გია უდესიანი ადასტურებს, რომ ის თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო დანაყოფებს ხელძღანელობდა, რომელიც ეროვნული გვარდიის ბაზაზე საიდუმლო ბრძანებით იქმნებოდა. როგორც უდესიანი ამბობს, ამ დანაყოფში შედიოდა 400-450 კაცი. მისივე თქმით, ყველა მათგანი იყო ავღანეთში, ერაყში და კოსოვოში ნაბრძოლი ვეტერანი.
„ეს კეთდებოდა ძალიან ჩუმად გამომდინარე იქედან, რომ აგრესორი 20-30 კილომეტრში დგას დედაქალაქიდან. ამ დანაყოფს ჰქონდა თავისი დანიშნულება. ამ დანაყოფს ჰქონდა სერიოზული შეიარაღება, ეს დანაყოფი გადიოდა მომზადებას ერთ-ერთ ბაზაზე, მას ამზადებდნენ თავდაცვის სამინისტროს ინსტრუქტორები და უშიშროების ინსტრუქტორები. მეთაური ვიყავი მე.
ამ დანაყოფის 80 პროცენტი იყო სამაჩაბლოდან, ყველა სახლ-კარ დამწვარი, მოტივირებული ღირსეული ქართველი მებრძოლი ვაჟკაცი. მისი ფუნქცია იყო მტრის შემოსვლის დროს ჩვენს საჯარისო ფორმირებებთან ერთად ემოქმედა პარტიზანული ბრძოლებით, ქუჩის ბრძოლებით და დივერსიული საქმიანობით. თქვენ რა გინდოდათ, რომ გამოვსულიყავი და ესენი არ არიან ზონდერებიო, მელაპარაკა?“, - განაცხადა გია უდესიანმა „პოსტკრიპტუმთან“ ინტერვიუში.
for.ge-ს ინფორმაციით, ეროვნული გვარდიის ბაზაზე რამდენიმე ე.წ. საიდუმლო დანაყოფი არსებობდა, რომელსაც არაოფიციალურად კუდ-ის მაშინდელი ხელმძღვანელი, დათა ახალაია ხელმძღვანელობდა. უდესიანი კი, რომელიც ახალიას მარჯვენა ხელი იყო, ბრძანებას უსიტყვოდ ასრულებდა. ე.წ. საიდუმლო ჯგუფის წევრები ოფიციალურად სხვადასხვა ძალოვან სტრუქტურებში იყვნენ გაფორმებულნი.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ე.წ. საიდუმლო დანაყოფში ირიცხებოდა ძმები ახალაიების მარჯვენა ხელი სოსო ახალაია, რომელიც პარალელურად, სასჯელაღსრულების დეპარატმანეტის სპედანიშნულების დანაყოფში ირიცხებოდა. სწორედ მისი ხელმძღვანელობით გადიოდნენ წვრთნას ვაზიანის და ნორიოს სამხედრო ბაზაზე ჯგუფის წევრები.
იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლება შეიცვალა, ამ ჯგუფის წევრების გამოსააშკარავებლად სამართლებრივი ღონისძიება არ განხორციელებულა, ჯგუფის არც ერთი წევრი დაკავებული არ არის და მეტიც, მათი ნაწილი დღესაც ძალოვან სტრუქტურაში ირიცხება, ნაწილი კი თავისუფალია, თუმცა მათ განკარგულებაშია შეიარაღება.
ნაციონალების ხელისუფლებამ გასამხედროებული დაჯგუფების შექმნის გადაწყვეტილება 2006 წელს მიიღო. სწორედ ამ მოტივით შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მოადგილემ, ამირან მესხელმა ცნობილი საველე მეთაური გოჩა ძარია დაიბარა. როგორც სამხედრო ექსპერტი ვახგანგ მაისაია აცხადებს, მას შემდეგ, რაც გოჩა ძარიამ უარი თქვა მესხელის დავალების შესრულებაზე, ის დააკავეს და დღემდე პატიმრობაშია.
„ეს ადამაინი იყო ცნობილი საველე მეთაური, 2006 წლის აპრილში შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის პირველმა მოადგილემ, ამირან მესხელმა დაიბარა საკუთარ კაბინეტში ჩიტაძეზე და სთხოვა სამეგრელოში გასამხედროებული ფორმირების შექმნა, რომელსაც უნდა შეესრულებინა საიდუმლო რაზმის ამოცანები და მიზნები. ბატონმა გოჩამ ამაზე უარი თქვა, რის შემდეგაც, ერთ თვეში დაიჭირეს და დღემდე ციხეშია.
ბაჩო ახალაიამ და მეგის ქარდავამ ის პირდაპირი მნიშვნელობით აწამეს. ეს სისტემა იქმნებოდა იმისთვის, რომ წინა რეჟიმს გაემყარებინა თუნდაც პოლიტიკური ძალაუფლება.ბატონი გოჩა ძარიას საკმაოდ საინტერესო ინფორმაციიის მოწოდება შეუძლია ამ მიმართულებით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
მისივე თქმით, ეს ჯგუფი ბევრად უფრო ადრე შეიქმნა, თუმცა, მას შემდეგ, რაც გავრცელდა არაფორმალური დაჯგუფების არსებობის შესახებ ინფორმაცია, ეს ჯგუფი დაუქვემდებარეს თავდაცვის სამინისტროს.
