სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის საგამოძიებო დეპარტამენტმა საქმეების გამოძიება უკვე დაიწყო. უმრავლესობა არ გამორიცხავს, რომ კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებთან დაკავშირებით, საკანომდებლო ცვლილებები მომზადდეს, ხოლო „თავისუფალი დემოკრატები“ პროკურატურაში შექმნილი დეპარტამენტის საქმიანობას სკეპტიკურად უყურებენ და განსაკუთრებული მოლოდინი არ აქვთ, რომ სამართლიანობა აღდგება.
დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ნადარეიშვილი და მისი მოადგილე კოკა კაციტაძე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ესტუმრნენ, შეხვედრა დახურულ ფორმატში წარიმართა, სამართალდამცავებისგან მიღებული პასუხებით უმრავლესობა კმაყოფილი დარჩა, ოპოზიცია - პირიქით.
კაციტაძის განმარტებით, იმ საქმეების გამოძიება დაწყებულია, სადაც საჯარო მოხელეები იმხილებიან მოქალაქეებისთვის ქონების იძულებით ჩამორთმევაში, ცემა, წამებასა და არადამიანურ მოპყრობაში. მისი განმარტებით, პირველ რიგში, დეპარტამენტი იმ საქმეებს იძიებს, სადაც მოქალაქეების მიმართ ჩადენილ დანაშაულში საჯარო მოხელეები ფიგურირებენ.
„გამოძიება აქტიურად მიმდინარებს და როგორც კი, ჩვენ იმ სტანდარტს დავაკმაყოფილებთ, რასაც დასაბუთებული ვარაუდი ჰქვია, როდესაც შეგვიძლია სისხლის სამართლებრივი დევნა დავიწყოთ, ამის თაობაზე ინფორმაციას საზოგადოებას მივაწვდით“, - განაცხადა კაციტაძემ, რომელმაც for.ge-ს კითხვის საპასუხოდ მზაობა გამოთქვა, რომ პარლამენტის წინაშე წარსდგეს და დეპარტამენტის საქმიანობის თაობაზე დეპუტატების კითხვებს უპასუხოს.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ნადარეიშვილისა და კაციტაძის მიერ მიწოდებულ ინფორმაციებს საინტერესოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ დეპუტატები გაეცნენ დეპარტამენტი როგორ მუშაობს და რა სპეციფიკა აქვს. ბესელიას ცნობით, კომიტეტში დაახლოებით 5000 განცხადება მუშავდება და გამორიცხული არ არის, რომ გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდეს.
„საკანომდებლო ცვლილებების შესაძლოა განხორციელდეს კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ბესელიამ, რომელიც for.ge-ს კითხვაზე - „თავისუფალი დემოკრატების“ მოთხოვნის საფუძველზე, პლენარულ სხდომაზე მოხსენებით წარსდგება თუ არა გიორგი ბადაშვილი?“ - პასუხობს, რომ დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან შეხვედრის დროს საკითხების განხილვაში ძალიან აქტიურად იყო ჩართული შალვა შავგულიძე, რომელმაც ის კითხვები დასვა, რაც ამ დეპარტამენთთან დაკავშირებით არსებობდა.
„ის ინტერესი გავითვალისწინეთ, რაც ფრაქცია „თავისუფალ დემოკრატებს“ ჰქონდათ და შესაძლებელი გახდა დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მოსმენა იმ საკითხებზე, რაც მათ აინტერესებდათ“, - დასძინა ბესელიამ, რომლის საპასუხოდ შავგულიძე აცხადებს, რომ მას დახურული სხდომის თაობაზე ინფორმაციაც არ ჰქონდა.
თუ რა ინფორმაცია მიაწოდეს პარლამენტს დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ, for.ge ოპოზიციონერ დეპუტატ შალვა შავგულიძეს ესაუბრა:
დეპარტამენტის გეგმების თაობაზე თქვენ კითხვები გაქვთ - თუ როგორ აპირებს პროკურატირა ე.წ. სამართლიანობის აღდგენას. ნადარეიშვილ-კაციტაძისგან პასუხები მიიღეთ?
