„პოლიციამ „თავისუფალი ზონის“ მითითებით დააკავა მალხაზ ჩემია“

„პოლიციამ „თავისუფალი ზონის“ მითითებით დააკავა მალხაზ ჩემია“

გვიან ღამით, 9 აპრილის მემორიალთან ინციდენტი მოხდა, რომლის დროსაც „თავისუფალი ზონის“ მითითებით, პოლიციამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ბრძოლების ვეტერანი, 1989 წლის 9 აპრილის აქციის მონაწილე, მალხაზ ჩემია დააკავა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, რუსთაველის გამზირზე 9 აპრილის 26 წლისთავის აღსანიშნავად შეკრებილი საზოგადოების პროტესტი გამოიწვია „ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი ზონის“ გამოჩენამ, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.

მალხაზ ჩემია აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს 9 აპრილის მემორიალთან მისვლის მორალური უფლება არ აქვთ. მისივე თქმით, მემორიალთან მოსული კობა ხაბაზი, რომელსაც თან ახლდა ყოფილი პოლიციელი და ახლა უკვე, „თავისუფალი ზონის“ წევრი ირაკლი ჩხვირკია ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას აკეთებდნენ.

„26 წელია მეგობრები ვიკრიბებით 9 აპრილს მემორიალთან. ასე მოხდა ახლაც, ვსაუბრობდით, რა დროსაც მოვოდა კობა ხაბაზი და დაიწყო ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების გაკეთება. ხაბაზი ჩემი ძველი მეგობარია და მაქვს უფლება, რომ მივცე შენიშვნა. ყოველგავრი აგრესიის გარეშე ვუთხარი - რას ლაპარაკობ-თქო, ამ დროს გამოჩნდნენ „თავისუფალი ზონის“ წევრები, ერთ-ერთი ვიცანი და ვკითხე კიდევაც, შენ ჩხვირკია არ ხარ-თქო? - კიო, - მითხრა, გავიწიე მისკენ და ამ დროს წინ გადამიდგა პოლიცია.

ჩხვირკია არის ზონდერი, გლდანის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, თვითონ აქვს ინტერვიუ მიცემული სადაც ამბობს, რომ ბრძანების გარეშე ვცემდი ხალხსო. საინტერესო ის არის, რომ პოლიციას ერთხელაც არ მოუწოდებია სიმშვიდისკენ. როგორც ჩანს, ვიღაცის შეკვეთა ჰქონდათ, რომ მომხდარიყო იმის აფიშირება, თითქოს, „თავისუფალ ზონის“ მიმართ მოხდა აგრესია. პოლიციის ასეთი ქმედება არის სამწუხარო ფაქტი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მალხაზ ჩემია.

თავად კობა ხაბაზი კომენტარს არ აკეთებს. „თავისუფალი ზონის“ წევრი, ირაკლი ჩხვირკია კი აცხადებს, რომ რამდენიმე ნასვამი ადამიანი, გარკვეული პოლიტიკური პრეტენზიებით მივიდნენ მასთან და შეურაცხყოფა მიაყენეს.

როგორც თვითმხილველები for.ge-სთან საუბრისას აცხადებენ, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა ხანმოკლე თათბირი გამართეს „თავისუფალი ზონის“ წევრთან ირაკლი ჩხვირკიასთან და სწორედ ამის შემდეგ მიიღეს მალხაზ ჩემიას დაკავების გადაწყვეტილება.

ჟურნალისტი ზვიად დოლიძე აცხადებს, რომ კონფლიქტის ერთი მხარე ძალიან ახლო ურთიერთობაში იყო პოლიციის მაღალჩინოსანთან.