„ეს ჯგუფები ოფიციალურად ირიცხებოდნენ ძალოვანი სტრუქტურის შემადგენლობაში, სადაც მათ ოფიციალურად ერიცხებოდათ ხელფასი. მაგრამ მათ ჰქონდათ არაოფიციალური ხელფასიც, მათ ჰქონდათ საბანკო კრედიტ-ბარათები, სადაც ერიცხებოდათ ეს მეორე ხელფასი. საიდან მოდიოდა ეს მეორე ხელფასი, ეს გამოძიებული უნდა იქნას. ამ ზონდერებს არაოფიციალურად ხელმძღვანელობდნენ ძმები ახალაიები, რომლებიც მანამდეც ხელმძღვანელობდნენ ასეთი ჯგუფების შექმნას“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
შეგახსენებთ, რომ სწორედ თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო კოდორის ხეობაში მოქმედი დაჯგუფება „მონადირე“. ამ ბატალიონში კაცებთან ერთად, ქალებიც იყვნენ გაერთიანებულნი. ჯგუფს, ხეობის მაშინდელი რწმუნებული ემზარ კვიციანი ხელმძღვანელობდა. თუმცა, ყოფილმა ხელისუფლებამ „მონადირის“ გაუქმება იმ მოტივით მოითხოვა, რომ არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფების არსებობა სახელმწიფოში წარმოუდგენელი იყო.
ემზარ კვიციანი კი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ბატალიონი „მონადირე“ ირაკლი ოქრუაშვილმა გახადა როგორც უკანონო ფორმირება.
„ხალხს იარაღი არ ჩამოართვეს ისე გააუქმეს, ანუ შეგნებულად შექმნეს უკანონო დაჯგუფება, რომ მერე სალაპარაკო ჰქონოდათ. რაც შეეხება ამ დაჯგუფებას, როელზეც ბატონი უდესიანი საუბრობს, არ ვიცი რა დავალება უნდა შეესრულებინათ, მითუმეტეს, რომ 2006 წლის მერე თავდაცვის სამინისტროს საქართველოს სასარგებლოდ არაფერი გაუკეთებია და ეს დაჯგუფება ვის დავალებას ასრულებდა არ ვიცი.
როდესაც სახელმწიფოს ჰყავს საიდუმლო ჯგუფი, და, თუ რეალურად არსებობდა ეს საიდუმლო ჯგუფი, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, მით უმეტეს, ამ ჯგუფის ხელმძღვანელმა ეს ინფორმაცია არ უნდა გასცეს. ბატონმა უდესიანმა ორ წელიწადში გასცა სახელმწიფოებრივი საიდუმლოება, მაგრამ რადგანაც გათქვა, სათავისოდ ხდება ამ დაჯგუფების მანიპულირება“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ემზარ კვიციანი.
რა საიდუმლო დაჯგუფებაზე საუბრობს გია უდესიანი, გაუგებარი და უცნობია თავდაცვის მინისტრისთვის. როგორც მინდია ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ შეუძლიათ თავდაცვის სამინისტროს მიმართონ შესაბამისი კითხვით და დადგენილი წესით მიიღონ კონკრეტული პასუხი.
„თვითონ აღნიშნეთ საიდუმლო დაჯგუფებაო. თუ ეს საიდუმლოა, ბუნებრივია, ამაზე ვერ გაგცემთ პასუხს, მაგრამ შეგიძლიათ მიმართოთ თავდაცვის სამინისტროს ზუსტი შეკითხვის ფორმულირებით და დადგენილი წესით და რიგით გეცნობებათ პასუხი. ვერ გეტყვით რა საიდუმლო დაჯგუფებაზე საუბრობს უდესიანი“, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, ყოფილი ხელისუფლების პერიოდში არსებობდა საიდუმლო გასამხედროებული დანაყოფები, თუმცა ვინ ხელმძღვანელობდა ამ დანაყოფებს მისთვის უცნობია, რადგან საქმე აღძრა პროკურატურამ და შესაბამისად, საქმის დეტალები აქვს პროკურატურას. მისივე თქმით, ასეთი დანაყოფები მისი მინისტრობის დროს გაუქმდა და შესაბამისად, მისი მინისტრობის დროს გია უდესიანი რომელიმე დანაყოფს არ ხელმძღვანელობდა.
„მე ოპოზიციაში ყოფნის დროს ვსაუბრობდი სწორედ იმ დაჯგუფებებზე, რომელიც გასამხედროებული იყო. განსაკუთრებით, ეს დაჯგუფებები იყო დასავლეთ საქართველოში, სადაც არჩევნების დროს მე ვიყავი. ეს საფრთხეს ქმნიდა სამოქალაქო დაპირისპირების. საზოგადოება, პრაქტიკულად, არ იყო ინფორმირებული თუ რისთვის იყო ეს ჯგუფები შექმნილი. ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა გვქონდა, მათ შორის „ქართულ ოცნებას“, რომ ეს დაპირისპირება თავიდან აგვეცილებინა. ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ შს სამინისტრომ მოიძია მასალები და დადასტურდა ამ ქვედანაყოფების არსებობა.
ჩემი მინისტრობის პერიოდში ასეთი ქვედანაყოფები და შესაბამისად ასეთი ხელმძღვანელები აღარ ყოფილან. როგორც კი ხელისუფლების ცვლილება მოხდა, იმავე წუთს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე პროკურატურაში და პროკურატურას ყველა მასალა აქვს წაღებული, ამიტომ ჩემთვის დეტალები უცნობია, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ხელმძღვანელობდა ამ დანაყოფებს“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.