სააღდგომო ტრადიციები მსოფლიოში

სააღდგომო ტრადიციები მსოფლიოში

გერმანიაში, აღდგომის დღეს, დილით ადრე, ოჯახის უფროსი მთელ სახლში სააღდგომო საჩუქრებს მალავს, დანარჩენები კი გულმოდგინედ ეძებენ.

გერმანიაში პარასკევი და შაბათ-კვირა უქმეა. ტრადიციის თანახმად, გერმანელები დიდ კოცონს აჩაღებენ, ახალგაზრდები კი აღდგომის მისალოცად კარდაკარ სიმღერით დადიან და ტკბილეულს აგროვებენ. ოჯახის უფროსი აღდგომა დილით საჩუქრებს ბალახში ჩამალულ კალათებში აწყობს, რომლებსაც ოჯახის წევრები ერთად ეძებენ.

გერმანელების მთავარი სააღდგომო კერძი შემწვარი თევზია. ამზადებენ სხვადასხვა ფორმის უამრავ ნამცხვარს.

სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს ნარცისების თაიგულიც, რომელსაც გერმანელები "სააღდგომო ზანზალაკებს" უწოდებენ. კვერცხების სიმაგრეს კი ასე ამოწმებენ: მიწაზე ორი ღარი გაჰყავთ და კვერცხებს შესაჯახებლად ღარებში აგორებენ.

აღდგომის დღეს პოლონელი მამაკაცები იღებენ წკეპლას და გარეთ გამოდიან. ამ წკეპლას ისინი მსუბუქად ურტყამენ გოგონებსა და ქალბატონებს. მიჩნეულია, რომ ამით გაწკეპლილები ბედნიერებას იპოვიან.

პოლონელები ლამაზად გაფორმებულ საზეიმო სუფრას ძეხვის ასორტით ავსებენ, აუცილებელია

ე.წ. თეთრი ძეხვი, რომელიც ღორის ხორცით, ნივრითა და მუსკატით არის მომზადებული. უფლის აღდგომის სიმბოლოდ სუფრის ცენტრში აუცილებლად ბისკვიტის კრავი დგას. აცხობენ ასევე სააღდგომო ნამცხვარს, "მაზურეკს" - ნიგვზით, ნუშით, ჩირითა და მურაბით.

ეკლესიაში წასვლისას "საკურთხ კალათაში" აუცილებლად დებენ "წარმატების 7 სიმბოლოს": პურს, მარილს, კვერცხს, ყველს, შებოლილ ხორცს, ნამცხვარსა და პირშუშხას. 

 შვედები დარწმუნებულები არიან, რომ აღდგომა დღეს ქუჩაში ბევრი ბოროტი ძალა გამოდის. ამიტომ, მათ დასაფრთხობად კოცონებს ანთებენ. ბავშვები ჯადოქრების სამოსს იცვამენ, კარდაკარ დადიან და ტკბილეულს ითხოვენ.

სახლებს ტრადიციულად ყვითელი, მწვანე და თეთრი ფერის ყვავილებითა და ხელოვნური, ფერადფრთიანი ყვითელი წიწილებით რთავენ. სააღდგომო კვერცხებს კი მუყაოსგან ამზადებენ, რომელშიც ლამაზად შეფუთული კანფეტია მოთავსებული.

ფრანგ ქალებს აღდგომის წინა ორშაბათს ქმრების ცემის ტრადიცია აქვთ – მათ ამისი უფლება ენიჭებათ. მაგრამ, ისევ მათ ინტერესში შედის, რომ მეტისმეტი არ მოუვიდეთ, რადგან სამშაბათს ქმარს „ხელის შებრუნება” უკვე შეუძლია.

საფრანგეთში სააღდგომოდ ხეებს რთავენ. ფრანგები მიირთმევენ ღვინოს, კვერცხის კერძს და ზანზალაკს აჟღარუნებენ. ზანზალაკებს ამაგრებენ ტანსაცმელზე, კარზე, ავტომობილებზე და უწყვეტი კაკაფონიის გამო მთელი ქვეყანა "მუსიკალურ ზარდახშას" ემსგავსება. ბავშვები დილიდან ეზოებში, შეშის გროვაში ეძებენ ტკბილეულსა და შოკოლადის კვერცხებს. მშობლები კი ბავშვებისთვის საჩუქრებს შინ მალავენ. ყველაზე სასურველი ფრთიანი შოკოლადის ზანზალაკის პოვნაა.

