„თბილისი - ცხოველთმოძულე ქალაქი“

„თბილისი - ცხოველთმოძულე ქალაქი“

2007 წლიდან დახოცილი 100 ათასამდე ძაღლი და უსასტიკესი მეთოდით ცხოველთა სიკვდილისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მილიონები... ამ დანაშაულებრივ ქმედებებში ბიუჯეტიდან 2 800 000 ლარი აითვისეს. ცხოველთა უფლებების დამცველები აცხადებენ, რომ ძაღლთამკვლელი დაჯგუფების დახმარებით თბილისი ცხოველთმოძულე ქალაქად იქცა. ამიტომაც გახშირდა დედაქალაქის საკრებულოსთან პერმანენტული საპროტესტო აქციები ოთხფეხა მეგობრების თანხლებით.

მას შემდეგ, რაც თბილისის საკრებულომ „შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესი“ დაამტკიცა, უკმაყოფილება მეტ-ნაკლებად მინელდა. მანამდე კი ყველაზე დიდ გაურკვევლობას ჯანმრთელ ცხოველთა ევთანაზია იწვევდა.

კერძოდ, თბილისის საკრებულოში წარდგენილ ადრინდელ კანონპროექტში ეწერა, რომ ევთანაზიას გამოიყენებდნენ მაშინ, როდესაც ცხოველი ვერ შეეგუებოდა თავშესაფარში განთავსების პირობებს და სტრესულ მდგომარეობაში ყოფნის გამო დაიტანჯებოდა.

ამის საწინააღმდეგოდ, უფლებადამცველები ამბობდნენ, რომ შეუძლებელი იყო, თავშესაფარში მყოფ ნებისმიერ ცხოველს სტრესისთვის თავი დაეღწია, რადგან მათ დაღს ასვამდა ის, რომ ჯერ სპეციალური ქამანდით, ანუ ლასოთი იჭერდნენ, შემდეგ კი თავშესაფარში გადაიყვანდნენ. ამგვარ სტრესულ მდგომარეობაში ჩავარდნილ ჯანმრთელ ცხოველებს კი უმიზეზოდ ხოცავდნენ.

„მიზანმიმართულად იყო ეს კანონპროექტი გაწერილი, რათა მომხდარიყო ცხოველთა მასობრივი ევთანაზია. კერძო თავშესაფრებსაც კი ძალზე კარგი პირობები აქვთ, მაგრამ იქაც ცხოველი სტრესულ მდგომარეობაშია. ნუთუ შესაძლებელია, გალიაში ნებისმიერი ცხოველი სტრესში არ იყოს?! მაგრამ კარგია, რომ ჩვენი აქტიურობის შემდეგ ეს სადავო მუხლი ამოიღეს“, - ამბობს საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის თავმჯდომარე თემურ ლაჭყეპიანი და კანონპროექტში შეტანილი სასიკეთო ცვლილებების მიუხედავად, For.ge-სთან საუბარში ცხოველთა მოკვდინების დანაშაულებრივ სქემასაც ხსნის.

მისი თქმით, დედაქალაქის მესვეურებმა ასეთი სახელი დაარქვეს ცხოველთა ევთანაზიას - „საერთაშორისო მეთოდებით ანალიზი“. სინამდვილეში, ბრიტანეთსა და ევროპის ქვეყნებში იშვიათია ცხოველების ევთანაზია. უფრო მეტიც, ევროპელი საზოგადოება განსხვავებულია. არ არსებობს, იქ ცხოველი თავშესაფარში დარჩეს და არ გაჩუქდეს. დასავლეთში თავშესაფარში მოხვედრილი თითქმის ყველა ცხოველი ჩუქდება, ამიტომ ევროპულ ქუჩებსა და თავშესაფრებშიც ძაღლების რაოდენობა ცოტაა და მათი აყვანის მსურველი ბევრია.

