„სადავო ტერიტორიებით საქართველო იშვიათ ქვეყანათა რიგშია“

„სადავო ტერიტორიებით საქართველო იშვიათ ქვეყანათა რიგშია“

„საქართველო, ალბათ, მსოფლიოში იმ რამდენიმე ქვეყნის რიცხვშია, რომელსაც თავის არცერთ მეზობელთან საზღვარი არ აქვს დადგენილი, ჩვენ სადავო ტერიტორიები გვაქვს აზერბაიჯანთან, რუსეთთან, სომხეთთან და თურქეთთანაც კი“, -აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში და ნატოსთან საქართველოს ურთიერთობას სწორედ ამ ჭრილში უპერსპექტივოდ მიიჩნევს. ამიტომ საქართველოს ამოცანა მეზობლებთან სასაზღვრო დავების გადაწყვეტა უნდა იყოს.

საქართველოში ხელისუფლებები იცვლებოდა, მაგრამ ათწლეულების განმავლობაში გადაუჭრელი რჩებოდა ჩვენს უახლოეს მეზობლებთან საზღვრების დემარკაციის საკითხი. ხომ არ ფიქრობთ, რომ ქართველი დიპლომატები მაინცდამაინც პრინციპულად არ ითხოვდნენ მეზობლებისგან ამ პრობლემის გადაწყვეტას და რა სირთულეები შეიძლება გამოიწვიოს გაურკვეველმა საზღვრებმა საქართველოსთვის?

 - ვფიქრობ, საქმე შეიარაღებულ კონფლიქტამდე არ მივა, მაგრამ ეს დამაბრკოლებელი ფაქტორია ნატოში შესვლასთან დაკავშირებით. აფრიკაში არც ერთ ქვეყანას არ აქვს ზუსტად დადგენილი საზღვრები, იქ სულ დავაა საზღვრების ირგვლივ, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით, აფრიკის ქვეყნებს არ აქვთ ნატოსა და ევროკავშირში შესვლის პრეტენზია. ჩვენთან პრობლემას დრამატიზმს მატებს ნატოს საკითხი.

როგორც ვიცი, ამ კონტექსტში თქვენ დამაფიქრებლად მიგაჩნიათ ჩერნოგორიის საკითხი, რომელსაც ერთი თვის წინ ევროპარლამენტმა პირდაპირ ულტიმატუმი წაუყენა, რომ ხორვატიასთან სადავო პატარა ნახევარკუნძულის პრობლემას თუ არ მოაგვარებდა, ნატოში ვერ მიიღებდნენ.

- 11 მარტს ევროკავშირმა სპეციალური რეზოლუციით მოუწოდა ჩერნოგორიას, რომელიც ნატოში შესვლის ნომერ პირველი კანდიდატია, თუ გინდათ, ნატოში შემოსვლა, ხორვატიასთან მშვიდობიანად უნდა დაარეგულიროთ საზღვარი. იქ ახლა პატარა ნახევარკუნძულია სადავო, დაახლოებით საბურთალოსხელა. გადაწყვეტა ნიშნავს საერთაშორისო სამართლის ნორმებით საზღვრის გაფორმებას, ე.ი. დელიმიტარიზაცია-დემარკაციას ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულების გაფორმებით. არადა, ჩერნოგორიის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ არც რუსეთი გამოდის, არც საფრანგეთი და არც გერმანია. ზოგადად, ნატოს წევრ ქვეყნებს, ასევე, ამერიკას აქვთ პანიკური შიში, რომ, თუ წევრებად მიიღეს პატარა ქვეყნები, რომლებიც სულ დავობენ ერთმანეთში და ვერ მორიგებულან, ნატოში მიღების შემდეგ ხომ შეიძლება, ისევ და ისევ ნატოს იმედით გადაწყვიტონ სადავო საკითხის გადაჭრა?! ვთქვათ, ჩერნოგორია გახდა ნატოს წევრი, მას იმედი ექნება, რომ მის ზურგსუკან დგას ნატო, ადგება და უცებ ხორვატიასთან დაიწყებს ომს ისე, რომ ნატოს არც ჰკითხავს. ამით ნატო დელიკატურ სიტუაციაში აღმოჩნდება, რადგან მე-5 პუნქტი ნატოს ავალდებულებს, დაეხმაროს თავის წევრს. ასე რომ, ნატო თავისი სურვილის წინააღმდეგ აღმოჩნდება ომში ჩართული. ასეთი საფრთხე არსებობს საქართველოსთან მიმართებითაც, მაგრამ რატომღაც ჩვენ არავინ ასე დაჟინებით არ გვთხოვს საზღვრების მოწესრიგებას. ბრიუსელი სერიოზულად არ უყურებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას, სწორედ ამაზე მიანიშნებს, რომ ჩვენთვის ის კატეგორიული გაფრთხილება არასდროს წამოუყენებიათ, რაც ახლა ჩერნოგორიას მისცეს. აბა, დაფიქრდით, ერთმანეთის მიყოლებით, სიგრძეში ათასამდე კილომეტრი ჩვენს მეზობელთან სადავო გვაქვს და ბრიუსელს ერთხელ არ უთქვამს, მოდით რა ქართველებო, დაარეგულირეთ ეს საზღვრები. ეტყობა, იქ სერიოზულად არც ფიქრობენ ჩვენს გაწევრიანებაზე, ამიტომ გვეუბნებიან, რეფორმებიო და ასეთი მეორეხარისხოვანი საკითხები.