მექსიკაში აღდგომის დღესასწაული ორი კვირა გრძელდება, რასაც სახალხო ზეიმისა და სეირნობების სახე აქვს. ქუჩებს გირლიანდებით რთავენ. იმართება კოსტიუმირებული წარმოდგენები, რომლებიც, ძირითადად, ქრისტეს ჯვარცმის სცენებს ასახავს.

ფილიპინებზე აღდგომის დილას ზარების რეკვა იწყება, მშობლები პატარა ბავშვებს ხელში იყვანენ და თავს ზემოთ სწევენ. მათი რწმენით, ამან მათ ბედნიერება უნდა მოუტანოს.

ავსტრალიაში აღდგომა დღეს, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ონკანებიდან წამოსულ წყალს. შეყვარებულები მას სპეციალურ ჭურჭელში იღებენ და ქორწილამდე ინახავენ. ცერემონიის დროს კი ერთმანეთს ასხურებენ, ქორწინება მყარი და ხანგრძლივი რომ იყოს.

ავსტრალიაში განსაკუთრებით პოპულარულია შოკოლადის ან შაქრისგან დამზადებული სხვადასხვა ზომის სააღდგომო კვერცხი. სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს შემწვარი ცხვრის ხორცი და ტრადიციული სააღდგომო ბეზეს ტორტი კივით, მარწყვით, ანანასითა და მანდარინით მორთული.

ინგლისში ბავშვებს აღდგომა დილით ბალიშის ქვეშ "სააღდგომო ბოცვრის" (ბოცვერი ინგლისელებისთვის ნაყოფიერების სიმბოლოა) მოტანილი საჩუქრები, ძირითადად ტკბილეული ხვდებათ. შემდეგ ბავშვები სააღდგომო კვერცხებს ეძებენ შინ, ეზოში და მეზობლებთანაც. ვინც მეტს იპოვის, პრიზი ერგება.

ინგლისში ასევე ამზადებენ სააღდგომო ნამცხვარს ქიშმიშითა და დაშაქრული ხილით, რომელიც ფერადი კვერცხებითა და სათამაშო წიწილებით არის მორთული. ლანკაშირში ადგილობრივები ერთმანეთს კვერცხების ბორცვიდან დაგორებაშიც ეჯიბრებიან. ვისი გაუტეხავი კვერცხიც ყველაზე ადრე ჩაგორდება ბორცვის ძირას, გამარჯვებულიც ის არის...

ჩეხეთში სააღდგომოდ აუცილებლად აცხობენ "იდაშის" - ყულფის ფორმის მქონე ნამცხვარს, რომლითაც "იუდამ თავი ჩამოიხრჩო". ძველი ტრადიციით, "იდაშის" თაფლს უსვამენ, რათა წლის განმავლობაში ადამიანი გველმა არ დაკბინოს. ჩეხებს სუფრაზე აუცილებლად აქვთ ბისკვიტის "ცხვარიც".

იტალიელები  სააღდგომო სუფრისთვის ამზადებენ ბატკანს, ხაჭოიან პიცას. აცხობენ მტრედის ფორმის პასქას და ნუშით ფარავენ. გენუელები კი ამზადებენ ისპანახის ფენოვან ნამცხვარს - "ტორტა პასქუალინას", რომელიც 33 ფენისგან შედგება - იესოს ცხოვრების წლების შესაბამისად...

ბერძნები აღდგომას ძალიან სერიოზულად ეკიდებიან. სუფრაზე თავდაპირველად მიირთმევენ ცხვრის ხორცითა და კვერცხით დამზადებულ და ლიმონით შეზავებულ წვნიან "მაიერიცას". ასევე აცხობენ ტკბილ პურს - "ჩურეკს", რომელსაც წითელი კვერცხებით რთავენ, ხოლო დესერტად ნიგვზიან ნამცხვარს - "ბაქლავას" აყოლებენ...

ბულგარეთში ტრადიციული ბატკნის კერძის - "დრობსარმას" გარდა, სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს ბოსტნეულის სალათა, წითელი ღვინო და ტკბილი ნამცხვარი - "კოზუნაკი", ანუ პასქა, რომელიც ბევრი ვანილით არის შეზავებული. სუფრასთან პირველად ბავშვები სხდებიან.