ვის ეკუთვნის ეროსი კიწმარიშვილის იარაღზე აღმოჩენილი უცხო პირის დნმ–ის კვალი?

ვის ეკუთვნის ეროსი კიწმარიშვილის იარაღზე აღმოჩენილი უცხო პირის დნმ–ის კვალი?

ეროსი კიწმარიშვილის იარაღზე აღმოჩენილი დნმ–ის კვალი გამოძიების ოფიციალურ ვერსიას ცვლიის. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნით, ეროსი კიწმარიშვილის იარაღზე უცხო პირის დნმ–ის კვალი აღმოჩნდა. თუმცა, ამის მიუხედავად, გამოძიება მუხლის გადაკვალიფიცირების შესაძლებლობას ვერ ხედავს. გამოძიება ისევ თვითმკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

თუმცა, დნმ–ის იდენტიფიცირებისთვის გამოძიებამ სატელეფონო ანძების შემოწმება დაიწყო, მაგრამ ჯერ–ჯერობით გამოძიებამ ვერ დაადგინა, ვისი გენეტიკური მასალა აღმოჩნდა ეროსი კიწმარიშვილის კუთვნილ იარაღზე. შესაბამისად, საკითხი ისევ ღიად რჩება.

კიწმარიშვილის ოჯახის ადვოკატის, მერაბ ჩიქოვანის განცხადებით, უცხო პირის დნმ–ის კვალი სწორედ იმ იარაღზეა აღმოჩენილი, რომლითაც საბედისწერო გასროლა მოხდა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები. თუმცა, ჩნდება ძალიან დიდი კითხვის ნიშნები იმ პირველად კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, რომლითაც გამოძიება დღემდე მიმდინარეობს.

„საქმის მასალებიდან და ჩვენებებიდან გამომდინარე, იმ ადამიანებს, რომლებსაც იმ მომენტში შეხება ჰქონდათ ეროსი კიწმარიშვილთან, მათ რაიმე სახის შეხება კონკრეტულ იარაღთან არ ჰქონიათ. რაც შეეხება მუხლის გადაკვალიფიცირებას, ვნახოთ რის საშუალებას მოგვცემს საგამოძიებო მოქმედებები. პროკურატურამ მშვენივრად იცის, რაც არის აღმოჩენილი და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით გარკვეული შედეგები იქნება მიღწეული“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას მერაბ ჩიქოვანი.

ექსპერტი ზაზა ალთუნაშვილი ამბობს, რომ არ არის ფართო წრე, ვისაც შესაძლოა შეხება ჰქონოდა იარაღთან, რომლითაც გასროლა მოხდა. მისივე თქმით, თუ დადგინდა, რომ დნმ–ი არ ეკუთვინს იმ პირებს, ვისაც შეხება ჰქონდათ კიწმარიშვილთან, მაშინ რჩება უცხო პირი.

„თუ შედარდა ყველა იმ ადამიანის დნმ იარაღიდან აღმოჩენილ დნმ–თან და თუ ისინი გამოირიცხება, მაშინ რჩება ის ერთი დნმ, რომელიც შესაძლებელია სხვისი ყოფილიყო“,– ამბობს for.ge–სთან საუბრისას ზაზა ალთუნაშვილი.

ეროსი კიწმარიშვილის ძმა, ზურაბ კიწმარიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ იარაღზე აღმოჩენილი დნმ–ის კვალი, უკვე შედარდა იმ ადამიანებთან, რომელთაც პირველად ნახეს გარდაცვლილი, თუმცა, მათი დნმ არ დაემთხვა იარაღზე არსებულ დნმ–ს.

„გიდასტურებთ, რომ არის დნმ–ს კვალი, რომლის წარმომავლობა გაურკვეველია. მივაღწიეთ შეთანხმებას პროკურატურასთან და გამოძიებასთან, რომ მოხდეს სატელეფონი ანძებიდან ინფორმაციის ამოღება იმისათვის, რათა გამოვლინდეს ის საეჭვო აბონენტები და შემდგომ მოხდეს მათი დნმ-ის შედარება, უკვე არსებულ დნმ–სთან. ეს ის მიმართულებააა, რითაც გამოძიებამ წარმატებას მიაღწია იური ვაზაგაშვილის საქმეში. ასეთივე სამუშაო არის ჩვენს საქმეში, გვაქვს დნმ და გვჭირდება ადამიანები, რომლებთანაც უნდა შედარდეს ეს დნმ.

შემიძლია გითხრათ, რომ საბედნიეროდ, იარაღზე აღმოჩენილი დნმ არ დაემთხვა არც ერთი იმ პიროვნებას დნმ-ს, რომლებიც პირველივე დღიდან მოექცნენ გამოძიების ინტერესის სფეროში, ვგულისხმობს ეროსის რუსთაველ თანაპარტიელებს და დაცვის თანამშრომლებს,მათი დნმ შედარებული იქნა ამ ნიმუშებთან და, დასკვნის მიხედვით, ეს ხალხი გამოირიცხა“, – აცხადებს ზურაბ კიწმარიშვილი.

მისივე თქით, ეს არის შეკვეთილი მკვლელობა, რომელიც პროფესიულ დონეზეა შესრულებული.

„ყოველთვის მქონდა ეს ვერსია მქონდა, რომ სახეზეა შეკვეთილი მკვლელობა. ჩვენს საქმეში შეკვეთილი მკვლელობის კვალი ასე ღიად არაა, როგორც ვაზაგაშვილის და ხარძიანის საქმეში. ეროსის მკვლელობა  გაცილებით პროფესიონალურად არის განხორციელებული. ეს გაკეთდა ისეთ ადგილას, ისეთ დროს და ისეთ გარემოებებში, რომ უნდოდათ ეჩვენებინათ საზოგადოებისთვის, რომ ეს იყო თვითმკვლელობა. იმედი მაქვს, რომ გამოძიება გავა კვალზე“, – ამბობს for.ge-სთან საუბრისას ზურაბ კიწმარიშვილი.