„მხოლოდ ძალადობა არაა დამაკმაყოფილებელი მეთოდი. ის რაღაცა ეტაპზე აჩერებს პროცესს, მაგრამ ეს გაჩერებული პროცესი მოგვიანებით აფეთქდება და გახეთქავს ქვებს. სხვა მეთოდებით არის საჭირო ბრძოლა ამ სისტემის წინააღმდეგ“, - აცხადებს, for.ge-სთან საუბრისას ფსიქოლოგი, რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, დეკრიმინალიზაციის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა სამუშაო ადგილების შექმნაა.
გვაქვს თუ არა ფსიქიკურ პრობლემასთან საქმე და ვინ დგას შეიარაღებული ადამიანების უკან? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
რამაზ საყვარელიძე: შიშის სინდრომის საფუძველი, ალბათ, სხვა ქვეყნებსაც აქვთ. შეგახსენებთ, ახლახანს სულით ავამდყოფის თვითმკვლელობის სურვილს 150 ადამიანი შეეწირა. ანალოგიური მდგომარეობაა, ბევრად წააგავს ამ ფაქტს შალვა აბულაძის მდგომარეობაც. მგონია, რომ ამ შემთხვევაშიც ფსიქიკური პრობლემებთან გვაქვს საქმე, რადგან სახეზეა პოლიციელების მიმართ აკვიატებული აგრესია. როგორც წესი, სერიული მკვლელების უმრავლესობა ფსიქიკური პრობლემების გამო ადგებიან ამ გზას, მათი ლიკვიდაცია ძალიან ძნელია.
საუბრები კრიმინოგენური სიტუაციის გამძაფრებაზე მხოლოდ აბულაძის თემით, სწორია?
- არ მგონია, რომ ეს სწორი შედარება იყოს, ანალოგიური თემა არაერთგზის ამოტივტივებულია ამერიკულ სინამდვილეში. რამდენი ბავშვი შეეწირა იქ სულიერად გაუწონასწორებელი ადამიანების ტყვიას? იქ არავინ ლაპარაკობს იმაზე, რომ კრიმინოგენური სიტუაციაა გაუარესებული. იქაც კი, სადაც რამდენიმე ათეული ათასი ფსიქოლოგი და ფსიქიატრიული სამსხურია, ვერ ახერხებენ წინასწარ დაიჭირონ ასეთი გადახრის რისკი. ეს ცალკე შემთხვევის რისკია და მას სამართალდაცვასთან კავშირი არ აქვს.
ჩვენს შემთხევაში არის კიდევ ერთი საინტერესეო დეტალი, ვიცით, რომ დღეს იარაღი არის იმ ჯგუფის ხელში, ვისაც წინა ხელისუფლების დროს დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი. ისინი დღესაც იარაღით ცდილობენ დაფარონ თავიანთი კვალი და ამას უკვე 2 ადამიანი შეეწირა. ესეც სპეციფიკაა, ანუ სპეციფიკაა იმისა, რომ აქაც ჩვეულებრივ სამართალდარღვევასთან არ გვაქვს საქმე.
ჩვენ უფრო სერიოზულ სისტემურ დანაშაულთან გვაქვს საქმე. რა თქმა უნდა, ამის მოვლა, უკვე, სახელმწიფოს ფუნქციაა. სახელმწიფომ უნდა მოახერხოს, რომ ეს შეიარაღებული ადამიანთა ჯგუფის წინააღმდეგობა, როგორც სისტემური დანაშაული, ისე გამოააშკარავოს.
რატომ ვერ რეაგირებს ხელიუსფლება, რომ შეიარაღებული ჯგუფი, რომელიც მოძრაობს, გამოავლინოს?
- თუკი სულით ავადმყოფი ადამიანი გადაწყვეტს აგრესიას, მისი გაუვნებელყოფა უფრო რთულია, ვიდრე ცალკეული დამნაშავის. რა თქმა უნდა, სიტუაცია ნელ-ნელა მწიფდება, რაც მეტ პროფესიონალიზმს ითხოვს. ერთადერთი დასკვნა გახლავთ ის, რომ სამწუხაროდ, დღეს პროფესიონალიზმის ხარვეზებია. თქმა იმისა, რომ ხელისუფლება გაურიგდა დამნაშავეთა სამყაროს, არაადექვატურია იმიტომ, რომ თუ გაურიგდა, მაშინ მისთვის მომგებიანი უნდა იყოს. კრიმინალების ასე გალაღებას ჯერჯერობით ამ ხელისუფლებისთვის წამგებიანობის გარდა, არაფერი მოუტანია. ასე თუ გაგრძელდა არჩევნებში ძალაუფლებას დაკარგავენ.
როგორ ფიქრობთ, ეს მდგომარეობა წახალისებულია, ან ვინ შეიძლება ამ ჯგუფის უკან იდგეს?