„ჩვენ უნდა ავიღოთ ევროპის მაგალითი, სადაც ჯანმრთელი ცხოველების მოკვდინება თითქმის არ ხდება. ეს ხდება დაავადების ან სიკვდილის წინა სტადიაში. სხვათა შორის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა ჩვენი ორგანიზაციის თხოვნის საფუძველზე შესანიშნავი დადგენილება მიიღო და ცალკეულ პუნქტთა გამოკლებით, ეს შეიძლება სამაგალითოდ ჩაითვალოს. რაც შეეხება დედაქალაქის საკრებულოს, ზოგიერთი პუნქტი კვლავაც იწვევს ორაზროვნების, ინტერპრეტირების საშუალებას. მაგალითად, რას ნიშნავს ტერმინი „აგრესიული ძაღლი“?! რომელი კრიტერიუმით უნდა მიხვდე, რომ ძაღლი აგრესიულია, რატომ არ არის ეს დაკონკრეტებული?! ასე, ნებისმიერი ძაღლის გამოხედვა თუ არ მოეწონებათ, ან ძაღლი თუ ერთს დაუღრენს, შეიძლება, მეორე დღესვე დააძინონ. გარდა ამისა, კინოლოგის განმარტებაც არ არის სწორი. თუ პიროვნება კინოლოგიურ ორგანიზაციაში წევრიანდება, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ის მართლა კინოლოგია და ცხოველების ბედი უნდა ვანდოთ?! წესით, კინოლოგს უნდა ჰქონდეს სერთიფიკატი, დიპლომი. ჩვენი კანონმდებლობა ამ მხრივ დახვეწილი არაა, ამით ისარგებლეს და ჩაწერეს, რომ ცხოველის მდგომარეობა „კინოლოგმა“ უნდა შეაფასოს. ასევე, ჩვენი შენიშვნაა, რომ არ არის დაკონკრეტებული, სად იქნება გამოყოფილი სპეციალური სასეირნო ადგილები ცხოველებისთვის?! ჯერ უნდა შექმნილიყო ისეთი ადგილები, სადაც მოსახლეობა შეძლებდა, გაეყვანა თავისი ცხოველი. მაგალითად, გვეუბნებიან, გაასეირნეთ დედაენის ბაღშიო, მთელმა ქალაქმა დედაენის ბაღში იაროს? კაცი ვარკეთილში ან გლდანში ცხოვრობს, როგორ მივიდეს დედაენის ბაღში ძაღლით, გაასეირნოს და ისევ უკან დაბრუნდეს? ეს ხომ უაზრობა?!“-აინტერესებს თემურ ლაჭყეპიანს.

რაც შეეხება კორუფციულ სქემას, იგი აცხადებს, რომ გურიასა და სამეგრელოში ცხოველთა მასობრივი განადგურება ხდებოდა და ამაში დიდ თანხებს იღებდნენ. იგივე მეორდებოდა თბილისშიც. კერძოდ, შპს „დებიუტმა“, ამ კომერციულმა კომპანიამ, გასული ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დაახლოებით 2 მილიონი დოლარი აითვისა, რაც, პრაქტიკულად, კორუფციული თანხაა, რადგან ხელშეკრულებაში გაწერილი იყო, რომ უნდა მომხდარიყო ცხოველთა სტერილიზაცია. სინამდვილეში, აღმოჩნდა, რომ ცხოველთა 100% ევთანაზირებული იყო. ამდენად, უფლებადამცველისთვის გაუგებარია, თუ ევთანაზიას აპირებდნენ, მაშინ რატომ იღებდნენ ცხოველთა სტერილიზაციის ვალდებულებას?