იქნებ, პირველ ეტაზე, ჩვენგან რეფორმებს ითხოვენ და საზღვრების პრობლემა მერე დადგება დღის წესრიგში?

- განა ჩერნოგორიას ყველა რეფორმა შესრულებული აქვს? ჩერნოგორიას იმოდენა შენიშვნები აქვს რეფორმებთან დაკავშირებით, რომ საქართველო იმასთან შედარებით სუპერდემოკრატიულია, მაგრამ იქ სხვათა შორის მიუთითეს რეფორმებზე. ალბანეთს ყველა რეფორმა აქვს გატარებული? თურქეთში ყველა რეფორმა გატარდა, როცა ნატოში მიიღეს? მაგრამ შემოდგომის სამიტზე რეალურად დადგება ჩერნოგორიის მიღების საკითხი და ამიტომაც რეფორმები კი არ შეახსენა ევროკავშირმა, არამედ-საზღვრები. აქ რიტორიკას არ ვგულისხმობ, თორემ რიტორიკით რეფორმებია მთავარი, თუმცა რეფორმებზე უფრო მნიშვნელოვანი ფაქტობრივად, არის საზღვრები.

რაც შეეხება რეფორმებს, თუ ჩვენთან სასამართლო არ არის მაინცდამაინც დემოკრატიული, ეს საფრთხეს არ წარმოადგენს ბრიუსელისთვის, არადემოკრატიული სასამართლო არ ნიშნავს, რომ საქართველოს ინტრიგების გამო ნატო ომში აღმოჩნდება ჩართული, მაგრამ, თუ საზღვარი არ გაქვს გამიჯნული, ნატოსთვის უკვე საშიში ხდები. რუსეთთან ერთი მეტრი საზღვარიც არ გვაქვს დადგენილი, აქ არ ვგულისხმობ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, არამედ ვგულისხმობ დანარჩენ საზღვარს რუსეთთან. 2008 წლამდე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები საზღვრების დადგენაზე და 2008 წელს შეჩერდა ეს პროცესი. აზერბაიჯანთან სადავოა დავით გარეჯის მონასტერი და სოფელი ერისიმედი. იცით, რას ამბობენ აზერბაიჯანელი მინისტრები დავით გარეჯთან დაკავშირებით? - ეს რა წესია, სადაც ეკლესია და მეჩეთი დგას, საზღვარი იქ გავატაროთო? ეს ტერიტორია ჩვენია და მართლმადიდებლურ ძეგლს არანაირი მნიშვნელობა არ აქვსო. აზერბაიჯანელების თქმით, ასე თბილისშიცაა მეჩეთი, ასევეა ბათუმშიც, მაშინ მოდით, სადაც მეჩეთია, იქ გავატაროთ საზღვარიო. ასე რომ, საზღვრების დაუდგენლობა, უღიარებელი სადავო საზღვრები გადაულახავი პრობლემაა. რატომღაც ნატოს ადეპტები საქართველოში, ვისაც ჯერ კიდევ ნატოში გაწევრიანების იმედი აქვს, საერთოდ არ მიუთითებენ მთავრობას იმაზე, რომ უკვე სამი წელია ხართ ხელისუფლებაში, სააკაშვილმა ვერ მოახერხა და თქვენ მაინც მოახერხეთ, დაიწყეთ დემილიტარიზაციის მოლაპარაკებებიო.

იმავე აზერბაიჯანთან 19 წელია, მიმდინარეობს მოლაპარაკება. 19-წლიანი მოლაპარაკება იმას ნიშნავს, რომ ჩიხშია შესული პროცესი. დათმობა არავის უნდა. ჩვენ ვთვლით, რომ დავით გარეჯი, ამხელა ქრისტიანული კომპლექსი, როგორ შეიძლება დავუთმოთ სხვას, აზერბაიჯანელები კი ამბობენ, რას ჰქვია... ეს ჩვენიაო.

