ისანი-სამგორის შსს-ს თანამშრომლის, ბექა მარგიშვილის მკვლელობის ბრალდებით იძებნება 1977 წელს დაბადებული შალვა აბულაძე, რომელიც 2015 წლის 23 იანვარს ბორჯომში, პოლიციის თანამშრომლების - გიორგი ბერუაშვილის და გიორგი მახარაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის იძებნებოდა. აბულაძე წარსულში არაერთგზისაა ნასამართლევი, მათ შორის ყაჩაღობისა და მკვლელობის მცდელობისთვის.
ბექა მარგიშვილის მკვლელობის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო. პროკურატურა აქვეყნებს შალვა აბულაძის ფოტოს და აფრთხილებს საზოგადოებას, გამოიჩინოს სიფრთხილე, ვინაიდან შალვა აბულაძე შეიარაღებულია, ასევე მიმართავენ საზოგადოებას თუ გააჩნიათ ინფორმაცია აბულაძის ადგილსამყოფელის შესახებ, დაუკავშირდნენ ცხელი ხაზის მეშვეობით.
ბორჯომში და შაბათს უკვე თბილისში პოლიციელის მკვლელობისთვის ძებნილი შალვა აბულაძე მკვლელობის მცდელობის, იარაღის უკანონო ტარებისა და მარიხუანას მოხმარების ბრალდებით იხდიდა სასჯელს და 20 წელი ჰქონდა მისჯილი. ამნისტიის შედეგად მას სასჯელის ვადა შეუმცირდა, შემდეგ კი ე.წ. უდოს კომისიის დასკვნის საფუძველზე, 7 წლის თავზე განთავისუფლდა. უდოს კომისიის წევრის გედევან ფოფხაძის განცხადებით, კომისიის წევრები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ აბულაძე დანაშაულს არ ჩაიდენდა.
„ის ბორჯომელია, მეც ბორჯომელი ვარ. პრაქტიკულად ერთი თაობა ვართ და ჩვენს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა არ არის. მომხადრთან დაკავშირებით იმ ვერსიაზე მეტს, რაზეც საგამოძიებო ორგანოები საუბრობენ, ვერ ვეტყვი. ბორჯომში ბევრი ჭორი დადის, მაგრამ ეს არის ჭორები და ოფიციალური ვერსია მიმაჩნია საინტერესოდ, რასაც საგამოძიებო ორგანოები ამბობენ. აბულაძე ხანგრძლივი დროის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებოდა, სასჯელის ვადის ამოწურვამდე ერთ წელზე ნაკლები ჰქონდა დარჩენილი. ამნისტიით მეოთხედი ჩამოაკლდა, ისევე როგორც ყველას, გარდა უვადო პატიმრებისა. სასჯელაღსრულების დაწესებულება მას უარყოფითად არ აფასებდა - არანაირი მიდრეკილება ძალადობისკენ და არადეკვატური ქმედება არ გამოუმჟღავნებია“, - აცხადებს გედევან ფოფხაძე.
ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია კი ირწმუნება, რომ შალვა აბულაძე ამნისტიით არ განთავისუფლებულა. ბესელია მიიჩნევს, რომ ამნისტია საჭირო იყო და ამ გზით განთავისუფლებულთა მხოლოდ 6%-მა ჩაიდინა დანაშაული.
„ამნისტია არ შეხებია არც ერთ ძალადობრივ დანაშაულს. ამნისტიაში არ იყო არც ერთი მუხლი, რომელიც ეხებოდა მკველობის, ან მკვლელობის მცდელობის, ყაჩაღობის, ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩამდენს. ამნისტიით განთავისუფლდნენ მხოლოდ ნაკლებად მძიმე დანაშაულის, ეკონომიკური დანაშაულის და ნარკოტიკების მომხმარებლები. რაც შეეხება სასჯელის შემცირებას, არ ვიცი, სასამართლოები იხილავდნენ იმას, ვის შეიძლებოდა სასჯელის ერთი მეოთხედი შემცირებოდა და ვის არა“, - აცხადებს ეკა ბესელია.
შალვა აბულაძის და, სალომე აბულაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მის ძმას ამნისტია შეეხო და ციხიდან 2013 წლის 23 ნოემბერს გათავისუფლდა. მისი თქმით, ოჯახმა შალვა აბულაძესთან კონტაქტი 9 თვის წინ გაწყვიტა. სალომე აბულაძე მისი ძმის დაკავებას და დასჯას ითხოვს და აცხადებს, რომ ამ ტრაგედიას ოჯახი ემიჯნება.
„ფსიქიური პრობლემა რომ აქვს, ამიტომაც მივიღეთ ასეთი შედეგი. ჯანმრთელი ადამიანი ასეთ საშინელ საქმეს არ სჩადის. შემიძლია გითხრათ, რომ მე და ჩემს მშობლებს მასთან ბოლო 9 თვის განმავლობაში არანაირი ურთიერთობა არ გვქონია. 8 წლის მანძილზე ძალიან ხშირად ვნახულობდი ციხეში და იქ მე სხვა შალვას ვხვდებოდი, ჰუმანურს და მიმტევებელს.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ შეიცვალა, აბსოლუტურად სხვა პიროვნებად გარდაისახა, რაც მიუღებელი იყო ჩვენთვის, ამიტომაც ოჯახმა მასთან კონტაქტი გავწყვიტეთ. შესაბამისად, ჩვენთვის უცნობი იყო რას საქმიანობდა...
