პანკისის ხეობა ისევ ყურადღების ცენტრშია. მიზეზი კი, ის ახალგაზრდები გახდნენ, რომლებიც საომრად სირიაში მიდიან. პანკისის ხეობიდან სირიაში წასული სკოლის ორი მოსწავლე, რომელთაგან ერთი 16-ის, ხოლო მეორე 18 წლისაა ამ დროისთვის „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ საწვრთნელ ბაზაზე გადიან სწავლებას. ისინი ტელეფონით დაუკავშირდნენ ოჯახის წევრებს და უთხრეს, რომ კარგად არიან, ჯერ ომი არ უნახავთ, რადგან შესაბამის სწავლებას გადიან.
პანკისიდან სირიაში გადასული მოსწავლეების ოჯახების ინფორმაციით, 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილმა და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილმა საქართველოს ტერიტორია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დატოვეს.
როგორც მუსლიმ კუშტანაშვილის ბებიამ, შარიათ წინწალაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, მოზარდები თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე ტაქსით მივიდნენ.
„მუსლიმი 16 წლის არ არის და როგორ წავიდოდა თავისით, ან როგორ გაატარეს არასრულწლოვანი ბავშვი აეროპორტში? აქედან ტაქსით გაუგზავნიათ ორივე, ალბათ, აეროპორტში დახვდათ ვიღაც და იქედან გააპარეს. მუსლიმის მამამ ის ტაქსისტები მოძებნა და დაკითხა. როგორც მან თქვა, ბავშვები თბილისის აეროპორტთან მიიყვანა. „ისლამური სახელმწიფოს“ თემაზე საუბარი არასდროს ჰქონია. არ ვიცი როდიდან დაიწყო ამაზე ფიქრი. ბოლო ორ კვირაში თუ მოხდა რამე... წასვლის შემდეგ მასწავლებლებმა გვითხრეს, ერთი-ორი კვირა სკოლას აცდენდაო“, - აღნიშნა შარიათ წინწალაშვილმა.
უკვე ცნობილია, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში საქართველოს მოქალაქეების გადინებას პანკისელი, რადიკალური ისლამის მიმდევრები უწყობენ ხელს, რაც რეგიონისთვის საფრთხის შემცველია. ახალგაზრდების მასიურად გადინება გენოფონდს შეუქმნის საფრთხეს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია რუსეთის ფაქტორი - რუსეთი მუდმივად აპელირებს იმაზე, რომ პანკისში ტერორისტებს ამზადებენ. როგორც ექსპერტები ამბობენ, თუ ხელისუფლება არ იმოქმედებს, არა მარტო ხეობას, არამედ მთელი ქვეყნის უსაფრთხოებას შეექმნება პრობლემა. გარდა ამისა, ცნობილია, რომ პანკისში მოქმედებენ სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც ახალგაზრდების სირიაში გაყვანის ბრძანებას თარხან ბათირაშვილისგან იღებენ. როგორც პანკისის მკვიდრი, ბექა უმარაშვილი ამბობს, პანკისის ხეობაში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ახალგაზრდებზე ხდება ფსიქოლოგიური ზეწოლა და მათზე რელიგიური გავლენის მოხდენის ბრძანებას სირიაში მებრძოლი პანკისის ხეობის მკვიდრი თარხან ბათირაშვილი გასცემს. მისივე თქმით, ამ ადამიანებისთვის დოკუმენტების მოსაწესრიგებლად თანხას ბათირაშვილი რიცხავს.
„ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ პანკისის ხეობაში ბათირაშვილს არა ერთი, არამედ რამდენიმე თანამოაზრე ჰყავს. ის არის ყურბან მეორე, რომელიც ჯვარსნული ომებისკენ მოუწოდებს საზოაგადოებას. ეს ადამიანი ხელმძღვანელობს იმ ჯგუფს, რომელსაც საქართველოდან გაჰყავს ახალგაზრდები“, - აცხადებს ბექა უმარაშვილი.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მინიმუმამდეა დაყვანილი ის რისკები რის გამოც პანკისის ხეობიდან ადამიანები სირიაში საბრძოლველად მიდიან. სესიაშვილი ირწმუნება, რომ ასევე მინიმუმამდეა დაყვანილი სირიაში წასული მებრძოლების რაოდენობაც.