„ეს საშინელი ფაქტები ხდებოდა 2011 წლის ჩათვლით. ეს ხალხი ამით გამდიდრდა. მოგეხსენებათ, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობდა თემურ გიორგაძე, ამ სააგენტოში ფუნქციონირებდა ცხოველთა კონტროლირების რეგულირების სააგენტო, მაგათ ბალანსზე იყო ეს სამსახური და აქ მთავარ სპეციალისტად მიიღეს ლევან კოზმავა, რომელიც, იმავდროულად, შპს „დებიუტთან“ დაკავშირებული პირი იყო. ისინი ცხოველების დიდ რაოდენობას იჭერდნენ, მერე ხდებოდა ამ რაოდენობის გატანა შავ ბაზარზე, ლაბორატორიებში ექსპერიმენტებისთვის იყენებდნენ ცხოველებს და, ასევე, ხდებოდა ოთხფეხა არსებების გაცვლა სხვა რაიონებში, რომ ახლა იქ შედინებულიყო მეტი თანხა და ეს თანხები აეთვისებინათ. იგივე ხალხი ორ პუნქტში მუშაობდა, ისინი დღესაც აგრძელებენ მუშაობას და მათი მართვის საქმე უკონტროლოა. რამდენიმე კვირის წინ მათ ეწვივნენ ჩვენი თანამშრომლები, თუმცა მონიტორინგის ჯგუფი ძაღლთა თავშესაფარში არ დაუშვეს. ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსმა თემურ ფხალაძემ პირდაპირ განუცხადა ჩვენს წარგზავნილს, უშუალოდ შენ არ დაგიშვებ თავშესაფარშიო. არადა, როგორც სახალხო დამცველს შეუძლია, ნებისმიერ დროს შევიდეს საპატიმროებში და გაარკვიოს იქაური სიტუაცია, ასევე, ნებისმიერ დროს უნდა შეგვეძლოს თავშესაფარსი შესვლა და გაგება, როგორ ეპყრობიან ცხოველებს. როცა ცხოველთა რაოდენობა უზომოდ იზრდება, მათ განაყოფიერების უნარის შეზღუდვის ოპერაცია უნდა ჩაუტარდეთ. ეს ცუდსა და უარესს შორის არჩევანია. გარდა ამისა, არსებობს მედიკამენტოზური სტერილიზაცია, რათა ცხოველი არ გამრავლდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლეკვების დიდ რაოდენობას მივიღებთ, მერე მათ კომერციული პირები დახოცავენ, როგორც ეს ხდებოდა და დღესაც ხდება საქართველოს ზოგიერთ რაიონში“, - აღნიშნა თემურ ლაჭყეპიანმა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ თბილისის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით „შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესი“ დაამტკიცა. ახალი რეგულაციების განხილვისა და დამტკიცების პარალელურად თბილისის საკრებულოსთან საპროტესტო აქცია ცხოველთა უფლებადამცველებმა და შინაური ცხოველების პატრონებმა გამართეს.

აქციის მონაწილეების თქმით, რეგულაციების მრავალი პუნქტი ორაზროვანია და იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას. არ არის განსაზღვრული პრიორიტეტები (კასტრაცია/სტერილიზაცია თუ ევთანაზია); მკაფიოდ არაა განსაზღვრული, რომელი ცხოველები ექვემდებარებიან ევთანაზიას; არაა გაწერილი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები თავშესაფრებისთვის; ალიკაპი უქმნის საფრთხეს ძაღლის ჯანმრთელობას და აძლიერებს ადამიანის ფობიას; ფიზიკური აქტივობისთვის გამოყოფილი დრო (08:00 – 22:00) მოუხერხებელია; არ არსებობს სპეციალური გასასეირნებელი სივრცე; დაწესებულებების წინ, სადაც აკრძალულია ძაღლის შეყვანა, არაა დამონტაჟებული ძაღლის მისაბმელი ძელები; ქუჩებში არ დგას სპეციალური ურნები ძაღლების ფეკალიებისთვის; ცხოველს, რომელიც 10 დღეში ვერ გაჩუქდება თავშესაფრიდან, ემუქრება ევთანაზია.