გეგა ფალავანდიშვილი, ელენე გელოვანი, მარიამ და გიორგი ასლანიკაშვილები, ეს იმ ადამიანთა ჩამონათვალია, რომლებიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“–დან სტრუქტურული და ფინანსური რეორგანიზაციის მოტივით გაანთავისუფლეს. ტელეკომპანიის წარმომადგენლების ნაწილი for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ არხზე რეორგანიზაცია არ მიმდინარეობს, თუმცა, აქვე მეორე ნაწილი ამბობს, რომ არსებობს ფინანსური პრობლემები.
რა ხდება „რუსთავი 2“– ში, ამასთან დაკავშირებით არხის ხელმძღვანელობა კომეტარს არ აკეთებს. ჩვენ დაუკავშირით არხის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, მაგრამ მან ჩვენს სატელეფონო ზარს, ისევე როგორც არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, გიორგი ლაფერაშვილმა არ უპასუხეს.
დუმილს არღვევენ აწ უკვე ყოფილი თანამშრომლები. არხის ყოფილი მთავარი რედაქტორი, მარიკა ასლანიკაშვილი for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, რომ გათავისუფლების შესახებ ტელეფონით შეატყობინეს და ოფიციალურ მიზეზად რეორგანიზაცია დაუსახელეს.
„თავიდანვე უნდა ჩავეყენებინე ვინმეს საქმის კურსში, რომ მთავარი რედაქტორი აღარ სჭირდებოდა. ეს ჩემთვის არავის არ უთქვამს. ფაქტის წინაშე დაგვაყენეს მე და ჩემი ძმა. ეს ისეთი შოკი იყო ჩვენთვის, რამდენიმე დღე გონს ვერ მოვედით. შემდეგ კი გადავწყვიტეთ, რომ სასამართლოს მივმართოთ და ასეც მოვიქცევით. „რუსთავი 2“ – ის დირექცია კი გაოცებულ თანამშრომლებს თურმე, ეუბნება, რომ ძალიან კარგად ვიცით, რისთვისაც გაგვიშვეს. ნეტავ რისთვის? იმისთვის ხომ არა, რომ წლების განმავლობაში ჩვენს საქმეს საუკეთესოდ ვაკეთებდით, მაგრამ სამაგიეროდ „სასახლის კართან“ კუდის მოქიცინეთა რიგში არ ვიდექით?
„რუსთავი 2“– ის სიყვარულში შემეჯიბრონ ორი დღის წინ ტელევიზიაში მოსული გაზულუქებული თანამშრომლები, ტელევიზია, პროკურატურა და კანცელარია რომ ერთმანეთისგან ვერ გაურჩევიათ. სამსახურიდან, რომ წამოვედი ჩემი კომპიუტერის პროცესორი გასაჩხრეკად წაუღიათ „ჩეკისტებს“. საინტერესოა, რა იპოვეს ასეთი, რომელი მტრულად განწყობილი ქვეყნის სპეცსამსახურის აგენტი ვყოფილვარ, ან რომელი პარტიის საიდუმლო წევრი ვიყავი“, – აცხადებს მარიკა ასლანიკაშვილი.
მისივე თქმით, ტელეკომპანიიდან თითქმის განთავისუფლებულები არიან ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ „რუსთავი 2“–ში. როგორც ასლანიკაშვილი აცხადებს, ტელეკომპანიაში არიან ადამიანები, რომლებიც ნიკა გვარამიას მმართველობით უკმაყოფილონი არიან.
„რასაკვირველია, არიან ისეთი თანამშრომლები, რომლებიც უკამაყოფილობას გამოთქვამენ ნიკა გვარამიას მმართველობასთან დაკავშირებით. თანაც აქ არის ერთი საკითხი, უკვე ორი წელია ტელევიზიის ყოფილი დამფუძნებლები სამართლებრივად ცდილობენ დაიბრუნონ თავიანთი წართმეული წილი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალით და მუქარით დაათმობინა.
ის თამანმშრომელბი, რომლებიც პირველი დღიდან ვმუშაობთ, რასაკვირველია, ვემხრობოდით ტელევიზიის ყოფილი მესაკუთრეებისთვის დაბრუნებას და ეს ინფორმაცია მიდიოდა დირექციამდე. გარდა ამისა, იყო ბევრი ისეთი საკითხი, რაზეც კოლექტივში ჩვეულებრივად მიდიოდა საუბარი. როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია მიდიოდა დირექციის ყურამდე, ვერ გეტყვით გვისმენდნენ, თუ ვინმეს მიჰქონდა ეს ინფორმაცია“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მარიკა ასლანიკაშვილი.
რაც შეეხება გიორგი ასლანიკაშვილს, მისი განთავისუფლების ოფიციალური მიზეზი, რეორგანიზაციაა. თუმცა, არაოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს, მას ფინანსური სახის ინფორმაცია გაჰქონდა, მაგრამ ვისთვის, ან რა სახის ინფორმაცია გიორგი ასლანიკაშვილის თქმით, არხის ხელმძღვანელობა ამას ოფიციალურად არ ასახელებს.
„გიორგი ასლანიკაშვილს რომ უკანონო ქმედება და ინფორმაციის გარეთ გატანა დასწამო, შუბლის ძარღვი უნდა გქონდეს გაწყვეტილი. ცილისწამება რომ კანონით ისჯება, ეს უნდა იცოდეს იურისტმა დირექტორმა“, – აცხადებს მარიკა ასლანიკაშვილი.
for.ge დაუკავშირდა გიორგი ასლანიკაშვილს, რომელსაც ტელეკომპანიის ბუღალტერია ებარა.
„მე ვმუშაობდი ბუღალტერიაში. თანამშრომლები მეუბნებიან, რომ თითქოს, ფინანსური ინფორმაცია გამქონდა და ამიტომაც გამანთავისუფლეს. მაგრამ ეს განცხადება ოფიციალურად არ გაუკეთებიათ. სიმართლე გითხრათ, მინდა, რომ გააკეთონ ეს განცხადება, რადგან მათ უკვე ამის დამტკიცება სასამართლოზე მოუწევთ.
მათ არ უნდათ, რომ ფინანსურ საქმეში ძველი გუნდი იყოს ჩართული, მაგრამ რატომ? - ეს ნამდვილად არ ვიცი. ჩემთან პირადად არავითარი პრეტენზია არ ჰქონდათ, მაგრამ მაგათი გუნდის წევრი არ ვიყავი. როგორც ჩანს, ყველგან იმათიანი უნდა ყოფილიყავი, ეტყობა რაღაცა ისეთი ხდება, რომ ეშინიათ, არ უნდათ, რომ ჩაგახედონ. სიმართლე გითხრათ, არ მიცდია ნიკა გვარამიასთან საუბარი. იმიტომ, რომ ყველაფრის მკადრებელები არიან“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი ასლანიკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანიიდან მოულოდნელად და ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშე გაანთავისუფლეს, მარკეტინგის, პროდუქციის შესყიდვისა და პროგრამების უფროსი, გეგა ფალავანდიშვილი, ასევე ფინანსური მენეჯერი ელენე გელოვანი.