მისივე თქმით, ძალიან სერიოზულად მუშაობენ უშიშროების სამსახურები. სესიაშვილი ამბობს, რომ მთავარი პრობლემა არის, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ამ პრობლემას ხედავდა, მაგრამ ქართულ სპეცსასამხურებს, რომლებიც ადგილზე მუშაობდნენ, ხელშეწყობა არ უგრძვნიათ მათგან ისე როგორ საჭირო იყო.
„ქართული სპეცსამსახურებისთვის კარგად არის ცნობილი თუ ვინ ახდენდა ე.წ. ვერბოვკას ადგილობრივ ახალგაზრდებზე. სამუშაოების შედეგად პირდაპირ აღარ ხდება ე.წ. ვერბოვკა. ახლა მიდის ფარულად საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელიც ადვილად ჩასათრევია, რადგან სხვა მიმართულებით საკმაოდ სერიოზულად გვაქვს სამუშაოები ჩატარებლი.
ახლა აქცენტი მიდის უკვე ბავშვებზე, სკოლის მოსწავლეებზე. საქართველოდან გასული ადამიანების პროცენტული რაოდენობა სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე პატარაა. ის პრობლემაა, რომელსაც სახელმწიფო ყურადღებას აქცევს და ყველაფერს აკეთებს ყველა რისკის შესამცირებლად“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
არსებული ინფორმაციით, სირიაში ასამდე პანკისელი იბრძვის „ისალმური სახელმწიფოს“ რიგებში და უკვე 11 ახალგაზრდა სხვადასხვა შეტაკებების დროს არის გარდაცვლილი. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ისლამური ხალიფატის სპეცსამსახურმა კავკასიის რეგიონზე სპეციალური ჯგუფი მიამაგრა, რომელიც იდეოლოგიის და ახალი მეომრების გაწვრთნაზე მუშაობს. მისივე თქმით, ისლამური ხალიფატის ჯგუფები შიდა და ქვემო ქართლში, აჭარაში, პანკისში და აფხაზეთშიც მოქმედებს.
მისივე თქმით, აფხაზეთში ისლამური ხალიფატის ემისრები და მათი დამქაში ჯგუფები ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში სირიელი ლტოლვილთა საფარქვეშ მოქმედებენ. მისივე თქმით, ყველა ამ ჯგუფს ერთმანეთთან სერიოზული კოორდინაცია აქვთ, ერთიან იატაკქვეშა ქსელს ქმნიან და უშუალოდ ისლამურ ხალიფატს ემორჩილებიან. მათი მომზადების დონე უკვე საკმაოდ მაღალია და შესაძლოა, აქტიურ მოქმედებებზეც გადავიდეს. მაისაია არ გამოვრიცხავს, რომ პანკისიდან სირიაში 2 ახალგაზრდის გამგზავრება სპეციალურად დაგეგმილი ყოფილიყო, რომელიც ისლამური ხალიფატის სპეცსამსახურმა მუხაბარატმა შეასრულა, რომელმაც კავკასიაზე სერიოზული ჯგუფი მიამაგრა.
„400-ზე მეტი საქართველოს მოქალაქეები არიან გაწევრიანებული ისლამური ხალიფათის მებრძოლებში. ახალგაზრდების გაყვანის ფაქტორი ადასტურებს, რომ აქ გარკვეული ჯგუფი მოქმედებს. ამის უკან დგას ისლამური ხალიფატის წარმომადგენლები, რომლებიც საკამოდ ორგანიზებულად მუშაობენ. ის, რომ ისლამური ხალიფატის წარმომადგენლობა საქართველოში გახსნილია, ეს ფაქტია და საკმაოდ აქტიურ ფაზაში არიან გადასული.
კერძოდ, დაკავებული არიან, მოხალისეების და ახალი მემბროლების, მათ შორის იდეოლოგიურ-რელიგიური გადაბირებით. ასევე უზრუნველყოფენ მათ ფინანსურ დახმარებას, საბუთების მომზადებას და ტრანსპორტირებას თურქეთში. თუქრეთში უკვე მეორე ქსელი მუშაობს, რომლებსაც უკვე სირიაში გადაჰყავს ეს ჯგუფი“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
მისივე თქმით, რადიკალურ-ისლამისტურ ჯგუფთან მჭიდროდ თანამშრომლობს სპეცმსახურების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც გარკვეულ ფინანსურ სარგებელს იღებენ.
