„ჩვენიანებიც უნდა დავიჭიროთ, მინისტრთა კაბინეტის წევრებიც, დეპუტატებიც...“

„ჩვენიანებიც უნდა დავიჭიროთ, მინისტრთა კაბინეტის წევრებიც, დეპუტატებიც...“

უკრაინაში მორიგი „ტელედაკავება“ განხორციელდა, რომელსაც უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე, დავით საყვარელიძე ესწრებოდა.

„მრცხვენია სისტემის გამო. თქვენ არც კი იცით, რაში ხართ გარეული“, - განაცხადა დავით საყვარელიძემ, რის შემდეგაც დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში ქალაქის პროკურორი ანდრეი სუხინინი ტელეკამერების თანდასწრებით დააკავეს. სუხინინის გარდა, სამართალში მიეცა მისი ორი მოადგილე და კრამატორსკის მილიციის რამდენიმე თანამშრომელი. ყველა მათგანს ბრალად სისტემური მექრთამეობა ედება.

ადგილობრივი მედიის ვარაუდით, შესაძლოა, კრამატორსკის პროკურორის ხმაურიანი დაკავების შემდეგ უკრაინელი სხვა მაღალჩინოსნებიც გაუყენონ მის გზას. მოსალოდნელ დაჭერებზე მინიშნებას დავით საყვარელიძეც აკეთებს.

„დაკავებები საჯაროდ უნდა მოხდეს. ამასთან, მხოლოდ უცხოები კი არა, ჩვენიანებიც უნდა დავიჭიროთ. მინისტრთა კაბინეტის წევრები, დეპუტატები, პროკურატურის თანამშრომლები, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მაღალ თანამდებობას იკავებს ადამიანი. მიდგომა ყველასთვის ერთიანი უნდა იყოს“,- აცხადებს საყვარელიძე, რომლის თქმითაც, სამართალდამცველ ორგანოებს შორის კონკურენცია უნდა იყოს და მათ ერთმანეთი უნდა აკონტროლონ. „მაგალითად, თუ უშიშროების საბჭო პროკურორზე ან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებზე კორუფციულ ფაქტს იპოვის, ან პირიქით, მათ ეს საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანონ, რომ იყოს ურთიერთკონტროლი“.

მეტიც, დავით საყვარელიძე აპირებს, უკრაინაშიც გაიმეოროს ერთხელ უკვე საქართველოში აპრობირებული, ნაციონალების საყვარელი მეთოდი, რასაც ჰქვია სამსახურებიდან თანამშრომელთა მასობრივი დათხოვნა და, სავარაუდოდ, პოლიტიკურად ერთგული ადამიანებით მათი დაკომპლექტება. ამ კონტექსტში, დავით საყვარელიძე უკრაინის პროკურატურიდან 3500 თანამშრომლის გათავისუფლებას აპირებს, საამისოდ მოტივიც გამზადებულია - „უკრაინას იმის ფუფუნება არ აქვს, თანამშრომლებით გაბერილი სისტემური უწყება ჰქონდეს“.

მოკლედ, უკრაინაში იგრძნობა ნაციონალური ხელწერა, სტილი ერთია, მიზანი უკრაინელებში შიშის დათესვაა და არც ის არის გამორიცხული, სულ მალე უკრაინული 7 ნოემბერი და 26 მაისიც მივიღოთ, მით უფრო, რომ რუსებით სავსე უკრაინაში რუსი აგენტებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ გადატრიალების მომწყობთა „გამოვლენა“ ნაციონალებს არ გაუჭირდებათ.

აღფრთოვანდება თუ არა უკრაინა ამ ტელედაჭერებით და რამდენად სწორად შეარჩიეს ნაციონალებმა მართვის ტაქტიკა ქართველებისგან განსხვავებული მენტალობის მქონე უკრაინელებისთვის?

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, რასაკვირველია, ცივილიზებულ ქვეყნებში - საფრანგეთში, ამერიკაში ასეთი რამ არ ხდება, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩუმი დაკავებაც არ არის დემოკრატიის ნიშანი, რადგან 37 წელს მისი მთელი ნათესაობა ღამით ისე დააპატიმრეს, მეზობლებს უკვირდათ, სად გაქრა მათ გვერდით მცხოვრები ადამიანი. ჩეკისტებს ღამით მიჰყავდათ ინტელიგენცია და ამას კაციშვილი ვერ გებულობდა. ტელედაკავების ანალოგიურად, საჯაროდ დასჯის მომენტები იყო შუა საუკუნეებშიც, როცა გრევის მოედანზე ქურდს ხელს ჭრიდნენ.