„სრულიად აღმაშფოთებელი იყო პოლიციის რეაგირება. ამათ კარგი პოლიციელობა ამერიკულ ფილმებში მონაწილე პოლიციელები ჰგონიათ, დაკავებულს დაზიანების გარეშე რომ სვამენ მანქანაში. ეს იყო კონფლიქტი ორ ადამიანს შორის, დაიჭირეს ერთი ადამიანი იმიტომ, რომ მეორე მხარე ამბობდა, - მაგინაო. არიან მოწმეები და ამის ჩანაწერიც არსებობს, რომ სწორედ, პირველად მათ დაიწყეს გინება და მერე უპასუხა მალხაზ ჩემიამ, მაგრამ ეს პოლიციას არ აინტერესებს.

საინტერესოა, თავად ფაქტი ირაკლი ჩხვირკია მიესალმა იქვე მყოფ პოლიციის მაღალჩინოსანს და ერთმანეთი გადაკოცნეს. წარმოიდგინეთ, კონფლიქტის ერთი მხარე ძალიან ახლო ურთიერთობას ავლენს პოლიციის მაღალჩინოსანთან და ამის დემონსტრირებას არ ერიდება. ფაქტია, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციის მაღალჩინოსანი შორიდან აკვირდებოდა პროცესს და მიზანმიმართულად დაიჭირეს „თავისუფალი ზონის“ ოპონენტი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზვიად დოლიძე.

for.ge-ს მთავარი რედაქტორის, გია იაკობაშვილის განცხადებით, ჩემია დააკავეს იმის გამო, რომ პროტესტი გამოხატა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც თითქოსდა მოვიდნენ 9 აპრილს დაღუპულების პასტივსაცემად, სინამდვილეში კი, მისი თქმით, მათთვის ყოველი ასეთი აქცია არის პოლიტიკური მომენტი.

„პოლიციის ის მაღალჩინოსანი, თუ არ ვცდები, მთაწმინდის პოლიციის უფროსის მოადგილე იყო, მას დაელაპარაკა ჩხვირკია, ორი წუთი ითათბირეს და ამის შემდეგ დააკავეს მალხაზი. შემიძლია ვთქვა, რომ „თავისუფალი ზონის“ მითითებით დააკავა პოლიციამ მალხაზ ჩემია. პირდაპირ შეკვეთა იყო. აი, როგორც ვანო მერაბიშვილი პოლიციელებს სთხოვდა - ორი გვამი მჭირდებაო, ახლაც, ზუსტად ასე მოხდა - ჩხვირკიამ მოითხოვა, რომ სჭირდებოდა ერთი ადამიანის დაკავება და პოლიციამ დააკავა. რაც ყველაზე აღმაშფოთებელი იყო, ეს ადამიანები პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებენ იმ ადაგილს, რისი არანაირი მორალური უფლება მათ არ აქვთ და მითუმეტეს - 9 აპრილის მემორიალთან და 9 აპრილის ღამეს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია იაკობაშვილი.

ეროვნული მოძრაობის წევრი, მამუკა გიორგაძე, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, აცხადებს, რომ ამ ინციდენტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ გააჩნიათ ერთიანი ინტერესები და ღირებულებები.

„ეს დადასტურებაა, იმ სამწუხარო პროცესისა, რომელსაც ადგილი აქვს საქართველოში, როდესაც წაშლილია პატივისცემა იმ უმთავრესი ღირებულებისა, რომლისთვისაც ქართველი ერი თავს სწირავდა. ამ ადამიანებს, ვინც დღეს ხელისუფლებაში არიან, მონაწილეობა არ მიუღიათ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში და ეს ფაქტია.

რაც შეეხება ამ ინციდნეტს, 9 აპრილის მონაწილეებმა გააპროტესტეს ის, რომ ყველას არ აქვს უფლება მივიდნენ 9 აპრილის მემორიალთან და დაიკავონ ის ადგილი, რომელიც მათ არ ეკუთვნით. სამწუხაროდ, პოლიციამ ღიად დაიკავა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მხარე, რომელიც ითვლება ამ ქვეყნის პოლიტიკურ ოპოზიციად. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ე.წ. ნაცები და ქოცები თანამშრომლობენ ერთმანეთთან, გააჩნიათ ერთიანი ინტერესები და ღირებულებები“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მამუკა გიორგაძემ.