დუისის უხუცესთა საბჭო სხვის ომში წასული მოზარდების დაბრუნებას ითხოვს

დუისის უხუცესთა საბჭო სხვის ომში წასული მოზარდების დაბრუნებას ითხოვს

სოფელ დუისში უხუცესთა საბჭოს წევრებმა წერილობითი მიმართვა შეიმუშავეს, რომელიც ხელისუფლებას გაუგზავნეს. უხუცესები ორი დღის წინ სხვის ომში გაპარული, კერძოდ კი, სირიაში წასული სკოლის მოსწავლეების დაბრუნებაში დახმარებას ითხოვენ. ასევე, მათი მოთხოვნაა, შეიქმნას გარკვეული დამცავი მექანიზმი ან საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც გააკონტროლებს ქართველი ახალგაზრდების ჩართვას ქვეყნის გარეთ მიმდინარე მსგავს პროცესებში.

სხვათა შორის, საბჭოს სხდომას ხეობაში მცხოვრები ვაჰაბიტებიც ესწრებოდნენ, თუმცა მათ მიმართვას ხელი არ მოაწერეს. მათი თქმით, სრულწლოვანმა ადამიანმა ყველა საკითხზე გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს. ამის საპირისპიროდ, დუისელები მიიჩნევენ, რომ მოზარდები სწორედ ვაჰაბიტებისგან განიცდიან იდეოლოგიურ წნეხს და ფულის სანაცვლოდ ვაჰაბიტები მათ მცირეწლოვან შვილებს იბირებენ.

კონკრეტულად, დუისელები გაკვირვებულნი არიან, 16 წლის არასრულწლოვანმა მუსლიმ კუშნატაშვილმა და 18 წლის რამაზ ბაღაკაშვილმა როგორ გადაკვეთეს თურქეთ-სირიის საზღვარი? მშობლების თანხმობის გარეშე რატომ გადაატარეს ჩვენს საზღვარზე არასრულწლოვანი მოზარდი და რატომ შეიტყვეს ამის შესახებ ოჯახებმა მოგვიანებით, ისიც - სოციალური ქსელიდან? რატომ ახოცინებენ ჩვენს მოზარდებს სირიის საბრძოლო მოქმედებებში? მათ ხომ შვილები ვაჰაბიტებისთვის არ გაუზრდიათ? მოზარდებს ხომ ხელში თოფიც არ აუღიათ?

„თვითმფრინავით გადაფრინდა სირიაში. არც პასპორტი ჰქონდა, პირადობა დაჩქარებული წესით ჩუმად აუღია. ვიღაცის ხელშეწყობით წავიდა... თბილისშიც არ იყო ნამყოფი, ხეობიდან გასული საერთოდ არ ყოფილა. თვითმფრინავი, ტელევიზორის გარდა არასდროს უნახავს. სკოლაში რომ მიდიოდა, უთქვამს, ბებიასთან წავალო. სინამდვილეში, სკოლიდანვე წავიდა“, - აცხადებს გაპარული მოზარდის ახლობელი.

ბოლო ინფორმაციით, მოზარდები უკვე სირიაში არიან, თავს კარგად გრძნობენ და მშობლებს სთხოვენ, არ ინერვიულონ. ამის მიუხედავად, 18 წლის რამზან ბაღაკაშვილის ბიძა დარწმუნებულია, რომ მისი დისშვილი საბრძოლველად ძალით წაიყვანეს და, რომ საქართველოში ლეკიანობა იწყება, რადგან სკოლიდან ბავშვებს იტაცებენ.

ადგილობრივები იმასაც იხსენებენ, რომ სირიაში წასული ქისტი ახალგაზრდები ბოლო ორი კვირის განმავლობაში სოფელ ჯოყოლოში გადადიოდნენ და იქ მინდორში მათთვის უცნობ პირებს ხვდებოდნენ.

„შეიძლება, არ უნდა ვამბობდე ამას, მაგრამ ხშირად მომხდარა, რომ ჩვენ უკან დაგვიბრუნებია ადამიანები და არა მხოლოდ არასრულწლოვნები“, - აცხადებს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და ადასტურებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სირიაში წასული არასრულწლოვნების საქართველოში დაბრუნებას ცდილობს. ამისთვის შსს თურქულ სპეცსამსახურებს უკვე დაუკავშირდა.

მინისტრის თქმით, არასწორად მოიქცა მესაზღვრე, როდესაც მას, ფაქტობრივად, ერთი პირი გაეპარა. რაც შეეხება მეორე მოზარდს, მინისტრი აცხადებს, რომ იგი სრულწლოვანია -  18 წლის. თურქეთში გადასვლა კი ID ბარათით ხდება და არა საზღვარგარეთის პასპორტით. ამდენად, ვიზუალური შეხედულებით, 16 წლის მოზარდი სულაც არ ჰგავდა არასრულწლოვანს და მასში ეჭვი არ შეუტანიათ, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, მესაზღვრეს არ ამართლებს.