სოსო ცინცაძის თქმით, ვინაიდან უკრაინაში დღეს ტოტალური ხასიათი მიიღო კორუფციამ და ქრთამს აბსოლუტურად ყველა იღებს, არ იქნება გასაკვირი, თუ 3500 გამომძიებელ-პროკურორთან ერთად, სულაც ნულზე დაიყვანენ კადრებს ამ სისტემაში.

„არ ვიცი, უკრაინის გენერალური პროკურორი იღებს თუ არა ქრთამს, მაგრამ დავით საყვარელიძეს არავინ მისცემს ქრთამს, ნაციონალებს იქ კარტ-ბლანში აქვთ. ჯერ თბილისში რომ იყო, საყვარელიძე მაშინვე აცხადებდა, უკრაინაში ჩასვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში დავთანხმდები, თუ ხელ-ფეხი გახსნილი მექნებაო. როგორც ჩანს, მას მისცეს კარტ-ბლანში. რაც შეეხება დემონსტრაციების დარბევას და უკრაინაში მოსალოდნელ 7 ნოემბერს თუ 26 მაისს, გააჩნია, როგორი იქნება დემონსტრაციები. საქართველოში ეს მართლაც იყო მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევა და არავის დაუმტკიცებია, რომ ამ დემონსტრაციების მიზანი იყო ხელისუფლების ძალით დამხობა. როცა ნაციონალებმა კახა კუკავა შეაგდეს კინო „რუსთაველში“ და ცხვირ-პირი გაუერთიანეს, მაშინაც კი თვით წინა რეჟიმის სასამართლოსაც არ დაუმტკიცებია, რომ კახა კუკავა ხელისუფლების ძალადობრივად შემცვლელი იყო.

თუმცა, უკრაინაში არ გამოვრიცხავ, დემონსტრაციები სწორედ რუსეთის მიერ იყოს პროვოცირებული. ამიტომ ერთი-ერთზე ნუ გადავიტანთ რეალობას. მთელი უკრაინა, მათი ყველა უწყება დღეს გატენილია რუსეთის აგენტურით. რასაკვირველია, როდესაც მათი კეთილდღეობა საფრთხის ქვეშ დადგება, ეს ხალხი ყველაფერზე წავა. საერთოდ, კაცობრიობის ისტორია მიუთითებს, რომ ადამიანს როცა ფულის წართმევას დაუპირებ, ის ყველაფერზე წავა. რაც უფრო არაკანონიერი გზით აქვს ფული ნაშოვნი, მით უფრო ძნელია მისი დათმობა. უკრაინელი ოლიგარქი და დნეპროპეტროვსკის ყოფილი გუბერნატორი იგორ კოლომოისკი გაიქცა და რას აპირებს, კაცმა არ იცის. ამ დროს კოლომოისკის კადრებითაა დაკომპლექტებული უკრაინის სახელმწიფო დაწესებულებათა ¾. კოლომოისკის ფული არ აკლია, ის შეეცდება, ახალი მაიდანი მოაწყოს, ოღონდ უფრო მასშტაბიანი და გაცილებით სხვა მიზნით. მის წინააღმდეგ სახელმწიფომ ძალა თუ იხმარა, ეს სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება. ძალის გამოყენების უფლება მხოლოდ სახელმწიფოს აქვს და სხვა არავის“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.

ამასთან, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ უკრაინელების სურვილის გარეშე ქართველები ტელედაჭერებს ვერ მოაწყობდნენ. კერძოდ, მისი თქმით, სააკაშვილთან ერთად დღეს მოქმედებს რადას წევრი ქალბატონი, რომელმაც მიუტანა დავით საყვარელიძეს 500-მდე კაცის სია.

„ღამის 2 სათამდე ეგ ქალბატონი და დავით საყვარელიძე სხედან კაბინეტში და ამუშავებენ ამ სქემას. თუ ადგილობრივები არ დაეხმარნენ კორუფციული გარიგებების ანატომიაში, ისე დავით საყვარელიძე პიროვნულად უკრაინელებიდან არავის იცნობს და ვერც ვერავის დაიჭერს. როგორც ჩანს, კორუმპირებულ საზოგადოებაში შიში საჭიროა, ჯერ კიდევ როდის თქვა რუსთაველმა, შიში შეიქმს სიყვარულსო. როცა არაფრის გეშინია და შინაგანად ხარ განწყობილი, ქრთამი არ აიღო, ეს უკვე ევროპაა და ამერიკაა, თუმცა იქაც იღებენ ქრთამს“.

