიან.

„ბრალდების მხარის მტკიცებულებებში წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნები, რომლითაც დასტურდება, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებმა სახელმწიფო თანხები გაფლანგეს. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების შეცვლას, ამის საფუძველი არ არსებობს. ჩვენ აღნიშნულ შუამდგომლობას არგუმენტირებულად ვუპასუხებთ. განცხადებები, რომ ეს არის საქმე მტკიცებულებების გარეშე, სიმართლეს არ შეესაბამება.

ერთმნიშვნელოვნად მინდა ვთქვა, რომ ეს არის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ეფუძნება თავდაცვის სამინისტროდან მოპოვებულ ოფიციალურ დოკუმენტებს და ამ დოკუმენტებთან მიმართებაში ჩატარებულ კვლევის შედეგებს. კვლევებში იგულისხმება აუდიტის ექსპერტების დასკვნაც, რომლითაც დასტურდება, რომ ბრალდებულების ქმედებით მოხდა თანხების გაფლანგვა“, - აცხადებს ნინო აღლემაშვილ.

დაკავებულებს სასამართლოს ეზოდან გულშემატკივრობდნენ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერები, რომელთა განცხადებით, აღნიშნულ საქმეს პოლიტიკური სარჩული უდევს, რაც აღნიშნული პირების დაკავების დღიდან არაერთხელ დამტკიცდა. როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, საქმეში არანაირი მოტივი და დანაშაულის ნიშნები არ ჩანს.

„ძალიან მრცხვენია იმის გამო, რომ რასაც წინა ხელისუფლების დროს, წლების განმავლობაში ვებრძოდი, სამწუხაროდ, იგივე ხდება. დღეს კიდევ მიწევს სასამართლოში სიარული. ეს ადამიანები მალე დატოვებენ ციხეს, დაუბრუნდებიან ოჯახებს, მაგრამ ეს ძალიან მძიმე ლაქად დარჩება ჩვენს ქვეყანას, ამ შემთხვევაში ამ ხელისუფლებას“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.