დავით გარეჯის დასაცავად საპროტესტო აქციები როცა ტარდებოდა, ქართველი ახალგაზრდები აცხადებდნენ, რომ სწორედ ჩვენი საგარეო საქმეთ სამინისტრო პასიურობდა და არ სურდათ ამ საკითხის წამოწევა. მხოლოდ რიტორიკის დონეზე რჩებოდა საზღვრების პრობლემა.

- ამას იმით ავხსნი, რომ ჩვენი ხელისუფლება ხედავს, რომ ეს მოლაპარაკებები უპერსპექტივოა. აქ ერთ-ერთმა უნდა დათმოს. როცა კედელი კედელს ეჯახება, ორივე მხარე კედელივით დგას. ჩვენი პოზიცია ასეთია, რომ სამონასტრო კომპლექსის 2% არის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 98 %-ია ჩვენს ტერიტორიაზე. ახლაც შეიძლებოდა ამ საკითხის წამოწევა, ვინაიდან ახლახანს გაფორმდა ხელშეკრულება აზერბაიჯან- თურქეთ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის შესახებ. მაგალითად, ამას მე კომპრომისის სახით წინაპირობად გამოვიყენებდი, რადგან აზერბაიჯანი სასიცოცხლოდ იყო და არის დაინტერესებული ამ ხელშეკრულებით. მათ პირდაპირ მოვთხოვდი, დავით გარეჯის პრობლემა მიებათ ამ ხელშეკრულებისთვის და კომპრომისზე წასულიყვნენ, ან რაღაც სხვა ფორმა გამოეძებნათ. დიპლომატიაც სწორედ ეგაა, დიპლომატია ხელოვნებაა.

ისტორიკოსები იშველიებენ სამართალმემკვიდეობის საკითხს, რომ ჩვენ საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე არ ვართ, ძალით მოგვახვიეს გასაბჭოება და თუნდაც საინგილოსთან (ისტორიულ ჰერეთთან) მიმართებით ორჯონიკიძის ხელოვნურ ჩარევის შემდეგ შეიცვალა ჩვენი საზღვრების მდებარეობა. როგორც ამბობენ, მსგავსი ხელშეკრულებები (მაგალითად, თურქეთთან დადებული ყარსის ხელშეკრულება, რომლითაც თურქეთმა ძირძველი ქართული ტერიტორიები- ყარსი, ართვინი და არტაანი მიიღო) ვადაგასულია. ამის გამოყენება რამდენად შესაძლებელია?

- რასაკვირველია, თუ მტკიცე პოზიციაა, ყველაფერი შეიძლება. კი ბატონო, იყოს საინგილო აზერბაიჯანის მხარეში, მაგრამ იქ ქართველების, ინგილოების უფლებები იყოს დაცული. თავის დროზე, კომუნისტების დროს ნამყოფი ვარ საინგილოში, მეცნიერებათა აკადემიის დელეგაცია ჩავედით და საშინელება ვნახეთ, საინგილოს სკოლებისთვის აქედან წაღებული ქართული სახელმძღვანელოები გზაში ჩამოგვართვა აზერბაიჯანის გაიმ. ქართველები ტიროდნენ. ახლა აზერბაიჯანში ჩაჰყავთ სკოლადამთავრებულები და უფასოდ იღებენ უმაღლეს სასწავლებლებში. მაშინ, როცა კომუნისტების დროს ჩამოვიყვანეთ 15 ინგილო ახალგაზრდა და სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის რექტორმა ყველანი ჩაჭრა. ასე რომ, ჩვენი ბრალიც არის. დღეს აბა, ჩამოიყვანონ ინგილოები და უთხრან, უფასოდ გასწავლითო, მთელი საინგილო აქ ჩამოვა სასწავლებლად, მაგრამ არა, აქ თუ ჩამოვლენ, დედას უტირებენ, შეიძლება, ისიც უთხრან, უცხო ქვეყნის მოქალაქე ხართ და ხუთჯერ მეტი უნდა გადაიხადოთო.

სხვათა შორის, 1920 წლის 7 მაისს მოსკოვში ხელი მოეწერა რუსეთსა და საქართველოს შორის საზავო ხელშეკრულებას, რომლითაც რუსეთმა ოფიციალურად აღიარა ზაქათალას ოლქი საქართველოს შემადგენლობაში, მაგრამ 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.