ექსპერტი, ყოფილი პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში ბიძინა ივანიშვილის ნათქვამს იხსენებს, რომ ნაციონალები ტოტალიტარულ სექტას წარმოადგენენ და ნაცმოძრაობა ისევე შედგება ბოლშევიკებისგან, ფანატიკოსებისგან, როგორც ტროცკი და საბჭოთა ბოლშევიკები. მათაც არ აინტერესებდათ ხალხის განწყობა და მათთვისაც სულერთი იყო, ქართველი იქნებოდა თუ უკრაინელი, ყველას მიმართ რეპრესია უნდა განეხორციელებინათ. ამიტომ უკრაინაში მორიგ სატელევიზიო დაკავებებს ვახტანგ მაისაია კიდევ ელის.

„ნაცმოძრაობა ალილუასავით იმეორებს შეჩვეულ სტილს, მათ შორის, რეპრესიების წარმატებით აღსრულებას. როდესაც უკრაინაში დაიჭირეს ორი სამთავრობო მაღალჩინოსანი, მინისტრი, მაშინვე ვთქვი, რომ ეს იყო სააკაშვილის ხელწერა. მოგვიანებით ეს სააკაშვილსაც არ დაუმალავს და დაადასტურა, რომ სწორედ მან ურჩია პოროშენკოს, დაეჭირათ მაღალჩინოსნები. ამის დასამტკიცებლად „წარმატებული“ მაგალითი მოიყვანა, თუ როგორ დაიჭირა აკაკი ჩხაიძე, რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დააყრევინა 50 მილიონი და სააკაშვილს ეს უხაროდა. გასაგებია, საიდან მოდის ეს ყველაფერი, მაგრამ უკრაინელები ცოტა სხვანაირი ხალხია, ისინი ხვდებიან, სააკაშვილი ვინ არის და სააკაშვილის თანამებრძოლები უთუოდ წაიტეხავენ კისერს. შეიძლება ვიხილოთ, როგორ გაგორდება დავით საყვარელიძე, მას ან ვადაზე ადრე გაისტუმრებენ საიქიოში, ან მოუწყობენ ისეთ რევოლუციას, ძლივს გაასწრებენ უკრაინიდან. უკრაინა საქართველო არ არის, უკრაინელები იანუკოვიჩის კრიმინალს ვერ შეეგუენ და, მით უმეტეს, სააკაშვილის ორმაგ კრიმინალურ უკანონობას ვერ შეეგუებიან.

ჩემი პროგნოზით, მაისში და, მაქსიმუმ, აგვისტოში სააკაშვილის მდგომარეობა საკმაოდ გაუარესდება უკრაინაში. სააკაშვილის მიერ ნარჩევი ორი ჩინოვნიკი სასამართლომ გაათავისუფლა და ჩათვალა, რომ ეს იყო ქვეყნის კანონმდებლობის უხეში დარღვევა, თუმცა ამას მალავენ ნაციონალები. ცხადია, ტელედაჭერები შიშის დათესვას ემსახურება უკრაინაში. ისე, უკრაინა ცოტა სხვა სისტემით არის მოწყობილი, ერთიანი შეკრული ერის თვისება არ გააჩნია, დასავლეთ უკრაინაში ვერ იტანენ აღმოსავლელებს, აღმოსავლეთში  - დასავლელებს, სამხრეთ უკრაინაშიც არის განსხვავებები, უკრაინის ერთი არშინით შეკერვა შეუძლებელია. ეს აჩვენა კოლომოისკის სიტუაციამ. კოლომოისკი, რომელიც დანიშნული იყო დნეპროპეტროვსკის გუბერნატორად, პოროშენკოსთან ვერ მოვიდა თავსებადობაში და უკრაინაში დაიწყო პოლიტიკური არასტაბილურობა. არ არის გამორიცხული, კოლომოისკი გადავიდეს სეპარატისტების მხარეს და ეს იქნება დიდი დარტყმა უკრაინისთვის. უკრაინას ჯერ ვერ მოუვლია გარე უსაფრთხოებისთვის, სამხედრო გამოწვევებისთვის და ესენი უკვე ხსნიან მეორე ფრონტს. ასე მასობრივად დაჭერის მომენტები, როცა არ იცი ქვეყნის სპეციფიკა, არ იცი, როგორ იმართებოდა უკრაინა და არ გინდა, გაიგო, ტელედაჭერები იქ რას ნიშნავს, ადასტურებს, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი უკრაინაში დიდხანს ვერ გაჩერდება“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.