მოვითხოვ, სამართლის ჩარჩოში ჩაჯდეს ეს ყველაფერი, შესაბამისად, უმკაცრესად დაისაჯოს. ძალიან მძიმე დღეში ვართ მთელი ოჯახი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სალომე აბულაძე.
ბექა მარგიშვილის მკვლელობის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო. პოლიციის თანამშრომლების მკვლელობაში ეჭვმიტანილ შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის დასადგენად და დასაკავებლად ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს, მათ შორის ბორჯომში. პოლიციის თანამშრომლები ყველა გამვლელ სატრანსპორტო საშუალებას, მათ შორის საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც ამოწმებენ.
„ჯერ კიდევ გუშინ აღვნიშნე, რომ დანაშაულის ხელწერიდან გამომდინარე, შეიძლებოდა, ყოფილიყო კავშირი ბორჯომსა და ვარკეთილში პოლიციელების თავდასხმასა და მკვლელობას შორის. მოგვიანებით ეს ვარაუდი დადასტურდა. შალვა აბულაძის ძებნის ოპერაცია მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. დადასტურდა, რომ ეს დანაშაული ამ ადამიანმა ჩაიდინა“, - განაცხადა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
პრემიერ-მინისტრი მიმართავს პოლიციელებს, იმოქმედონ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში და დაიცვან, პირველ რიგში, საკუთარი სიცოცხლე. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრება და ხელის აღმართვა საზოგადოების გამორჩეული წევრების მიმართ. მთავრობის მეთაურმა მოუწოდა შს მინისტრს, პროკურატურას, რომ გააათმაგონ ბრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ.
„ეს კრიმინალები, რომლებიც გარეთ არიან, მათი ადგილი აქ არ არის. მათი ადგილი არ არის ჩვენს საზოგადოებაში, ჩვენს ხალხში, ჩვენს შორის, მათი ადგილია ციხეში ან სხვაგან. მოვუწოდებ ყველას, მაქსიმალური მობილიზება გააკეთონ. ჩემი მინისტრობის დროს ყოველთვის ვეუბნებოდი ჩემს თანამშრომლებს, რომ ყოველთვის წინ უნდა ვუსწრებდეთ კრიმინალს 2-3 ნაბიჯით და ჩვენ ვერ უნდა დაგვასწროს ვერც ერთმა კრიმინალმა ვერც გასროლა და ვერც ვერაფერი. ძალიან მძიმე იყო ეს შემთხვევა და იმედი მაქვს, ძალიან მალე დააკავებენ ამ პიროვნებას. წინააღმდეგობის შემთხვევაში პოლიციელებს აქვთ სრული უფლება, მოახდინონ ამ ადამიანის ლიკვიდაცია. ეს უფლება მათ კანონით აქვთ მინიჭებული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი თვლის, რომ გამორიცხული არ არის, საქმე გვქონდეს მკვლელთან, რომელიც უმისამართოდ ისვრის. მისივე თქმით, საქმე გვაქვს არაორდინალურ შემთხვევასთან.
„მკვლელთან არ გვაქვს საქმე. შეიძლება, გარკვეული სახით გადაცდომასთანაც გვქონდეს საქმე. ჩვენ ამ ვითარებაში უნდა გავერთიანდეთ და პოზიციების კონსოლიდაცია მოვახდინოთ. საზოგადოებას უნდა დავანახოთ, რომ პოლიციას გვერდით ვუდგავართ. ვისურვებ, რაც შეიძლება დროზე მოხდეს საქმის გამოძიება და ეჭვმიტანილის დაკავება. გვახსოვს სერიოზული ტრაგედია, ბრეივიკის მიერ ჩადენილი. არ არის გამორიცხული, საქმე გვქონდეს ისეთ მკვლელთან, რომელიც უმისამართოდ ისვრის. ის განსაკუთრებით ერჩის პოლიციელებს და შეიძლება სხვა პრობლემასთანაც გვქონდეს საქმე“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
როგორც ცნობილია 2015 წლის 4 აპრილს, ისანი-სამგორის შსს-ს თანამშრომლებმა - ვახტანგ გულიაშვილმა, ვალერიან გრძელიშვილმა და ბექა მარგიშვილმა, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, შემოწმების მიზნით გაჩერებისაკენ მოუწოდეს მოქალაქეს, რომელიც გადაადგილდებოდა თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე ვარკეთილის მეტროსადგურის მიმართულებით. მოწოდებისთანავე, აბულაძემ პოლიციელთა მიმართულებით ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ბექა მარგიშვილი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. რაც შეეხება ვალერიან გრძელიშვილს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.