- გეთანხმებით, ორჯონიკიძესთან რომ მივიდა ქართველ მწერალთა დელეგაცია, რომ აი, შენ ქართველი ხარ, საინგილო, ქართველებიაო და სხვა, ორჯონიკიძემ, რომელიც ხშირად იყენებდა სიტყვას - „ბოშო“-ს, მათ უთხრა, „თქვენ ისევ ჭურში ზიხართ, ბოშო, რევოლუცია იწყება, მთელი მსოფლიო იქნება კომუნისტური, ერთი“, - რა მნიშვნელობა აქვს აზერბაიჯან-საქართველოს, ეს აღარ იქნებაო, იქნება ერთი საბჭოთა სოციალისტური მსოფლიო რესპუბლიკა. ლამის ხალხის მტრად გამოაცხადა ორჯონიკიძემ მასთან მისული ქართველი მწერლები. მე თვითონ მინახავს ამის დამადასტურებელი დოკუმენტები, არსებობს სტალინის მინაწერი ორჯონიკიძის ამ დადგენილებაზე, „კამსამოლსკაია პასპეშნოსწ ორჯონიკიძე“. თუმცა ორჯონიკიძის კომკავშირულ სისულელეს მაშინ არ მიაქციეს ყურადღება და საინგილო აზერბაიჯანს დარჩა.

მაგრამ, ახლა, როდესაც აზერბაიჯანი ასეა დაინტერესებული ამ სამხედრო ხელშეკრულებით, დავით გარეჯი უნდა დაგვებრუნებინა. ამ დღეებში შეიძლებოდა ამ თემის გამოყენება, მაგრამ ვინმეს ჰკითხეს? ჯერ ერთი, ამ ხელშეკრულების დადება სარისკო პრობლემაა. იცით, დღეს რა ხდება ერევანში? ყველა გაზეთი გამოვიდა ანტიქართული მოწინავე სტატიით. სომხებს ეშინიათ ჩვენს შორის გაფორმებული ხელშეკრულების. სანამ ეს ხელშეკრულება დაიდებოდა, სამმა კორესპონდენტმა დამირეკა, მათ შორის, გაზეთ „ჟამანაკიდან“ და პირველი აზერბაიჯანული საინფორმაციო არხიდან. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გოგონამ ისიც მკითხა, ხვალ რომ ხელს აწერთ, თქვენ გინდათ, ერევანში ანტიქართული დემონსტრაციები და მიტინგები დაიწყოს? ჩვენს წინააღმდეგ შეეკარით აზერბაიჯანსა და თურქეთსო? სომხეთში ასეთი განწყობილებაა.

მაგრამ გეოპოლიტიკური სამკუთხედი მათაც აქვთ -რუსეთის, ირანისა და სომხეთის სახით.

- კი, მაგრამ იქ, სადაც თურქეთი და აზერბაიჯანია, იქ უკვე მაგათ გონება უბნელდებათ. სომხები ამბობენ, ჩვენ მოსკოვთან ხელშეკრულება კი გვაქვს, რუსეთის სამხედრო ბაზა კი დგას ჩვენთან, მაგრამ ეს თავდაცვითია, ჩვენ არასდროს თქვენს წინააღმდეგ არაფერს გავაკეთებთ, მაგრამ აზერბაიჯანთან ხელშეკრულება სხვა რამეა. მით უმეტეს, დიდი ალბათობით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხვალ-ზეგ ომი იქნება, აზერბაიჯანი ამისთვის გამალებულად ემზადება, ნავთობის ფული აქვს, შეიარაღება უკვე აქვს და იქ დღე-დღეზე დგას ომის საკითხი. ამას ემატება თურქეთი და, როდესაც თურქეთი და აზერბაიჯანი საქართველოსთან ალიანსშია, აქ უკვე სომხეთი წონასწორობას და საღი აზრის უნარს კარგავს. ეს ჩვეულებრივი ამბავია.

ისევ საზღვრების თემას მივუბრუნდეთ. გასაბჭოების შემდეგ აზერბაიჯანს, განსხვავებით სომხეთისგან, დიდი ენთუზიაზმი არ გამოუჩენია სადა ტერიტორიების შესაერთებლად და ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკებს შორის სადა საზღვრების მოსაწესრიგებლად.

- 110 კილომეტრი საზღვარი სომხეთთან სადავოა, სადაც გაჭიანურებულია მოლაპარაკება. რუსეთთან მთელი საზღვარია სადავო, რადგან დაწყებული მოლაპარაკება 2008 წლის ომის შემდეგ შეწყდა. სადავოა საზღვაო საზღვარიც, 22 კილომეტრი და სახმელეთო 134 კილომეტრი, ერთი მეტრიც არ არის შეთანხმებული. მართალია, ჩვენ არავის ვედავებით და არავის არ ვთხოვთ ტერიტორიებს, მაგრამ დაუდგენელი საზღვარი ბრიუსელისთვის უკვე საფრთხეა და ამას გაურბიან.