„ჯანყარაშვილმა და ნაცვლიშვილმა სამართლიანობის აღდგენის პროცესი შეაჩერეს“

„ჯანყარაშვილმა და ნაცვლიშვილმა სამართლიანობის აღდგენის პროცესი შეაჩერეს“

ზვიად ჯანყარაშვილმა და ლაშა ნაცვლიშვილმა იმ პერიოდში შსს და პროკურატურა აბსოლუტურ სტაგნაციაში მოახვედრეს და სამართლიანობის აღდგენის პროცესი შეაჩერეს. ეს ნადვილად ასეა. ეს ორი ნამდვილად ოდიოზური პიროვნებაა“, - ეს განცხადება ბიზნესმენმა ბესო ხარძიანმა 4 თებერვალს გადაცემა „ბარიერში“ გააკეთა. ბიზნესმენი აქვე ამბობს, რომ ყველა ის პირი, რომელიც მის დაკავებაში მონაწილეობდა, ისევ უწყებაში რჩებიან.

„მე, რომ დავდივარ, არ ვიცი რა დამემართება, იმიტომ, რომ ჩემთან დაპირისპირებულებისთვის არაფერი არ არის ქილერის დაქირავება და ადამიანის გაქრობა. ჩემს საქმეში არის 16 კაცი, ყველა სოდ-ის თანამშრომელია. არც ერთი არ მოუხსნიათ, დღემდე მუშაობენ. დალაქიშვილი ქალაქის პოლიციის უფროსად დანიშნეს, მართალია ახლა მოხსენს, მაგრამ დანარჩენები ისევ მუშაობენ“, - აცხადებდა ბესო ხარძიანი.

ხარძიანის კუთვნილი ქონების დაბრუნების ხელოვნურად შეყოვნების პროცესი ლაშა ნაცვლიშვილსა და ზვიად ჯანყარაშვილს დაუკავშირა ჟურნალისტმა ირაკლი კორძაიამ, რომლის განცხადებით, 2012 წელს, როდესაც ბესო ხარძიანი გამოვიდა ციხიდან, როდესაც გაჩნდა იმედი, რომ ბიზნესმენებს, მათ შორის ბესო ხარძიანს დაუბრუნდებოდათ მათი კუთვნილი ქონება, გია უდესიანის გვარის გარდა ამ საქმეში, მართალია ფარულად, მაგრამ გამოჩნდა სხვა გვარებიც.

ეს გვარები კი მისი თქმით, არიან, ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც ხელოვნურად აყოვნებდა ამ პროცესს და ზვიად ჯანყარაშვილი, რომელსაც კორძაიას თქმით, აქვს პირდაპირი ბიზნესინტერესები უდესიანთან და სწორედ ეს იყო ის დაბრკოლება, რაზეც ბიზნესმენი საუბრობდა.

ზვიად ჯანყარაშვილმა ირაკლი კორძაიას სასამართლოში უჩივლა და სარჩელიც შეიტანა. როგორც ჯანყარაშვილის ადვოკატი პაატა სალია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, ირაკლი კორძაიას მხრიდან ზვიად ჯანყარაშვილის წინააღმდეგ გამოითქვა ძალიან მძიმე ბრალდებები, რომელიც ეხება ადამიანის პატივს და ღირსებას, რომელსაც სჭირდება დამტკიცება. სალიას განცხადებით, კორძაიას მოუწევს ამ ცნობების უარყოფა სასამართლო წესით და მორალური ზიანის ანაზღაურება.

for.ge-ს კითხვაზე, დაპირების მიუხედავად, რატომ არ გამოჩნდა მედიის წინაშე თავად ზვიად ჯანყარაშვილი, სალია ამბობს, რომ მათ არ უნდათ ამ თემებით საზოგადოების გადაღლა. რაც შეეხება ჯანყარაშვილის ადგილ-სამყოფელს, ადვოკატის განცხადებით, არ იცის სად არის ზვიად ჯანყარაშვილი.

„რაც შეეხება კითხვას - ბატონი ჯანყარაშვილი გააკეთებს თუ არა განცხადებას? - ვთვლით, რომ ამ ეტაპზე ამის აუცილებლობა არ არის, ვინაიდან ამ საქმის გადაწყვეტის ადგილი სასამართლოზეა. რაც უნდა ილაპარაკოს ერთმა, ან მეორე მხარემ, ეს დარჩება განცხადებად. სწორედ იმიტომ არის ამ ქვეყანაში სასამართლო, რომ სიმართლე გაარკვიოს სასამართლომ. ჩვენ არ გვინდა საზოგადოების გადაღლა ამ თემებით.

გასაგებია, რომ საზოგადოებას აინტერესებს პასუხი, მაგრამ პასუხი იქნება სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილება და არა ერთის, ან მეორე მხარის კომენტარი. ჯანყარაშვილს არანაირი შეხება არ აქვს გიორგი უდესიანთან და არანაირი ბიზნესპარტიორობა არ აკავშირებს. ყველა განცხადებაზე, ვინ რას იტყვის, ამაზე ბატონმა ზვიდმა კომენტარები რომ აკეთოს, მგონია, რომ სწორი არ იქნება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პაატა სალია.

for.ge-სთან საუბრისას ჟურნალისტი, ირაკლი კორძაია აცხადებს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ მტკიცებულებას სასამართლოზე წარადგენს.