- შეიძლება ამის უკან იდგნენ ისინი, ვისაც წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი აქვთ დანაშაული. მათი მიზანია არ მოხდეს ამ დანაშაულის გამომზეურობა. კრიმინალური სიტუაციის გამძაფრება კი საკმარისია იმისათვის, რომ სამართალდამცავი სტრუქტურების ყურადღება აქითკენ გადავიდეს და ნაკლები ყურადღება გამახვილდეს ძველ ცოდვებზე, რადგან იციან, რომ ეს მათი გადარჩენის მარტივი გზა იქნება.
არის თუ არა სახელმწიფოს ბრალეულობა იმაში, რომ ციხიდან გამოსულ ადამიანებს მიდრეკილება აქვთ ძალადობისკენ? ფაქტია, რომ არ მოხდა ამ ადამიანების რესოციალიზაცია, რაც ამ შემთხვევაში იყო აუცილებელი...
- რა თქმა უნდა, და ეს არის ხელისუფლების შეცდომა. როდესაც ხდება მიწისძვრა, ან იგივე - ავარიები და ა.შ. ასეთ შემთხვევაში მიღებული ტრავმა ადამიანებზე დიდი ზემოქმედებას ახდენს. ამიტომ მათი რეაბილიტაციის საკითხი საკმაოდ სკულპუროზულად ხდება, რომ ეს ფსიქოლოგიური ტრავმა მოიხსნას. ადამიანთა იმ ჯგუფს, რომელიც ჩვენ ციხეებიდან გამოვუშვით, უზარმაზარი ფსიქოლოგიური ტრავმა აქვთ მიღებული.
ჩვენ მხოლოდ ციხის რამდენიმე კადრი ვნახეთ და ამით მაყურებელმა მიიღო ფისიქოლოგიური ტრავმა და წარმოიდგინეთ ისინი რა დღეში არიან, რომლებსაც ყოველ ღამე ესმოდათ წამების ხმები, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ თითოეულმა საკუთარ თავზე გადაიტანა ეს ძალადობა. ამ ტრავმის შემდეგ მათ აუცილებლად უნდა გაევლოთ რეაბილიტაცია, რაც სამწუხაროდ არ მომხდარა. ეს პროცესი არც ახლაა დაგვიანებული, მაგრამ ამას სჭირდება ორგანიზება.
თუ სახელმწიფომ ამ მიმართულებით დროულად არ იმოქმედა, რამდენად შესაძლებელია, რომ ჩვენ გაცილებით რთული პროცესები მივიღოთ?
- ამას უკვე პოსტრავმატული სინდრომი ჰქვია. მასზე კი ხმამაღლა ლაპარაკი დაიწყო ვიეტნამის ომის შემდეგ. ის ჯარისკაცები, რომლებიც ვიეტნამიდან დაბრუნდნენ, საზოგადოებისთვის სახიფათო გახდნენ თავიანთი პოსტრავმატული სინდრომით. ადამიანებმა უძლიერესი ტრავმა მიიღეს, მათ უდაოდ აქვთ პოსტრავმატული სინდრომი, ამიტომაც, როგორც საზოგადოებისთვის, ასევე თავისი თავისთვისაც სახიფათონი არიან. მათ მოვლა უნდა.
შს მინისტრის მოადგილე, ლევან იზორია პოლიციელთა უფლებამოსილებების გაზრდის მიზნით, კანონპროექტის მომზადებას ითხოვს. რამდენად არსებობს საფრთხე იმისა, რომ საქართველო ისევ ნულოვანი ტოლერანტობის კულტურას დაუბრუნდეს?
- საფრთხე ნამდვილად არსებობს, ეს ძალიან სახიფათო პროცესია. ნულოვანი ტოლერანტობის შედეგები უკვე ვნახეთ. სწორედ რაზეც ვსაუბრობთ, იმ ნულოვანი ტოლერანტობის შედეგებია, როდესაც ადამიანების მთელ ნაკადს უშვებდნენ ციხეში. სამწუხაროდ, დღესაც ეს ნაკადი აფეთქდება, რაც გვაძლევს კრიმინალიზაციის ახალი ტალღის საფრთხეს. თუკი დღეს შემოიტანენ ნულოვან ტოლერანტობას, უკვე ჩვენი შვილების თაობას მოუწევს კრიმინალიზაციის ახალ ტალღასთან ბრძოლა.
ასე რომ, მხოლოდ ძალადობა არაა დამაკმაყოფილებელი მეთოდი, ის რაღაც ეტაპზე აჩერებს პროცესს, მაგრამ ეს გაჩერებული პროცესი მოგვიანებით აფეთქდება და ქვებს გახეთქავს. სხვა მეთოდებით არის საჭირო ბრძოლა ამ სისტემის წინააღმდეგ. როგორც წესი, დეკრიმინალიზაციის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა სამუშაო ადგილების შექმნაა.