„ლაფანყურის სპეცოპერაციამ გამოავლინა ჯგუფი, რომელებიც მჭიდრო თანამშრომლობდნენ რადიკალურ-ისლამისტურ ჯგუფთან. როგორც ჩანს იმდროინდელი კადრები დღესაც არიან ძალოვან სტუქტურებში, რომლებიც თანამშრომლობენ ისლამისტებთან.გავიხსენოთ, როგორ მოხდა ლაფანყურის მებრძოლების ორგანიზებულად გადაიყვანა საქართველო-თურქეთის საზღვარზე, იგივე ახმად ჩატაევის განთავისუფლება. ის ფაქტი, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოძიების შეჩერება და ა.შ. ეს ყველაფრი პირდაპირ კავშირშია ისლამისტებთან“, - ამბობს მაისაია.
რაც შეეხება ახმეტ ჩატაევს, როგორც მაისაია აცხადებს, ჩატაევი, რომლიც ამჟამად ცირიაში იმყოფება, მას დაევალა არა მარტო ჩრდილოეთ კავკასიაში, არამედ სამხრეთ კავკასიაში ისლამური ხალიფატის დაჯგუფებების შექმნა და აქტიურ ფაზაში გადასვლა.
„ჩატაევი დაინიშნა კავკასიური ჯიხადის ხელმაძღვანელად. გააკეთა კიდევაც ვიდე-მიმართვა.მას დაევალა არა მარტო ჩრდილოეთ კავკასიაში, არამედ სამხრეთ კავკასიაში ისლამური ხალიფატის დაჯგუფებების შექმნა და აქტიურ ფაზაში გადასვლა. ჩატაევი სირაში იმყოფება და იქიდან ახორციელებს თავის გეგმებს, რომლებსაც საქართველოში ჰყავს იდეოლოგიური მხარდამჭერები. მან ჩამოაყალიბა შენაერთი „იარბურკი“, რომელშიც აქტიურად არაინ ჩართული კავკასიელი საველე მეთაურები, რომლებიც კავკასიური ჯიხადის პოლიტიკას ახორციელებენ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
პოლიტოლოგი, ევრპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ პანკისის ხეობა შედარებით ნაკლებად კონტროლირებადი ტერიტორიაა, რომელიც ესაზღვრება ჩეჩნეთს და შესაბამისად, ისლამური ვაჰაბიზმის გავლენა საკამოდ დიდია. მისივე თქმით, ამ მიმართულით ადვილია აგიტაცია პროპაგანდა და ზემოქმედება ახალგაზრდებზე და განსაკუთრებით სკოლის მოწაფეებზე, რომლებსაც შესაბამისი ცხოვრებისეული გამოცდილება არ აქვთ.
„აუცილებელია, გააქტიურდეს ქვყნის საიდუმლო სამსახურები, რომელთა მოვალეობაა ოპერატიულად აღკვეთონ ასეთი ქმედებები. ასევე საჭიროა კანონდმებლობის დახვეწა, რომელიც გარკვეულ სისხლის სამართლებლივ პასუხისმგებლობას დააკისრებს ასეთი აგიტაცია-პროპაგანდისთვის. რადგან, ეს პირდაპირ არის ტერორიზმის აგიტაცია-პროპაგანდა.
სრულიად შესაძლებელია, რომ თვითონ რუსეთის სპეცსამსახურები იყვნენ ამაში ჩარეული და ხელს უწყობდნენ ხეობიდან ახლაგზრდების გასვლას. სულაც არაა გამორიცხული, რომ რუსული სპეცსამსახურები უფრო აქტიურად მუშაობდნენ პანკისის ხეობაში, ვიდრე საქართველოს სპცსამსახურები, რუსეთს აწყობს კიდევაც ხელი შეუწყონ საქართველოს იმიჯის დაცემას და საქართველოს მოსახლეობის ერთი ნაწილი დააპირისპიროს, მეორე ნაწილთან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.