- „თავისუფალმა დემოკრატებმა“ პარლამენტში მთავარი პროკურორის, გიორგი ბადაშვილის მოსვლა მოვითხოვეთ და ჯერჯერობით, ეს საკითხი პლენარულ სხდომაზე არ გატანილა. პრეზენტაციაზე პრემიერ-მინისტრის, დეპარტამენტის ხელმძღვანელობისა და მთავარი პროკურორის მხრიდან ხმამაღალი განცხადებები გაკეთდა, რომ ეს დეპარტამენტი სამართლიანობას აღადგენს, უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებას დააბრუნებს და ა.შ. თუმცა, საზოგადოებისთვის მოწოდებული არ იყო ინფორმაცია - დეპარტამენტი კონკრეტულად რა წესით, რა კრიტერიუმებითა და რა სტანდარტებით იმუშავებს. სამართლიანობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იმ ორგანოს საქმიანობა მკაფიოდ რეგლამენტირებული იქნება, რომელიც ასეთ განაცხადს აკეთებს. საპარლამენტო კონტროლის განხორციელების ფარგლებში, მოვითხოვეთ, რომ ამ დეპარტამენტის საქმიანობაზე პროკურორისგან ინფორმაცია მოგვესმინა, მაგრამ სანამ ამ საკითხზე პარლამენტი იმსჯელებდა, ისე მოხდა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში დახურული სხდომის რეჟიმში დეპარტამენტის ხელმძღვანელობა მოვიდა. კომიტეტის წევრებს უნდა გვცოდნოდა, რომ შესაძლებელი იყო დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან შეხვედრა.
თქვენ ამ დახურული სხდომის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გაიგეთ?
- არ ვიცოდით, რომ სხდომის ჩატარება იგეგმებოდა. უმრავლესობის სვლა იყო, რომ დეპარტამენტის ხელმძღვანელობა პარლამენტში მოულოდნელად მიეღოთ და შემდეგ ეთქვათ, რომ დეპარტამენტმა ინფორმაცია მოგვაწოდა და ამიტომ მთავარი პროკურორის მოსვლას აზრი აღარ აქვსო. დახურული სხდომის თაობაზე ინფორმირებული არ ვიყავით, რაც კომიტეტის მხრიდან სწორი მოქმედება არ არის. იურიდიულ კომიტეტთან სამართლიანობის აღდგენის ორი ჯგუფია შექმნილი, რომელსაც საქმიანობა უნდა დაეწყო, პირველი შეხვედრაც იყო და ორი ჯგუფის გაერთიანებული შეხვედრა გუშინ უნდა გამართულიყო. კარგია, რომ დეპარტამენტის ხელმძღვანელობა მოვიდა, მაგრამ შედეგით კმაყოფილი არ ვარ.
რატომ არ ხართ?
- მოლოდინი გვქონდა, რომ პროკურატურასა და მთავრობას შორის რაღაც შეთანხმება არსებობდა, რომ ის ქონება მაინც დაუბრუნდებოდათ კანონიერი მფლობელებს, რომელიც საჯარო მოხელეთა დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად სახელმწიფო საკუთრებაში უკანონოდ იქნა მიქცეული. როგორც პასუხებიდან მოვისმინეთ, რაიმე მსგავსი შეთანხმება, ან რაიმე განსაკუთრებული ლეგიტიმაცია ამ დეპარტამენტს არ გააჩნია. როგორ ჩანს, ეს არის უბრალოდ საგამოძიებო დეპარტამენტი, რომელიც უპირატესად ამ კატეგორიის საქმეებს გამოიძიებს, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, პროკურატურას დაქვემდებარებულ სხვა საქმეებსაც გამოიძიებს. ამ დეპარტამენტის საქმიანობიდან სამართლიანობის აღდგენის კუთხით, რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი ფაქტიურად არ ჩანს.
ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ ეს დეპარტამენტი ე.წ. სამართლიანობის აღდგენას ვერ უზრუნველყოფს?
- სამართლიანობის აღდგენის კუთხით, ამ დეპარტამენტის შექმნით არაფერი მოხდება. რაღაც დიდ მიღწევად იყო აღნიშნული ის, რომ ამ დეპარტამენტში ისეთი გამომძიებლები არ იმუშავებენ, რომელთა მიმართ საჩივრებია შეტანილი. ამ დეპარტამენტში 20 გამომძიებლამდეა გაერთიანებული, რომლებიც სამართალწარმოების პროცესში საჯარო მოხელეთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე პრიორიტეტულად იმუშავებენ, რაც კარგია, მაგრამ კანონით, არ შეიძლება განცხადება და საჩივარი იმ თანანმდებობის პირს დაეწეროს, რომლის ქმედებაც გასაჩივრებულია. ამ დეპარტამენტის პრეზენტაცია ძალიან ხმამაღალი თამასით მოხდა და სამწუხაროდ, განცდა და მოლოდინი გაჩნდა, რომ სამართლიანობა აღდგება, მაგრამ კონკრეტულ გეგმას ვერ ვხედავთ. ღმერთმა ქნას, რომ ამ დეპარტამენტმა პროცესის დაჩქარება შეძლოს, მაგრამ უფრო მეტად ეფექტური ზომები უნდა იქნეს მიღებული.
პარლამენტში გიორგი ბადაშვილს ისევ იბარებთ?
გადაწყვეტილებას ფრაქციის ფორმატში მივიღებთ.