ხელისუფლებაში მოსვლიდან 30-ე თვის თავზე „ქართული ოცნება“ საპროგრამოდ დაპირებული მთის კანონის ამოქმედებას გეგმავს. „ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ამით პირნათელი იქნებიან მთას ჯერ კიდევ შემორჩენილი მცირეოდენი მოსახლეობის მიმართ.
მაღალმთიანი რეგიონებისთვის სპეციალურად შემუშავებული ახალი კანონის ამოქმედება და დანამატების გაცემა ბიუჯეტს 50-60 მილიონი ლარი დაუჯდება. ხელისუფლებაში ეს ფული გადაყრილად არ ეჩვენებათ და ფიქრობენ, რომ ამით არა მარტო შეაჩერებენ მთიდან მიგრაციისა და ურბანიზაციის პროცესებს, არამედ ამან შეიძლება რამდენიმე წელიწადში მილიარდიანი ან კიდევ მეტი დამატებითი ღირებულების მოგება მოიტანოს.
კონკრეტულად, ხელისუფლება აპირებს, მთაში მცხოვრებ პენსიონრებს პენსიაზე 20%-ის ოდენობით დანამატი მისცეს, პედაგოგების დანამატი განისაზღვროს ხელფასებზე სახელფასო განაკვეთის 50%-ის ოდენობით, ექთნებმა დამატებით 120 ლარის კომპენსაცია მიიღონ, ხოლო ექიმებმა - 320-ლარიანი დანამატები, ყოველ ახალდაბადებულ ბავშვზე კი დაწესდეს ასლარიანი ყოველთვიური დახმარება. ეს ყველაფერი კეთდება დემოგრაფიული აღორძინების ფონდისა და პრემიერის ინიციატივით.
„ნაცმოძრაობამ მაღალმთიან რეგიონებს შეღავათები მოუხსნა და გაუთანაბრა ვაკე-საბურთალოს. არადა, მთაში პირობები გაცილებით მკაცრია. სხვათა შორის, თურქეთის რესპუბლიკას შვიდწლიანი შეღავათები აქვს დაწესებული თავისი მთიანი რეგიონისთვის, ჩვენ კი წავედით ათწლიანი შეღავათის სისტემაზე და აპრილში ამ დაპირებას შევასრულებთ. საგადასახადო შეღავათები ათი წლის განმავლობაში საწარმოების მოგების გადასახადისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს, ხოლო მეწარმეები და ფიზიკური პირები საშემოსავლო გადასახადებისგან გათავისუფლდებიან“,- აცხადებს უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი.
მთის კანონის დაჩქარებულად ამოქმედება, როგორც ჩანს, საქსტატის მონაცემებმაც განაპირობა. მდგომარეობის სირთულეზე მეტყველებს სულ ახლახანს გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები, რომლის თანახმად, 2014 წელს გურიაში, იმერეთში, მცხეთა-მთიანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთში, ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთში მოსახლეობის ბუნებრივი კლება დაფიქსირდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გასულ წელს ამ რაიონებში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. პროცენტულად ყველაზე რთული ვითარება ამ მხრივ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია, აქ 778 ადამიანი გარდაიცვალა და მხოლოდ 379 დაიბადა.
ამავე სტატისტიკური მონაცემებით, ყველაზე კარგი მდგომარეობა ბუნებრივ მატებასთან დაკავშირებით დედაქალაქშია. გასულ წელს თბილისში 11 548 ადამიანით მეტი დაიბადა, ვიდრე გარდაიცვალა.
დემოგრაფი ანზორ თოთაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ 60 მილიონი ლარი, რა თქმა უნდა, არ ეყოფა მთის აღორძინებას. უფრო მეტიც, მთაში ხალხი ისეთ რთულ პირობებში ცხოვრობს, რომ მათ 1 მილიარდიც არ ეყოფათ, მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რა მდგომარეობაშია ბიუჯეტი. ფაქტობრივად, ბიუჯეტი შეჭმული იყო და უზარმაზარი საგარეო ვალები აგვკიდა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელსაც საერთოდ არაფერი გაუკეთებია მთიანი რეგიონებისთვის.
„უკანასკნელი 42 წელია, რაჭა-ლეჩხუმში მოსახლეობის ბუნებრივ მატებას ადგილი არ ჰქონია და ამ რეგიონში ყოველწლიურად საშუალოდ 355 კაცით მეტი კაცი იღუპება, ვიდრე იბადება. ასე რომ, რაჭის რთული დემოგრაფიული მდგომარეობა ახალი არ არის. მთას დანამატები სჭირდება, რომ იქ მოსახლეობა დარჩეს და არ დაიცალოს ჩვენი ისტორიული კუთხეები. ამიტომ რაც ახლა კეთდება რაჭის და სხვა მთიანი რეგიონების აღორძინებისთვის, წინგადადგმული ნაბიჯია. გარდა ამისა, რაჭაში თუ დაიბადება მესამე და შემდგომი ბავშვი, ყოველთვიურად აძლევენ 200 ლარს. ზოგადად, 2000-2009 წლებში ბუნებრივი მატება მთელ საქართველოში შეადგენდა 53 ათას კაცს, მაშინ, როცა 80-იან წლებში შეადგენდა 450 ათას კაცს, ე.ი. ათჯერ შემცირდა. ბუნებრივი მატებიდან 29 ათასი მოდის თბილისზე. რაც შეეხება კახეთს, მცხეთა-მთიანეთს, რაჭა-ლეჩხუმს, სამეგრელოს, იმერეთსა და გურიას, აქ იყო ბუნებრივი კლება მთელი წლების განმავლობაში. სამაგიეროდ, ბუნებრივი მატება იყო ძირითადად აჭარაში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში და დედაქალაქში, სადაც ისედაც ბევრი ცხოვრობს და, ბუნებრივია, ნამატი იქნებოდა.
თბილისის გარდა, მაღალია შობადობა ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში. ამ ქალაქებზე ბუნებრივი მატების მარტო 75% მოდის და ამ ქალაქებში ეკონომიკის სხვადასხვა დარგი მუშაობს. აქ მაინც მოქმედებენ ბანკები, სავაჭრო და სამრეწველო საწარმოები. აქ ეკონომიკა მაინც სუნთქავს“, - აცხადებს ანზორ თოთაძე.
მისი თქმით, სოფლად თითქმის აღარ იბადებიან ბავშვები. მაგალითად, კახეთში 80-იან წლებში სოფლად 60 ათასი ბავშვი იბადებოდა ათი წლის განმავლობაში, ხოლო ახლა ბოლო ათ წელიწადში იბადება 20 ათასი ბავშვი და ისიც იბადება იმ რაიონებში, სადაც უფრო მაჰმადიანური აღმსარებლობის მოსახლეობაა.
შეგახსენებთ, საქართველოს მთა საქართველოს ტერიტორიის 2/3-ია და მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 10% ცხოვრობს ჩვენს მთიან რეგიონებში. სამხრეთ კავკასიის ფერდობი კი დაცლის პირასაა.