„გია უდესიანს, ზვიად ჯანყარაშვილს და ლაშა ნაცვლიშვილს, იმისდა მიუხედავად, რომ ისინი ახლა რაღაცა ფოკუსებს აკეთებენ ცოლების ნათესავების ხელებით, აუცილებლად მოუწევთ პასუხის გაცემა ყველა იმ არასწორ ქმედებაზე და ყველა იმ სისხლის სამართლის დანაშაულზე, რომელიც მათ მიერ იყო ჩადენილი. აუცილებლად სამივეს მივაცილებ „მატრსოვის“ კარებამდე.

აქ საუბარი არ არის ზვიად ჯანყარაშვილის მიერ სხვის ბიზნეს-საქმიანობაში ხელების ფათურზე. საუბარი იქნება შსს-ში მის მოღვაწეობაზე. კერძოდ, როგორ ახალისებდა, ეხმარებოდა და როგორ აწინაურებდა სისხლის სამართლის დანაშაულში მხილებულ ზონდერებს, ასევე როგორ აფათურებდა ხელს სახელმწიფო კომპანიების საქმიანობაში და კიდევ რამდენიმე ისეთი დეტალია, რომელსაც ჯერჯერობით არ გავამხელ, რომლის გამოც ზვიად ჯანყარაშვილი იჯდება ციხეში, გია უდესიანის და ლაშა ნაცვლიშვილის გვერდით“, - ამბობს ირაკლი კორძაია.

გია უდესიანისა და ყოფილი მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის, ლაშა ნაცლიშვილის შესაძლო კავშირს, არც უარყოფს და არც ადასტურებს ყოფილი მთავარი პროკურორი, არჩილ კბილაშვილი, რომლის განცხადებით, მას რომელიმე კონკრეტულ საკითხზე შეფასების გაკეთების უფლება აღარ აქვს. მისივე თქმით, ამის უფლება აქვს მოქმედ მთავარ პროკურორს.

ლაშა ნაცვლიშვილისა და გია უდესიანის კავშირის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, თბილისის ყოფილი მთავარი პროკურორი, მაია მწარიაშვილი გამოეხმაურა. მწარიაშვილი კითხვას სვამს და ამბობს, რომ თუ ლაშა ნაცვლიშვილი უდესიანის წინააღმდეგ პროკურატურაში არსებულ საქმეს აჩერებდა, ნაცვლიშვილის პროკურატურიდან წამოსვლის შემდეგ, რატომ არ მოხდა ამ საქმეებისთვის მსვლელობის მიცემა.
„მას შემდეგ, რაც, ასე ვთქვათ, მე აღარ ვსაქმიანობ პროკურატურაში და არც ბატონი არჩილი, აბა დროს მიქაცით ყურადღება რა ვადა გავიდა? - წელიწადნახევარი. ყველაზე ცუდი და მძიმე პრეტენზიის შემთხვევაშიც, თუ ვთქვათ, ძველ შემადგემნლობას ეს საქმე უნდა დაეწყო და დაესრულებინა ჯერ კიდევაც ათი თვის განმავლობაში, წელიწადნახევარში რატომ არ უნდა დასრულებულიყო თუ ნაცვლიშვილს ეს საქმე ედო სადღაც თაროზე, სადღაც თავის კაბინეტში? ნაცვლიშვილმა რომ დატოვა ეს კაბინეტი, ვიღაცა ხომ შევიდა იმ ოთხაში, ხომ დაიკავა მისი ადგილი და იმ თაროდან ხომ ჩამოიღო ეს საქმე? ჰოდა, რომ ჩამოიღო ეს საქმე, წელიწადნახევარი სად იყო ეს საქმე?“, -კითხულობს მაია მწარიაშვილი.

ბიზნესმენი, ბესო ხარძიანს 28 მარტს საკუთარ სახლთან რამდენჯერმე ესროლეს, მიყენებული ჭრილობების შედეგად ბიზნესმენი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.

ადვოკატ მალხაზ სალაყაიას განცხადებით, სავარაუდო დამნაშავემ ახლომდებარე ქუჩებზე გადაადგილებისას ბევრი მტკიცებულება დატოვა, რომელიც უკვე იდენტიფიცირებულია.

„სავარაუდო მკვლელის ვინაობა ცნობილია. ეჭვმიტანილი არც ყმაწვილკაცია და არც შუახნის მამაკაცი. ყველა იმ მტკიცებულებაზე დაყრდნობით, რომელიც უკვე გამოკვლეულია, დამნაშავის იდენტიფიცირება მოხდა. გამოძიება სასურველ შედეგთან, რასაც მკვლელის დაკავება ჰქვია, ძალიან ახლოსაა. გამოძიების მიერ ჩატარებული გამოკვლევების შედეგად აბსოლუტურად შესწავლილია წინა დღეებში დანაშაულის ჩადენამდე სავარაუდო დამნაშავის მარშრუტები.

დანაშაულის შემდეგ კი ის სხვა ქუჩაზე გადაადგილდა, სადაც მან მრავლობითი კვალი დატოვა. იმდენი მტკიცებულება არსებობს სავარაუდო დამნაშავის მიმართ, რომ მისი ჩვენების აუცილებლობაც კი არ არსებობს. ძიების პროცედურები დასრულებულია. ახლა მხოლოდ დაკავება დარჩა, სხვა ყველაფერი ცნობილია“, - აცხდებს მალხაზ სალაყაია.