პარალელურად, შსს-ს გენერალური ინსპექცია სწავლობს, თუ როგორ გადაკვეთა საზღვარი 16 წლის არასრულწლოვანმა. შეშფოთებულია განათლების მინისტრი თამარ სანიკიძეც. ის აცხადებს, რომ უნდა გამოვავლინოთ პირები, რომელთა ზეგავლენითაც არასრულწლოვნები სირიაში მიდან: „ეს ბავშვები არაფრით არ გამოირჩეოდნენ სასწავლო პროცესის დროს სხვა ბავშვებისგან, ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას თავის დროზე არ იმსახურებდნენ. ძალიან სამწუხაროა ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიიღეს“.

„ლაფანყურზე უარესი დღეს ხდება“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი. მისი თქმით, მთელი ხეობა, უხუცესთა საბჭო და ყველა მშობელი აღშფოთებულია, როგორ შეიძლება, არასრულწლოვანი ბავშვი სასაკლაოზე მიჰყავდეთ და ადამიანი წყნარად იჯდეს.

„დღეს ერთი ოჯახიდან წაიყვანენ, ხვალ მეორიდან. ბოლო თვეების განმავლობაში უხუცესთა საბჭო მუდმივად ჩადიოდა თბილისში და ხელისუფლებისგან მიხედვას ითხოვდა. რამდენიმე მაღალი რანგის ჩინოვნიკსაც შეხვდნენ. შს სამინისტრომ და ყველამ ამ ხეობაში ძალიან კარგად იცის, ვინ არის მოთავე და ვინ არის დაკავებული ამ საქმით. ჩვენ, ხეობის მაცხოვრებლები, ჩვენი ადათიდან გამომდინარე, ახლა მათი გვარ-სახელების დასახელებას არ დავიწყებთ. არავითარი დახმარება ამ პატარა ბავშვებს არ აქვთ და ისინი არიან მსხვერპლნი. პატარა ბავშვების საშუალებით ვიღაც ლიდერები მართლა ხელს ითბობენ. ადგილობრივი პანკისელები იბირებენ ამ ბავშვებს. მთლიანობაში, რამდენნი არიან, არ ვიცი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ცოტანი არ არიან. პირველსავე დღიდან, რაც ვაჰაბიზმის მიმდინარეობა ხეობაში გამოჩნდა, უხუცესები ამის წინააღმდეგნი იყვნენ, თუნდაც იმ კუთხით, რომ ეს ჩვენს ადათებთან და ტრადიციებთან წინააღმდეგობაში მოდიოდა და არაბიზაცია ხდებოდა“, - აცხადებს მექა ხანგოშვილი და შეკითხვაზე, ადგილობრივ ვაჰაბიტებზე რამდენად იმოქმედებს პანკისელ უხუცესთა აღშფოთება, განმარტავს, რომ ხელისუფლების მხრიდან თუ არ მოხდება უხუცესთა საბჭოს მხარდაჭერა, მხოლოდ უხუცესთა სურვილი არაფერს შეცვლის. მით უმეტეს, სამწუხაროდ, პანკისის ხეობა ღარიბი რეგიონია და ახალგაზრდობა იქითკენ მიდის, სადაც დაინტერესება და ძლიერი იდეოლოგიური ფაქტორია, ამ ბავშვებს არწმუნებენ, რომ ისინი უფლის გზაზე მიდიან.

ჩვენ დავინტერესდით, რატომ ესწრებოდნენ უხუცესთა შეკრებას ადგილობრივი ვაჰაბიტები და იყო თუ არა სხდომაზე დასწრება სავალდებულო, რაზეც მექა ხანგოშვილმა აღნიშნა, რომ ეს სავალდებულო არ არის, მაგრამ ვაჰაბიტებმა იციან, რომ უხუცესები აღშფოთებულნი არიან მათი ქმედებით და, ალბათ, ცდილობდნენ, უხუცესები ცუდად რომ არ განწყობილიყვნენ, დასწრებოდნენ სხდომას. თუმცა ვაჰაბიტებმა ხელი არ მოაწერეს მიმართვას, რითაც უკვე გამოხატეს საკუთარი პოზიცია.

„ინფორმაციის გავრცელებისა და მშობლების განგაშისთანავე ხელისუფლებას ძალიან კარგად შეეძლო, მიემართა თურქეთის სპეცსამსახურებისთვის და სირიაში გადასვლამდე დაებრუნებინათ მოზარდები. ახლა უკვე მათი დაბრუნება წარმოუდგენელია და თურქული სპეცსამსახურების ჩაბმაც გვიანია. შეშფოთებულნი ვართ იმაზეც, რომ გვეუბნებიან, მესაზღვრე შეცდაო. მე რომ მკითხოთ, ამაზე სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას. აბა, ერთი მის მშობელს ჰკითხონ, ერთადერთი არასრულწლოვანი ვაჟი მშობლის ნებართვის გარეშე საზღვარზე რომ გადაუშვეს, ეს მესაზღვრის უბრალო შეცდომაა?! გამორიცხული არც ის არის, რომ მესაზღვრემ ამაში თანხა აიღო“.

ცნობისთვის, ისლამური სახელმწიფოს რიგებში 100-ზე მეტი პანკისელი იბრძვის, მათ შორის, რამდენიმე საველე მეთაურია. სულ ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოფიციალური დამასკო თურქეთისგან თურქეთ-სირიის საზღვრის ჩაკეტვას ითხოვს, რადგან სწორედ ამ საზღვრის მეშვეობით გადადიან სირიასა და ერაყში მებრძოლი ექსტრემისტები.